Facebook Twitter

საქმე №ას-1609-2019 16 დეკემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ა.ხ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.შ–ი (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების უარყოფა

დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა (თავდაპირველ სარჩელში), სადგომის გამოსყიდვა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.ხ–ის სარჩელი ს.შ–ის მიმართ, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე (მდებარე - ქ. თბილისი, ......, ს/კ ......., შენობა #1, მე-2 სართული: 36.24 კვ.მ ფართი, 76.41 კვ.მ სხვენი და 8.26 კვ.მ საზაფხულო ფართი) მფლობელობის შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ს.შ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ს.შ–ი ცნობილი იქნა ქ.თბილისში, ...... (ს/კ #.......) მდებარე საცხოვრებელ სახლში მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის, კერძოდ, მე-2 სართულზე განლაგებული 37.24 კვ.მ საცხოვრებელი და დამხმარე ოთახების, მანსარდის სართულზე განლაგებული 82.53 კვ.მ ფართისა და 5.08 კვ.მ სარდაფის მესაკუთრედ, ა.ხ–ისთვის 31 403.7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (83 658 ლარი) გადახდის სანაცვლოდ.

2. ხსენებული გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. მოსარჩელემ მისი გაუქმება, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა, ხოლო, შეგებებულმა მოსარჩელემ _ დაკისრებილი თანხის კორექტირება. ამასთანავე, ს.შ–მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა ა.ხ–ის კუთვნილი ქ.თბილისში, ...... (ს/კ # ......) მდებარე უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა.ხ–ს აეკრძალა მის სახელზე რიცხული ქ.თბილისში, ..... (ს/კ .......) მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

4. სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა ა.ხ–მა, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განჩინების გაუქმება და ს.შიშნიაშვილის განცხადების უარყოფა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინებით ა.ხ–ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ა.ხ–ს აეკრძალა მის სახელზე რიცხული ქ.თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონების მე-2 სართულზე განლაგებული 37.24 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელი და დამხმარე ოთახების, მანსარდის სართულზე განლაგებული 82.53 კვ.მ ფართის და 5.08 კვ.მ სარდაფის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქმე განსახილველად გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების/შეცვლის წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს არსებობს თუ არა საცხოვრებელი სადგომის იმ მოსარგებლის ინტერესების დაცვის წინაპირობა, რომლის სასარგებლოდაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება, ამასთანავე, დადებით შემთხვევაში, პალატა ასევე იმსჯელებს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების თანაზომიერებაზე.

3. ვიდრე უშუალოდ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შეაფასებდეს, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს შესაფასებელი განცხადების საპროცესო მხარეზე: მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ თავდაპირველი სარჩელით მოთხოვნილია კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ მფლობელობის შეწყვეტა, ხოლო, შეგებებული სარჩელის საგანს თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების გადაცემა წარმოადგენს. უდავოა ისიც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თავდაპირველი სარჩელი უარყო, ხოლო, შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა და სწორედ შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ შეფასების საგანს არა სარჩელის არამედ _ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს, თუმცა, ხსენებული საპროცესო დარღვევა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფძველზე, საჩივრის წარმატებას ვერ დაედება საფუძვლად, რადგანაც, ამავე კოდექსით სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი, იგი წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფეტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე სახეზეა მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა, თუმცა, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოთხოვნის წარმატებულობის ვარაუდს, ბუნებრივია, არსებობს მისი გაუქმებისა თუ შეცვლის დიდი შესაძლებლობაც. ასეთ პირობებში კი, მხარეთა ინტერესებს შორის გონივრული წონასწორობის დაცვის საჭიროება თავად განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს, კერძოდ, სასამართლო, რომელიც დაადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, ვალდებულია შეაფასოს ასევე უზრუნველყოფის გამოყენებული საშუალების მასშტაბები და დაიცვას თანაზომიერება მხარეთა ინტერესებს შორის.

5. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ ზოგადად არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენების წინაპირობა, რამდენადაც შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თანხის გადახდის სანაცვლოდ არსებობს სანივთო უფლების გადაცემის წინაპირობები, ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრე დავის განმავლობაში უფლებამოსილია განკარგოს დავის საგანი, ნივთის გასხვისება ან მისი უფლებრივი დატვირთვა მართლაც გაართულებს გადაწყვეტილების აღსრულებას მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში. ამგვარ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მოპასუხეს კანონიერად შეუზღუდა დავის საგნის გასვისებისა და იპოთეკით დატვირთვის (ვინაიდან იპოთეკა გარდამავალი უფლებაა და მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაში შეგებებულ მოსარჩელეს გადაეცემა უფლებრივად ნაკლიანი ნივთი, გარდა ამისა, მესაკუთრის ცვლილება, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის 2.2. მუხლის თანახმად, არ გამორიცხავს მართლზომიერი მოსარგებლის უფლებებს, თუმცა, უფლებამონაცვლეობის თაობაზე სამართალწარმოების გაგრძელება ასევე დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან, რაც უფლების რეალიზაციის ხელისშემშლელ მექანიზმად შეიძლება იქნას გამოყენებული არაკეთილსინდისიერი მხარის მიერ) უფლება.

6. რაც შეეხება საჩივრის პრეტენზიას, რომ მთელ ქონებაზე ამ შეზღუდვის დაწესებით ირღვევა მესაკუთრის ინტერესები, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ ასევე კანონიერად გაიზიარა იგი და საპროცესო შეზღუდვები მართებულად გაავრცელა ქონების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც შეგებებული სარჩელის საგანს წარმოადგენს.

7. რაც შეეხება საჩივარში გამოთქმულ შედავებას, რომ ქონება სხვა სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში ისედაცაა დატვირთული ვალდებულებით, პალატა მას საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება ემსახურებოდეს კონკრეტულ დავაზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას. ფაქტობრივი თვალსაზრისით, შესაძლებელია იგი მართლაც ახდენდეს უფლების დარღვევის პრევენციას, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანხმად, თუკი სხვა საქმეზე მოსარჩელის ინტერესის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი, სასამართლო გააუქმებს უკვე გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას და ამ საქმეზე დღის წესრიგში მაინც დადგება განსახილველი საკითხი.

8. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნის ფარგლებში მართებულად გამოიყენა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, ხოლო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ხ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისისა და 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინებები დარჩეს უცვლელად იმ ფარგლებში, რომლითაც ა.ხ–ს აეკრძალა მის სახელზე რიცხული ქ.თბილისში, ....., მე-2 სართულზე განლაგებული 37.24 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელი და დამხმარე ოთახების, მანსარდის სართულზე განლაგებული 82.53 კვ.მ ფართის და 5.08 კვ.მ სარდაფის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი