Facebook Twitter

საქმე №ას-203-2019 2 აგვისტო, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ო.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.გ–ძე, რ.წ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ო.გ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.გ–ძისა და რ.წ–ის (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, ან მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის 2013 წლის 5 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (რომლის საფუძველზეც მოპასუხემ შეიძინა ქ.ხაშურში, ..... ქუჩის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება), მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2012 წლის 8 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა (რომლის საფუძველზეც მოპასუხემ შეიძინა ქ.ხაშურში, ...... მდებარე უძრავი ქონება) და მოსარჩელის მიერ 2012 წლის 11 დეკემბერს გაცემული თანხმობის (უძრავ ქონებაზე ვალდებულების მოხსნის შესახებ) ბათილად ცნობა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლის 19 ნოემბერს მოსარჩელეს და მეორე მოპასუხეს შორის ორი თვის ვადით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ქ.ხაშურში, ...... ქუჩის მიმდებარედ არსებული უძრავი ნივთი. სესხის ნაწილი მოსარჩელემ დაფარა. 2012 წლის 8 მაისს მან კვლავ ისესხა 6 800 აშშ დოლარი მეორე მოპასუხის დედისაგან _ ლ.გ–ძისაგან. სესხი იყო სარგებლიანი, რაც თვეში 500 აშშ დოლარს შეადგენდა. ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული იქნა ქ.ხაშურში, ...... მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი. გამსესხებელმა იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ აუქციონის შემთხვევაში, უძრავი ნივთი ვერ გაიყიდებოდა იმ ფასად, რაც სესხისა და სარგებლის დაფარვას უზრუნველყოფდა, ამიტომ გააფორმეს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. გამოსყიდვის ვადა განისაზღვრა 6 თვით, ხოლო, ნასყიდობის ფასად მიეთითა 13 000 აშშ დოლარი, საიდანაც სარგებელი - 3 000 აშშ დოლარი წინასწარ აიღო მოპასუხემ, მსესხებელს ასევე არ გადასცემია 3 000 აშშ დოლარი (რაც ამ უკანასკნელს მეორე მოპასუხისათვის უნდა გადაეცა, რათა იპოთეკა გაუქმებულიყო ...... ქუჩის მიმდებარედ არსებულ უძრავ ნივთზე) და 200 აშშ დოლარი (საკომისიო). მოსარჩელემ რეალურად მიიღო 6 800 აშშ დოლარი. ვინაიდან მან სარგებლის გადახდა ვეღარ შეძლო, სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების მიზნით, მოპასუხემ ხელი მოაწერინა ქონების დათმობის განცხადებაზე.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი, არ დაეთანხმენ მასში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტეს, რომ სადავო ხელშეკრულებები გაფორმებული იყო კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველს წარმოადგენდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითოხვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება, ასევე, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება, ხოლო, სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

1. ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი. ვიდრე პალატა საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, ყურადღებას საკასაციო სამართალწარმოების რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილებს:

1.1.1. საკასაციო წესით მართლმსაჯულების განხორციელებისას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ორი მიმართულებით, კერძოდ: სასამართლო უპირველესად ამოწმებს, სახეზე ხომ არ არის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში, ხოლო, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება კასატორის პრეტენზიების დასაბუთებულობა, ამ გარემოებათა ჩამონათვალი კი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 393-ე მუხლში.

1.1.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც ისინი იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მათი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

1.2. საკასაციო პალატა მიუბრუნდება განსახილველ საკითხს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის კვლევას შეეხება. უნდა ითქვას, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას?. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი:

ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში;

ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;

გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

1.2.1. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.

1.2.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ [დიდი პალატა] №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ-ებები: #ას-937-887-2015, 10.11.2015; #ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; #ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; #ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; #ას-773-730-2015, 08.09.205წ.; #ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; #ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

1.3. მართალია, სარჩელი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას იურიდიული ინტერესის თაობაზე, თუმცა, დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უდავოა, რომ მოსარჩელეს სურს ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება (აღდგენა), რომელიც სადავოდ გამხდარი გარიგებების საფუძველზე აღარ გააჩნია, რამდენადაც სარჩელის ფორმალური საფუძვლიანობის შესწავლით ირკვევა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის მის მიერ განკარგვითი გარიგებების გაფორმების დროს გამოვლენილი ნების ნამდვილობას. პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიზნის მიღწევა მხოლოდ აღიარებითი სარჩელის პირობებში შეუძლებელია, ამ მოთხოვნის რეალიზაციის საშუალებას მიკუთვნებითი სარჩელი წარმოადგენს, სასამართლო კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის იმპერატიული შეზღუდვიდან გამომდინარე, ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას და ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმას, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ აღიარებითი სარჩელი განსახილველ შემთხვევაში, დაუშვებელია.

1.4. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. (საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).

1.5. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც სახეზე გვაქვს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

2.2. ვინაიდან წინამდებარე განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ო.გ–ის სარჩელი, პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც რ.წ–ს აეკრძალა მის საკუთრებად რეგისტრირებული, ქ.ხაშურში, ...... ქუჩის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების გაყიდვა, იპოთეკით დატვირთვა და სხვაგვარად გასხვისება, ხოლო, ლ.გ–ძეს აეკრძალა ქ.ხაშურში, ...... მდებარე უძრავ ქონებაში კუთვნილი წილის გაყიდვა, იპოთეკით დატვირთვა ან სხვაგვარად გასხვისება.

3. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახემწიოფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 1991, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო.გ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება, ასევე, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება და ო.გ–ის სარჩელი ლ.გ–ძისა და რ.წ–ის მიმართ, ო.გ–სა და რ.წ–ს შორის 2013 წლის 5 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ო.გ–სა და ლ.გ–ძეს შორის 2012 წლის 8 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ო.გ–ის მიერ 2012 წლის 11 დეკემბერს გაცემული თანხმობის ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.

3. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც რ.წ–ს (პ/#9....) აეკრძალა მის საკუთრებად რეგისტრირებული, ქ.ხაშურში, ...... ქუჩის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების (ს/კ #.....) გაყიდვა, იპოთეკით დატვირთვა და სხვაგვარად გასხვისება, ხოლო, ლ.გ–ძეს (პ/#.....) აეკრძალა ქ.ხაშურში, ...... მდებარე უძრავ ქონებაში (ს/კ #.....) კუთვნილი წილის გაყიდვა, იპოთეკით დატვირთვა ან სხვაგვარად გასხვისება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი