30 ოქტომბერი, 2019 წელი,
საქმე №ას-1125-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს "ა.დ–ა" (მოპასუხე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - რ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან პოლიციის დეპარტამენტი) სარჩელი სს „ა.დ–ის“ (თავდაპირველი სახელწოდება - შპს სადაზღვევო კომპანია „ა.ჯ–ი“), (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უარყოფილ იქნა, მოსარჩელეს ადვოკატის ხარჯის - 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოპასუხის სასარგებლოდ. ამ განჩინებას ასაჩივრებს მოსარჩელე, მისი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ გასაჩივრებული განჩინება ადვოკატის ხარჯის დაკისრების ნაწილში, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. კასატორის მოსაზრებით, ადვოკატის მომსახურების ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, რაც ხარჯის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება. არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის საფუძველი.
1.2. კასატორის მითითებით, სასამართლო ხარჯის დადგენილი ოდენობით გაწევის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებელია, სახელდობრ:
4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი მოპასუხისათვის ზიანის - 58 777 ლარისა და 47780 ლარის, პირგასამტეხლოს 696 353 ლარისა და 75 500 ლარის დაკისრების თაობაზე უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე, 317-ე, 327-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 799-ე მუხლები გამოიყენა.
4.4. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება.
4.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, იმავდროულად სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა პროცესის გარეშე ხარჯის განაწილების საკითხი (სსსკ-ის 37-ე და 53-ე მუხლები) და მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯის - 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.
5. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის მისთვის ადვოკატის ხარჯის დაკისრების ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ სადავო ოდენობით სასამართლოსგარეშე ხარჯის (ადვოკატის გასამრჯელო) დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა. კასატორის ამ მსჯელობას საკასაციო პალატა უარყოფს და განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 53.1 მუხლში (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე). ნორმა არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ზუსტ ოდენობას, არამედ მისი განსაზღვრა სასამართლომ უნდა მოახდინოს გონივრულ ფარგლებში, რა დროსაც მხედველობაში მიიღება საქმის სირთულე, კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა შესრულებული ადვოკატის მიერ, რა სახის რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა.
6. თავის მხრივ, კასატორის პრეტენზიის ფარგლებში პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, საქმეში არ ყოფილა წარდგენილი იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, თუმცა ეს გარემოება არ შეიძლება, გახდეს საქმის განხილვასთან დაკავშირებით მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო პალატა ითვალისწინებს საქმეში წარმოდგენილ მოპასუხე კომპანიის დირექტორის მიერ ნ.ლ–ას, ი.დ–ისა და ე.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებულები, როგორც წარმომადგენლები) სახელზე გაცემულ მინდობილობებს (იხ. მინდობილობები, ს.ფ. 296-298. ტ.2), რომლის თანახმად, ამ უკანასკნელებს, მოპასუხის უფლებამოსილმა პირმა - დირექტორმა მიანიჭათ მოპასუხის ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა წარმომადგენლების მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში (მათ შორის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლების წარდგენა და სასამართლო სხდომებზე მონაწილეობის მიღება), ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.
7. საკასაციო სასამართლო აქვე მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს, რომელმაც არაერთ საქმეზე აღნიშნა შემდეგი: „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმდენით, რამდენითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ გაიღეს სამოქალაქო უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“).
8. ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას მხარე სამართლიანად უნდა დააკმაყოფილოს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მხარესა და მის მარწმუნებლებს შორის წარმოშობილია სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულება (სკ-ის 709-ე-710-ე მუხლები) დასტურდება, ამასთან, ამ ხელშეკრულების წერილობით დადების აუცილებლობა კანონით გათვალისწინებული არ არის.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გაწეული საადვოკატო ხარჯის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს.
10. პალატის შეფასებით, მოსარჩელისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული წარმომადგენლის მომსახურების ხარჯი - 10 000 ლარი, წინამდებარე განჩინების მეათე პუნქტში მითითებული გარემოებებისა და დავის საგნის ღირებულებიდან (106,557 ლარი + 771,853 ლარი) გამომდინარე სავსებით გონივრული და სამართლიანია.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის (მოსარჩელის) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ #ას-444-423-2015, 30.10.2015წ).
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი