საქმე №ას-448-2019 2 აგვისტო, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „N.G.“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის /შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „N.G.-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, მოწინააღმდეგე მხარე ან მიმწოდებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დამკვეთი) მიმართ მხარეთა შორის არსებული 2016 წლის 25 აპრილის #74 ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ 2016 წლის 3 ივნისის #656 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გ–ის, პ–სა და ფ–ის ადმინისტრაციულ ერთეულებში მზა ბეტონის შესყიდვის მიზნით, მოპასუხის მიერ 2016 წლის 11 აპრილს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა მოსარჩელემ და 2016 წლის 25 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #74 ხელშეკრულება. ხელშეკრულებით მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა საერთო ჯამში 1226 კუბური მეტრი 0.4 ფრაქციით ღორღი სოფ. ფ–ში შემსყიდველის მოთხოვნიდან 3 დღის განმავლობაში. პროდუქციის მიწოდების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 10 ივნისი. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა 45 დღის განმავლობაში, მხოლოდ 2016 წლის 31 მაისს, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე 10 დღით ადრე მოხდა მიმწოდებლისათვის შეკვეთის მიცემა, ისიც აბსოლუტურად გაურკვეველი მოცემულობით, კერძოდ არ იყო დაკონკრეტებული მიწოდების გრაფიკი და კონკრეტული ადგილმდებარეობა, არც მიწოდების დრო, ასევე საკონტაქტო პირი. 20 მაისს მიმწოდებელს დაუკავშირდა ერთ-ერთი სოფლის გამგებელი და მოსთხოვა 230 კუბური მეტრი ბეტონის მიწოდება, რაც შემდგომში თავადვე უარყო, რადგანაც ამინდის გაუარესების გამო, ვერ მოახერხებდა ბეტონის მიღებას. მოთხოვნის ჩაბარებისთანავე, დამკვეთს წარედგინა მიმწოდებლის პასუხი, სადაც დასმული იყო საკითხი ხელშეკრულების ვადის გადაწევის შესახებ, რათა მიმწოდებელს მისცემოდა საშუალება, შეესრულებინა იმ მოცულობების ვალდებულებები, რაც ნაკისრი ჰქონდა ხელშეკრულებით. ნაცვლად ამისა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურმა შეადგინა აქტი, თითქოსდა მიმწოდებელი უარს აცხადებდა ვალდებულების შესრულებაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულს ადასტურებს იმავე დღეს წარდგენილი წერილი. 2016 წლის 2 ივნისს ამავე სამსახურის ე.წ თანამშრომელთა ჯგუფს შედგენილი აქვს სხდომის ოქმი, სადაც მიზანშეწონილად მიიჩნიეს ხელშეკრულების მოშლა, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულების შესრულების ვადა 3 დღე ჯერ კიდევ არ იყო გასული. ამ ოქმისა და 2016 წლის 3 ივნისის შიდა მონიტორინგის სამსახურის უფროსის დასკვნის საფუძველზე, 2016 წლის 3 ივნისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ ცალმხრივად მოშალა ხელშეკრულება და მიმწოდებლის მიმართ აამოქმედა ხელშეკრულების 9.2 და 9.3 მუხლები, რის საფუძველზეც მოპასუხეს სურს მიიღოს 46 775,2 ლარი.
1.2. სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა მოპასუხემ თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ჯარიმის _ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (150 888 ლარი) 0,5%-ის _ 1 508,88 ლარის, ასევე, შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტისათვის პირგასამტეხლოს _ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (150 888 ლარი) 30%-ის _ 45 266 40 ლარის დაკისრება.
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.2. და 7.5. პუნქტების თანახმად, საქონლის მოწოდება უნდა მომხდარიყო 2016 წლის 10 ივნისიდან არა უგვიანეს მესამე დღისა. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, თავდაპირველმა მოსარჩელემ ვალდებულება არ შეასრულა, გამგებლის უფლებამოსილი წარმომადგენლები მას ტელეფონით უკავშირდებოდნენ 2016 წლის 10 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით, 27 მაისს კი, წერილობით ეთხოვა მოპასუხეს ვალდებულების შესრულება, თუმცა, წერილი მას არ ჩაბარებია და მხოლოდ გამგეობის შენობაში, 2016 წლის 31 მაისს გახდა შესაძლებელი კომპანიის დირექტორისათვის მისი გადაცემა, რის პასუხადაც მოპასუხემ ითხოვა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება. ვინაიდან 3 დღეში ველდებულება ვერ შესრულდებოდა, ინფრასტრუტურის სამსახურმა კანონის მოთხოვნათა დაცვით შეადგინა შესაბამისი აქტი. ვალდებულების არაერთხელ შეუსრულებლობის გამო შეგებებულმა მოსარჩელემ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გამოსცა შესაბამისი აქტი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მოითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ #74 ხელშეკრულების მოშლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ 2016 წლის 3 ივნისის ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.5. პუნქტის, მე-9 მუხლის 9.2. და 9.3. პუნქტების, მე-10 მუხლის 10.3. პუნქტის საფუძველზე. უსაფუძვლოა მოსარჩელის მიერ მითითება უფლების ბოროტად გამოყენებაზე, რადგანაც მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. მას ბეტონი უნდა მიეწოდებინა სოფლების მოსახლეობისათვის გზის დასაგებად. აღნიშნული სიკეთით ვერ ისარგებლა მოსახლეობამ. პირველი მოთხოვნა გამგებლის წარმომადგენლების მიერ ბეტონის მოწოდების თაობაზე განხორციელდა სატელეფონო შეტყობინებით 2016 წლის 20 მაისს. მეორე, წერილობითი მოთხოვნა _ 27 მაისს, რაც მოპასუხისგან დამოუკიდებელი მიზეზებით მხარეს არ ჩაბარდა და საბოლოოდ მისი ჩაბარება 31 მაისს, გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში მოხდა. მოსარჩელემ კი, იმავე დღეს წერილობით წარადგინა მოთხოვნა ვალდებულებების შესრულებისათვის ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც პირდაპირ, აშკარად და ყოველგვარი ეჭვის გარეშე მიუთითებდა იმაზე, რომ მიმწოდებლის მიერ 31-დან სამი დღის ვადაშიც ვერ განხორციელდებოდა ბეტონის მიწოდება. ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხემ ისარგებლა ხელშეკრულების 10.3. პუნქტით გათვალისწინებული უფლებით. ვინაიდან მოსარჩელემ ვერ შეასრულა ვალდებულება და მისი შესრულება არც საბანკო გარანტიით ყოფილა უზრუნველყოფილი, გამგეობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რის თაობაზეც წერილობით ეცნობა მიმწოდებელს;
2.2. შეგებებული სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა თავდაპირველმა მოსარჩელემ და მიუთითა შემსყიდველის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტზე, რომელშიც მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვოდა. ვინაიდან არ არსებობდა ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობა, მოპასუხეს შეგებებულ სარჩელზე არც პირგასამტეხლ არ უნდა დაკისრებოდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუმდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 3 ივნისის ბრძანება მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს სახით 45 266,40 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო 1 508,88 ლარის დაკისრების ნაწილში თავდაპირველი სარჩელი უარყოფილ იქნა. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელიც და კომპანიას შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 1 508,88 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გ–ის, პ–ისა და ფ–ვის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მზა ბეტონის შესყიდვის მიზნით, 2016 წლის 25 აპრილს წყალტუბოს მუნიცპალიტეტსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #74 ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, მისმა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 150 888 ლარი. ხელშეკრულების 6.2. პუნქტით მისი შესრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულებით მხარეებმა განსაზღვრეს პირობები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მათ დაეკისრებოდათ ფინანსური სანქციები, კერძოდ, ხელშეკრულება ითვალისწინებს ასეთი სანქციის დაწესების 2 შემთხვევას:
ა) ხელშეკრულების 7.5. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ შემთხვევაში (მიმწოდებლის ვალდებულება, საქონელი მიეწოდებინა შემსყიდველისათვის მოთხოვნის შესაბამისად, არა უგვიანეს მესამე დღისა), მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,5%-ის ოდენობით;
ბ) შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%;
1.2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ვერ შეასრულა ხელშეკრულების 7.5. პუნქტით ნაკისრი ვალდებულება (შემკვეთის მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში ვერ იქნა მიწოდებული საქონელი) და მას დაეკისრა სანქციები. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში გასაჩივრებული არ არის;
1.2.3. შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით შეგებებული მოსარჩელე ვერ ამტკიცებს თანხის დაკისრების საფუძვლიანობას. დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიმართ საჯარიმო სანქციის გამოყენების მიუხედავად, მას არ გამოუვლენია ნაკისრი სამუშაოების შეუსრულებლობისა და ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის სურვილი, ამასთან სახელშეკრულებო დათქმით პირგასამტეხლოს გადახდა მიმწოდებელს არ ათავისუფლებდა ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან. თავად ხელშეკრულება ითვალისწინებს მისი მოშლის რამოდენიმე პირობას:
ა) იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ს, შემსყიდველი იტოვებდა უფლებას, მოეშალა ხელშეკრულება;
ბ) ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარე უფლებამოსილი იყო, ცალმხრივად მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოშლის შესახებ;
გ) ხელშეკრულება ასევე შეიძლებოდა მოშლილიყო მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
1.2.4. შემსყიდველმა ხელშეკრულება მოშალა სწორედ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, თუმცა საჯარიმო სანქციებთან ერთად (რომელიც სადავოდ არ არის გამხდარი) მას დააკისრა ამავე ხელშეკრულების 9.3. პუნქტით გათვალისწინებული სანქცია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30%-ის ოდენობით, სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტისათვის. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მერიას ხელშეკრულებიდან გასვლისას არ დაუცვია ხელშეკრულების 10.4. პუნქტით გათვალისწინებული პირობა „ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების განზრახვის მხარისათვის არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე წერილობით ან კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით შეტყობინების თაობაზე“. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 3 ივნისის „...ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასკვნაში“ მითითებულია, რომ „2016 წლის 27 მაისის #312208 წერილით შპს „N.G–ის“ დირექტორი მ.ქ–ი პირადად იქნა გაფრთხილებული... ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის შესახებ“, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან აღნიშნული თარიღითა და ნომრით საქმეში წარმოდგენილი წერილის შინაარსით ირკვევა, რომ კომპანიის დირექტორი გაფრთხილდა წერილის მიღებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში საქონლის მიუწოდებლობის შემთხვევაში მის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი სანქციების გატარების თაობაზე და ამ წერილში საუბარი არ არის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში რაიმე სახით ხელშეკრულების მოშლის განზრახვაზე. გარდა ამისა, დადგენილია, რომ 2016 წლის 2 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღების მიზნით შექმნილი ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფის 2016 წლის 2 ივნისის სხდომის #51 ოქმის მიხედვით, ჯგუფმა გადაწყვიტა მოშლილიყო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #74 ხელშეკრულება პირობების შეუსრულებლობის გამო და მასვე დაეკისრებოდა ხელშეკრულებითა და კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები;
1.2.5. 2016 წლის 3 ივნისის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მ/შ-მა შეადგინა დასკვნა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების მოშლის შესახებ. დასკვნის მიხედვით:
- მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებული #74 ხელშეკრულების მოშლა, ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით;
- #74 ხელშეკრულების 7.5. პუნქტით გათვალისწინებული პირობის ორგზის დარღვევის საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნაკისრი ვალდებულების ყოველ შეუსრულებელ შემთხვევაში მიმწოდებელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,5%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 745.44+554.44=1508.89 ლარს;
- #74 ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომპანიას ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 150 888 30%=45266.40 ლარს. თანხობრივად შეადგენს 150 888 30% = 45266.40 ლარს;
1.2.6. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2016 წლის 3 ივნისის დასკვნა და 2016 წლის 2 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღების მიზნით შექმნილი ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფის #51 სხდომის ოქმი დაედო საფუძვლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 03 ივნისის #31656 ბრძანებას და მიმწოდებელს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,5%-ის _1 508,88 ლარის, ხოლო, შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტისათვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30%-ის _ 45 266 40 ლარის გადახდა;
1.2.7. ხსენებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა მოიშალა ვადამდე, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 10 ივნისი, ხოლო, ხელშეკრულების შეწყვეტა _ მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, შესაბამისად, საქმის მასალებით მიმწოდებლის მიერ შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტა არ დასტურდება, ხოლო აპელანტი ამ გარემოების დასადასტურებლად მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებსა და გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელთა 2016 წლის 31 მაისის წერილზე, რომლის მიხედვითაც, „მ.ქ–მა ზემოთ მითითებული სამსახურის თანამშრომეთა თანდასწრებით განაცხადა #74 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შესრულების შეუძლებლობის შესახებ ეკონომიკური პრობლემების გამო“. მითითებულის სისწორეს ადასტურებენ მხოლოდ აქტის შემდგენი პირები საკუთარი ხელმოწერით და აქტის ბოლოს აღნიშნავენ, რომ „დირექტორმა მ.ქ–მა უარი განაცხადა ხელის მოწერაზე“. აღნიშნულის საპირისპიროდ, კომპანია 2016 წ. 31 მაისის წერილით მოითხოვდა სამუშაოთა შესრულების ვადის გაგრძელებას, რაც არ ეწინააღმდეგებოდა ხელშეკრულების 10.1. პუნქტს, რომლის მიხედვითაც „ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე“.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს ვალდებულების შესრულების თვითნებურად მიტოვების საფუძვლით პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა პირგასამტეხლოთი (სკ-ის 417-ე მუხლი). პირგასამტეხლოს დაკისრების უალტერნატივო წინაპირობა კი, მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევაა. მტკიცება იმისა, დაარღვია თუ არა ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარემ, ეკისრება კასატორს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). ამ მხრივ მას სარწმუნო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, ხოლო, მის მიერ წარმოდგენილი, საკასაციო საჩივრით შედავებული მტკიცებულებები ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია სააპელაციო პალატამ (სსსკ-ის 105-ე მუხლი), სწორად განსაზღვრა ამ მტკიცებულებათა იურიდიული სანდოობა. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ დაამტკიცა მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოთა თვითნებურად მიტოვების ფაქტი, რაც მის მოთხოვნას გამორიცხავს. ამდენად, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი