Facebook Twitter

ბს-41-5-კს-04 28 სექტემბერი, 2004 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ.კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს ,,ს." სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა 7644900 ლარის გადახდა. მოსარჩელემ აღნიშნა. რომ მინისტრთა კაბინეტის 27.03.95წ. ¹159 დადგენილების საფუძველზე შპს ,,ს." ფოთის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან მუდმივ სარგებლობაში გამოეყო 2,21 ჰა ფართობის ¹7 ნავმისადგომის ალკოჰოლიანი სასმელების, მინერალური და წყაროს წყლების ტერმინალის მშენებლობისათვის 09.12.98წ. შპს ,,ს.", განცხადების საფუძველზე, ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველომ ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონის საფუძველზე, მუდმივი სარგებლობის უფლებით გამოყოფილი, ¹7 ნავმისადგომთან არსებული 2.21 ჰა მიწის ფართობზე გასცა საკუთრების უფლების მოწმობა პირველადი რეგისტრაციის ფორმით, ნაკვეთი რეგისტრაციაში გატარდა სახარო რეესტრში, შპს ,,ს." გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან თანდართული საკადასტრო რუქით. მიუხედავად აღნიშნულისა ტერიტორია იმყოფება ფოთის საზღვაო ნავსადგურის ექსპლოატაციაში, მასზე განლაგებულია ნავსადგურის კონტეინერების გადამუშავების წარმოებისათვის აუცილებელი მოწყობილობანი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1995 წლიდან 2000წ. 10 თვის ჩთვლდით ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 12227400 ლარი, საიდანაც მოგებამ შეადგინა 7644900 ლარი. მოსარჩელემ სკ-ის 982-ე, 985-ე, 991-ე მუხლებზე მითითებით მოითხოვა მოპასუხისაგან მიყენებული ზიანის, ანუ იმ მოგების ანაზღაურება, რომელიც ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მიიღო შპს ,,ს." მფლობებლობასა და საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გამოყენებით. მოპასუხის მიერ ¹7 ნავმისადგომი ექსპლოატაციის შედეგად მიღებული მოგების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, მოსარჩელემ 21.02.03წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შპს ,,ს." სასარგებლოდ მოპასუხისათვის 10187900 ლარის დაკისრება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 22.09.03წ. განჩინებით, საქმის წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ წარმოებაში მიიღო შპს ,,ს." სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის 31.12.99წ. ¹705 ბრძანებულების ბათილად ცნობის შესახებ, ამასთანავე სსიპ ,,ფოთის ნავსადგურის" მიერ სადავოდ იქნა გამხდარი მინისტრთა კაბინეტის 27.03.95წ. ¹159 დადგენილებაც. სსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს, ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვამდე შეუძლებელია გადაწყდეს შპს ,,ს." სსიპ ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის" 10187900 ლარის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.

ქუთაისის საოლქო სასამრათლოს კოლეგიის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურის" წარმომადგენლის მიერ, რომელმაც მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 20.01.04წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების და კერძო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინიტსრაციული წესით. ხსენებული ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული მნიშვნელობა ექნება განსახილველი საქმის გადაწყვეტისათვის. საქმის წარმოების შეჩერებამდე სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირში არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს ამ მიმართებით რაიმე დასაბუთებას. ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგ. იხილავს შპს ,,სამებას" სარჩელს, რომლის მოთხოვნა ემყარება ნავსადგურის მიერ შპს ,,სამებას" სარგებლობაში მინისტრთა კაბინეტის 27.03.93წ. ¹159 დადგენილებით გადაცემული, ხოლო 1998წ. 29 დეკემბრიდან ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოს მიერ კერძო საკუთრების უფლებით შპს ,,ს." სახელზე რეგისტრირებული მიწის ფართობის გამოყენებას. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელე ითხოვდა იმ მოგების ანაზღაურებას, რომელიც ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მიიღო 1995 წლიდან 2000 წლის 10 თვის ჩათვლით შპს ,,სამებას" მფლობელობასა და საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გამოყენებით. სსიპ ,,ფოთის საზღვაო ნავსადგური" თბილისის საოლქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვს მინისტრთა კაბინექის 27.03.95წ. ¹159 დადგენილების ძალადაკარგულად და არა ბათილად გამოცხადებას, დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან, ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას (სზაკ-ის 61-ე მუხ.). ამდენად, მინისტრთა კაბინეტის 27.03.95წ. ¹159 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სსიპ ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურის" სარჩელზე კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ განსახილველ დავასთან დაკავშირებით არ ექნება პრეიუდიციული მნიშვნელობა. საქართველოს პრეზიდენტის 31.12.99წ. ¹705 ბრძანებულების, ქ.ფოთის საკრებულოს 04.10.2000წ. დადგენილების და ქ. ფოთის მერის 11.10.2000წ. განკარგულების საფუძველზე ქ. ფოთის მერიას და ნავსადგურს შორის დადებული ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის მიწის ნაკვეთის უსასყიდლო უზუფრუქტით მუდმივ სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულება დაიდო 12.12.2000წ. რაც ასევე ადასტურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 31.12.99წ. ¹705 ბრძანებულების და 12.12.2000წ. ხელშეკრულების სადავო ფართის ნაწილში ბათილად ცნობის, ნაკვეთის დაბრუნების მოთხოვნას ასევე არ ექნება პრეიუდიციული მნიშვნელობა ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის წარმოებაში არსებული საქმის მიმართ. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, გასაჩივრებული განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არის დაუსაბუთებელი, რის გამო კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 22.09.03წ. და 20.01.04წ. განჩინებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 279-ე, 282-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურის" კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 22.09.03წ. და 20.01.04წ. განჩინებები;

2. საქმე არსებითი განხილვისათვის გადაეგზავნოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.