13 დეკემბერი, 2019 წელი
საქმე №ას-1677-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - ვ.ბ–ი, ე.ბ–ი, ლ.მ–ი, ი.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარეები - ნ.მ–ი, ნ.მ–ი, ე.მ–ი, ვ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ა.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე) სასარჩელო მოთხოვნა ე.ბ–ისა და ვ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებულები, როგორც მოპასუხეები) მიმართ დაკმაყოფილდა და მოსარჩელე ცნობილ იქნა, ქ. თბილისში, ......, (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #......) მდებარე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „მთაწმინდა-98-ში“ 119.45 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში მიღების ერთ-ერთი მოპასუხის - ე.ბ–ის კუთვნილი უფლების 1/2-ის მესაკუთრედ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა წარმოება, მოსარჩელის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეზე #2ბ/1187-16 მოსარჩელის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ნ. და ნ.მ–ები (შემდეგში ტექსტში მოხსენიებულები, როგორც მოსარჩელის უფლებამონაცვლეები). აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა სქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის საოქმო განჩინება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ე.და ვ.მ–ები (შემდეგში ტექსტში მოხსენიებულები, როგორც მოსარჩელის უფლებამონაცვლეები). აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა სქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით მოპასუხეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის საოქმო განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ი. და ლ.მ–ები (შემდეგში ტექსტში მოხსენიებულები, როგორც მოსარჩელის უფლებამონაცვლეები).
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოსარჩელის უფლებამონაცვლეებმა კერძოდ - ლ. და ი.მ–ებმა (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებულები, როგორც კასატორები), რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით კასატორების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მათ საკასაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი კერძოდ, დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ისეთი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რომელშიც მითითებული იქნებოდა საკასაციო საჩივრის შემტანი პირებისა და მოწინააღმდეგე მხარეების ზუსტი დასახელება და მისამართი, მათ ასევე დაევალათ 1125 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. ამასთან, მათ განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორებს 2019 წლის 3 დეკემბერს ჩაჰბარდათ.
10. 2019 წლის 5 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორების განცხადება, რომელსაც მათ თან დაურთეს თავიანთ სახელზე შედგენილი საკასაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარეებად მოსარჩელის უფლებამონაცვლეების კერძოდ - ნ.მ–ის, ნ.მ–ის, ე.მ–ისა და ვ.მ–ის მითითებით და საკასაციო საჩივარს თან დაურთეს სახელმწიფო ბაჟის (1125 ლარის) გადახდის ქვითარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ლ. და ი.მ–ების საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო ვ. და ე.ბ–ების საკასაციო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
12. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი).
13. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 4 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 9 დეკემბერს. 2019 წლის 5 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორების განცხადება, (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეების ნაწილში საკასაციო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ვინაიდან საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს სსსკ-ის 396-ე და 397-ე მუხლების მოთხოვნებს.
14. რაც შეეხება ლ. და ი.მ–ების საკასაციო საჩივარს, ამ შემთხვევაში აღსანიშნავია სსსკ-ის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
14.1. მითითებული ნორმა განსაზღვრავს საკასაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები (მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით).
14.2. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო გასაჩივრების სუბიექტი უფლებამოსილია გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი. მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების ამავე მხარის მიერ გასაჩივრება ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-2 მუხლის დანაწესს, ვინაიდან ეს ნორმა ადგენს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლება დარღვეულია ან სადავოდაა ქცეული.
14.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც კასატორის წინააღმდეგაა გამოტანილი.
14.4. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ობიექტი, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება, რომელსაც საკასაციო საჩივრით ასაჩივრებენ ლ. და ი.მ–ები გამოტანილია არა ამ უკანასკნელთა სააპელაციო საჩივრის განხილვის, არამედ მოპასუხეების სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არაა გამოტანილი ლ.მ–ისა და ი.მ–ის წინააღმდეგ და, შესაბამისად, ისინი არ არიან უფლებამოსილნი საკასაციო საჩივარი შეიტანონ ამ განჩინებაზე.
14.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ ლ.მ–ისა და ი.მ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.მ–ისა და ი.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. წარმოებაში იქნეს მიღებული ვ.ბ–ისა და ე.ბ–ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად;
3. მოწინააღმდეგე მხარეებს გაეგზავნოთ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები და განემარტოთ, რომ მათ უფლება აქვთ ამ განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინონ წერილობითი პასუხი საკასაციო საჩივარზე;
4. სამოქალაქო საქმეთა პალატის კოლეგიური შემადგენლობა, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა