Facebook Twitter

30 ოქტომბერი, 2019 წელი,

საქმე №ას-891-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ბ–ი (კანონიერი წარმომადგენელი ნ.ს–ა), (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – სამკვიდრო ქონების პროპორციულად სამკვიდრო პასივის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მემკვიდრე ან არასრულწლოვანი) კანონიერი წარმომადგენლის - ნ.ს–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ნ.ბ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მეორე მემკვიდრე) მიღებული სამკვიდრო ქონების (აქტივის) პროპორციულად მამკვიდრებელ ზ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მამკვიდრებელი ან მსესხებელი) კრედიტორების სასარგებლოდ, მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის მიერ გადახდილი თანხის - 15000 აშშ დოლარისა და 3558.20 აშშ დოლარის ნახევრის - 7500 აშშ დოლარისა და 1779.1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა; ამ განჩინებას ასაჩივრებს მოპასუხე. მისი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ გასაჩივრებული განჩინება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1488-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ რადგანაც კრედიტორებმა შეცილების ვადა გაუშვეს, მათ დაკარგეს მოთხოვნის უფლება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ სათანადო დასაბუთების გარეშე დააკისრა მას მამკვიდრებლის (ზ.ბ–ის) ვალის ნახევარი.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ საქმეზე დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი შემდეგი ფაქტები:

4.3. 2013 წლის 22 ნოემბერს პ.ლ–ასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გამსესხებელი ან კრედიტორი) და მამკვიდრებელს შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც გამსესხებელმა მსესხებელს საკუთრებაში 23 000 აშშ დოლარი, 10 თვით, 2015 წლის 22 სექტემბრამდე, ყოველთვიური სარგებლის 3%-ის დარიცხვით გადასცა (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 20-21. ტ.1).

4.4. მამკვიდრებელს ასევე ჰქონდა სს „ქ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კრედიტის მიმცემი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან კრედიტორი) ვალი, რომლის წარმოშობის საფუძველი იყო 2013 წლის 29 ოქტომბრის შეთანხმება, ამ შეთანხმებით, აწ გარდაცვლილმა საკუთრებაში მიიღო კრედიტი - 3 000 აშშ დოლარი, 24 თვით, წლიური 36%-იანი განაკვეთით, ყოველთვიური შენატანი განისაზღვრა 177.91 აშშ დოლარით (იხ. ხელშეკრულება და სესხის დაფარვის გრაფიკი, ს.ფ. 24-25; 26. ტ.1).

4.5. მსესხებელი (ზ.ბ–ი) 2014 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა. გარდაცვლილის სამკვიდროს შეადგენდა ქალაქ თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით #..... (შემდეგში - სამკვიდრო ქონება, დანაშთი ქონება, უძრავი ქონება).

4.6. მამკვიდრებელს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე (შვილები), მოსარჩელე და მოპასუხე (სსკ-ის 1306-ე და 1336ე მუხლები).

4.7. მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა 2014 წლის 31 მარტიდან 2015 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში ორივე კრედიტორს ვალი, შესაბამისად, 15000 და 3558.20 აშშ დოლარი, სრულად აუნაზღაურა (იხ. განცხადება და სალაროს შემოსავლის ორდერები, ს.ფ. 22; 27-43. ტ.1).

4.8. 2014 წლის 18 ნოემბერს მოსარჩელის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა და, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, გარდაცვლილის დანაშთი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი მიიღო. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უძრავი ქონება მის საკუთრებაში აღირიცხა (იხ. სამკვიდრო მოწმობა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 14-17; 18, ტ.1).

4.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა, სამკვიდრო ქონებაზე ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით გაუქმდა საზიარო უფლება და ამონაგები თანხა მხარეთა შორის წილების შესაბამისად განაწილდა (იხ. გადაწყვეტილება, ს.ფ. 47-52. ტ.1).

5. განსახილველ შემთხვევაში, სამკვიდრო ქონების პროპორციულად მოპასუხისათვის ანუ მეორე მემკვიდრისათვის, მოსარჩელის მიერ კრედიტორებისათვის გადახდილი ფულადი თანხის ნახევრის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია: სსკ-ის 1484.1 (მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად), და 986-ე (პირს რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია, ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება) მუხლები.

6. გარდაცვლილის ვალის წარმოშობის ფაქტობრივი საფუძველია მამკვიდრებლის მიერ კრედიტორების წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, შესაბამისად, სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლის საფუძველზე, მამკვიდრებლის მიმართ სესხის გადახდის თაობაზე კრედიტორების მოთხოვნა წარმოშობილი იყო.

7. საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 1484.1 მუხლის გამოყენების წინაპირობები განხორციელებულია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ: ა) მამკვიდრებელს კრედიტორების ვალი ჰქონდა, რომელიც მას სიცოცხლეში არ გაუსტუმრებია; ბ) მამკვიდრებელი გარდაიცვალა და, შესაბამისად, სამკვიდრო გაიხსნა 2014 წლის 23 აპრილს; გ) მამკვიდრებლის სამკვიდრო მიიღეს მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებმა - მოსარჩელემ და მოპასუხემ; დ) მოსარჩელემ სამკვიდროს გახსნის შემდეგ სრულად დააკმაყოფილა მამკვიდრებლის კრედიტორების მოთხოვნები, ანუ მან მოპასუხის ნაცვლად გადაუხადა კრედიტორებს სამკვიდრო მასაში შემავალი პასივის - ფულადი ვალის ნახევარი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მამკვიდრებლის ვალები არ აღემატებოდა სამკვიდროს. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

8. სსკ-ის 986-ე მუხლის მიხედვით კი, სხვისი ვალის გადახდა კონდიქციური ვალდებულების წარმოშობის საფუძველია, რადგან მოპასუხემ უსაფუძვლოდ დაზოგა ქონება. იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას. ორივე შემთხვევაში, ვალის გადამხდელს უფლება აქვს, მოითხოვოს უსაფუძვლოდ დაზოგილის უკან დაბრუნება.

9. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 1484.1 მუხლის საფუძველზე, იურიდიულად ასაბუთებს მოსარჩელის მოთხოვნას - 22.11.2013 წლისა და 29.10.2013 წლის სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მამკვიდრებლის ვალდებულების ნახევრის - 15000 აშშ დოლარისა და 3558.20 აშშ დოლარის ნახევრის, 7500 აშშ დოლარისა და 1779.1 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

10. კასატორის პრეტენზია, რომ რადგან კრედიტორებმა შეცილების ვადა გაუშვეს, მათ დაკარგეს მოთხოვნის უფლება დაუსაბუთებელია, კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეასრულა მამკვიდრებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - სამკვიდროს გახსნის შემდეგ სრულად დააკმაყოფილა მამკვიდრებლის კრედიტორების მოთხოვნები, ანუ სამკვიდრო მასაში შემავალი პასივის - ფულადი ვალის ნახევარი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ განსახილველი დავა ეხება არა მამკვიდრებლის კრედიტორების მოთხოვნას გარდაცვლილის მემკვიდრის მიმართ, არამედ ერთ-ერთი მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის ფულადი ვალდებულების სრულად შესრულებიდან გამომდინარე მოთხოვნას; შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 1488-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ბ–ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ.ფ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარიდან (საგადახდო დავალება #20974724, გადახდის თარიღი 22.07.2019წ.) 75 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი