Facebook Twitter

22 ოქტომბერი, 2019 წელი,

საქმე №ას-935-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „დ.ს.კ.ი–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ვ.ბ.კ–ა“ (მოსარჩელე)

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, შ.ჯ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „დ.ს.კ.ი–ო“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მზღვეველი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით შპს „ა.ვ.ბ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ან კრედიტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 5 795,98 ლარის გადახდა, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ან სხვა საფუძვლით ვალდებულების არსებობის თაობაზე სარჩელი არ იყო საკმარისად დასაბუთებული.

1.2. მისი მითითებით, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს დამაჯერებელ არგუმენტაციას, სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით, თუმცა, ასეთის არსებობის პირობებშიც, უდავოა, რომ მოსარჩელეს მზღვეველის მიმართ მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.

1.3. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოიტანა დასკვნა მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე.

1.4. კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთიც. სახელდობრ, მტკიცების ვალდებულება დააკისრა მხარეს, რომელიც უარყოფს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას; აქედან გამომდინარე, საპროცესო კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი ვალდებულების შეუსრულებლობა არ შეიძლებოდა, საფუძვლად დასდებოდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

1.5. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დადასტურებულად მიიჩნია, რომ შ.ჯ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დაზღვეული პირი, მოპასუხის ბენეფიციარი ან პაციენტი) წარმოადგენდა 2014 წლის 30 მაისს მზღვეველსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დამზღვევი/ან ქ. რუსთავის მერია) შორის დადებული სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულების მოსარგებლეს და გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება 5 795.98 ლარია.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინებით მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა არა ნარდობის, არამედ დაზღვევის ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებს უნდა დაეფუძნოს, კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებას (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად), 836-ე (დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი სახელით სხვა პირის სასარგებლოდ), 8431-ე (ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს დაზღვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული მკურნალობის და ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული სხვა სამედიცინო მომსახურების ხარჯები ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით. ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დადოს დამზღვევმა დაზღვეული პირის სასარგებლოდ) მუხლებს. თუმცა, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით განხილვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძველი, თუ აღნიშნულს შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ანუ - თუ ამ დარღვევას არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

4.3. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

4.4. 2014 წლის 30 მაისს მზღვეველსა და დამზღვევს შორის დაიდო სამედიცინო დაზღვევის (№06987/14) ხელშეკრულება (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ.41-46), რომლის საგანი იყო მერიის თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა (დაზღვეულთა) კოლექტიური დაზღვევა. დაზღვევის ობიექტს წარმოადგენდა ფინანსური რისკი, რომელიც დაკავშირებული იყო დაზღვეულთათვის სამედიცინო მომსახურების საჭიროებასთან და უბედური შემთხვევით გამოწვეულ ზიანთან.

4.5. ამ ხელშეკრულების მოსარგებლე (დაზღვეული პირი) იყო პაციენტი (შ.ჯ–ძე);

4.6. მზღვეველმა დაზღვეულის სახელზე (შ.ჯ–ძე) დაზღვევის პოლისი გასცა 2014 წლის 30 მაისს. პოლისის პირობებით: დამზღვევია - თვითმმართველი ქალაქი რუსთავი, მოსარგებლე - დამზღვევის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები. ერთ-ერთ სადაზღვევო რისკს წარმოადგენდა დაზღვეულის ჯანმრთელობის გაუარესება. სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შემთხვევაში, მზღვეველი აანაზღაურებდა მკურნალობის ხარჯებს. დაზღვევის პერიოდი ვრცელდებოდა 01.07. 2014-დან– 01.07.2015 წლამდე (იხ. დაზღვევის პოლისი, ს.ფ. 40).

4.7. მოსარჩელემ 2014 წლის 8 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე სამედიცინო დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში სამედიცინო მომსახურება გაუწია მზღვეველის მიერ დაზღვეულ პირს (შ.ჯ–ძე), რომელსაც უმკურნალა დიაგნოზით „მარცხენა ტერფის ფლეგმონა L03, მხრის, იდაყვისა და წინამხრის ფლეგმონა L03.1, მარცხენა ტერფის განგრენა“. სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 5 795,98 ლარი. პაციენტი/დაზღვეული პირი, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ კლინიკაში სადაზღვევო კომპანიის უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით განთავსდა, კერძოდ, პაციენტს ჰქონდა სადაზღვევო ბარათი, სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე მზღვეველს ეცნობა ცხელი ხაზის მეშვეობით, სადაც დაუდასტურეს, რომ პაციენტი მათი დაზღვევით მოსარგებლე პირი იყო.

4.8. ის ფაქტი, რომ მზღვეველმა ბენეფიციარისათვის (შ.ჯ–ძე) სამედიცინო მომსახურების შემდეგ, 2015 წლის 23 მარტს, მოსარჩელეს აცნობა, რომ, მართალია, დაზღვეულს ჰქონდა მზღვეველის დაზღვევის RM/14-003 ბარათი, მაგრამ იგი თურმე არ სარგებლობდა ამ დაზღვევის პირობებით და ამიტომ პაციენტის მომსახურების დაფინანსებაზე უარს ამბობდნენ, ამ დავისათვის სამართლებრივ სურათს ვერ შეცვლის. ის, რომ მოპასუხემ არ გამოიჩინა სათანადო ყურადღება და დროულად არ ისარგებლა მერიასთან დადებული სამედიცინო დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების 5.1 პუნქტით და დამზღვევისაგან არ გამოითხოვა სათანადო ინფორმაცია (თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება, შრომითი ხელშეკრულება, ქორწინებისა და დაბადების მოწმობები), სარჩელის უარსაყოფად საკმარის არგუმენტად ვერ გამოდგება. ეს გარემოება შეიძლება, მზღვეველსა და დამზღვევს შორის არსებული ურთიერთობის და არა ამ დავის ფარგლებში იქნეს განხილული; ამრიგად, სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება გამოირიცხებოდა, თუკი კასატორი დაამტკიცებდა, მან პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევამდე მოსარჩელეს აცნობა, რომ იგი მათი ბენეფიციარი არ იყო. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია.

4.9. ამრიგად, სსკ-ის 8431.1.-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია მზღვეველს მოსთხოვოს პაციენტის მკურნალობის ხარჯები, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, ვალდებულია დაზღვევის ხელშეკრულების პირობებისა და მის მიერ წინასწარ გაცემული თანხმობის შესაბამისად, აანაზღაუროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები.

5. რაც შეეხება ბენეფიციარისათვის გაწეული ხარჯის ოდენობასთან მიმართებით კასატორის მსჯელობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა მომსახურების გაწევის ფაქტი და მისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობა, მტკიცების ტვირთი გაწეული ხარჯების არაეფექტურობისა - ეკისრება ამ გარემოებაზე მიმთითებელ მხარეს, ანუ მოპასუხეს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გააბათილა სარწმუნო და დამაჯერებელი არგუმენტებით და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არ არის საკმარისი საკასაციო შედავების დასაბუთებულად მიჩნევისათვის. ამ შემთხვევაში ანგარიშსწორების ფაქტობრივ საფუძველს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინვოისი და ანგარიშფაქტურა წარმოადგენდა (იხ. ს.ფ. 96, 97-99).

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

8. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ.#ას-906-872-2016, 24.02.2016წ).

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

11. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „დ.ს.კ.ი–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „დ.ს.კ.ი–ოს“ (ს/კ ....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #3766, გადახდის თარიღი 09.07.2019 წ), 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი