Facebook Twitter

საქმე №ას-83-2019 2 აგვისტო, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.ა–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.მ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ.ა–ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.მ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მყიდველი) მიმართ, მხარეთა შორის 2016 წლის 23 მარტს დადებული უძრავი ქონების (ს/კ # ....., შემდგომში _ სადავო ქონება) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ამ ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში მოსარჩელის აღრიცხვის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 23 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა ქ.საგარეჯოში, ..... მდებარე #47 ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. გამყიდველს ნასყიდობის თანხა არ გადასცემია, ხოლო, მხარეთა შეთანხმებით, მოპასუხე უკან გადმოუფორმებდა ბინას მოსარჩელეს მას შემდეგ, რაც მისი მამა აიღებდა სესხს ამ ქონების იპოთეკით დატვირთვის შედეგად. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა თხოვების ხელშეკრულება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ გარიგების დადებისას მხარეებს ნამდვილად სურდათ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ და სხვა რაიმე შეთანხმება ვერც სესხის და ვერც თხოვების სახით მათ შორის ვერ იქნებოდა. ბინის საფასური მყიდველმა გადაუხადა გამყიდველს, რაც დასტურდება ხელშეკრულებით, რომელსაც ორივე მხარე აწერს ხელს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2016 წლის 23 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა სადავო უძრავი ქონება. ამავე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულებაა 4 000 ლარი, რომელიც მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი.

1.2.2. ნასყიდობის ხელშეკრულებით, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძვლით, უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მყიდველის სახელზე;

1.2.3. მოპასუხისა და მისი მამის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენებებით სადავო ხელშეკრულების ბათილობის წინაპირობები არ დგინდება. გასაუბრების ოქმებში დაფიქსირებულია ნასყიდობის საფასურის გადაცემის ფაქტი გამყიდველის თანდასწრებით ვინმე ჯ.ჯ–თვის, რომელიც, როგორც შუამავალი, მონაწილეობდა სადავო გარიგების დადებისას, რაც მხარეთა შორის სადაო არ არის;

1.2.4. სარჩელი წინააღმდეგობრივია, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებული გარიგების მოჩვენებითობა, გამორიცხავს გარიგების თვალთმაქცურობას, რაც ასევე მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლად არის მითითებული, ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება სადავო გარიგების მოჩვენებითობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები (მოსარჩელის პოზიცია სადავო გარიგების მოჩვენებითობის შესახებ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმდა არა ბინის გასხვისების მიზნით, არამედ, იმ მიზნით, რომ მოპასუხე ბინას გამოიყენებდა იპოთეკით დასატვირთად და კრედიტის მისაღებად, ხოლო შემდგომ ბინას დაუბრუნებდა კვლავ მოსარჩელეს. გამყიდველი აღნიშნულის დასადასტურებლად მიუთითებს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილ საქმის მასალებზე, რომელშიც გადმოცემული ინფორმაცია არ ადასტურებს მოსარჩელის პოზიციას, რადგან აღნიშნულ მასალებში წარმოდგენილი თავად გამყიდველის განცხადება და მისი განცხადების საფუძველზე შედგენილი რეაგირების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელის ჩვენებით, 2016 წლის გაზაფხულზე მასთან მივიდა მისი ნათესავი ჯ.ჯ–ი, რომელსაც უნდოდა ბანკიდან კრედიტის აღება. მოსარჩელემ თანხმობა მისცა, ესარგებლა მისი კუთვნილი უძრავი ქონებით, რის შემდეგაც, ჯ.ჯ–ის თხოვნით, ნასყიდობის ხელშეკრულება გაუფორმა მოპასუხეს მხოლოდ იმ მიზნით, რომ ბინას გამოიყენებდა კრედიტის მისაღებად და შემდეგში გადაუფორმებდა ისევ უკან; ჯ.ჯ. გარდაცვალების შემდეგ რ.მ–მა უარი განაცხადა ბინის დაბრუნებაზე; გასაუბრების ოქმებში განმარტებულია, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და მათ შორის სხვა რაიმე შეთანხმება ან დაპირება ქონების დაბრუნების თაობაზე არ ყოფილა. უძრავი ქონების შეთავაზება მყიდველისათვის და ფასზე შეთანხმება მოხდა შუამავლის _ ჯ.ჯ–ის მიერ, რომელსაც გამყიდველის თანდასწრებით გადაეცა ნასყიდობის საფასური), ისევე, როგორც არ დასტურდება გარიგების თვალთმაქცურობა იმდენად, რამდენადაც დადგენილია და არ არის სადავო, რომ უძრავი ქონება, როგორც თხოვების საგანი ფაქტობრივ მფლობელობაში არ გადასცემია მონათხოვრეს (მოპასუხე). უძრავი ქონების მყიდველისათვის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაუცემლობა არ ქმნის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს გარიგების ნამდვილობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გამოიკვლიეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი ანალიზი არ იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ საკუთრების განკარვისას მხარეების ნება არ იყო მიმართული სანივთო უფლების რეალურად გადაცემისაკენ. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ მხარეებმა ნადვილად დადეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოჰყვა _ მოპასუხეს წარმოეშვა დავის საგანზე საკუთრების უფლება. ამ თვალსაზრისით სახეზეა გარიგების ნამდვილობისათვის სამოქალაქო კოდექსის 327.1, 477-ე, 183-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები. რაც შეეხება ამ გარიგების ბათილად ცნობას, უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრიციპიდან გამომდინარე, ნებისმიერი გარიგება მიიჩნევა ნამდვილად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. გარიგების დადებისას ნების ნაკლის მტკიცების ტვირთი კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც ზემოხსენებული პრეზუმფცია სარწმუნო მტკიცებულებებით უნდა გააქარწყლოს. სარჩელის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 170-ე (1) და 172-ე (1) მუხლები წარმოადგენს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მართლაც წინააღმდეგობრივია: იგი, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ სადავო გარიგებით დაიფარა თხოვების ხელშეკრულება და ვერ ამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 615-ე მუხლის წინაპირობების არსებობას, ხოლო, მეორე მხრივ, გარიგებას მიიჩნევს მოჩვენებითად, თუმცა, უთითებს საკუთრების გადაცემის დროებით ხასიათზე გარკვეული თანხის მიღებისა და ამ თანხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად ქონების იპოთეკით დატვირთვის თაობაზე. გარდა ამისა, სარჩელის წინააღმდეგობრიობის მიუხედავად, საკასაციო საჩივრით მხარე ვერ მიუთითებს იმ მტკიცებულებებზე, რომელთა ანალიზი სასამართლოს მისცემდა საფუძველს სადავო ნასყიდობა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის საფუძველზე ბათილად მიეჩნია. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ნასყიდობის საზღაურის გადაუხდელობა გარიგების ბათილობის წინაპირობა არაა, შესაბამისად, იმ ფაქტის დადგენა, გადაიხადა თუ არა მყიდველმა საზღაური წინამდებარე დავის ფარგლებს სცდება და საკასაციო პალატა შეფასების გარეშე ტოვებს.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მოჩვენებითი/თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობისა და ქონების საკუთრებაში დაბრუნების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულიყო. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

განსახილველი საქმის მასალებით დგინდება, რომ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 4 000 ლარს, რის გამოც, იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯად დავად მიიჩნევა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ნორმის პირველის ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი ექვემდებარება განახევრებას. კასატორმა საჩივარს დაურთო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შესაბამისად (სსსკ-ის მე-7 და 42-ე მუხლები), ზედმეტად გადახდილი 50 ლარი ექვემდებარება დაბრუნებას, ისევე, როგორც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში-პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), მასვე უნდა დაუბრუნდეს დარჩენილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს ერთვის გასაჩივრებული განჩინების ასლი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა წარდგენა არ ხდება, მით უფრო, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული იმ გადაწყვეტილების ასლის წარდგენა, რომლის დედანიც საქმეშია განთავსებული და რომლის კანონიერებაც უნდა შეამოწმოს საკასაციო სასამართლომ. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი გასაჩივრებული განჩინების ასლი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, მე-14, 42-ე, 104-ე 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ა–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ.ა–ას (პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს კ.ხ–ის მიერ კასატორის სახელით 20.12.2018წ. #2 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, ასევე, დარჩენილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. კასატორს ასევე დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული გასაჩივრებული განჩინების დამოწმებული ასლი 13 (ცამეტი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 76-88).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი