საქმე №ას-1400-2019 11 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. თ. ბ-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 20... წლის ... დეკემბერს დაბადებული მხარეთა არასრულწლოვანი შვილის სარჩენად მის სრულწოლვანებამდე ყოველთვიურად ალიმენტის – 100 ლარის გადახდის, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და 2018 წლის 22 თებერვლამდე ცხოვრობდნენ ერთად.
3. მათ 2009 წლის 21 დეკემბერს შეეძინათ საერთო არასრულწლოვანი შვილი, რომელიც მეუღლეთა დაშორების შემდეგ ცხოვრობს დედასთან. იგი დედისა და მისი ნათესავების კმაყოფაზეა.
4. მოპასუხე არ დაინტერესებულა ბავშვის აღზრდა-განვითარების საკითხებით, არ ასრულებს მშობლის მოვალეობას და არ მონაწილეობს ბავშვის რჩენა-აღზრდის მატერიალური საკითხების მოწესრიგებაში. მოსარჩელეს არა აქვს იმდენი საშუალება, რომ შვილი დამოუკიდებლად არჩინოს, არის მშობლების იმედად და სურს, რომ ბავშვის მამამაც მიიღოს მცირეოდენი წვლილი მათი შვილის აღზრდა-განვითარებაში.
5. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან თანაცხოვრების განმავლობაში ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა, 2014 წლიდან ირიცხებოდნენ სოციალურად დაუცველთა სიაში და არ ჰქონდა არანაირი საყოფაცხოვრებო პირობები. მოსარჩელემ რამდენჯერმე აიღო საბანკო სესხი, რომელსაც ფარავდა მისი დედა, და შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელიც წარმოადგენს მის საკუთრებას. აღნიშნულ ნივთებს მოპასუხე მას აღარ უბრუნებს, შესაბამისად, საჭიროა მათი გამოთხოვა უკანონო მფლობელობიდან.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე ნამდვილად იღებდა თანხას დედისგან, რომელსაც იგი საზღვარგარეთიდან უგზავნიდა, თუმცა მოსარჩელე აღნიშნული თანხით სადავო საყოფაცხოვრებო ნივთების ღირებულებას არ ფარავდა. მითითებული ოდენობა გადაიხადა მოპასუხემ ძმისგან მიღებული თანხით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად და მოპასუხის საჩივარს ეთქვა უარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო სასამართლოს სხდომის დღისა და დროის თაობაზე.
10. სადავოა, მოხდა თუ არა მოპასუხის მიერ სასამართლოს ინფორმირება პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ და იყო თუ არა გამოუცხადებლობის მიზეზი საპატიო.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები – საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში.
12. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321 მუხლი), სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მხარეს სურვილი არ გააჩნია, უარყოს მოსარჩელის პრეტენზიები მის მიმართ და თანახმაა, სასამართლომ გაიზიაროს მისი მოთხოვნები. ამავდროულად, სსკ-ის 230-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების იურიდიულ შეფასებას.
13. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა პირის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.
14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, თუ კუმულაციურად არსებობს რამდენიმე პირობა, ესენია: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ; ადგილი არა აქვს რაიმე დაუძლეველ ძალას ან სხვა ისეთ მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; არსებობს სარჩელის აღძვრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია სწორად; მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას.
15. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ უდავოდ ჩათვალა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, 2018 წლის 16 აგვისტოს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, უწყება-ხელწერილის (ს.ფ. 206) მეშვეობით.
16. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გადმოცემული პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები, კერძოდ: საჩივრის ავტორი დააკავეს 2018 წლის 18 ივლისს, ხოლო სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 16 აგვისტოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხეს ჰქონდა გონივრული დრო, ეცნობებინა სასამართლოს შემადგენლობისათვის მისი გამოუცხადებლობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ იგი ზემოაღნიშნული დროისთვის იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ვინაიდან მას პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ა.დ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უზრუნველყოფილი იყოს სატელეფონო საუბრებითა და მიმოწერით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ა.ვ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციებით; ასევე, ამავე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეიტანოს მოთხოვნა, საჩივარი; ამავე კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს იგი საწერი საშუალებითა და ქაღალდით. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად: „ბრალდებულს უფლება აქვს, დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში თავისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს შეატყობინოს დაკავების ან დაპატიმრების ფაქტი და ადგილსამყოფელი, თავისი მდგომარეობა, ასევე შეატყობინოს კრედიტორს, სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელთა მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები აკისრია“.
17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული „საპატიო მიზეზი“, რის გამოც მოპასუხემ ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება/ან ინფორმირება გამოუცხადებლობის თაობაზე და რის საფუძველზეც, უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
18. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონმდებელი ადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
19. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
20. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.
21. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოპასუხეს განემარტა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებების შესახებ. მას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნული უფლებები შეზღუდული ჰქონდა. ასევე, არ წარდგენილა მტკიცებულება, თუ როდის გათავისუფლდა მოპასუხე სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან, შესაბამისად, მან ვერ შეძლო მის მიერ მითითებული გარემოების დადასტურება იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ შეძლო, ეცნობებინა სასამართლოსთვის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა, რა საპატიო მიზეზი არსებობდა ამისთვის. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრულ საპატიო მიზეზის დადასტურებას უზრუნველყოფდა.
22. ამასთან, ალიმენტის დაკისრებისა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა და მის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 1198-ე, 1201-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე და 1214-ე მუხლებით დადგენილ სამართლებრივ კონსტრუქციას, ხოლო ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა კი, – 170-ე და 172-ე მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
24. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა მისი მოსაზრება საქმის განხილვაზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პირის ყოფნა ისეთი გარემოებაა, რომელიც მას თავისუფალი გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.
25. სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა პატიმრობის შესახებ კანონი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტი მოპასუხის მიმართ, რადგან მხარემ აღნიშნული დანაწესების შესახებ არ იცოდა და, სტრესულ სიტუაციაში ყოფნის გამო, არ ჰქონდა ამაზე ფიქრის საშუალება. მეტიც, მოპასუხეს არ აქვს ერთი თვალი, რის გამოც შეერყა ჯანმრთელობა, უჭირს ადაპტირება და დაერღვა მეხსიერება.
26. ამდენად, 2018 წლის 16 აგვისტოს მოპასუხე იმყოფებოდა ციხეში და იცოდა, რომ სასამართლოში ვერ გამოცხადდებოდა და, მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, აღარც ახსოვდა აღნიშნული. მოპასუხე ბრალდებული იყო ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ხოლო მეორე მეუღლე ედავებოდა ალიმენტების დაკისრებასა და ქონების განაწილებაზე. იმ პერიოდში მითითებულს მოპასუხე ვერ აცნობიერებდა და ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ციხეში ყოფნა და პროცესზე გამოუცხადებლობა უარყოფითად აისახებოდა მის მიმართ გამოსატანი გადაწყვეტილების შედეგზე.
27. კასატორმა დაადასტურა, რომ ციხეში მოხვედრამდე ჩაიბარა სასამართლო უწყება, მაგრამ შემდეგომ ამის შესახებ დაავიწყდა.
28. კასატორმა იშუამდგომლა საკასაციო სასამართლოს წინაშე, №8 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოეთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ბრალდებულ პირს შეზღუდული გარე სამყაროსთან კონტაქტი (პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მეორე ნაწილი). კასატორის ადვოკატმა შეკითხვით მიმართა №8 პენიტენციურ დაწესებულებას ანალოგიური ინფორმაციის დადასტურების მიზნით, თუმცა პასუხი არ მიუღია.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
30. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
32. 2018 წლის 16 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ ინფორმაცია ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის დაცვით (ტომი 1, ს.ფ 206). სასამართლო უწყების ჩაბარების ფაქტი მოპასუხემ საკასაციო საჩივარშიც დაადასტურა.
33. 2018 წლის 18 ივლისს საჩივრის ავტორი დააკავეს, ხოლო სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 16 აგვისტოს.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
36. დადგენილია, რომ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე. მოსარჩელე მხარემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
38. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოპასუხე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე სასამართლოს არ აცნობა. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.
39. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
40. ამავდროულად, სარჩელში მითითებული ფაქტები უნდა ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას.
41. მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება, ჩაითვალოს საპატიოდ.
42. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
43. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
44. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.
45. მოცემულ შემთხვევაში კასატორს უნდა ზემოაღნიშნული წესით უნდა დაედასტურებინა არა მხოლოდ ის, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე იგი ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, არამედ ასევე ისიც, რომ ობიექტური გარემოებების გამო, ვერ შეძლო სასამართლოსათვის თავისი გამოუცხადებლობის შესახებ შეტყობინება.
46. განსახილველ საქმეზე კასატორმა საქმის განხილვაზე თავისი გამოუცხადებლობა დაასაბუთა იმით, რომ 2018 წლის 18 ივლისს იგი დააკავეს და მოათავსეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მიმდინარე მოვლენების გამო, მისი ემოციური მდგომარეობა იყო რთული და მხარეს დაავიწყდა სასამართლო პროცესის შესახებ.
47. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის დაკავების ფაქტი შეუძლებელს ხდიდა მხოლოდ უშუალოდ მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობას საქმის განხილვაზე, თუმცა მან ვერ მიუთითა, რა საპატიო მიზეზით ვერ აცნობა სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი ან რატომ ვერ შეძლო პროცესზე საკუთარი ინტერესების დაცვა წარმომადგენლის მეშვეობით.
48. სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიუთითა პატიმრობის კოდექსზე, რომლის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უზრუნველყოფილი იყოს სატელეფონო საუბრებითა და მიმოწერით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციებით; ასევე, ამავე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეიტანოს მოთხოვნა, საჩივარი; ამავე კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს იგი საწერი საშუალებითა და ქაღალდით. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად: „ბრალდებულს უფლება აქვს, დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში თავისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს შეატყობინოს დაკავების ან დაპატიმრების ფაქტი და ადგილსამყოფელი, თავისი მდგომარეობა, ასევე შეატყობინოს კრედიტორს, სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელთა მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები აკისრია“.
49. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს გონივრული ვადა გააჩნდა, სათანადოდ მომზადებულიყო საქმის განხილვისათვის და უზრუნველეყო საკუთარი ინტერესების დაცვა პროცესზე ან, საჭიროების არსებობის დადასტურების შემთხვევაში, ეშუამდგომლა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების შესახებ, რაც მან არ განახორციელა.
50. ის არგუმენტი კი, რომ მოპასუხეს ამა თუ იმ ობიექტური თუ სუბიექტური გარემოების გამო, დაავიწყდა საქმის განხილვის ფაქტი, სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად ვერ შეფასდება.
51. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
52. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
53. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
54. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
56. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შუამდგომლობას საქმეზე ახალი მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ, ვინაიდან სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
57. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორის შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური