Facebook Twitter

№ას-249-249-2018 31 ოქტომბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/ მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ნ.ო–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ა.დ–ძე, ვ.ღ–ი, შპს „მ–ი “, სს „თ.ბ–ი“ (ბ.კ–ას უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ აუქციონის ბათილად ცნობა თანამდევი შედეგებით, პიველადი მდგომარეობის აღდგენა, განმეორებითი აუქციონის ჩატარება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ო–ძესა (შემდეგში, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოვალე, მსესხებელი) და სს „ბ.კ–ას“ (უფლებამონაცვლე „თ.ბ–ი“ - შემდეგში პირველი მოპასუხე, კრედიტორი) შორის 2013 წლის 3 ივლისს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ დაიდო №23-30298-000047 გენერალური ხელშეკრულება. იმავე დღეს იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. წყალტუბოში, ……, საკადასტრო კოდი: ….. (შემდეგში სადავო ქონება).

2. იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების მსესხებლის მხრიდან შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იქნებოდა, მოთხოვნა იპოთეკის საგნიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 302-ე მუხლში რეგლამენტირებული წესით, აუქციონისაგან განსხვავებულ სპეციალური რეალიზაციის ფორმის გამოყენებით დაეკმაყოფილებინა. ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკის საგნის რეალიზაციის სხვა წესი (სპეციალური რეალიზაციის ფორმა) ითვალისწინებს იპოთეკის საგნის გაყიდვას აუქციონზე აუქციონატორის (სპეციალისტის) მეშვეობით. მსესხებელმა თანხმობა გამოთქვა, რომ სპეციალისტს - შპს ,,მ-ს” (ს/კ ....., მისამართი: ქ. თბილისი, .....), (შემდეგში - მეორე მოპასუხე), უზრუნველეყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. პირველი აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი მოთხოვნისა და სხვა ხარჯების ჯამურად თუ პირველი აუქციონის დროს არ იქნება შესაბამისი შემოთავაზება, სპეციალისტი 30 დღის განმავლობაში ნიშნავს მეორე აუქციონს. (იხ. ხელშეკრულების მე-6. მუხლი).

3. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულება, კერძოდ, მხარეთა შორის შეთანხმებული კრედიტის დაფარვის გრაფიკი.

4. 2014 წლის 10 ივლისს და 2015 წლის 24 აპრილს კრედიტორმა მოვალეს გაუგზავნა გამაფრთხილებელი წერილები, დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვის თაობაზე, რომლის მიხედვით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილი იყო: 1. ვადამდე ცალმხრივად შეეწყვიტა სასესხო ხელშეკრულებები; 2. მოეთხოვა გაცემული სესხის ვადამდე დაფარვა; 3. დარიცხული პროცენტისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა; 4. ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება; 5. ბანკის ინტერესების დასაცავად საქმის გადაცემა სასამართლოსა თუ არბიტრაჟისთვის; 6. მიექცია სესხის უზრუნველსაყოფად არსებული ქონება სარეალიზაციოდ;

5. სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ხანგრძლივი უწყვეტი ვადაგადაცილების (5 თვე უწყვეტი ვადაგადაცილება) გამო კრედიტორმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.

6. 2015 წლის 19 მაისს კრედიტორმა მიმართა სპეციალისტს - აუქციონის ჩატარების შესახებ, მათ შორის მოქმედი 2011 წლის 1 მაისს №242/5 შეთანხმების საფუძველზე. სპეციალისტმა კრედიტორის მომართვიდან ერთი თვის ვადაში დანიშნა პირველი საჯარო აუქციონი - 11.06.2015 წლის 12:00 საათიდან 18.06.2015 წლის 12:00 საათამდე. აღნიშნულის შესახებ გამაფრთხილებელი წერილი გაეგზავნა მსესხებელს, აუქციონის დანიშვნისა და შესაძლო შედეგებზე მითითებით. გამაფრთხილებელი წერილი ჩაბარდა პირადად მსესხებელს, რაც დასტურდება წერილზე მისივე ხელმოწერით. შეტყობინება გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც. საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ გამოქვეყნდა სსიპ ,,საკანონმდებლო მაცნის’’ ვებგვერდზე. პირველი საჯარო აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ განცხადება საჯაროდ გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, გაზეთ „რეზონანსშიც“ (02 ივნისი 2015, №144 (8138), გვერდი 10).

7. უძრავი ნივთის საწყისი ფასად განისაზღვრა 4833.35 აშშ დოლარი და 325 ლარი, საიდანაც სასესხო დავალიანების ოდენობაა 4833.35 აშშ დოლარი, ხოლო სხვა ხარჯები - 325 ლარი.

8. პირველი საჯარო აუქციონი დასრულდა ქონების რეალიზაციით, რის შესახებაც შედგა შემაჯამებელი ოქმი №M206. აუქციონზე ქონება ა.დ–ძემ (შემდეგში მესამე მოპასუხე), 11412.60 ლარად შეიძინა.

9. 2015 წლის 22 ივნისს, მესამე მოპასუხესა და ვ.ღ–ს (შემდეგში მეოთხე მოპასუხე) შორის გაფორმდა სადავო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მეოთხე მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა.

10. 2015 წლის 27 ივლისს მოსარჩელემ მოპასუხეთა წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც აუქციონისა და მისი თანამდევი შედეგების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და განმეორებითი აუქციონის ჩატარება მოითხოვა.

10.1. მოსარჩელის მტკიცებით, მის საკუთრებაში რიცხული ქონების რეალიზაცია ხელშეკრულების მხარეთა შორის დავის სასამართლოს ან არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყვეტის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო, თუმცა კრედიტორმა სასამართლოს ან არბიტრაჟისათვის მიმართვის გარეშე პირდაპირ სპეციალისტის მიერ განახორციელა იპოთეკის საგნის პირველივე აუქციონზე რეალიზაცია.

10.2. მოსარჩელის განმარტებით, სპეციალისტმა არ დაიცვა იპოთეიკით დატვირთული ქონების რეალიზაციის წესი, კერძოდ, ქონება გასხვისდა პირველივე აუქციონზე არა ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების 75%-იდან, არამედ მინიმ–ურ ფასად, ქონების საშუალო ღირებულების დადგენის გარეშე. ამან განაპირობა ის, რომ მოვალემ ვერ მიიღო აღსასრულებელი ქონების ზემოთ ზედმეტობა, რაც ამონაგები თანხის განაწილების პრინციპით ეკუთვნოდა. ქონების ღირებულება მოსარჩელის მითითებით, გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე აუქციონზე მისი სარეალიზაციო ფასი.

11. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარგდენით უარყვეს სარჩელის საფუძვლიანობა.

11.1. პირველი მოპასუხის განმარტებით, იპოთეკის ხელშეკრულების დათქმების შესატყვისად მოვალე დასთანხმდა ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკის საგანი გასხვისებულიყო აუქციონისაგან განსხვავებული სპეციალური რეალიზაციის ფორმით.

11.2. მეორე მოპასუხის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სპეციალისტმა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე განახორციელა ნივთის აუქციონზე რეალიზაცია და გასხვისების ეს წესი არ განიხილებოდა იძულებით აღსრულებად. ამ სამართლებრივი მექანიზმით აუქციონის გამართვა და მისი შედეგები რეგულირდებოდა არა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონმდებლობით, რაზეც მიუთითებდა მოსარჩელე, არამედ სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

11.3. მესამე მოპასუხეს განსახილველ დავაზე შესაგებელი სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, ხოლო, მეოთხე მოპასუხის განმარტებით, იგი უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენი იყო და აუქციონისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-ე, 317-ე, 319-ე, 867-868-ე, 873-ე, 361-ე, 301-302-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

12.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

12.2. სასამართლოს განმარტებით, მოვალემ დაარღვია კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, რის გამოც მსესხებელს, რომელიც იმავდროულად იპოთეკის საგნის მესაკუთრე იყო, გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, თუმცა მას ვალდებულება არ შეუსრულებია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველმა მოპასუხემ სესხის უზრუნველსაყოფად არსებული ქონება, მართებულად მიაქცია სარეალიზაციოდ.

12.3. სასამართლომ აუქციონის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ სპეციალისტმა ნივთის აუქციონზე რეალიზაცია მხარეთა შეთანხმების საფუძველზე განახორციელა, რაც არ განიხილებოდა იძულებით აღსრულებად.

12.4. სასამართლოს შეფასებით, აუქციონის შესახებ მოსარჩელე გონივრული ვადით ადრე იყო ინფორმირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. თავად აუქციონი კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით წარიმართა, რის გამოც არ არსებობდა მეორე მოპასუხის მიერ გამართული აუქციონის თანამდევი შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13.1. სააპელაციო საჩივარი არსებითად სარჩელში მითითებულ გარემოებებს ემყარება (იხ. წინამდებარე განჩინების 10.1-10.2 პუნქტი).

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

14.1. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები.

14.2. პალატის განმარტა, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაცია იძულებით აუქციონზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებადია იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები ვერ თანხმდებიან აუქციონის ჩატარებაზე ან იპოთეკის საგნის რეალიზაციის სხვა ფორმაზე, განსახილველ შემთხვევაში კი, პალატამ გამოარკვია, რომ მხარეებმა ხელშეკრულებითვე გაითვალისწინეს ქონების რეალიზაციისა და აუქციონის გამართვის წესები.

14.3. პალატამ აღნიშნა, რომ აუქციონის გამართვის წესისა და რეალიზაციის ფასის განსაზღვრისას, ასევე დაცული იყო კანონით გათალისწინებული ყველა პროცედურული მოთხოვნა, ხოლო ქონების სარეალიზაციო საწყისი ფასი განისაზღვრა სასესხო დავალიანებისა და აუქციონის სხვა ხარჯების ჯამით, რაც სრულად შეესაბამებოდა სსკ-ის 301-302-ე მუხლების მოთხოვნებს.

15. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:

15.1. მოსარჩელის მტკიცებით, კონტრაჰენტ მხარეთა შორის მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, დავა ჯერ უნდა გადაწყვეტილიყო სასამართლოს ან არბიტრაჟის მეშვეობით და სპეციალისტს შემდეგ განეხორციელებინა მისი იძულებითი რეალიზაცია. მოსარჩელის განმარტებით, მან არაერთხელ მიმართა კრედიტორს ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე, რაზეც მას პოზიცია არ უცნობებია და პირდაპირ სპეციალისტის საშუალებით, პირველივე აუქციონზე გაასხვისა იპოთეკის საგანი. კასატორის მოსაზრებით, სპეციალისტმა დაარღვია სადავო ქონების რეალიზაციის წესი კერძოდ, ქონება გაიყიდა პირველივე აუქციონზე, ამასთან არა ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების 75%-იდან, არამედ მინიმ–ურ ფასად, ქონების საშუალო ღირებულების დადგენის გარეშე.

15.2. კასატორის მოსაზრებით, ბანკმა უფლების დაკმაყოფილებისას უნდა გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომელიც მეტად შეესაბამება მოვალის ინტერესებს და არ გაყიდოს ქონება, თუკი არსებობს უფლების დაკმაყოფილების ალტერნატივა. კასატორმა მსჯელობის ამ ნაწილში, საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულობის გასამყარებლად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი განჩინებაც მოიხმო, სადაც სასამართლომ კრედიტორის მიერ ქონების იძულებით რეალიზაცია არაკეთილსინიდისერ ქმედებად და უფლების ბოროტად გამოყენებად მიიჩნია, ვინაიდან საქმეში ფიგურირებდა სუბიექტი, რომელმაც მოვალის ვალდებულების შესრულებაზე მზაობა გამოთქვა.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

19. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა, სახელდობრ:

20.1. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნაა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და განმეორებითი აუქციონის გამართვა. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ამასთან, ასეთი საფუძველი რომც არსებობდეს, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მაინც შეუძლებელი იქნებოდა, კერძოდ, დადგენილია, რომ მესამე მოპასუხის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონება მოგვიანებით მეოთხე მოპასუხემ იყიდა. ამ უკანასკნელის საკუთრების უფლებას კი, კეთილსინდისიერების ინსტიტუტის ფარგლებში, სსკ-ის 185-ე მუხლი (შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე) იცავს. ამ ნორმის თანახმად, შემძენი კეთილსინდისიერია, როდესაც სადავოა მესაკუთრის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება და ამ ფაქტის მიმართ შემძენის დამოკიდებულება კეთილსინდისიერია, ანუ გამოკვეთილია ის გარემოება, როდესაც შემძენმა არ იცოდა, რომ გამყიდველს არ გააჩნდა რეესტრში რეგისტრირებული ნამდვილი უფლება ან ასეთი უფლება სადავო იყო. ამრიგად, აუქციონის შედეგების გაბათილების შემთხვევაშიც, მეოთხე მოპასუხისგან სადავო ქონების გამოთხოვა მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ ნივთის შეძენისას მისი კეთილსინდისიერება გამოირიცხებოდა, თუმცა სადავო ქონების შესყიდვის მიმართ მეოთხე მოპასუხის არაკეთილსინდისირების საკითხი მოსარჩელეს სამართალწარმოების დღის წესრიგში საერთოდ, არც კი დაუყენებია.

20.2. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის რეალიზებადი სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა სსკ-ის 309-ე მუხლის დანაწესიდან (თუ სპეციალისტი ვერ ასრულებს აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, იგი წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს მონაწილეების წინაშე) გამომდინარეობდეს, რომელიც აუქციონის არაჯეროვნად ჩატარების გამო სპეციალისტის პასუხისმგებლობას განსაზღვრავს და, ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა, შეეფასებინა - დაარღვია თუ არა სპეციალისტმა მოსარჩელის კანონიერი უფლებები აუქციონის ჩატარებისას, თუმცა, ვინაიდან მოსარჩელე მითითებული ნორმით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს არ ითხოვს (ზიანის ანაზღაურება), პალატა მიიჩნევს, რომ აუქციონის გამართვის წესის კანონშესაბამისობის შემოწმება მოცემული დავის ფარგლებში სამართლებრივად მნიშვნელოვანი ვერ იქნება.

20.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას, საკასაციო საჩივარში მითითებული, სასამართლო პრაქტიკაში განვითარებული მსჯელობისა და განმარტებების განსახილველ დავაზე გავრცელების თაობაზე. პალატა განმარტავს, რომ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, სამოსამართლო საქმიანობის ფარგლებში კონკრეტული სამართლის ნორმის ანალიზი და განმარტება კანონის მიზნიდან გამომდინარეობს, თუმცა შემდგომ სასამართლოს განჩინებაში ასახული სამართლებრივი ანალიზი უნდა გავრცელდეს თუ არა ამა თუ იმ დავაზე, განისაზღვრება ცალკეული საქმის ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მოყვანილი მსჯელობა არარელევანტურია განსახილველი საქმის არსთან მიმართებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, განსხვავებით მითითებული საქმისგან, მოსარჩელეს კრედიტორის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებაზე არ მიუთითებია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაციის წინმსწრებად კრედიტორმა გააფრთხილა მოვალე ჯერ ვალდებულების შესრულების, ხოლო შემდგომ დაგეგმილი აუქციონის თაობაზე, თუმცა მოვალეს არანაირი ზომები არ მიუღია სადავოდ ქცეული შედეგის თავიდან ასაცილებლად.მოსარჩელემ დავა წარმოიწყო ქონების რეალიზაციის შემდეგ, რა დროსაც შესაფასებელი და გასათვალისწინებელია არა მხოლოდ სესხის ხელშეკრულების მხარეთა ინტერესები, არამედ ქონების აუქციონზე შემძენი სუბიექტის უფლებებიც.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 600 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს ნ.ჩ–ის მიერ მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (600 ლარის, გადახდის ქვითარი 16343483, გადახდის თარიღი 16.03.2018) 70% – 420 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ო–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ.ო–ძეს დაუბრუნდეს ნ.ჩ–ნის მიერ მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (600 ლარის, გადახდის ქვითარი 16343483, გადახდის თარიღი 16.03.2018) 70% – 420 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი