Facebook Twitter

საქმე №ა-4097-შ-109-2019 4 დეკემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

შუამდგომლობის ავტორი – ი.მ–ა

მოწინააღმდეგე მხარე – კ.ა–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – უკრაინის ქ.ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის ქ.ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი.მ–ას სარჩელი კ.ა–ას მიმართ ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. კ.ა–ას ი.მ–ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – 2011 წლის 26 ივლისს დაბადებული ლ.ა–ას სარჩენად ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის – მყარი ფულადი თანხის – 4000 გრივნის გადახდა, რომელიც კანონის თანახმად, ექვემდებარება ინდექსაციას, 2018 წლის 2 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. კ.ა–ას ი.მ–ას სასარგებლოდ დაეკისრა ლ.ა–ას სარჩენად 2016-2017წწ პერიოდისათვის დამატებითი ხარჯების – 4000 გრივნის გადახდა. ასევე კ.ა–ას ი.მ–ას სასარგებლოდ დაეკისრა ლ.ა–ას სარჩენად ყოველწლიურად 10000 გრივნის გადახდა.

2. ი.მ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის ქ.ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ კ.ა–ა სათანადო წესით ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 28 თებერვალს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

4. საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ი.მ–ას შუამდგომლობა უკრაინის ქ.ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

5. შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს - კ.ა–ას გადაეგზავნა და ჩაბარდა 2019 წლის 26 სექტემბერს.

6. მოწინააღმდეგე მხარემ 2019 წლის 07 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა წერილობითი პასუხი, რომლითაც მოითხოვა საქმის ზეპირი განხილვა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები.

7. სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, დადგინდა საქმის ზეპირი განხილვა 2019 წლის 04 დეკემბერს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. 2019 წლის 19 ნოემბერს შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა დამატებითი წერილობითი მოსაზრება მოწინააღმდეგე მხარის წერილობით პასუხის თაობაზე, აგრეთვე მოითხოვა შუამდგომლობის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე არასრულწლოვანი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. 2019 წლის 04 დეკემბერს გამართულ სასაამრთლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა მოწინააღმდეგე მხარე კ.ა–ა, საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი.მ–ას შუამდგომლობა უკრაინის ქ.ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

11. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. ( იხ. დამატებით: ბ.ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ., 2009.).

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბმისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები.

14.ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი, სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიოული შედეგი უნდა გავრცერლდეს საქართველოში.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული არის ხელშეკრულება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ( ძალაშია 1996 წლის 06 დეკემბრიდან), ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას საკასაციო პალატა დაეყრდნობა როგორც აღნიშნულ ხელშეკრულებას, აგრეთვე „მინსკის კონვენციის“ მოწესრიგებას.

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების მეორე განყოფილება, მუხლი 40-45 აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეთა შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების საკითხს. აღნიშნული ხელშეკრულების 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადაწყვვეტილებათა აღსრულებაზე ნებართვაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება, ხოლო 42-ე მუხლის თანახმად კი, აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.

18. საკასაციო პალატა აგრეთვე მიუთითებს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

20. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როგორც საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებულ სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებას, აგრეთვე „მინსკის კონვენციას“ უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესებთან მიმართებით.

21 „მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით, რომლის მე-4 მუხლი ადგენს მხარეთა შეჯიბრებითობის წარმართვის ვალდებულებას, ხოლო, მე-5 მუხლი - საქმის თანასწორობის საწყისზე განხილვის აუცილებლობას.

22. „მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.

23. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

24. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, (განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი მოწესრიგებულია აგრეთვე საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების 43-ე მუხლით), შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

27. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებულ ალიმენტს შეეხება და მხედველობაში იღებს საკითხის მომწესრიგებელ საერთაშორისო თუ შიდა კანონმდებლობის შემდეგ ნორმებს.

28. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

29. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია, რაც იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი უალტერნატივოდ იმის დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.

30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების 29-ე მუხლის თანახმად, სამართალურთიერთობანი მშობლებსა და შვილებს შორის განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მათ გააჩნიათ საერთო საცხოვრებელი ადგილი. თუ რომელიმე მშობლის ან შვილის საცხოვრებელი ადგილი ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე იმყოფება, მაშინ სამართალურთიერთობანი მათ შორის განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის ბავშვი. გადაწყვეტილების გამოტანაზე კომპეტენტურნი არიან ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოები, რომლის კანონმდებლობაც უნდა იქნეს გამოყენებული ამ შემთხვევაში. შესაბამისად, საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უკრაინის ქ.ჟიტომირის კოროლიოვის რაიონულ სასამართლოს განსახილველ საქმეზე გააჩნდა საერთაშორისო კომპეტენცია.

31. საქართველოს უზენაესი სასამრთლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის ქ.ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კ.ა–ას ი.მ–ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – 2011 წლის 26 ივლისს დაბადებული ლ.ა–ას სარჩენად ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის – მყარი ფულადი თანხის – 4000 გრივნის გადახდა, რომელიც კანონის თანახმად, ექვემდებარება ინდექსაციას, 2018 წლის 2 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. კ.ა–ას ი.მ–ას სასარგებლოდ დაეკისრა ლ.ა–ას სარჩენად 2016-2017წწ პერიოდისათვის დამატებითი ხარჯების – 4000 გრივნის გადახდა. ასევე კ.ა–ას ი.მ–ას სასარგებლოდ დაეკისრა ლ.ა–ას სარჩენად ყოველწლიურად 10000 გრივნის გადახდა. ამასთან, უკრაინის ტერიტორიაზე გადაწყეტილება არ აღსრულებულა;

32. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ გადაწყვეტილების ცნობა -აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველად მიუთითა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები.

33. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში განთავსებულ მასალებზე, საიდანაც დგინდება, რომ მოპასუხე საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით და დროულად იყო ინფორმირებული. საკასაციო სასამართლოში 2019 წლის 04 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენით ვერ დაამტკიცა საწინააღმდეგო გარემოებების არსებობა და შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი განმარტებებით.

34. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

35. საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლის „ბ“ პუნქტით - გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველია, თუ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად ან ჯეროვნი წესით არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება, გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი. (ანალოგიურს ითვალისწინებს საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე და აღსრულების ნებართვაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ან მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის წარმომადგენელს დროულად და სათანადო ფორმით არ ჩაბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება).

36. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები.

37. რაც შეეხება მოწინააღმდეგე შუამდგომლობას ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას. შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას საკასაციო პალატა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის გადასინჯვას ვერ განახორციელებს.

38. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.

39. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა ორმხრივი ხელშეკრულებისა და მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. შესაბამისად, უკრაინის ქ.ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით, 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 70-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.მ–ას შუამდგომლობა უკრაინის ქ.ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ქ.ჟიტომირის კოროლიოვის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც კ.ა–ას ი.მ–ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – 2011 წლის 26 ივლისს დაბადებული ლ.ა–ას სარჩენად ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის – მყარი ფულადი თანხის – 4000 გრივნის გადახდა, რომელიც კანონის თანახმად, ექვემდებარება ინდექსაციას, 2018 წლის 2 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. კ.ა–ას ი.მ–ას სასარგებლოდ დაეკისრა ლ.ა–ას სარჩენად 2016-2017წწ პერიოდისათვის დამატებითი ხარჯების – 4000 გრივნის გადახდა. ასევე კ.ა–ას ი.მ–ას სასარგებლოდ დაეკისრა ლ.ა–ას სარჩენად ყოველწლიურად 10000 გრივნის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი