Facebook Twitter

№ას-990-2018 28 ივნისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – შპს „რ.ს–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ბ.რ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ბ.რ–სა“ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) და შპს “რ.ს– (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან შემძენი) შორის დადებული ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელემ 2014 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში მოპასუხეს მიაწოდა 20 070 ლარად ღირებული ბორდიურები (იხ. საგადასახადო ანგარიშფაქტურები, ს.ფ. 13-18. ტ.1).

2. შემძენმა გამყიდველს აუნაზღაურა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ნაწილი, მიუხედავად გამყიდველის არაერთი მოთხოვნისა, შემძენმა დარჩენილი დავალიანება - 9 417 ლარი, არ გადაიხადა.

3. 2016 წლის 27 ივლისს გამყიდველმა სარჩელი აღძრა მყიდველის წინააღმდეგ 9 417 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ამასთან, 2017 წლის 11 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა აღიარა მოსარჩელის მიერ მყიდველისათვის ბორდიურების მიწოდებისა და დავალიანების - 9 417 ლარის, არსებობის ფაქტი (იხ. სხდომის ოქმი, ს. ფ. 71-73. ტ.1).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, 9 417 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 477-ე მუხლი, სსსკ-ის 131-ე და 132-ე მუხლები გამოიყენა.

6. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მყიდველისათვის ნასყიდობის ფასის ანაზღაურების შესახებ გამყიდველის სარჩელი საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.

8. აღნიშნული განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:

8.1. კასატორის მტკიცებით, საქმისწარმოების ყველა ეტაპზე თანახმა იყო, დავა მორიგებით დასრულებულიყო, მყიდველს მოკლევადიანი გადახდის გრაფიკიც შესთავაზა, თუმცა უშედეგოდ. სააპელაციო სასამართლომ კი, არ მისცა საშუალება, მხარეები დავის ფარგლებში მორიგებულიყვნენ და თანხა ნაწილ-ნაწილ გადაეხადა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის (სსკ-ის 477-ე მუხლი) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი, სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, გამყიდველი ვალდებული იყო, მყიდველისათვის მიეწოდებინა ბორდიურები, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ - მიეღო და გადაეხადა ნასყიდობის ფასი სრულად.

14. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან გამყიდველმა ჯეროვნად შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - მყიდველს მიაწოდა შეთანხმებული საქონელი, შემძენმა კი, სრულად არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური, ამასთან, დარჩენილი საფასურის, 9 417 ლარის, გადახდის ვადაც დადგა, სსკ-ის 477.2 მუხლის საფუძველზე (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი), მყიდველი ვალდებული იყო, გადაეხადა შეთანხმებული ფასი.

15. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ვლინდება სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი შემადგენლობა (მოთხოვნა წარმოშობილია, ხოლო მისი განხორციელების გამომრიცხველი, შემწყვეტი ან დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა არ დასტურდება).

16. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არ მისცა საშუალება, მხარეები დავის ფარგლებში მორიგებულიყვნენ და ჰქონოდა თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის შესაძლებლობა, საკასაციო სასამართლო განმარტავს: მხარეთა მორიგების საკითხი, თავად მხარეთა თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, დავის გადაწყვეტის შესაძლო გზაა, დავის მორიგების გზით დასრულება, მოწინააღმდეგე მხარესაც უნდა სურდეს, მაგრამ ამის სურვილი მას არ გამოუთქვამს.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან. (შდრ. სუსგ. #ას-444-419-2011, 5.09.2012 წ; #ას- 47-43-2017, 29.06.2017წ).

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ.ც–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 471 ლარის (საგადახდო დავალება #12, გადახდის თარიღი 23.07.2018), 70% – 329.7 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის

მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.შპს „რ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „რ.ს–ს“ (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ.ც–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 471 ლარის (საგადახდო დავალება #12, გადახდის თარიღი 23.07.2018), 70% – 329.7 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი