Facebook Twitter

საქმე №ას-416-2019 2 აგვისტო, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.დ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სსიპ საქართველოს ეროვნულმა არქივმა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დამზღვევი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „პ.დ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მზღვეველი) მიმართ, 2015 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 13 980 ლარისა (მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომობილის შესაკეთებლად გაწეული ხარჯი) და 4 995 ლარის (მესამე პირის მართვის ქვეშ მყოფი, დაზიანებული ავტომობილის შესაკეთებლად გაწეული ხარჯი) მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ავტოტრანსპორტის სრული დაზღვევის მომსახურების შესყიდვის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. 2016 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ.თბილისში, ...... მოსარჩელის ბალანსზე რიცხული „ფორდის“ მარკის ავტომობილით (სახ.ნომრით FFI-609), რომელსაც მართავდა რ.ა–ი, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა, როგორც დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება, ისე _ მესამე პირის, გ.ს–ის მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა (სახ.ნომრით WB-....). აღნიშნულის თაობაზე ეცნობა როგორც სამართალდამცავ ორგანოს, ისე _ სადაზღვევო კომპანიას, რომელსაც მიმართეს მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა, 2016 წლის 20 აპრილის წერილით, მზღვეველმა უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე და საფუძვლად მიუთითა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ რ.ა–მა გადაწყვიტა საპირისპირო მიმართულებით გადასვლა და აღნიშნულის მიზნით გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, რამაც შედეგად ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. მოპასუხე ასევე უთითებდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.11 პუნქტის „თ“ ქვეპუნტზე, რომლის მიხედვითაც, მზღვევლის მიერ არ ანაზღაურდებოდა სადაზღვევო შემთხვევა, თუ იგი გამოწვეული იყო უფლებამოსილი მძღოლის მიერ განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით. ადმინისტრაციული საქმის მასალების თანახმად, რ.ა–მა გადაწყვიტა გადაეკვეთა, თუმცა მას არ გადაუკვეთავს ხაზი, ხოლო, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი არა ხაზის გადაკვეთა, არამედ _ მანევრირების წესები დარღვევა იყო, რომელიც არ შეიძლება ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ „უხეშ გაუფრთხილებლობად“ იქნეს მიჩნეული, რადგან ასეთი ქმედება „ჩვეულებრივი გაუფრთხილებლობაა“. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 21 აპრილს მოქალაქე გ.ს–მა მიმართა მოსარჩელეს ზარალის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც შეადგენს 4 995 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ რ.ა–ის ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზარალის სრულად ანაზღაურება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება ითვალისწინებდა საგამონაკლისო შემთხვევებს, რა დროსაც სადაზღვევო თანხა არ ანაზღაურდება, სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, ვინაიდან 2016 წლის 12 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მოსარჩელის ავტომანქანით მოსარგებლე რ.ა–ის უხეშმა გაუფრთხილებლობამ გამოიწვია. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ტენდერის საფუძველზე, რომლის პირობებშიც იყო ჩადებული ის პუნქტი, თუ რა შემთხვევაში არ მოხდებოდა სადაზღვევო კომპანიის მიერ ზარალის ანაზღაურება, მათ შორის მითითებული იყო 5.11 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტიც. სადავო ნორმა, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა, თავად მოსარჩელე მხარემ წარადგინა ჯერ კიდევ ტენდერის დროს, რომელზეც თანხმობა განაცხადა მოპასუხემ და აღნიშნულის საფუძველზე მხარეთა შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება. ვინაიდან განსახილველი შემთხვევა არის ხელშეკრულების საგამონაკლისო ნორმებით გათვალისწინებული, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2015 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, სადაც დაწვრილებით გაიწერა მხარეთა უფლება-მოვალეობანი. მათ შორის, მიეთითა იმ გამონაკლისებზეც, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მიერ არ ანაზღაურდებოდა (5.11. პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველის პასიხისმგელობა გამორიცხულია, თუ სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეულია უფლებამოსილი მძღოლის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით). ხელშეკრულება მოქმედებდა 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით;

1.2.2. 2016 წლის 12 აპრილს ქ.თბილისში, ..... მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა მოსარჩელის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანასა და მესამე პირის _ გ.ს–ის ავტომანქანას შორის;

1.2.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს დამდგარი ზარალის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ანაზღაურებაზე 2015 წლის 31 დეკემბრის ხელშკრულების 5.11 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიუთითა, რომ არსებული ზარალი უფლებამოსილი მძღოლის, რ.ა–ის უხეში გაუფრთხილებლობით იყო გამოწვეული, რომელიც შედიოდა საგამონაკლისო შემთხვევათა ნუსხაში და, შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა არ ანაზღაურდებოდა;

1.2.4. შპს „ა–ის“ მიერ წარმოდგენილი დეფექტური აქტების თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილ „ფორდზე“ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 13 980,64 ლარი, ხოლო, ავტომობილ „მერსედესზე“ მიყენებულმა ზიანმა _ 4 995 ლარი;

1.2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 4 აგვისტოს დასკვნის თანახმად, „მოცემულ შემთხვევაში, ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლს _ გ.ს–ს, ტექნიკური თავლსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ შემთხვევაში, ავტომობილ „ფორდ ტურნეოს“ მძღოლ რ.ა–ს უგულებელყოფილი აქვს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი მუხლისა და დანართი #2-ის 1.3. პუნქტების მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა“. რ.ა–ის ჩვენების თანახმად: „როდესაც დაიწყო გადასვლა მეორე ზოლში, რათა გადაეკვეთა ღერძულა ხაზი უწყვეტი, უეცრად გამოჩნდა მეორე ზოლში მოძრავი ავტომანქანა და შეეჯახა წინა მარჯვენა ფრთაში“. აღნიშნული სამართალდარღვევის გამო დაჯარიდა ადმინისტრაციული წარმოების წესით;

1.2.6. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილები შეაკეთა მოსარჩელემ, შესაბამისად, მოპასუხისაგან მოითხოვა 2016 წლის 12 აპრილს მომხდარი შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის _ 13 980.64 ლარის ანაზღაურებას.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს ბრალის ხარისხთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გამოიკვლიეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი ანალიზი და მოსარჩელის უფლებამოსილი მძღოლის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ რ.ა–ის ქმედება იყო სწორედ უხეში გაუფრთხილებლობა. ამ მხრივ მხარის პრეტენზიები დაუსაბუთებელია. განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის მარეგულირებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც სარჩელი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია, თუმცა, ამ მოთხოვნას მოპასუხემ არსებითი შედავება დაუპირისპირა და მიუთითა პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებაზე, რაც დადასტურებულია საქმის მასალებით, ამ მასალების გაქარწყლების მტკიცების ტვირთი სააპელაციო პალატამ მართებულად დააკისრა მოსარჩელეს (სსსკ-ის 102-ე მუხლი), რომელსაც მან თავი ვერ გაართვა. ასეთ შემთხვევაში კი, არსებობს სარჩელის უარყოფის სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულიყო. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში-პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვილის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 05.03.2019წ. #01707 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 797,25 ლარის 70% _ 558,075 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს (ს/კ #.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 05.03.2019წ. #01707 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 797,25 ლარის 70% _ 558,075 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი