საქმე № ას-1309-2019 15 ნოემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ.ქ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - დ.ქ–ძე, ა.ქ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის აღიარება, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თ.ქ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, რომლითაც ის ა.ქ–სა (პირველი მოპასუხე) და დ.ქ–ძეს (მეორე მოპასუხე) შორის უძრავ ქონებაზე მდებარე, ქ. ოზურგეთში, ......, ს/კ-ით ...... (სადავო ქონება) გამოსყიდვის უფლებით 2014 წლის 1 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას, ასევე - მოპასუხეებს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის აღიარებასა და სადავო ქონებაზე იპოთეკის მეორე მოპასუხის სასარგებლოდ აღრიცხვას მოითხოვდა, უარყოფილ იქნა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 368-ე, 59-ე, 60-ე, 61-ე და 63-ე მუხლებით.
3.1. პალატამ მიუთითა, რომ 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განესაზღვრა 7-დღიანი საპროცესო ვადა დავის საგნის ღირებულებისა და შესაბამისი ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარდგენისათვის. 2019 წლის 25 თებერვალს აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართა ხარვეზის შესავსებად დამატებითი დროის განსაზღვრის თხოვნით. 2019 წლის 7 მარტის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 20 დღით გაუგრძელდა. 2019 წლის 3 აპრილს აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ასევე - სახელმწიფო ბაჟის, 500 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იშუამდგომლა დარჩენილი - 1331.03 ლარის გადახდის გადავადების თაობაზე. 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად ვადა გაუგრძელდა 7 დღით. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2019 წლის 17 აპრილს ჩაჰბარდა, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, რაც, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას დაედო საფუძვლად.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სააპელაციო სასამართლომ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე სტუდენტია და ვერ მოახერხებდა სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდას. ის დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილს გადაიხდიდა თუ სასამართლო მოთხოვნილი დროით გააგრძელებდა ხარვეზის შევსების ვადას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოსარჩელის მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ვინაიდან აპელანტმა ხარვეზი სრულად არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საჩივრის ავტორის განმარტება, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა, ფინანსური პრობლემებით იყო განპირობებული, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის გადახდა მეტი დროით უნდა გადავადებოდა, დაუსაბუთებელია.
9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს ხარვეზის ვადა გაუგრძელა ორჯერ. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2019 წლის 15 აპრილის განჩინება, აპელანტის წარმომადგენელს 2019 წლის 17 აპრილს ჩაჰბარდა (იხ. ტ.2, ს.ფ. 270), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 18 აპრილს დაიწყო და იმავე წლის 24 აპრილს დასრულდა, თუმცა აპელანტს ხარვეზი სრულად არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის.
11. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ეხება იმ გარემოებას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის 20 დღით გადავადების საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე კოდექსის 102.1 და 103.1 მუხლები მხარეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძვლებს. პალატის მოსაზრებით, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით ვერ ჩაითვლება მისი გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან ეს ფაქტი თავისთავად არ გამორიცხავს შემოსავლის სხვა წყაროს არსებობის შესაძლებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორი სტუდენტია, მის ეკონომიკურ სიდუხჭირეზე არ მიუთითებს, მას კი ამ კუთხით უფრო სარწმუნო მტკიცებულება არ წარუდგენია.
12. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის პრეტენზია სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსები ვადის არასაკმარისი დროით გაგრძელების თაობაზე, დაუსაბუთებელია, რადგან საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო პალატამ მოსარჩელეს ხარვეზის შევსების ვადა ორჯერ გაუგრძელა (იხ. ტ.2, ს.ფ 220-224, 262-268), შესაბამისად, მას ჰქონდა გონივრული დრო სახსრების მოსაძიებლად; საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოში სამართალწარმოება ორივე მხარის თანასწორობის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბრად დაცვას გულისხმობს. საკასაციო პალატა თვლის, რომ საპროცესო ვადის მესამედ გაგრძელება უთუოდ შელახავდა მხარეთა თანაბარი მოპყრობის პრინციპს, და გარდა ამისა, საქმის განხილვა დაუსაბუთებლად გაჭიანურდებოდა.
13. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით ხარვეზი არ გამოუსწორებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: #ას-1120-1074-2016, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; #1497-1417-2017, 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება; #ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ქ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი