Facebook Twitter

№ას-1665-2018 31 ოქტომბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ვ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდეგში, ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე აპელანტი, კასატორი, შემკვეთი ან სამინისტრო) და შპს „ვ–ს“ (შემდეგში, ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, კომპანია ან მენარდე) შორის 2013 წლის 11 ნოემბერს დაიდო სახელწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მენარდეს ქ. ბათუმში, ...... მდებარე სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაო უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულების ღირებულება 129 999.00 ლარით, ხოლო შესრულების ვადა 60 დღით განისაზღვრა.

2. ვალდებულების შესრულების მითითებული ვადის გადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დროულად შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.2%-ით განისაზღვრა.

4. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა 62 დღით - მიღება-ჩაბარების აქტი 2014 წლის 13 მარტს გააფორმდა, თუმცა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები შეთანხმებული ხარისხით შეასრულა.

5. 2014 წლის 22 მაისს სამინისტრომ კომპანიას წერილობით მიმართა და აცნობა, რომ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევის გამო, პირგასამტეხლო 14 988 ლარი დაეკისრა, რომელიც მენარდეს შემჭიდროვებულ ვადაში უნდა გადაეხადა.

6. 2016 წლის 25 აპრილს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს 14 988 ლარის დაკისრების მოთხოვნით. ის წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვადის დარღვევით შეასრულა, შესაბამისად, მენარდე ვალდებული იყო, შემკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო გადაეხადა.

7. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი მითითებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებს შესასრულებელი სამუშაოების ვადის გადაცილებას და ვერ მიუთითებს სამუშაოთა რა ნაწილი არ შესრულდა დროულად და როგორ დაიანგარიშა პირგასამტეხლო. გარდა ამისა, დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და ის გონივრულ ოდენობამდე უნდა შემცირებულიყო.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით მენარდის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მერიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 11 222.78 ლარის გადახდა; დავის მოსაწესრიგებლად, სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები გამოიყენა.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.1. პალატის მითითებით, ხელშეკრულების მიხედვით, პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან უნდა დათვლილიყო. მართალია, სამუშაოს შესრულების ამსახველი მტკიცებულებები საქმეში არ იყო წარდგენილი, თუმცა 129 999 ლარად ღირებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს მოპასუხე მაინცდამაინც ხელშეკრულების დადებიდან 122-ე დღეს ვერ შეასრულებდა. ვინაიდან სამუშაო პერიოდულად სრულდებოდა, ვადაგადაცილების მთელი პერიოდისათვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან დათვლა, მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს ეწინააღმდეგებოდა.

11. აღნიშნული განჩინება სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

11.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლად მიიჩნია გარემოება, რომ არ იყო დადგენილი სამუშაოთა რომელი ნაწილი შესრულდა ვადაგადაცილებით, რათა პირგასამტეხლო დაანგარიშებულიყო დროულად შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან. აღნიშნული მსჯელობა არ არის დასაბუთებული, რამდენადაც შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო წინასწარ განსაზღვრულიყო შესრულებულ ან შეუსრულებელ სამუშაოთა ოდენობა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

17. პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა (11 222.78 ლარი) ადეკვატურ ოდენობად მიაჩნია. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას,კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (შდრ. სუსგ ას-144-140-2016, 2016 წლის 19 აპრილის განჩინება)“.

19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დარიცხვა არასწორი იყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებისას მართებულად გაითვალისწინა, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა მხარეთა შეთანხმებისამებრ - შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან. კასატორის არგუმენტი, რომ შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო შესრულებული ან შესასრულებელი სამუშაოთა ოდენობის განსაზღვრა, დაუსაბუთებელია. ამასთან, მიუხედავად ვადის დარღვევისა, ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხით შესრულდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ დარღვევის სიმძიმის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს გონივრულ და სამართლიან ოდენობად სწორად განსაზღვრა 11 222.78 ლარი.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 22.09.2015, Nას-800-756-2015).

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე