№ას-476-476-2018 31 ოქტომბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სს „ს.რ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ვ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ფოთის სახალხო სასამართლოს 1951 წლის 30 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდგომში - კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს (სამართალმემკვიდრე სს „ს.რ–ა“), (შემდეგში -მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ვ.ვ–ძის, ამჟამად, ქორწინების შემდგომ ვ.მ–ის (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სასარგებლოდ, დაეკისრა, 105 მანეთის ყოველთვიურად გადახდა 1950 წლის 17 ოქტომბრიდან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში (იხ. სააღსრულებო ფურცელი, ს.ფ. 30-31, ტ.1).
2. მოსარჩელე პირველი ჯგუფის ინვალიდია, ინვალიდობა დადგენილია უვადოდ (იხ. საპენსიო მოწმობა ს.ფ. 32, ტ.1).
3. მოპასუხე მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდის კომპენსაციას - 12 ლარს.
4. 2017 წლის 30 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებით დადგენილ გარემოებებზე. ის ამტკიცებდა, რომ საჭიროებდა მომვლელს, პროტეზირებას, წამლებს და ყოველივეს, რაც ავადმყოფს ესაჭიროებოდა. შესაბამისად, ტრავმის გამო გაზრდილი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად აღარ იყო საკმარისი ის 12 ლარი, რასაც მოპასუხე უხდიდა. აქედან გამომდინარე, მისი სარჩო ყოველთვიურად 105 ლარით უნდა განსაზღვრულიყო. ამავე წესით უნდა ანაზღაურებოდა ბოლო სამი წლის სარჩო იმ თანხის გამოკლებით, რაც მოპასუხემ გადაუხადა, კერძოდ, მოპასუხეს 3348 ლარის გადახდა უნდა დაჰკისრებოდა მის სასარგებლოდ.
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელის პოზიცია, დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებასთან დაკავშირებით, იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო მოთხოვნა, ერთჯერადად 3348 ლარის დაკისრების ნაწილშიც.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 2017 წლის 30 მაისიდან უვადოდ (მთელი სიცოცხლის მანძილზე), ყოველთვიურად, დასახიჩრებასთან გამოწვეული მოვლისათვის საჭირო ხარჯის - 105 ლარისა და 3348 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 992-ე, 408-ე და 412-ე მუხლები გამოიყენა.
7. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
7.1. აპელანტის მტკიცებით, მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებაში მოპასუხის ბრალეული ქმედება არ დადგენილა, ასევე, უსაფუძვლოა მოთხოვნა დანიშნული დახმარების დაანგარიშებასთან დაკავშირებით, ვინაიდან გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე ითხოვს მოსარჩელე დახმარების გაზრდას.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
8.1. აპელანტის ბრალეულობის საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ დასკვნას და განმარტა, რომ, სსსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. განსახილველ შემთხვევში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადგენილი იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ბრალი, მოსარჩელის დასახიჩრების ფაქტთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს დაევალა მოსარჩელისთვის ყოველთვიურად სარჩოს გადახდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის ეს არგუმენტი არ იყო საკმარისი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გასაუქმებლად.
8.2. სარჩოს დაანგარიშების საკითხთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა და აღნიშნა, რომ უდავოა, ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ბრალი, მოსარჩელის დასახიჩრების ფაქტთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც მოპასუხეს ყოველთვიურად დაეკისრა 105 მანეთის გადახდა 1950 წლის 17 ოქტომბრიდან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ამასთან, მოსარჩელე ცნობილია პირველი ჯგუფის ინვალიდად მუდმივად, შესაბამისად, მოპასუხის, როგორც ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს სამართალმემკვიდრის ვალდებულება, მოსარჩელისათვის დასახიჩრებით მიყენებული ზიანისთვის სარჩოს ყოველთვიურად გადახდის თაობაზეც, უდავო გარემოებას წარმოადგენს. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელის, როგორც პირველი ჯგუფის ინვალიდის გაზრდილი მოთხოვნილებები ტრავმიდან გამომდინარეობს.
8.3. დასახიჩრების ხარისხის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ თვეში 12 ლარის გადახდა, არ შეიძლება იყოს გონივრული და შესაბამისი არსებულ ეკონომიკურ პირობებთან, ამასთან, ეს თანხა საარსებო მინიმუმზე 10-ჯერ ნაკლებია, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მოპასუხის მიერ დადგენილი თანხა ვერ იქნება შრომისუნარშეზღუდული ადამიანის გაზრდილ მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, საკმარისი. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გამოთქმული მოსაზრებაც, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა - 105 მანეთი, გადაანგარიშების შემთხვევაში, გაცილებით მეტია, ვიდრე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა, თვეში - 105 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობა ადეკვატურია ფოთის სახალხო სასამართლოს 1951 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხისა, განვლილი პერიოდისთვის დავალიანების დაკისრების თაობაზე მოთხოვნაც საფუძვლიანია.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 7.1).
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, გადაუხდელი თანხის ანაზღაურებისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი სარჩოს ოდენობის გადაანგარიშების მოთხოვნა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408-ე მუხლის მეორე ნაწილის (თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით) დანაწესიდან გამომდინარეობს. მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად, მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება, დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
15. კასატორის ბრალეულობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და დამატებით განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის ბრალეულობის საკითხი არ იხილება, რადგან, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ბრალი, მოსარჩელის დასახიჩრების ფაქტთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს დაევალა მოსარჩელისთვის ყოველთვიურად სარჩოს გადახდა. საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური, კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (შდრ. სუსგ-ები #ას-827-791-2014, #ას-592-560-2015; #ას-895-845-2015; #ას-58-56-2016, #ას-1199-1159-2016; #ას-824-790-2016). შესაბამისად, მოპასუხის, როგორც ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს სამართალმემკვიდრის ვალდებულება, მოსარჩელისათვის დასახიჩრებით მიყენებული ზიანისათვის სარჩოს ყოველთვიურად გადახდის თაობაზე, უდავო გარემოებაა.
16. კასატორის პრეტენზიას, დანიშნული დახმარების დაანგარიშებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და დამატებით განმარტავს, რომ, მართალია, მოსარჩელე არ იყო დასაქმებული სარკინიგზო დარგში, მაგრამ ყოველთვიური სარჩო დაანგარიშდა, შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად (210 მანეთის 50%-ი, 105 მანეთი). ამჟამად მოსარჩელე სარჩოს დაანგარიშებას ითხოვს არა გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, არამედ გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩოს გადაანგარიშება უნდა დაეფუძნოს ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმს. აღსანიშნავია, რომ 1996 წელს თავად კასატორის მიერ გადაანგარიშებული სარჩო, იმ დროს არსებულ საარსებო მინიმუმთან იყო შესაბამისი, ამჟამად მოქმედი კანონით, საარსებო მინიმუმი - 173.80 ლარია, 20 წლის წინ მოსარჩელისათვის გადაანგარიშებული სარჩო კი, მასზე 14-ჯერ ნაკლებია. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სწორად განესაზღვრა სარჩო - 105 ლარი.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. #№ას-738-690-2017, 11.07.2017წ).
18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300.20 (223,20 ლარის, საგადახდო დავალება #9940, გადახდის თარიღი 02.04.2018; 77 ლარის, საგადახდო დავალება #11532, გადახდის თარიღი 22.05.2018) 70% – 210.14 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს.რ–ას“ დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300.20 (223,20 ლარის, საგადახდო დავალება #9940, გადახდის თარიღი 02.04.2018; 77 ლარის, საგადახდო დავალება #11532, გადახდის თარიღი 22.05.2018) 70% – 210.14 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი