Facebook Twitter

№ას-731-2019 28 ივნისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – ი.თ–ძე, თ.თ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ს.ჩ–ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქალაქ თბილისში, ....., კორპუსში მდებარე #31 ბინა, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით # .... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება) 1996 წლის 9 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ს.ჩ–ას (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 21-22, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

2. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ სადავო უძრავ ქონებას ი.თ–ძე (შემდეგში პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და თ.თ–ძე (შემდეგში მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.

3. უძრავ ნივთს მოპასუხეები არ ათავისუფლებენ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

4. 2018 წლის 7 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). ის ამტკიცებდა, რომ 1996 წლის 9 აგვისტოდან სადავო ქონების მესაკუთრეა, თუმცა მოპასუხეები მაინც განაგრძობენ მისი ნივთის უკანონოდ ფლობას და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებენ მას.

5. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე და 312-ე მუხლები გამოიყენა.

7. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

8.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა, სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და იგი მართებულად დაკმაყოფილდა.

8.2. აპელანტების პრეტენზიასთან მიმართებით, რომ მოდავე მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება, სადავო ქონების დროებით, სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ბინაში უკანონოდ არ შესულან და მათი მფლობელობა მართლზომიერია, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოდავე მხარეებს შორის მფლობელობის საკითხზე შეთანხმების, რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს თხოვებას, არსებობის შემთხვევაშიც კი, მოპასუხეები ვერ იქნებიან სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელები, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეთა შეთანხმება თხოვების შესახებ ბინის მართლზომიერ მფლობელობას წარმოშობს იმ დრომდე, ვიდრე მესაკუთრე არ გამოავლენს ნებას მფლობელობის შეწყვეტის შესახებ. სარჩელის აღძვრით მესაკუთრის მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე კი, შეწყდა მხარეთა შორის წარმოშობილი ის სამართლებრივი ურთიერთობა (თხოვება), რაც განაპირობებს მოპასუხეების მხრიდან სადავო ბინის მფლობელობის მართლზომიერებას. სადავო ქონებაზე აპელანტების მფლობელობის შეწყვეტის დამატებითი სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 622-ე მუხლის დანაწესიდანაც, რომლის თანახმად, თუ მონათხოვრე გარდაიცვალა ან გამნათხოვრებელი გაუთვალისწინებელი გარემოების გამო საჭიროებს ნივთს, მას შეუძლია, მოშალოს ხელშეკრულება. ამდენად, აღნიშნული მუხლი მიუთითებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნის (ხელშეკრულების მოშლა) საფუძვლიანობაზეც. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოპასუხეებს სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ჰქონდათ რაიმე უფლება, რითაც დადასტურდებოდა სადავო ქონების მათი მართლზომიერი ფლობის საფუძველი.

8.3. რაც შეეხებოდა აპელანტების მსჯელობას, იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურებაზე, რაც გაიღეს სადავო ნივთზე მათი მფლობელობის დროს, პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საქმეს არაფრით უკავშირდებოდა და მოცემული სარჩელის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლო მათზე ვერ იმსჯელებდა. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, დავა ეხებოდა არა არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის უფლებას, მოითხოვოს გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, არამედ იმ უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენდა მოსარჩელე.

8.4. სააპელაციო პალატამ უარყო აპელანტების პრეტენზია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ უნდა მიეჩნია მოწმის, უძრავი ქონების წინამორბედი მესაკუთრის შვილის ჩვენება, რომელიც ესწრებოდა მოსარჩელესა და მოპასუხეების მამას შორის ზეპირი შეთანხმების დადებას, მათ მიერ სადავო უძრავი ქონების ერთობლივი ყიდვის პირობების თაობაზე. პალატამ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია პირდაპირი მტკიცებულებით, - საჯარო რეესტრის ამონაწერით, მოპასუხეების მიერ მესაკუთრის უფლების წარმოშობის საფუძველი (ნასყიდობის ხელშეკრულება), შესაბამისი საპროცესო დოკუმენტით შედავებული არ იყო და მხოლოდ მოწმის ჩვენება უძრავი ქონების სხვა პირობებით ნასყიდობის თაობაზე, სადავო გარემოების სამტკიცებლად ვერ გამოდგებოდა.

8.5. საქმისწარმოების შეჩერების შესახებ აპელანტების პრეტენზიასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა: გამომდინარე იქიდან, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტი ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, შეაჩეროს საქმისწარმოება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით და აღნიშნული დანაწესი არ მიუთითებს სისხლის სამართლის წესით განსახილველი სხვა საქმის შემთხვევაში, საქმისწარმოების შეჩერების ვალდებულებაზე, მით უფრო გამოძიების ეტაპზე, არ არსებობდა საქმისწარმოების შეჩერების საფუძველი.

9. მოპასუხეებმა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:

9.1. კასატორების მტკიცებით, საქალაქო სასამართლომ უარყო მათი მოთხოვნა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, წარმომადგენელმა კი, სხდომის დღეს ვერ მოასწრო საქმის მასალების გაცნობა, უფრო მეტიც, მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში და დასრულდა იმავე დღეს, ხოლო, საქმის არცოდნის გამო, წარმომადგენელმა ვერ შეძლო მათი ინტერესების სრულყოფილი დაცვა, შესაბამისად, არ მიეცათ შესაძლებლობა, საქმის განხილვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღეძრათ შეგებებული სარჩელი.

9.2. კასატორების მითითებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა შეჯიბრობითობის პრინციპის დარღვევით უარყვეს მათი მოთხოვნა მოწმის დაკითხვის შესახებ.

9.3. მოპასუხეების/კასატორების მტკიცებით, სასამართლომ არასწორად უთხრათ უარი საქმისწარმოების შეჩერების შესახებ მოთხოვნაზე.

9.4. კასატორების მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობდნენ უკანონოდ, ვინაიდან მფლობელობის უფლება მოიპოვეს მემკვიდრეობით. კასატორების განმარტებით, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 1998 წლის დასაწყისში, მოსარჩელემ, თავისი მეუღლის აწ/გარდაცვლილ ბიძას (მოსარჩელეების მამკვიდრებელს), დროებით, მიზნისა და ვადის განსაზღვრის გარეშე, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ათხოვა საკუთარი უძრავი ქონება, შესაბამისად, მათზე სადავო ქონების მფლობელობის უფლება გადავიდა მემკვიდრეობით.

9.5. აპელანტების მითითებით, სასამართლო დავის გადაწყვეტისას, არ დაინტერესებულა დავის საგნის ნივთობრივი მდგომარეობით, კერძოდ, იმით, რომ მოპასუხეები სადავო ბინაში ცხოვრობენ 22 წლის განმავლობაში, ამ პერიოდში, მათ არაერთხელ შეასრულეს კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, გაიყვანეს საკომუნიკაციო ქსელები, სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ნივთი და გაიზარდა ფასიც.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

16. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

17. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი. მან, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

19. კასატორების მსჯელობასთან მიმართებით, რომ არ მიეცათ შესაძლებლობა, საქმის განხილვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღეძრათ შეგებებული სარჩელი, სადავო ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მთხოვნით, საკასაციო სასამართლო განმარტავს: საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს შესაგებლის წარსადგენად 10 -დღიანი ვადა განესაზღვრათ, შესაგებელი წარადგინეს 2018 წლის 25 ივნისს (იხ. ს.ფ. 32), მოსამზადებელი სხდომა გაიმართა - 2018 წლის 6 დეკემბერს, შესაბამისად, სასამართლოს არ შეუზღუდავს მოპასუხეები, მათ თითქმის ექვსი თვე ჰქონდათ იმისათვის, რომ აღეძრათ შეგებებული სარჩელი. აქედან გამომდინარე, რაკი მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი არ აღძრეს, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ იმსჯელა ხარჯების ანაზღაურების საკითხზე. უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხეებს შეუძლიათ, აღძრან დამოუკიდებელი სარჩელი და ამ გზით იდავონ საკუთარი უფლებების დასაცავად, შესაბამისად, მათი ეს პრეტენზია უსაფუძვლოა.

20. კასატორების შემდეგი პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა შეჯიბრობითობის პრინციპის დარღვევით უარყვეს მოწმის დაკითხვის შესახებ მოთხოვნა. მათ ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო უარყოფს და ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს საპელაციო პალატის დასკვნას, რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია პირდაპირი მტკიცებულებით, - საჯარო რეესტრის ამონაწერით, მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი (ნასყიდობის ხელშეკრულება), მოპასუხეების მიერ შედავებული არ ყოფილა, მხოლოდ მოწმის ჩვენება კი, უძრავი ქონების სხვა პირობებით ნასყიდობის თაობაზე, სადავო გარემოების სამტკიცებლად ვერ გამოდგებოდა.

21. კასატორების პრეტენზია ისიცაა, რომ, ვინაიდან სადავო ბინაში უკანონოდ არ შესულან, მათი მფლობელობა მართლზომიერია. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მართლზომიერი მფლობელია პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში. მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა წარმოქმნილი[. ]ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდნენ სადავო ნივთს და, შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელებს წარმოადგენდნენ, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ სსკ-ის 621.2 მუხლის (თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია, ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება) საფუძველზე, ნივთის დაბრუნება მოითხოვა, ისინი ვალდებული იყვნენ, დაებრუნებინათ სადავო ნივთი, რაკი ხელშეკრულებით ვადა არ იყო განსაზღვრული და მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეეძლო, მოეთხოვა ნივთის დაბრუნება, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ნივთის დაბრუნების მოთხოვნის მომენტიდან მოპასუხეები/კასატორები აღარ წარმოადგენდნენ მართლზომიერ მფლობელებს. აქედან გამომდინარე, მოპასუხეები სადავო ნივთის არაკეთილსინდისიერი მფლობელები არიან, რაც მათ ავალდებულებთ, ეს ნივთი დაუბრუნონ უფლებამოსილ პირს, ამ შემთხვევაში - მოსარჩელეს (სსკ-ის 164-ე მუხლი - არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს ნივთი). აქედან გამომდინარე, რაკი შესრულებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

22. საქმისწარმოების შეჩერების შესახებ კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმისწარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, როგორიცაა, მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის, საპროცესო ეკონომიის, რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას, სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ბევრჯერ შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმისწარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა, შესაბამისად, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) გათვალისწინებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება, მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმისწარმოების შეჩერებამდე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელსაც სხვა სასამართლო განიხილავს (იხ. სუსგ, #ას-551-519-2012, 11.06.2012წ.). მოცემულ შემთხვევაში, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ სისხლის სამართლის წესით განსახილველი საქმის (მით უფრო - გამოძიების ეტაპზე მყოფის) დასრულებამდე, სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების შესაძლებლობას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

23. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც შესრულებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

27. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ი.თ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი24.05.2019), 70% – 105 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.თ–ძისა და თ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს: ი.თ–ძესა (.....) და თ.თ–ძეს (....) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ი.თ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი24.05.2019), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი