№ას-707-707-2018 28 ივნისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სს „ქ.კ–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალდებულება - ნაკლის მქონე ნივთის გამოცვლა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდეგში - შემკვეთი, შემსყიდველი, მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) მიერ 2015 წელს გამოცხადდა ოთხი ცალი წყალსაქაჩი ტუმბოს მიწოდება/მონტაჟის შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასითებლები შემდეგნაირად განისაზღვრა: ნომინალური წარმადობა - 110 კუბმეტრი/სათში; აწევის სიმაღლე ნომინალურ წარმადობაზე - 149 მ; ძრავა - 75 კვტ; მუშა ძაბვა - 380 ვოლტი; კორპუსის და ფრთოსანას მასალის მინიმუმი - EN-GJI-250 სტანდარტის; ძრავის ნესტშეღწევადობის კლასის მინიმუმი - IP 54; კომპლექტში შედის ტუმბოს მართვის ყუთები, რომლებიც უნდა იყოს რბილი (soft start) ელექტრომექანიკურ კონტაქტორებზე; მართვის პულტს უნდა ჰქონდეს ამომრთველი, ფაზური დაცვის რელე, ამპერული გადატვირთის რელე, მშრალი სვლის რელე; კოპუსის მინიმუმი - IP 54; წყალსაქაჩი ტუმბო - ჰორიზონტალური; მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დანადგარის მიწოდება და შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე (ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია) მონტაჟი; საქონლის ექსპლუატაციის საგარანტიო ვადა - შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ორი წელი (იხ. სატენდერო დოკუმენტაცია, ს.ფ. 46-50).
2. მოსარჩელესა და შპს „ქ.კ–ს“ (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან მიმწოდებელი) შორის 2015 წლის 1 დეკემბერს დაიდო #272 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება; იხ. ს. ფ. 201-204), რომლითაც განისაზღვრა შესაძენი საქონლის პარამეტრები, მიწოდების ვადები, დამონტაჟების პირობები, ანაზღაურებისა და სხვა საკითხები, სახელდობრ: ხელშეკრულების ღირებულება - 107 054 ლარით; ხელშეკრულების საგანი - დანართი #2-ით დადგენილი წყლის ტუმბოები და მონტაჟი; საქონლის მიწოდება - ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდალური დღით; ტუმბოები მიწოდებულად ჩაითვლებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; ანგარიშსწორება - მიღება/ჩაბარების აქტის წარდგენიდან - 20 დღის ვადაში; ყველა გამოვლენილ ნაკლსა და ხარვეზს მოპასუხე აანაზღაურებდა; ექსპლუატაციის ნორმების დაცვის პირობებში მიწოდებული საქონლის/ტუმბოების გარანტია კი- ორი წლით.
3. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შემკვეთს ოთხი ტუმბო მიაწოდა. შემსყიდველმა შეამოწმა წყლის საქაჩი ტუმბოები და ჩაიბარა, რის თაობაზეც 2016 წლის 1 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება/ჩაბარების აქტი. მიწოდებული ტუმბოები ხელშეკრულების დანართი #2-ის შესაბამისი იყო: ნომინალური წარმადობა - 110 კუბმეტრი/საათში; აწევის სიმაღლე ნომინალურ წარმადობაზე - 149მ; ძრავა - 75 კვტ; წყალსაქაჩი ტუმბო ჰორიზონტალური; სხვა მახასიათებლის შესაბამისობა სატენდერო მოთხოვნებთან სადავო არ არის (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ. 61-63).
4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 ივლისის #004495716 დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულების მოთხოვნა - ნომინალური წარმადობა - 110 კუბმეტრი/საათში; აწევის სიმაღლე ნომინალურ წარმადობაზე - 149მ, ნიშნავს, რომ ტუმბომ წყალი უნდა აიტანოს 149 მეტრ სიმაღლეზე არსებული მილების სისტემაში გავლით, კერძოდ, I ხაზში გავლით, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, შეძენილ იქნა ტუმბოები წარმადობით 110 მ3/სთ და აწევით 149მ, შესაბამისად, ვერ იქნა გათვალისწინებული, რომ 149მ-ში შედის სადაწნეო I ხაზში110 მ3/სთ ხარჯის გავლის დროს წარმოქმნილი დაწნევის დანაკარგებიც, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც, პირველი ხაზის ე.წ. „დამწვარი გორის“ მიმართულებით ტუმბოს აწევის სიმაღლე უნდა განსაზღვრულიყო 401მ-ით, რადგან შესაძლებელი ყოფილიყო 110მ3/სთ წყლის აქაჩვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებულ ვითარებაში, ტუმბო ქაჩავს 30-35 მ3/სთ წყალს, ამიტომ ტუმბო არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პარამეტრებს (იხ. დასკვნა, ს.ფ. 189-195).
5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორის მიერ მიმწოდებლისათვის მიწერილი წერილით ირკვევა, რომ მინიმალური სიმძლავრე, რათა განხორციელდეს 110 კუბმეტრი წყლის ხარჯვა 401 მეტრი დაწნევის პირობებში უნდა იყოს 120 კვტ (იხ. წერილი, ს.ფ.173).
6. 2016 წლის 14 სექტემბერს შემკვეთმა სარჩელი აღძრა მიმწოდებლის მიმართ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მოთხოვნით, სახელდობრ, ითხოვა დაევალოს მოპასუხეს მიწოდებული ორი ტუმბო შეცვალოს ისეთით, რომლითაც შესაძლებელი იქნება 149 მეტრ სიმაღლეზე საათში 110 კუბმეტრი წყლის მიწოდება.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტა, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებელია, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად, კერძოდ, მოსარჩელეს ოთხი ტუმბო მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პარამეტრების შესაბამისად.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულება დაეკისრა, კერძოდ, დაევალა მიწოდებული ნივთობრივად ნაკლიანი ორი ტუმბო შეცვალოს ისეთი ტუმბოებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება 149 მეტრ სიმაღლეზე, საათში, 110 კუბური მეტრი წყლის მიწოდება.
9. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი უარყოფილ იქნა.
10.1. სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მოპასუხემ/მიმწოდებელმა იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მისი მხრიდან ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულდა და შემსყიდველს მიაწოდა ნივთობრივად უნაკლო ნივთი, მიუთითა სატენდერო დოკუმენტაციაზე, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, მიღება-ჩაბარების აქტზე, ექსპერტიზის დასკვნაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორის წერილზე. წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მიმწოდებლის მიერ შემკვეთისათვის მიწოდებული და დამონტაჟებული წყლის ტუმბოები სრულად შეესაბამებოდა 2015 წელს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის მოთხოვნებს, რომლითაც განსაზღვრულ იქნა შესყიდვის ობიექტის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები შემდეგი სახით: ნომინალური წარმადობა 110 კუბმეტრი/საათში; აწევის სიმაღლე ნომინალურ წარმადობაზე 149მ; ძრავა -75 კვტ. სატენდერო დოკუმენტაციაში ტუმბოების სამონტაჟე ადგილი, წყლის მიწოდებისათვის უკვე არსებული მილების მდგომარეობა/სტანდარტები მითითებული არ ყოფილა.
10.2. ასეთი ვითარებისას პალატამ მიიჩნია, რომ მიმწოდებელი არ იყო ვალდებული ჩაეტარებინა ჰიდრავლიკური გამოკვლევები, დაედგინა წყლის მიწოდებისას დაწნევის დანაკარგები, ხოლო, ტენდერის პირობების შესრულების მიზნით, მისი მხრიდან შესაბამისი ფიზიკური პარამეტრების მქონე ტუმბოების მიწოდება (ნომინალური წარმადობა 110 კუბმეტრი/საათში; აწევის სიმაღლე ნომინალურ წარმადობაზე 149 მ; ძრავა- 75 კვტ), რასაც განსაკუთრებული წინაღობისა და დაბრკოლების არარსებობის პირობებში, ჩვეულებრივი სარგებლობისას შეეძლო 149 მ სიმაღლეზე საათში 110 კუბმეტრი წყლის მიწოდება, უნაკლო ნივთის მიწოდებაა.
10.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, ის გარემოება, რომ პირველი ხაზის, „ე.წ. „დამწვარი გორისა“ და მეორე ხაზის მიმართულებით, მოპასუხის მიერ მიწოდებული ტუმბოები 149მ სიმაღლეზე ქაჩავს მხოლოდ 30-35 მ3/სთ წყალს, გამოწვეული იყო თავად შემკვეთის ბრალით, ვინაიდან, როგორც ექსპერტიზის დასკვნითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორის წერილით ირკვევა, არსებული მილების სისტემაში წყლის გავლის დროს წარმოქმნილი დაწნევის დანაკარგების გათვალისწინებით, დანიშნულების ადგილზე 110 მ3 /სთ წყლის აქაჩვისათვის აუცილებელია ტუმბოს აწევის სიმაღლე იყოს 401 მ და არა 149 მ, ხოლო ტუმბოს მინიმალური სიმძლავრე არა 75 კვტ, არამედ 120 კვტ, რაც ტენდერის გამოცხადების დროს არ გათვალისწინებულა.
10.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის რეალიზაცია, ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ შემსრულებელმა ნაკლიანი ნივთი მიაწოდა შემსყიდველს, რის გამოც ვალდებულია, ნაკლის გამოსწორების მიზნით შეცვალოს ვარგისი გვაროვნული ნივთით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელი იყო.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
11.1. კასატორის მტკიცებით, ტუმბოების მონტაჟის შემდეგ, რამდენიმე თვეში აღმოჩნდა, რომ ორი ტუმბო დადგენილი პარამეტრებით წყალს ვერ ქაჩავდა, ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე აცნობეს მოპასუხეს, რომელმაც უარი განაცხადა ნივთის ნაკლის გამოსწორებაზე.
11.2. კასატორის მითითებით, სახელშეკრულებო პირობას, მოწოდებასთან ერთად, წარმოადგენდა მონტაჟი, შესაბამისად, თუ მონტაჟის ფარგლებში გამოიკვეთა შეუსაბამობა დასამონტაჟებელ ნივთსა და ფაქტობრივ გარემოებას შორის, მიმწოდებელს ეკისრებოდა ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულება ან/და შემსყიდველის ინფორმირება შემდგომი რეაგირების მიზნით.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 477.1 მუხლის (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველია მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) , 488.1 (ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის) და 490.1 (თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში) მუხლებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა, რომ მოთხოვნა არ წარმოშობილა, რადგანაც ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები არ შესრულებულა.
18. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ შემსყიდველისათვის მიწოდებული და დამონტაჟებული წყლის ტუმბოები 2015 წელს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება, კერძოდ, ტენდერით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები - ნომინალური წარმადობა 110 კუბმეტრ/საათში; აწევის სიმაღლე ნომინალურ წარმადობაზე 149მ; ძრავა -75 კვტ. სატენდერო განაცხადში ტუმბოების სამონტაჟე ადგილი, წყლის მიწოდებისათვის უკვე არსებული მილების მდგომარეობა/სტანდარტები მითითებული არ ყოფილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ასეთ ვითარებაში, მოპასუხეს არ ევალებოდა ჰიდრავლიკის შესწავლა, წყლის მიწოდებისას დაწნევის დანაკარგების დადგენა, ხოლო მიმწოდებლის მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრების მქონე ტუმბოების მიწოდება, რასაც განსაკუთრებული წინაღობისა და დაბრკოლების არარსებობის პირობებში, ჩვეულებრივი სარგებლობისას შეეძლო 149 მ სიმაღლეზე საათში 110 კუბმეტრი წყლის მიწოდება, უნაკლო ნივთის მიწოდებაა.
19. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოპასუხემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით დაამტკიცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი, ხოლო მოსარჩელემ/კასატორმა ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის რეალიზება/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა სარწმუნო და დამაჯერებელი არგუმენტებით (სსსკ-ის 102 მუხლი), ვერ დაამტკიცა.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი