საქმე №ა-4218-შ-122-2019 6 დეკემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს "ა.ს–ი" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ტ–ა" (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, უდმურტსკის რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის #A71-758/2018 გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს "ა.ს–სა" (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი, გამყიდველი ან შუამდგომლობის ავტორი) და შპს "ტ–ას" (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე, მყიდველი ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება.
2. გამყიდველმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის 227 200 რუბლისა და 48 კაპიკის დაკისრება, რადგან მყიდველმა საქონელი მიიღო და ნასყიდობის საფასური სრულად არ გადაიხადა.
3. რუსეთის ფედერაციის, უდმურტსკის რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის #A71-758/2018 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) კრედიტორის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების 227 200 რუსული რუბლისა და 48 კაპიკის გადახდა დაეკისრა, მოპასუხეს ასევე დაეკისრა სასამართლო ხარჯის 8 544 რუსული რუბლის გადახდა.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მხარეები გაფრთხილებულნი იყვნენ სასამართლო განხილვის თაობაზე. საქმის განხილვას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი, მოპასუხე კი სხდომაზე არ გამოცხადდა.
5. მოსარჩელემ, 2019 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება ითხოვა, მსესხებლის მიმართ.
6. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
7. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ მოპასუხეს უცხო ქვეყნის სასამართლოში ჩანიშნული სხდომის თაობაზე ეცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მყიდველის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
9. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლი შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა მოვალე კომპანიის დირექტორს დ. მ–ძეს, 2019 წლის 6 ნოემბერს. მოპასუხეს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეუძლია, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის /შემდეგში: სპეციალური კანონი/ 71.3-ე მუხლი).
10. მოვალეს მის წინააღმდეგ წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსაზრება არ გამოუთქვამს და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში - „მინსკის კონვენცია“) და წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული სპეციალური კანონის მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ უნდა იქნეს და აღსრულდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.
11. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საფუძველზე ირკვევა, რომ გამყიდველის მიერ წარდგენილ სარჩელს ფაქტობრივ საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომ:
11.1. შუამდგომლობის ავტორმა მოწინააღმდეგე მხარეს მიჰყიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი;
11.2. მოპასუხეს მოსარჩელისათვის ნასყიდობის საფასური სრულად არ გადაუხდია.
12. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის შესახებ, ის სხდომაზე არ გამოცხადებულა, რაც სავსებით საკმარისი საფუძველია საკასაციო სასამართლოს დასარწმუნებლად, რომ მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ.
13. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
14. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის „მინსკის კონვენციის“ 53-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად, ასევე, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით დადგენილი რომელიმე წინაპირობა წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და მის აღსრულებაზე უარსაყოფად.
16. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს „მინსკის კონვეციის“ ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს გამყიდველის შუამდგომლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ა.ს–ის" შუამდგომლობა შპს "ტ–ას" მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს რუსეთის ფედერაციის, უდმურტსკის რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის #A71-758/2018 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს "ტ–ას" შპს "ა.ს–ის" სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 227 200 რუსული რუბლისა და 48 კაპიკის და სასამართლო ხარჯის 8 544 რუსული რუბლის გადახდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე