Facebook Twitter

საქმე №ას-196-196-2018 6 დეკემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. და ი. ბ–ების განცხადება, ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე და

პალატამ გამოარკვია:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით ნ. და ი. ბ–ების საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო; ამავე განჩინებით კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდათ ნ.ბ–ის მიერ 26.03.2018წ. #16414342 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 393 ლარის 70% _ 257,1 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს ნ. და ი. ბ–ებმა და მოითხოვეს ხსენებულ განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორება, კერძოდ, მათი მითითებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ჰქოდათ 800 ლარზე მეტი, რის შესაბამისადაც უნდა დაბრუნებოდათ _ 560 ლარი.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ ნ. და ი. ბ–ებს უარი უნდა ეთქვათ უსწორობის გასწორებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამავე პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებაში არ არის დაშვებული უსწორობა. როგორც საქმის მასალების შესწავლით დგინდება, მხარეებს საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და ასევე ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების განჩინებებით დავალებული ჰქონდათ სახელმწიფო ბაჟის სახით 162.92 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით მხარეებს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი აქვთ 393 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (იხ. ქვითარი #16414342, ტ.2, ს.ფ. 159), შესაბამისად საკასაციო სამართალწარმოებაზე გაწეული ხარჯი შეადგენს სწორედ 393 ლარს, ხოლო საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო მხარეებს სსსკ-ის 401.4 მუხლის საფუძველზე დაუბრუნდათ სწორედ 393 ლარის 70% _ 275,1 ლარი. ამდენად, განმცხადებელთა ზემოხსენებული პრეტენზია გაზიარებული ვერ იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. და ი. ბ–ების განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. და ი.ბ–ების განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი