Facebook Twitter

№ას-346-2019 31 ოქტომბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – შპს „მ.ხ.ს.ბ.ს.ს.ს.ჩ.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ.კ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „მ.ხ.ს.ბ.ს.ს.ს.ჩ-ის“ (შემდეგში - მსესხებელი, კომპანია, საზოგადოება, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) პარტნიორმა ნ.კ–მა (შემდეგში - გამსესხებელი, პარტნიორი, მოსარჩელე) 2008 წლის 6 ივნისს კომპანიას, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, განუსაზღვრელი ვადით 86 000 აშშ დოლარი გადასცა.

2. მოსარჩელე მოპასუხე საზოგადოებაში 5%-იანი წილის მფლობელი პარტნიორია.

3. საზოგადოების პარტნიორმა 2013 წლის 10 მაისს მსესხებელს ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მიმართა, თუმცა საზოგადოებამ ნასესხები თანხა გამსესხებელს არ დაუბრუნა.

4. 2015 წლის 14 ივნისს პარტნიორმა საზოგადოების წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც 86 000 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის წლიურად, 2013 წლის 10 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მითითებული თანხის 10%-ის დაკისრებაც მოითხოვა.

4.1. მოსარჩელის განმარტებით, მან კომპანიას კუთვნილი 86 000 აშშ დოლარი სესხად იმ მიზნით გადასცა, რომ საზოგადოებას შეესრულებინა სს „თ.ბ–ის“ წინაშე ნაკისრი, ვადამოსული ვალდებულება, რისი მატერიალური შესაძლებლობაც იმ დროს კომპანიას არ გააჩნდა. მოსარჩელისვე მტკიცებით, მოპასუხისათვის გადაცემული თანხა იყო არა საზოგადოებაში შენატანი, როგორც ეს დაფიქსირებულია სალაროს შემოსავლის ორდერზე, არამედ - სესხი.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარდგენით უარყო სარჩელის საფუძვლიანობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 86000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა. სასამართლომ დავის გადაწყვეტისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 316-ე, 317-ე, 623-ე, 361-ე, 365-ე, 128-131-ე, 138-140-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

5.1. 2018 წლის 8 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

5.3. სასამართლომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შეფასებისას არსებითი მნიშვნელობა ისეთ გარემოებებს მიანიჭა, როგორიცაა: საზოგადოების საწესდებო კაპიტალი, 06.06.2008 წლის შემდგომ არ გაზრდილა და დაარსების დღიდან თანხის მიღების შემდგომაც შეადგენდა - 10 000 ლარს; მოსარჩელე პარტნიორის წილი, როგორც თანხის გადაცემამდე, ასევე მას შემდეგ, განსაზღვრული იყო 5%-ით და მისი წილობრივი მონაწილეობა არ გაზრდილა. თანხის მიღების შემდგომ არ შეცვლილა არც პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობა. მითითებული ფაქტების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეს თანხა გადაეცა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე და არა პარტნიორს შენატანის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენატანი აისახებოდა მის წილობრივ მონაწილეობაზე საწარმოს მონაცემებში. სასამართლომ საქმეზე გამოკითხული მოწმეთა ჩვენებებიც (მოწმე თ.გ., რომელიც თანხის მიღებისას ასრულებდა საწარმოს დირექტორის ფუნქციას, მოწმე ლ.გ–ძე - ბუღალტერი) შეაფასა, რომლის საფუძველზეც გამოირკვა, რომ საზოგადოებამ მოსარჩელისაგან სადავო თანხა ისესხა.

5.4. სასამართლოს განსჯით, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ არ იყო ხანდაზმული, ვინაიდან მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში წარადგინა.

6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6.1. აპელანტის მტკიცებით, საქმეში დაცული სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, კომპანიამ მოსარჩელისგან სადავო თანხა პარტნიორის შენატანის სახით მიიღო, რისი გათვალიწინებითაც მოპასუხეს არ უნდა დაჰკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა. გარდა ამისა, სარჩელი ხანდაზმულიც იყო, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7.1. პალატამ გაიზიარა პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დავის სამართლებრივი შეფასებები.

7.2. პალატამ დავის გადაწყვეტის დროს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე, 215-ე მუხლები მოიხმო და განმარტა, რომ მოპასუხეს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი სადავოდ არ გაუხდია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით - საქმის წინასწარი მომზადების სტადიაზე, რაც გამორიცხავდა სასამართლოს შესაძლებლობას, შემდგომში ემსჯელა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე.

7.3. პალატამ სრულად გაიზიარა სახელშეკრულებო ურთიერთობის რაობის განსაზღვრის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება (იხ. წინამდებარე განჩინების 5.2 პუნქტი).

8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8.1. კასატორის მოსაზრებით, სარჩელი ხანდაზმულია. სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მხარის უფლების დარღვევის დღიდან, მოსარჩელის განცხადებით კი, მას მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2009 წელს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა, სახელდობრ:

14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველია - სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლი.

15. მტკიცებულებათა ერთობლიობისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთერთშეჯერება/გაანალიზების საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 86 000 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულება, სარგებლის გარეშე, განუსაზღვრელი ვადით დაიდო. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში მოპასუხე სადავოდ ხდიდა სამართლებრივი ურთიერთობის რაობას და მოსარჩელის მიერ გადაცემულ თანხას კომპანიაში მოსარჩელის შენატანად მიიჩნევდა. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე კასატორს საკასაციო პრეტენზია ამ საკითხზე არ წარმოუდგენია. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ სარჩელი ხანდაზმულია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხოლოდ სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე კასატორის პრეტენზიის საფუძვლიანობის შემოწმებით შემოიფარგლება.

16. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. პალატა მიუთითებს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ქვეშ იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე უფლებამოსილი იყო, მიეთითებინა სასარჩელო ხანდაზმულობაზე. თავის მხრივ, ხანდაზმულობაზე მითითება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა).

16.1. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოპასუხეს შესაგებელში სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი არ დაუყენებია და არც შემდგომ საქმის მომზადების სტადიაზე არ მიუთითებია შესაბამის გარემოებაზე. მოპასუხემ მხოლოდ სააპელაციო სასამართალწარმოების ეტაპზე იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მტკიცებულებათა დართვის შესახებ, რომელიც სარჩელის ხანდაზმულობას დაადასტურებდა. მტკიცებულებათა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე წარუდგენლობის მიზეზად კი მიუთია, რომ შესაბამისი დოკუმენტის არსებობის თაობაზე, მხოლოდ სააპელაციო სამართალწარმოებისას შეიტყო.

16.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროცესუალურად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სარჩელისაგან თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებად ადგენს შესაგებელს და 201-ე მუხლით განსაზღვრავს მის შინაარსობრივ მხარეს, თავის მხრივ, იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა დაცვითი პოზიციები სარჩელსა და შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე მითითებული გარემოებებით უნდა შემოიფარგლოს, გამონაკლისს წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმგვარი ფაქტის მიღება, რომლის მითითებაც საქმის მომზადების ეტაპზე მხარეს ობიექტურად არ შეეძლო. სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდულნი არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში, ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს.

ამდენად, მოპასუხის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა, სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით სასამართლოსთვის მიმართვა ან ამგვარი მოთხოვნის დაყოვნების შემთხვევაში, შემდგომში სასასამართლოს წინაშე შესაბამისი ქმედების განმაპირობებელი საპატიო მიზეზის არსებობის დადასტურება. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხემ მხოლოდ სააპელაციო სამართალწარმოების დროს მიმართა სასამართლოს სარჩელის ხანდაზმულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის შუამდგომლობით, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დროს წარუდგენლობისათვის, სასამართლოს მიერ გასაზიარებელი საპატიო მიზეზი არ დაუსახელებია. კასატორს არც საკასაციო სამსართალწარმოების ეტაპზე არ აქვს ამ ნაწილში წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია, რაც გულისხმობს იმ საპატიო მიზეზებზე მითითებას, რომლის გამოც მან დროულად ვერ წარადგინა ხანდაზმულობის შესაგებელი.

16.3. გარემოებათა გაანალიზების საფუძველზე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოპასუხემ უგულებელყო სსსკ-ის 219-ე, 215-ე მუხლის მოთხოვნები, კასატორმა პროცესუალურად დაკარგა სარჩელის ხანდაზმულობაზე შედავების კანონისმიერი უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ იმსჯელა სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე აპელანტის პრეტენზიაზე.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-1493-1413-2017, 26 იანვარი, 2018 წელი, საქმე №ას-220-2019 27 მაისი, 2019 წელი, საქმე №ას-789-2019, 26 ივლისი, 2019 წელი, საქმე №ას-471-471-2018, 28 თებერვალი, 2019 წელი).

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე.შ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 30.04.2019), 70% – 5600 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ.ხ.ს.ბ.ს.ს.ს.ჩ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „მ.ხ.ს.ბ.ს.ს.ს.ჩ-ს“ (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე.შ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 30.04.2019) 70% – 5600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე