№ას-265-265-2018 31 ოქტომბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ს.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – მ.ფ–ძე, ა.პ–ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა (სარჩელში), ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2014 წლის 15 დეკემბერს ს.ბ–ძესა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) და მ.ფ–ძეს (შემდეგში - პირველი მოპასუხე) შორის ქ. ბათუმში, ..... მდებარე უძრავი ქონების, კერძოდ, საცხოვრებელი ფართისა და სარდაფის, ნასყიდობის ხელშეკრულება (გამოსყიდვის უფლებით) დაიდო (შემდეგში - სადავო ქონება/უძრავი ნივთი). ხელშეკრულების ვადა სამი თვით განისაზღვრა, ნასყიდობის საგნის ფასი კი - შემდეგნაირად: შემძენს სარდაფის სანაცვლოდ - 5525 აშშ დოლარი, ხოლო ბინის სანაცვლოდ - 24310 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. მხარეები შეთანხმდენ, რომ უძრავი ქონების გამოსყიდვის ვადის დარღვევის შემთხვევაში, მყიდველი საჯარო რეესტრში ქონების სრულუფლებიან მესაკუთრედ აღირიცხებოდა.
2. პირველი მოპასუხე მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 19 დეკემბერს, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა.
3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნოტოს 2015 წლის 23 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ნივთის სრულუფლებიან მესაკუთრედ რეგისტრირებულია პირველი მოპასუხე. ამონაწერი არ შეიცავს მითითებას ვალდებულების (გამოსყიდვის უფლების) არსებობის თაობაზე, ხოლო საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია 2014 წლის 15 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება - გამოსყიდვის უფლებით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, პირველი მოპასუხის სარჩელი სხვა დავაზე განსახილველ დავაზე მოსარჩელის მიმართ დაკმაყოფილდა; სასამართლომ მოსარჩელის სადავო ქონებიდან გამოსახლების, უძრავი ქონების გამოთავისუფლებისა და პირველი მოპასუხისათვის გადაცემის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
5. 2016 წლის 1 დეკემბერს პირველ მოპასუხესა და ა.პ–ს (შემდეგში მეორე მოპასუხე, მესაკუთრე) შორის დაიდო სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შემძენი იმავე დღეს უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა. უძრავი ქონება პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხეს 29000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მიჰყიდა.
6. მოსარჩელე მეორე მოპასუხის კუთვნილ ქონებას მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობს.
7. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის თანახმად, სადავო ქონება 76 560 აშშ დოლარად შეფასდა. პირველი მოპასუხის დაკვეთით მომზადებული დასკვნის მიხედვით კი, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება - 48 900 აშშ დოლარს შეადგენს.
8. 2017 წლის 6 იანვარს მოსარჩელემ მოპასუხეთა წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც შედავებულ ქონებაზე დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებათა ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მესაკუთრედ მისი ცნობა/აღრიცხვა მოითხოვა.
8.1. მოსარჩელის განმარტებით, მან პირველ მოპასუხესთან 24 310 და 5 525 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულება დადო, რომლის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით უნდა დატვირთულიყო მისი კუთვნილი უძრავი ქონება, თუმცა მხარეებმა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად, გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. მოსარჩელის განსჯით, მას და პირველ მოპასუხეს შორის შორის დადებული ხელშეკრულება მოჩვენებითი და, ამდენად, ბათილი გარიგება იყო.
8.2. მოსარჩელის მოსაზრებით, ქონების ამჟამინდელმა მესაკუთრემ უძრავი ქონება თალთმაქცური გარიგების საფუძველზე შეისყიდა.
9. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით უარყვეს სარჩელის საფუძვლიანობა.
9.1. პირველი მოპასუხის მტკიცებით, მას კომერციული ფართის შესყიდვა სურდა, რა მიზნითაც მაკლერმა მოსარჩელესთან დააკავშირა. შესასყიდი ქონების ნასყიდობის საფასურად გადასახდელი თანხა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლები იყო, რამაც ნივთის შესყიდვით დაინტერესება განაპირობა. პირველი მოპასუხის მტკიცებით, მან მოსარჩელეს განუმარტა, რომ თანხას ვერ ასესხებდა, თუმცა შეეძლოთ, ქონებაზე გაეფორმებინათ ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რასაც მოსარჩელე დაეთანხმა. მოსარჩელემ ბინა ვერ გამოისყიდა, რის გამოც მან გააუქმა გამოსყიდვის უფლება და ქონება საკუთრებად დაირეგისტრირა.
9.2. მეორე მოპასუხემ საქმეზე წარადგინა როგორც შესაგებელი, ასევე -შეგებებული სარჩელი, რომლითაც მის საკუთრებაში რიცხულ ქონებაზე უკანონო ხელშეშლის აღკვეთა მოითხოვა. მეორე მოპასუხის მტკიცებით, ქონებაზე მოსარჩელის პრეტენზიისა და სასამართლოს მიერ მოსარჩელის სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე ჰქონდა ინფორმაცია, რისი გათვალისწინებითაც მან სადავო ქონების შეძენა გადაწყვიტა. მოპასუხის მტკიცებით, ის კეთილსინდისიერი შემძენი იყო და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი არ არსებობდა.
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მეორე მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სადავო ქონებიდან გამოსახლება და გამოთავისუფლებული ქონების თავისუფალ მდგომარეობაში შეგებებული მოსარჩელისათვის გადაცემა განისაზღვრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 317-ე, 319-ე, 509-ე,510-ე, 183-ე,477-ე, 54-ე,56-ე,81-83-ე, 185-ე, 170-ე, 172-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
10.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული გარემოებები.
10.2. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს სურდა სესხის ხელშეკრულების დადება, თუმცა საამისოდ აუცილებელი იყო პირველი მოპასუხის თანმხვედრი ნებაც, შესაბამისად, პირველი მოპასუხის უარის გამო მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის არ დაიდო სესხის ხელშეკრულება. ამავდროულად, მოსარჩელე დასთანხმდა ნასყიდობის ხელშეკრულების (გამოსყიდვის უფლებით) დადების თაობაზე პირველი მოპასუხის შეთავაზებას. სასამართლოს განსჯით, თუ დადგინდებოდა, რომ მხარეები მართლაც სესხზე შეთანხმდენ, ნებაც გამოავლინეს, სესხზე თვეების მიხედვით მიმდინარეობდა პროცენტის გადახდა, ასეთი გარიგება შეიძლება, მიჩნეულიყო ბათილ გარიგებად, მაგრამ ამისათვის აუცილებელი იყო, გამორკვეულიყო შეთანხმება სესხზე და მის არსებით პირობებზე, ისეთ შემთხვევაში კი, როცა მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობაზე გამოსყიდვის უფლებით და შედეგიც ნასყიდობის დადგა, ხელშეკრულება დაფარულ გარიგებად არ განიხილებოდა. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი იყო, დაედასტურებინა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადება, რაც მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.
10.3. სასამართლოს განმარტებით, პირველმა მოპასუხემ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის გარიგებაზე ნების გამოვლენა დაადასტურა - ხელშეკრულების ვადის გასვლის (სამი თვის) შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული შეზღუდვის გაუქმებით, ქონების მესაკუთრედ, შეზღუდვების გარეშე აღრიცხვითა და უძრავი ქონების ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით სარჩელის აღძვრით.
10.4. სასამართლოს განსჯით, დავისას არ გამოიკვეთა, რომ მოპასუხეები ერთმანეთთან დაკავშირებული პირები იყვნენ და საერთო ინტერესი ჰქონდათ, პირველ მოპასუხეს შეენარჩუნებინა საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11.1. აპელანტის მტკიცებით, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო, თუმცა სასამართლომ საქმის გარემოებები არასწორად შეაფასა. აპელანტის განმარტებით, გამოსყიდვის უფლებით დადებული ხელშეკრულების ნამდვილობის შემთხვევაში, ნივთი უნდა გასულიყო გამყიდველის მფლობელობიდან და დაუფლებოდა მყიდველი. მოსარჩელეს კი, ხელშეკრულების დადების შემდგომ ნივთის მფლობელობა არ შეუწყვეტია. აპელანტმა ანალოგიური მსჯელობა განავითარა სააპელაცო საჩივარში მეორე მოპასუხის საკუთრების უფლების ნამდვილობასთან დაკავშირებითაც.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12.1. სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები.
12.2. სააპელაციო სასამართლომ მეორე მოპასუხე სადავო ქონების კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია, რა დროსაც გაითვალისწინა შემდეგი გარემოებები: 2016 წლის 28 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის განცხადება და, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით, პირველ მოპასუხეს აუკრძალა მის საკუთრებად რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; სასამართლოს აღნიშნული განჩინება მოსარჩელეს არ წარუდგენია საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად; რეესტრში აკრძალვის არარსებობის გამო პირველმა მოპასუხემ 2016 წლის 1 დეკემბერს სადავო ნივთი მეორე მოპასუხეს მიჰყიდა. იქამდე კი, 2016 წლის 28 ივლისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა პირველი მოპასუხის სახელზე რიცხული სადავო უძრავი ქონება.
12.3. სასამართლოს შეფასებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მეორე მოპასუხე ქონების კანონიერი მესაკუთრე იყო, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი (ნასყიდობის ხელშეკრულების გაბათილების შემდეგ გახდეს მესაკუთრე) - ვერ მიიღწეოდა. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნას - მას და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული 2014 წლის 25 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებით - სამართლებრივი საფუძველი გამოცლილი ჰქონდა.
13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, შემდეგი საფუძვლებით:
13.1. კასატორის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს, წარმოიშვა თუ არა მხარეებს შორის სსკ-ის 506-512 მუხლებით გათვალისწინებული ურთიერთობა.
13.2. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტი, კერძოდ კი, ის გარემოება, რომ არც პირველი და არც მეორე მოპასუხის შემთხვევაში სადავო ნივთი არ გასულა მოსარჩელის მფლობელობიდან. პირველმა მოპასუხემ უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთა მოითხოვა არა 2014 წლის 15 დეკემბერს - ხელშეკრულების დადებისთანავე, არამედ 2016 წლის 24 ნოემბერს, ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 2 წლის გასვლის შემდგომ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პირველ მოპასუხეს სადავო ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული ჰქონდა ფორმალურად და მოჩვენებით. სასამართლომ არასწორად შეაფასა უძრავი ნივთის გასხვისების ფასის საბაზრო ღირებულებასთან შეუსაბამობის საკითხიც, როგორც პირველ, ისე - მეორე მოპასუხესთან მიმართებით. ზემოხსენებული გარემოებები, კასატორის მოსაზრებით, ადასტურებენ, რომ მან მოსარჩელესთან დადო სესხისა და იპოთეკის და არა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება.
13.3. მოპასუხეთა შორის დადებული ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა. პირველმა მოპასუხემ სადავო უძრავი ნივთი მეორე მოპასუხეს მიჰყიდა მას შემდეგ, რაც განსახილველი დავის წამოწყების თაობაზე შეიტყო. მყიდველს ბინა შესყიდვამდე არც დაუთვალიერებია და არც რაიმე გაურკვევია მისი მდგომარეობის შესახებ. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხეთა შორის გარიგება დაიდო იმ მიზნით, რომ კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტის გავლენით, ქონება არ ჩამოერთვას პირველ მოპასუხეს. კასატორის განსჯით, არადამაჯერებელია ისიც, რომ პირველმა მოპასუხემ სადავო ქონება საბაზრო ღირებულებაზე 19 000 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად გაასხვისა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა, სახელდობრ:
18.1. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე მის თვალთმაქცურობაზე მიუთითებს, კერძოდ, მისი მოსაზრებით, მხარეთა შორის დაიდო სესხის და არა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
18.2. კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა შემოწმდეს, დაიდო თუ არა მხარეთა შორის სსკ-ის 56.2 მუხლით გათვალისწინებული თვალთმაქცური გარიგება, ანუ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა თუ არა სესხის ხელშეკრულება. პალატის განსჯით, საქმეში დაცული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა, რომ მოსარჩელეს სესხის ხელშეკრულების დადების სურვილი ამოძრავებდა, რაზეც მან პირველი მოპასუხისგან უარი მიიღო და სანაცვლოდ სადავო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით დათანხმდა. მითითებული ნორმის დისპოზიციის თანახმად, ამა თუ იმ ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევისათვის აუცილებელია, დადგინდეს კონტრაჰენტი მხარეების სუბიექტური დამოკიდებულება გარიგების შინაარსის ნამდვილობის მიმართ, კერძოდ, მხარეების მიზანი მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით სხვა გარიგების დაფარვა უნდა იყოს.
18.3. განსახილველ დავაზე, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დასახელებული გარემოების დამადასტურებელი, სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, შესაბამისად, ამ ფაქტზე მხოლოდ მისი ზეპირსიტყვიერი მითითება სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევის წინაპირობად არ განიხილება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის კონცენტრირება მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ პირველმა მოპასუხემ სადავო ქონება საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად შეისყიდა, ან/და ნასყიდობის საგანი შემძენს არ გადაცემია, ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს რა ნების ავტონომიისა და სახელშეკრულებო პირობების თავისუფლად განსაზღვრის პრინციპი, კონტრაჰენტი პირები შებოჭილი არ არიან ნასყიდობის ფასის განსაზღვის საკითხში, რაც შესაძლოა, როგორც აღემატებოდეს საბაზრო ღირებულებას, ასევე, პირიქით, მასზე მცირეც იყოს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით დაიდო, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ გამსხვისებლის/მოსარჩელის ინტერესში იყო ქონების საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად გასხვისება, რაც მას გამოსყიდვის ვადის ამოწურვის დროს გაუადვილებდა ქონების უკუდაბრუნების პროცესს და შეამცირებდა ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვასთან დაკავშირებულ რისკებს, ხოლო პირველი მოპასუხისათვის სარგებლიანი იყო, პირობადადებული გარიგების ფარგლებში, ქონების - საბაზრო ღირებულებასთან შედარებით უფრო დაბალ ფასში დასაკუთრება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით შინაარსობრივად სპეციფიკურია და კონტრაჰენტი მხარეებისათვის ამგვარი დათქმით რისიმე შესყიდვა შემცირებული საბაზრო ღირებულების ფარგლებში ექვივალენტურია იმ სამართლებრივი შედეგების, რაც მის დადებას უკავშირდება.
18.4. სადავო გარიგების თვალთმაქცურად დადებას ვერც ის ფაქტი ვერ ადასტურებს, რომ ნასყიდობის საგანს მოსარჩელე არ დაუფლებია. სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობა კონსენსუალური ხელშეკრულებაა, რომლის ნამდვილობას სამოქალაქო კანონმდებლობა ხელშეკრულების არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებას უკავშირებს და ნივთის გადაცემას გარიგების ნამდვილობის განსაზღვრისთვის სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია. ამ ტიპის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საკმარისია ორი ურთიერთშემხვედრი ნების გამოვლენა. შესაბამისად, კასატორის მხრიდან იმ ფაქტზე აპელირება, რომ პირველი მოპასუხე უძრავ ნივთს ფაქტობრივად არ დაუფლებია, არ გამორიცხავს სადავო გარიგების ნამდვილობას და მის საფუძველზე სადავო ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვებას. უფრო მეტიც, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი ცხადყოფს, რომ პირველმა მოპასუხემ სწორედ მოსარჩელის კანონსაწინაღმდეგო ქმედების - ხელშეშლის გამო ვერ ისარგებლა საკუთარი ნივთით. ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე მეორე მოპასუხის შემთხვევაშიც, რასაც განსხილველ დავაზე მეორე მოპასუხის შეგებებული სარჩელიც ადასტურებს. შესაბამისად, კასატორის შედავება მოპასუხეთა მიერ ქონების მფლობელობის/სარგებლობის განუხორციელებლობაზე დაუსაბუთებელია და მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლიანობას.
18.5. საქმის გარემოებათა გაანალიზების შედეგად და კასატორის მიერ შედავებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების უკმარისობის საფუძველზე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის, კონტრაჰენტთა თავისუფალი ნების გამოვლენის შესატყვისად, ნამდვილი ნასყიდობის (გამოსყიდვის უფლებით) ხელშეკრულება დაიდო და ამ ფაქტზე კასატორის შეცილება სამართლებრივად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
18.6. საბოლოოდ, საკასაციო პალატის განსჯით, კასატორს საკასაციო საჩივარზე არ წარმოუდგენია იმგვარი დასაბუთებული შედავება, რომელიც გააქარწყლებდა სადავო ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების არსებობას, ამ ვითარებაში კი პირველ და მეორე მოაპსუხეს შორის დადებული გარიგების სამართლებრივ შეფასებას ამ დავის გადაწყვეტისთვის სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია და საკასაციო პალატა ამ საკითხზე დამატებით აღარ იმსჯელებს.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ. Nას-ა-27-გან-1-2010, 1.02.2010წ, საქმე Nას-571-879-09, 30.04.2010წ.)
20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 2910 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის(2910 ლარი, გადახდის ქვითარი #16544309, გადახდის თარიღი 17.04.2018; 3090 ლარის, გადახდის ქვითარი #16735686, გადახდის თარიღი 23.05.2018) 70% – 4200 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ს.ბ–ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 (2910 ლარი, გადახდის ქვითარი #16544309, გადახდის თარიღი 17.04.2018; 3090 ლარის, გადახდის ქვითარი #16735686, გადახდის თარიღი 23.05.2018) 70% – 4200 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი