№ას-227-2019 24 აპრილი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატად
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ნ.პ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „კ.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „კ.ბ–სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, კრედიტის მიმცემი, მოწინააღმდეგე მხარე, ბანკი ან კრედიტორი) და ნ.პ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, კრედიტის ამღები ან მსესხებელი) შორის 2016 წლის 17 თებერვალს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, საკრედიტო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე გაიცა კრედიტი - 2300 აშშ დოლარი 20 თვით, 2017 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით, ზღვრული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 1,75% - ის დარიცხვით, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 5.00%, ხოლო მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე - 0.27%, პირგასამტეხლოს დარიცხვა 150 კალენდარული დღის განმავლობაში განხორციელდებოდა (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ.18-19, ტ.1).
2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელეს, რ.ა–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან თავდები), ლ.მ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე ან თავდები) და ჯ.ნ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოპასუხე ან თავდები) შორის 2016 წლის 9 იანვარსა და იმავე წლის 12 თებერვალს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდებობის ხელშეკრულება), რომელთა თანახმად, თავდებებმა სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე (იხ. ხელშეკრულებები, ს.ფ. 22-26, ტ.1).
3. მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია. მოპასუხეებს წერილობით ეცნობათ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თაობაზე, თუმცა ამ წერილს მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია (იხ. გაფრთხილების წერილები ს.ფ. 32-43, ტ.1).
4. სარჩელის აღძვრის დროისათვის, ბანკის მიმართ მსესხებლის ფულადი დავალიანება შეადგენდა - 2347,97 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა -1500 აშშ დოლარი, სარგებელი - 446.37 აშშ დოლარი, ჯარიმა - 312.11 აშშ დოლარი, დაზღვევა - 77.67 აშშ დოლარი, საკომისიო -11.82 აშშ დოლარი (იხ. დავალიანების შესახებ ცნობა, ს.ფ. 44, ტ.1).
5. 2016 წლის 29 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 2347,97 აშშ დოლარის, ანაზღაურება. მისი მტკიცებით, მსესხებელმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და სესხი არ გადაიხადა. მოპასუხეებს წერილობით ეცნობათ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 11 დეკემბრისათვის არსებული დავალიანების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.
6. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში ცნეს, ხოლო პირგასამტეხლო, მათი მოსაზრებით, შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შემცირებულიყო.
7. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 2347,97 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე და 895-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები გამოიყენა.
8. პირველმა მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით: აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო გარემოებად ის ფაქტი, რომ, თითქოს, ის ეთანხმება სესხის ძირითად თანხასა და სარგებელს და მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას ხდის სადავოდ. მას და ბანკს შორის ურთიერთობა 2014 წელს დაიწყო, მოსარჩელემ 2016 წელს რეფინანსირება შესთავაზა, რა დროსაც ბანკის მიმართ დავალიანება 989 აშშ დოლარი იყო, მაგრამ ისე მოაწერინეს ხელი 2300 აშშ დოლარის სესხზე, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლომ მიზამშეწონილად არ მიიჩნია მისი შემცირება, რადგან არ იყო შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სოციალურად დაუცველია და ის გარემოება, რომ ხელშეკრულების დადების მომენტში გამოხატა ნება ახალი ხელშეკრულების პირობაზე, ნების გამოვლენად და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად ვერ მიიჩნევა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.1. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის პრეტენზია, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტისათვის არ იცოდა მისი შინაარსი, ის ვალდებულებები, რაც მან ამ ხელშეკრულებით იკისრა, არ გაიზიარა და განმარტა, რომ სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის წრმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ ნების გამოვლენა, ზეპირი ხელშეკრულებისგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსა და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგი. ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მიღების სურვილსა და მზაობას.
9.2. სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ საქმეში არ არის წარდგენილი მოვალის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება. პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოვალის მხრიდან ვალდებულების შესრულებით შეწყვეტის საფუძველი და, შესაბამისად, კრედიტორის სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურსამართლებრივი წინაპირობებიც ვლინდებოდა.
9.3. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობა, ხეშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევაა. განსახილველ შემთხვევაში, რაკი უდავოა იყო, რომ მოვალემ ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა, მას წარმოეშვა მოვალეობა, გადაეხადა პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად უნდა განსაზღვრულიყო. პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 312.11 აშშ დოლარი, არ იყო შეუსაბამოდ მაღალი და არ უნდა შემცირებულიყო.
10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 8.1) .
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით) 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 868-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი), 873-ე (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა) 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
16. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ ხელშეკრულებას შინაარსის გაუცნობლად მოაწერა ხელი და განმარტავს: ამა თუ იმ სახელშეკრულებოსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს, ადეკვატური სამართლებრივი შედეგი. მართალია, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებს, როგორიცაა - თუნდაც გარიგების დადება მოტყუებით თუ შეცდომით, თუმცა მოტყუებისა და შეცდომის ფაქტები უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებითა და სათანადო გარემოებებზე მითითებით (შდრ. სუსგ.ას-728-696-2016, 3.10.2016წ). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს/კასატორს არც ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მიუთითებია და არც ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოუდგენია სასამართლოსათვის.
17. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, მსესხებელმა პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ივალდებულა. უდავოა, რომ მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია, რამაც დასახელებული ნორმის საფუძველზე მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა წარმოშვა. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლო - 312.11 აშშ დოლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა ძირითადი ვალდებულების დარღვევის მოცულობასა და ვადაგადაცილებით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან მიმართებით, შესაბამისად, მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს (შდრ. სუსგ. #ას-241-241-2018, 25.09.2018წ).
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.პ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი