Facebook Twitter

30 ნოემბერი, 2017 წელი

№ას-1027-988-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ს. და პ.ს.პ.დ–ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.პ–ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა და მისი შედეგების აღმოფხვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.პ–ა (შემდეგში - მოსარჩელე, მსჯავრდებული, დასაქმებული) სასჯელის მოხდის მიზნით განთავსებული იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციალურ დაწესებულებაში (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დაწესებულება).

2. 2014 წლის 27 მაისს მსჯავრდებული ჩაირიცხა დაწესებულების სამეურნეო მომსახურებაში, რის საფუძველზეც, 2014 წლის 1 ივლისს შპს “პ–ა” (შემდეგში - დამსაქმებელი) და მსჯავრდებულს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, ვადით - 2014 წლის აგვისტომდე. დასაქმებულის შრომითი ანაზღაურება 200 ლარით განისაზღვრა.

3. 2014 წლის 19 ივლისს დაწესებულების დირექტორს წერილობით მიმართა ამავე დაწესებულების სამეურნეო ნაწილში ჩარიცხულმა 24 მსჯავრდებულმა და მიუთითა, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მოსარჩელეს თავისი საკანი „გარყვნილების ბუდედ“ ჰქონდა ქცეული, ავრცელებდა ჭორებს, არ ემორჩილებოდა თანამშრომლებს, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა ადმინისტრაციასა და ექთნებს, მის ასეთ მოქმედებას შეიძლება, მოჰყოლოდა ფიზიკური დაპირისპირება და მსხვერპლი. იმავე წლის 21 ივლისს ათმა მსჯავრდებულმა ანალოგიური შინაარსის საჩივრით მიმართა დაწესებულების დირექტორს.

4. 2014 წლის 21 ივლისს დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა 2014 წლის 27 მაისის №1583 ბრძანება, მოსარჩელის სამეურნეო ნაწილში დასაქმების შესახებ. დაწესებულების ამ გადაწყვეტილების საფუძვლად მეთითებულია მსჯავრდებულთა 19.07.2014 წლის ერთობლივი განცხადება.

5. 2015 წლის 24 ივლისს გ.პ–ამ დაწესებულების წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა და დისკრიმინაციული შედეგების აღმოფხვრა მოითხოვა.

5.1. მოსარჩელის მტკიცებით, მისთვის სათანადო და დროული სამედიცინო მომსახურების გაუწევლობა, საკანში დოკუმენტების შენახვის უფლების მიუცემლობა, სამარტოო საკანში დაუმსახურებლად მოთავსება, ერთ-ერთ პატიმართან შესახლება და სამეურნეო ნაწილიდან ამორიცხვა იყო მის მიმართ ჩადენილი დისკრიმინაციული ქმედება.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით უარყო სარჩელის საფუძვლიანობა. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელე სარგებლობდა ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია კანონით და არაფრით შეზღუდულა.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; სასამართლომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა; სასამართლომ მოპასუხეს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, მოსარჩელის სამუშაო ადგილზე აღდგენა დააკისრა; სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8, მე-14-ე მუხლებით, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მეორე მუხლებით იხელმძღვანელა.

7.1. სასამართლომ წინამდებარე განჩინების 2-5 პუნქტებში მითითებული გარემოებების გაანალიზების შედეგად, დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამეურნეო ნაწილიდან ამორიცხვა დაკავშირებული იყო მის მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციასთან. სასამართლოს განმარტებით, დავაზე გამოსარკვევი იყო, თუ რა იყო წერილის ავტორთათვის მიუღებელი: ”დაცული საფუძველი” - სექსუალური ორიენტაცია, თუ რაიმე სხვა მიზეზი. სასამართლოს განსჯით, პატიმართა კოლექტიური განცხადება ცხადყოფდა სექსუალური ორიენტაციის გამო მოსარჩელის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებას.

7.2. სასამართლოს შეფასებით, თავის მხრივ, დაწესებულების დირექტორმაც ისე გამოსცა მოსარჩელის სამეურნეო ნაწილიდან ამორიცხვის თაობაზე ბრძანება, რომ არ გამოუკვლევია, შეეფერებოდა თუ არა სიმართლეს განცხადებაში მითითებული ფაქტები და აყენებდა თუ არა მოსარჩელე თავისი ცხოვრების წესით, და ქცევით ვინმეს ზიანს. სასამართლოს განსჯით, დაწესებულების ხელმძღვანელის ამგვარმა ქმედებამ, მოსარჩელე ჩააგდო არახელსაყრელ პირობებში, კერძოდ, მოუსპო თავისუფალი გადაადგილების უფლება დაწესებულების შიგნით, ასევე - შემოსავლის წყარო - ხელფასი, რომელიც შეადგენდა 200 ლარს.

7.3. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას დისკრიმინაციული მოპყრობის სხვა ფაქტების (იხ. წინამდებარე განჩინების 6.1. პუნქტი) თაობაზე, ამ საკითხზე სასამართლოს დასკვნით, არ გამოიკვეთა, რომ მას ამ მხრივ სხვა მსჯავრდებულებისაგან განსხვავებულად ეპყრობოდნენ და მის მიმართ გამოყენებული ღონისძიებები უკანონო და დისკრიმინაციული იყო.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8.1. აპელანტის მტკიცებით, მოსარჩელის სექსუალური ორიენტაცია დაწესებულების ადმინისტრაციისათვის ცნობილი იყო თავიდანვე, ეს, რომ დევნის მიზეზი ყოფილიყო, მსჯავრდებული იმთავითვე არ დასაქმდებოდა სამეურნეო ნაწილში.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9.1. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სამეურნეო ნაწილიდან მოსარჩელე წესრიგის დარღვევისა და მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო ამოირიცხა. პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულთა 2014 წლის 19 ივლისის განცხადება ცალსახად დისკრიმინაციული იყო. მისი შინაარსიდან ერთმნიშვნელოვნად ჩანდა, რომ განცხადების ავტორები მოსარჩელისათვის “შესაბამისი ადგილის მიჩენას” მხოლოდ იმიტომ მოითხოვდნენ, რომ იგი მათგან სექსუალური ორიენტაციით განსხვავდებოდა. დაწესებულების დირექტორის 2014 წლის 21 ივლისის ბრძანებას საფუძვლად მსჯავრდებულთა, სწორედ, ზემოხსენებული “განცხადება” დაედო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოსარჩელის სამეურნეო ნაწილში ჩარიცხვის თაობაზე ბრძანება ძალადაკარგულად დისკრიმინაციული საფუძვლით გამოცხადდა.

9.2. პალატის განმარტებით, ერთადერთი მოტივი, რაც მოსარჩელის მიმართ არათანაბარ მოპყრობას გაამართლებდა, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობა იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით (პატიმრების განცხადება, მოწმეთა ჩვენებები) ამგვარი საფრთხის არსებობა არ დადასტურდა.

10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:

10.1. კასატორის მტკიცებით, სადავო ბრძანება არ შეიცავს მითითებას სექსუალურ ორიენტაციაზე, მის საფუძველში - მსჯავრდებულთა ერთობლივ განცხადებაში ნახსენებია სექსუალური ორიენტაცია, თუმცა ეს არ გამხდარა ბრძანების გამოცემის საფუძველი, ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე სხვა მსჯავრებულებს ხელს უშლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, ხმაურობს და არღვევს წესრიგს. კასატორის განმარტებით, სწორედ წესრიგისა და ზნეობის დაცვის მიზნით, გამოსცა დაწესებულებამ ბრძანება, რომლის საფუძველზეც ამოირიცხა მოსარჩელე სამეურნეო მომსახურებიდან.

10.2. კასატორის მტკიცებით, მან სამართალწარმოების დროს არერთხელ მიუთითა, რომ მოსარჩელე არ გამოდიოდა საკნიდან და არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც მოწმეებმაც დაადასტურეს. ამასთან, ის ფაქტი, რომ რიგ შემთხვევაში დასაქმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ასრულებდა მოვალეობას, დაადასტურა მოსარჩელემაც და მოწმეებმაც.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა, სახელდობრ:

15.1. სასამართლოს შეფასების საგანია ჰქონდა თუა არა დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი, მოსარჩელის მიმართ.

15.2. დისკრიმინაციის საკითხის ანალიზისას, საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს მოიხმობს, რომლის თანახმადაც, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. დასახელებული ნორმის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს დათქმა, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანასწორია კანონის წინაშე, მითითებულ ნორმაში ჩამოთვლილია ის ნიშნები, რომელთა მიხედვითაც დაუშვებელია ადამიანის დისკრიმინაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩამონათვალი არაა ამომწურავი, შესაბამისად ნებისმიერი, მათ შორის, ნორმით გაუთვალისწინებელი ნიშნით პირისადმი განსხვავებული მოპყრობა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ფარგლებში შემოწმებას შეიძლება დაექვემდებაროს. გასათვალისწინებელია, რომ საქართველო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის წევრ ქვეყანას, რომლის მიმართ მოქმედებს მათ შორის კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით გამოყენებას. ამ მხრივ, საინტერესოა ევროსასამართლოს პრაქტიკა: საქმეზე „Savez crkava “Riječ života” and others v. Croatia“ (განაცხადი #7798/08, 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება) სასამართლომ განმარტა, რომ დისკრიმინაცია ფართო განმარტებას ექვემდებარება, კერძოდ, მე-12 ოქმის პირველი მუხლი დისკრიმინაციის ზოგად აკრძალვას ითვალისწინებს და მისი დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ „კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით“. საკასაციო პალატის შეფასებით, სწორედ ამგვარ ფართო განმარტებას ემსახურება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი (ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად), რომელიც მადისკრიმინირებელ ნიშანთა ფართო სპექტრს, მათ შორის, სექსუალურ ორიენტაციასაც განსაზღვრავს.

15.3. რაც შეეხება უშუალოდ დისკრიმინაციის ფორმებს, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი ადგენს „პირდაპირი“ და „ირიბი“ დისკრიმინაციის ლეგალურ დეფინიციას. მითითებულთაგან პირველს მიეკუთვნება დისკრიმინატორის მხრიდან იმგვარი მოპყრობა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება (იხ. Willis v. the United Kingdom, #36042/97), უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია (იხ. Konstantin Markin v. Russia, #30078/06), განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის (იხ. Petrovic v. Austria, #20458/92). საკასაციო პალატა ანტიდისკრიმინაციული სამართლისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე აღინიშნავს, რომ განსხვავებული მოპყრობა უნდა არსებობდეს კანონმდებლობით აღიარებული რომელიმე უფლებით ან სიკეთით სარგებლობასთან მიმართებით. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს ა) დაცული სფერო - უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; ბ) კომპარატორი - ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარ განმასხვავებელ გარემოებას უნდა წარმოადგენდეს ე.წ „დაცული სფერო“ (შდრ. სუსგ #ას-247-235-2017, 2017 წლის 29 სექტემბერი; #ას-319-302-2017, 2017 წლის 28 ივლისი; #ას-344-322-2017, 2017 წლის 11 ნოემბერი).

15.4. სსსკ-ის 3633 მუხლის შესაბამისად, დისკრიმინაციის შესახებ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს იძლევა. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა (იხ. სუსგ #ას-247-235-2017, 2017 წლის 29 სექტემბერი).

16. მოხმობილ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სარჩელი წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ დადგინდება რომ მოსარჩელეს მის კომპარატორებთან შედარებით, ანალოგიურ სიტუაციაში განსხვავებულად მოეპრყნენ და ამგვარი ნეგატიური მნიშვნელობის განსხვავება „დაცული საფუძვლით“ - უფრო კონკრეტულად კი, მოსარჩელის განსხვავებული სექსუალური ორიენტაციით იყო განპირობებული.

16.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მის მიმართ დისკიმინაციული მოპყრობის დასასაბუთებლად პატიმართა 2014 წლის 19 ივლისის წერილი მოიხმო, რომელიც მოსარჩელის სამეურნეო ნაწილიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი გახდა. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული წერილის შინაარსი იძლევა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ სწორედ ”დაცული საფუძველი” - სექსუალური ორიენტაციაა მოსარჩელის მიმართ განსხვავებულად მოპყრობის საფუძველი. ცალსახაა, რომ წერილი ასახავს ნეგატიურ დამოკიდებულებას მოსარჩელის მიმართ სწორედ მისი სექსუალური ორიენტაციის გამო. განცხადების ავტორთათვის მიუღებელი იყო მოსარჩელის გვერდით მუშაობა, მათი მორალური და რელიგიური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, რის გამოც დაწესებულების დირექტორს მიმართეს თხოვნით, როგორც ”ღირსეულ, ქრისტიან და მშრომელ ადამიანს”, მოსარჩელისათვის მიეჩინა შესაბამისი ადგილი. ამგვარი სიძულვილის ენით გაჟღენთილი საპრეტენზიო წერილი დაწესებულების ხელმძღვანელობის მიმართ და ამ წერილის მითითება დაწესებულების მხრიდან მოსარჩელის სამეურნეო ნაწილიდან გათავისუფლებისას მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების ცალსახა ინდიკატორია. კონკრეტულ შემთხვევაში, ის მოცემულობა, რომ მოსარჩელე განსხვავებული ორინეტაციის პირია მხარეთა შორის დავას არ იწვევს, ე.ი არსებობს „დაცული საფუძველი“. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა და პატიმართა წერილის სისტემურ ანალიზზე დაყრდნობით, სასამართლო ამავდროულად ასკვნის, რომ, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით დაწესებულებამ ის ჩააყენა ანალოგიურ ვითარებაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით უთანასწორო მდგომარეობაში, რაც იმას მოწმობს, რომ განსახილველი შემთხვევა ქმნის დაწესებულების, როგორც დამსაქმებლის დისკრიმინაციული ქმედების შემადგენლობას, მოსარჩელემ კი წარმატებით შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სასამართლოს წინაშე დადასტურება.

17. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ მოსარჩელის სექსუალური ორიენტაცია არ გამხდარა მისი სამეურნეო ნაწილიდან გათავისუფლების საფუძველი და მოსარჩელე სხვა მსჯავრებულებს ხელს უშლიდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, დაწესებულებამ კი, წესრიგისა და ზნეობის დაცვის მიზნით, მიიღო სადავო გადაწყვეტილება. პალატა განმარტავს, რომ დასახელებული გარემოების მტიცების ტვრითი მოპასუხეს აწევდა, თუმცა მას მოცემული დავის ფარგლებში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც კოლექტიურ განცხადებაში მითითებულ ბრალდებებს დაადასტურებდა, რასაც შემდგომ დაეყრდნო კასატორი მოსარჩელის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას. დისკრიმინაციის ფაქტის დასადგენად, როგორც უკვე აღინიშნა, უნდა გაირკვეს, ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება თუ არა საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს და აქვს თუ არა ამგვარ მოპყრობას ობიექტური და გონივრული გამართლება ან/და რამდენად თანაზომიერია გამოყენებული საშუალებები ასეთი მიზნის მისაღწევად. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, ჰქონდა თუ არა მოსარჩელის სამეურნეო ნაწილიდან გათავისუფლებას ობიექტური და გონივრული გამართლება ან/და რა საფრთხეს უქმნიდა მოსარჩელის შრომის უფლების რეალიზება ზნეობასა და საზოგადოებრივ წესრიგს. მოქმედი კანონმდებლობა განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება მადისკრიმინირებელი ნიშნის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვას და მკაცრად დეტალიზებული, იმპერატიული დათქმებით განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომლის ფარგლებშიც დაიშვება დისკრიმინაციული მოპყრობა. შესაბამისად, სასამართლოც იზიარებს რა კანონმდებლის ნებას, მისდევს დისკრიმინატორის ქმედების შეფასების მკაცრ წესს და მხოლოდ უკიდურესი ობიექტური გარემოებებით გამართლებული დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის შემთხვევაში განიხილავს დისკრიმინაციულ ქმედებას დასაშვებ მოცემულობად, ასეთის არსებობა კი, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით მოპასუხემ ამ დავის ფარგლებში ვერ დაადასტურა.

18. წინამდებარე განჩინების 10.2 პუნქტში მოსარჩელის მიერ მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც დასაქმების ადგილიდან მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია კონკრეტული - დისკრიმინაციული შინაარსის წერილი, კასატორის აპელირება, რომ მოსარჩელის სამეურნეო ნაწილიდან ამორიცხვის საფუძველს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც წარმოადგენდა, რის გამოც მსჯავრდებული ჯეროვნად ვერ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ხოლო რიგ შემთხვევაში საკნიდან არ გამოდიოდა და თავს არიდებდა მოვალეობების შესრულებას, მოკლებულია დასაბუთებულობასა და საფუძვლიანობას. გათავისუფლების მიზეზის დამდგენი დოკუმენტი ამ გარემოებაზე მითითებას არ შეიცავს, ხოლო სასამართლო ამა თუ იმ მოტივით პირის გათავისუფლების დროს დამსაქმებლის ქმედების მართლზომიერებას, სამუშაოდან დათხოვნის ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოების კვლევით აფასებს.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ #ას-247-235-2017, 2017 წლის 29 სექტემბერი).

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. და პ.ს.პ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი