Facebook Twitter

№ას-930-2018 28 დეკემბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ა(ა)იპ საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაცია - ბ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 19 მარტის N92 ბრძანებით, ქალაქ ა–ში, 2015 წლის 25-30 მარტს საერთაშორისო კონკურსში ''EUROMATH-2015'', საქართველოს მოსწავლეების მონაწილეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ''საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ'' საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან სამინისტრო) გამოუყო - 14 000 ევროს ეკვივალენტი ლარი.

2. 2015 წლის 20 მარტს მოსარჩელესა და ა(ა)იპ საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაცია - “ბ–ს'' (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის, საქართველოს 2015 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად, პროგრამა ''ზოგადი განათლების ხელშეწყობის'' ასიგნების ფარგლებში, საერთაშორისო კონკურსში - ''EUROMATH-2015'', საქართველოს მოსწავლეების მონაწილეობის მიზნით, დაიდო დაფინანსების შესახებ N09-1/63/12 ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 33 275.20 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების 6.5 პუნქტით დადგინდა არამიზნობრივად გახარჯული ან აუთვისებელი თანხის დაბრუნების ვალდებულებაც (იხ. ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ 22-25).

3. ''EUROMATH-2015'' საქართველოს მოსწავლეების მონაწილეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვით, გათვალისწინებულ იქნა:

1. სასტუმროს ხარჯი - 7 776.89 ლარი;

2. საქართველოს გუნდის საწევრო გადასახადი - 7 510.69 ლარი;

3. ავიაბილეთების ღირებულება - 13 310.08 ლარი;

4. კონფერენციის მსვლელობისას კვების ხარჯი - 2 852.16 ლარი;

5. საზეიმო ცერემონიაზე დასწრების ხარჯი - 950.72 ლარი;

6. გადარიცხვის საკომისიო და გაუთვალისწინებელი ხარჯები - 874.66 ლარი; ჯამში - 33 275.20 ლარი (იხ. ხარჯთაღრიცხვა ს.ფ. 25).

4. “EUROMATH-2015-ში“ საქართველოს მოსწავლეების მონაწილეობასთან დაკავშირებული ღონისძიებებისათვის გაღებულია:

1. სასტუმროს ხარჯი - 6 081.10 ლარი;

2. საქართველოს გუნდის საწევრო გადასახადი - 5 446.50 ლარი;

3. ავიაბილეთების ღირებულება - 12 474.70 ლარი;

4. კონფერენციის მსვლელობისას კვების ხარჯი - 1 351.73 ლარი;

5. თანხის გადარიცხვისა და გატანის საკომისიო - 200.47 ლარი;

6. ვიზების გადასახადი - 1 224.21 ლარი;

7. ინტერნეტით სარგებლობა ათენის სასტუმროში - 99.94 ლარი;

8. დაზღვევის გადასახადი - 100.65 ლარი;

9. თარჯიმნის ხელფასი - 627.50 ლარი;

10. ტაქსებით მომსახურება აეროპორტში - 649.58 ლარი;

11. მატარებლით მგზავრობა აკროპოლისზე - 119.92 ლარი, ჯამში - 28 377 ლარი.

5. “EUROMATH-2015-ის“ ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად, 20 ბავშვიდან 14 გაემგზავრა.

6. ღონისძიების ჩატარების თარიღი იყო - 2015 წლის 25 მარტი, თანხა მოპასუხის ანგარიშზე 2015 წლის 24 მარტს ჩაირიცხა.

7. სასყიდლიანი სავიზო მომსახურების მიღებით, გაუთვალისწინებელი ხარჯი 1224.21 ლარით გაიზარდა და დამატებით, დაიხარჯა: თარჯიმნის მომსახურებისათვის - 627.50 ლარი, საკომისიო - 200.47 ლარი, ტრანსპორტირების - 770 ლარი, ინტერნეტის - 99.95 ლარი, დაზღვევის - 100.65 ლარი და კონვერტაციის ხარჯი - 88 ლარი.

8. მოპასუხემ, 2015 წლის 15 მაისის #G/46 წერილით, ფინანსური ანგარიში და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინა სამინისტროში.

9. 2016 წლის 29 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით, მოსარჩელის მტკიცებით, მიზნობრივ ხარჯს, 26 141.04 ლარი წარმოადგენდა, შესაბამისად, ბიუჯეტში - 7134.16 ლარი უნდა დაბრუნებულიყო. ამასთან, ფინანსური ანგარიშის 20 დღის დაგვიანებით წარდგენისათვის, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს - 332.75 ლარის გადახდა.

10. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ, 4712.50 ლარის ნაწილში ცნო.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დავალიანების - 4712.50 ლარისა და პირგასამტეხლოს, 332.75 ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, მე-8, 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 417-ე და 420-ე მუხლები გამოიყენა.

11.1. სასამართლოს დასკვნით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხემ შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, კერძოდ, ''EUROMATH-2015-ში'' საქართველოს მოსწავლეების მონაწილეობის მიზნით, გახარჯულია - 28 377 ლარი, ხოლო მოპასუხის მიერ გაღებული სადავო - 2236 ლარი, გაუთვალისწინებელი და არა არამიზნობრივი ხარჯია, ვინაიდან ფაქტობრივი დანახარჯი არ გასცდენია და მოემსახურა ხელშეკრულების საგანს.

12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთო ღირებულებიდან გახარჯული თანხის სადავო ნაწილი - 2236 ლარი გახარჯა მიზნობრივად, კერძოდ, სადავო თანხა, მოხმარდა საერთაშორისო კონკურს ''EUROMATH-2015-ში'' საქართველოს მოსწავლეების მონაწილეობას დანიშნულებისამებრ.

13.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება 2015 წლის 20 მარტს დაიდო, ამასთან, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ღონისძიების ჩატარების თარიღი - 2015 წლის 25 მარტი, მოპასუხეს კი, თანხა 2015 წლის 24 მარტს ჩაერიცხა, შესაბამისად, მას მხოლოდ რამდენიმე საათი ჰქონდა საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად, პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის მიცემული დროის არასაკმარისობის გამო, დამატებით, საჭირო გახდა სასყიდლიანი სავიზო მომსახურების მიღება, რამაც 1224.21 ლარით გაზარდა ხარჯი, რაც გაუთვალისწინებელ ხარჯად უნდა განხილულიყო. პალატამ დადგენილად მიიჩნია ისეთი გაუთვალისწინებელი ხარჯის არსებობაც, როგორიცაა: თარჯიმნის მომსახურებისათვის 627.50 ლარი, საკომისიო 200.47 ლარი, ტრანსპორტირების - 770 ლარი, ინტერნეტის - 99.95 ლარი, დაზღვევის - 100.65 ლარი და კონვერტაციის ხარჯი - 88 ლარი.

13.3. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ რამდენადაც ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 33 275.20 ლარს, ხოლო მოპასუხემ მიზნობრივად გახარჯა - 28 377 ლარი, შესაბამისად, დაბრუნებას ექვემდებარებოდა დარჩენილი აუთვისებელი თანხა - 4 899 ლარი, რომელშიც შედიოდა სადავო თანხა - 2236 ლარი.

14. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, კასატორმა განმარტა, რომ ხელშეკრულების 6.1. პუნქტით, თანხის მიმღებმა აიღო ვალდებულება, ხელშეკრულების მესამე მუხლით განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში უზრუნველეყო ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულება (იხ. პ. 3). ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ხარჯთაღრიცხვა, სასამართლომ კი არ შეაფასა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების პირობის შესრულების ფაქტი. კასატორის მტკიცებით, ხელშეკრულებით, მხარეთა ნების შესაბამისად, ნათლად განისაზღვრა, რომ უკან დაბრუნებას დაექვემდებარებოდა, ერთი მხრივ, არამიზნობრივი (ყველა ის ხარჯი, რაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული არ იქნებოდა) და, მეორე მხრივ, აუთვისებელი ხარჯები, რაც მოპასუხემ ნაწილობრივ აღიარა. სასამართლომ მიზნობრივ ხარჯში ჩათვალა ის მომსახურება, რაც ხელშეკრულებით არ გათვალისწინებულა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

18. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით ირკვევა, რომ მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა საერთაშორისო მათემატიკურ კონკურსში საქართველოს მოსწავლეების მონაწილეობის მიზნით, საორგანიზაციო საკითხების (ავიაბილეთების შეძენა, სასტუმროს დაჯავშნა, სავიზო მომსახურეობა, მოსწავლეების ჩაყვანა დანიშნულების ადგილზე და მათი უკან დაბრუნება და ა.შ) მოგვარება სახელმწიფოს სახელითა და ხაჯით, რომლის ფარგლებშიც იგი ანაზღაურებას არ იღებდა. სწორედ ამ ვალდებულების ფარგლებში მოითხოვს მარწმუნებელი, რწმუნებულისგან იმ თანხის დაბრუნებას, რაც მან მიიღო ზემოთქმული მოქმედებების შესასრულებლად და არ გამოიყენა მიზნობრივად. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (რწმუნებული მოვალეა, დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის) გამომდინარეობს.

20. მოცემული ნორმის თანახმად, სარჩელი წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ დავალების შესასრულებლად გადაცემული თანხა რწმუნებულმა არ გამოიყენა მინდობილი მოქმედების შესასრულებლად. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო თანხა მოპასუხემ დავალების შესასრულებლად გამოიყენა, კერძოდ, ეს იყო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯები. ამდენად, მართალია, ეს ხარჯი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულს არ წარმოადგენდა, მაგრამ, რაკი აუცილებელი იყო დავალების შესასრულებლად, მოსარჩელეს მისი უკან დაბრუნება არ შეუძლია. უფრო მეტიც, მოპასუხეს ეს ხარჯი თავადაც რომ გაეღო, მოსარჩელე ვალდებული იქნებოდა, აენაზღაურებინა იგი მოპასუხისთვის (მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯები, სსკ-ის 717.1 მუხლი).

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა (შდრ.სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).

22. ზემოაღნიშნული სადავო ვალდებულების არარსებობის დასადასტურებლად, 2015 წლის 15 მაისის #G/46 წერილით, მოპასუხემ წარადგინა ფინანსური ანგარიში და ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლის საწინააღმდეგოდ მოსარჩელეს/კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც ის არ უნდა იქნეს განხილული.

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან პრაქტიკისაგან.

24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

25. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი