№ას-1157-1112-2016 25 დეკემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ნ.ჯ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – გ.ჯ–ი
მესამე პირები – ზ..ჯ–ი, ე.ჯ–ი, ვ.ჯ–მიასონ ჯუკაშვპილ., ლ.ჯ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ო.ჯ–ი (გარდაცვლილი 2003 წლის 14 მაისს) სადავო სამკვიდრო ქონების მამკვიდრებელია (შემდეგში - მამკვიდრებელი, ბებია).
2. მამკვიდრებლის შვილები არიან ი.ჯ–ი (გარდაიცვალა 1967 წელს), გ.ჯ–ი (შემდეგში - მოპასუხე, მესაკუთრე), ზ..ჯ–ი, ე.ჯ–ი და ვ.ჯ–მ–სა.
3. ნ.ჯ–ი (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) ი. და რ. ჯ–ების შვილია.
4. მამკვიდრებელს ანდერძი არ დაუტოვებია.
5. 2012 წლის 11 აპრილს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის კასპის არქივის მიერ გაცემული #....-13 ცნობით დგინდება, რომ 1996-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება მამკვიდრებელი. კომლის საკუთრებაში ირიცხება 80 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 2000 წლის ჩანაწერით - 0,58 ჰა მიწის ფართობი.
6. 2012 წლის 4 მაისის სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის კასპის არქივის მიერ გაცემული საარქივო ცნობის #.... თანახმად, 1996-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია რ.ჯ–ი, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან - მოსარჩელე და ლ.ჯ–ი. კომლის პირადი საკუთრება 60 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0,40 ჰა მიწის ნაკვეთია.
7. 2012 წლის 25 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოპასუხემ სრულად მიიღო დედის სამკვიდრო ქონება.
8. მოსარჩელეს კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში არ მიუმართავს სანოტარო ბიუროსთვის სამკვიდრო მოწმობის აღების მიზნით.
9. 2012 წლის 3 მაისს ნოტარიუსმა მოსარჩელეს უარი უთხრა ბებიის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე, ვინაიდან სამკვირო მოწმობა მოპასუხის სახელზე გაიცა.
10. 2012 წლის 13 ივლისის გორის რაიონული სასამართლოს საოქმო განჩინების მიხედვით, დაკმაყოფილდა სარჩელის გამოხმობის თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობა, რომლის დავის საგანს - სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღიარება წარმოადგენდა.
11. 2015 წლის 27 იანვრის საჯარო რეეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ 2014 წლის 19 თებერვლის გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხის სახელზე არსებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი.
12. მოსარჩელე სარგებლობს სარწყავი არხით, სავალი გზითა და ჭით, რომელიც მდებარეობს მოპასუხის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში.
13. მხარეთა სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ერთი სახურავის ქვეშ მდებარეობს და ერთი თანაზიარი, საერთო კედელი აქვს, თუმცა გამიჯნულია ფაქტობრივად.
14. 2014 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (2012 წლის 25 აპრილის, #1…) ბათილად ცნობა და ბებიის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.
14.1. მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებლის კომლის შემადგენლობიდან გასული იყვნენ მისი შვილები, შესაბამისად, მათ სადავო სამკვიდრო ქონებაზე პრეტენზიები არ გააჩნდათ. 1980-იან წლებში მოსარჩელის დედის კომლი ცალკე გამოეყო მამკვიდრებლის კომლს. ორ კომლზე არსებული საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ერთ ნივთად. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ფაქტს ადასტურებდა ორივე უძრავი ნივთის ერთ სივრცეში არსებობა. მოსარჩელის მტკიცებით, მითითებული მდგომარეობა იძლეოდა საშუალებას, რომ მას თავის ქონებასთან ერთად, უწყვეტად ესარგებლა ბებიის ქონებითაც.
14.2. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა უკანონო იყო, ვინაიდან მოპასუხემ ნოტარიუსს ფაქტობრივი ფლობის დასადასტურებლად წარუდგინა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2002 წლის გადასახადის აკრეფის ქვითარი #383228, რომელიც თავად მამკვიდრებლის მიერ გადასახადის გადახდის დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენდა.
15. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ერთი და იმავე მისამართზე რეგისტრაციის არსებობა არ ადასტურებდა ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს დაუფლებას. ამასთან, გასათვალისწინებელი გარემოება იყო ისიც, რომ მოსარჩელის მამა გარდაიცვალა 1967 წელს, ხოლო სახლი, საიდანაც წილს ითხოვდა მოსარჩელე, 1975 წელს აშენდა.
15.1. მოპასუხის მტკიცებით, ფაქტობრივი ფლობით მოსარჩელის მხრიდან ქონების დაუფლებას გამორიცხავდა ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე 2012 წლის 31 მაისს გორის რაიონულ სასამართლოში შეტანილი სარჩელით ითხოვდა სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების აღდგენას, გაშვებული ვადის საპატიოდ ცნობასა და მის გაგრძელებას, რადგან, დედის ავადმყოფობის გამო, ვერ შეძლო ნოტარიუსისთვის დროულად მიმართვა.
16. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1499-ე, 1500-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
16.1. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი იყო წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაედასტურებინა, რომ მან კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში მიმართა სანოტარო ბიუროს სამკვიდრო მოწმობის ასაღებად ან ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ბებიის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ საერთო სარგებლობის ჭის, სარწყავი სისტემისა თუ შიდა სამეურნეო გზით სარგებლობა არ ნიშნავდა, მემკვიდრის მიერ ფაქტობრივი ფლობით მამკვიდრებლის დანაშთი ქონების დაუფლებას. ასეთი სარგებლობის უფლება შესაძლოა, სხვა მესამე პირსაც (მაგალითად - მეზობელი) ჰქონოდა საცხოვრებელი სახლებისა თუ მიწის ნაკვეთების განთავსების თავისებურებების გათვალისწინებით.
16.2. მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ერთი სახურავის ქვეშ იყო ორი დამოუკიდებლად არსებული საცხოვრებელი სახლი, ერთი საერთო კედლით, თუმცა აგებული იყო სხვადასხვა დროს, ჰქონდა დამოუკიდებელი შესასვლელები (აღნიშნული გარემოება დგინდება კასპის შს სამმართველოდან გადმოგზავნილი მასალებით) და ცხოვრობდნენ სხვადასხვა პირები. შესაბამისად, მხოლოდ სივრცობრივად დაკავშირებული უძრავი ქონება ავტომატურად არ ქმნიდა ერთ მთლიან და განუყოფელ ქონებას, რომლის ერთი ნაწილის დაუფლება, შესაძლებელია განხილულიყო მეორე ნაწილის დაუფლებადაც.
16.3. სასამართლოს განსჯით, მოსარჩელის მიერ სამკვიდროს დაუფლების ფაქტს გამორიცხავდა მისი მოქმედებაც, კერძოდ, მოსარჩელემ გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა 2012 წლის 1 ივნისს მოპასუხის მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით - ბებიის სამკვიდროს მოსაღებად სამკვიდრო ვადის გაგრძელების, გაშვებული სამკვიდრო ვადის საპატიოდ ცნობის, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ½ წილში თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. აღნიშნული სარჩელი მოსარჩელემ გაიხმო.
17. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
17.1. სააპელაციო საჩივარი არსებითად სარჩელში მითითებულ გარემოებებს ემყარება. ამასთან, აპელანტის განსჯით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ერთი სახურავის ქვეშ არსებული ქონება ერთმანეთისაგან მკვეთრად იყო გამიჯნული, ხოლო 2012 წლის 1 ივნისის სასარჩელო განცხადების გამოთხოვის ფაქტის სასამართლოსეული შეფასება არაკანონიერი იყო, ვინაიდან სარჩელის გამოხმობა არ ნიშნავდა სარჩელზე უარის თქმას.
17.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მამკვიდრებლის საცხოვრებელი სახლის წინ, ეზოში განთავსებული სასმელი წყლის ჭა, ასევე, სარწყავი წყლის სისტემა და შიდა სამეურნეო გზა მოსარჩელეს, მამკვიდრებელთან ერთად, თანასაკუთრებაში ჰქონდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, მითითებული ქონება საკუთრებაში მიიღო.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
18.1. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ბებიის დანაშთი ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. პალატამ სსკ-ის 1421-ე, 1424-ე მუხლები მოიხმო და განმარტა, რომ სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) უნდა შესრულებულიყო ექვსი თვის განმავლობაში.
18.2. პალატის განმარტებით, სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების ფაქტობრივად დაუფლების შეფასების მიზნებისათვის, მნიშვნელოვანი იყო იმ გარემოების დადგენა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მემკვიდრეს სამკვიდრო ქონების მიმართ. კერძოდ, ეპყრობოდა მას, როგორც თავისას თუ სამკვიდრო ქონების მიმართ იგივე დამოკიდებულება გააჩნდა, როგორიც მამკვიდრებლის სიცოცხლეში ჰქონდა. აპელანტმა სასამართლოს შეკითხვაზე განმარტა, რომ მან მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, ბებიის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებული ჭის, სარწყავი არხისა და შიდა სამეურნეო გზის ფლობა და სარგებლობა იმავე ფორმით გააგრძელა, როგორც მამკვიდრებლის სიცოცხლეში. პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ შესრულებული ზემოაღნიშნული მოქმედებები არ ადასტურებდა სამკვიდრო ქონების დაუფლებასა და მართვას.
19. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
19.1. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა მის მიმართ გაცემული სამკვიდრო მოწმობის კანონიერება, ვინაიდან მოპასუხემ 2003 წელს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ, 2012 წელს, ნოტარიუსს დაუმალა სხვა მემკვიდრის - მოსარჩელის არსებობა, ხოლო სადავო ქონების ფლობის ფაქტის დასადასტურებლად ნოტარიუსს წარუდგინა თავად მამკვიდრებლის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი, კერძოდ - მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დათარიღებული 2002 წლით).
19.2. კასატორის მტკიცებით, ის მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან უწყვეტად ფლობს სამკვიდროს, რაც დასტურდება მამკვიდრებლის კომლის საადგილმამულო მისამართზე მისი ცხოვრების თაობაზე ფაქტის რეგისტრაცით. ამასთან, კასატორისვე მითითებით, მისი პირადი საცხოვრებელი ფართი და მამკვიდრებლის საცხოვრისი სისტემური რეგისტრაციით რეგისტრირებულია, როგორც ერთი სარეგისტრაციო ობიექტი, ერთზე მეტი საკუთრების უფლების ფორმით. კასატორის მტკიცებით, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ ის დაეუფლა მათ ერთობლივ თანასაკუთრებაში არსებულ ნივთებს, კასატორის განმარტებით, მის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი დასტურდება მოწმეთა ჩვენებებითაც.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
23. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
24. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა, სახელდობრ:
25. მოცემულ შემთხვევაში, მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 982.1 (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა, აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) 1336-ე მუხლისა (....შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა) 1424-ე (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან) და 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის (2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.) შინაარსიდან გამომდინარეობს. სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოწესრიგების ფარგლებში შვილიშვილები მემკვიდრეობას განსაკუთრებული წესით იღებენ, ისინი კანონით პირველი რიგის მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. მაშასადამე, თუ მამკვიდრებლის შვილებიდან რომელიმე სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვლება, მისი წილი სამკვიდრო გადავა მის შვილებზე (მამკვიდრებლის შვილიშვილებზე). მემკვიდრეობის ასეთ სპეციფიკურ წესს უწოდებენ მემკვიდრეობას წარმომადგენლობის უფლებით და განსახილველ დავაზეც სარჩელის საფუძვლიანობა სწორედ ამგვარი წესით, მემკვიდრეობის მიღების გამორკვევით უნდა შემოწმდეს.
25.1. საქმეზე დადგენილია, რომ სამკვიდროს მიღების უფლების მქონე პირთა წრეს წინამდებარე განჩინების მეორე პუნქტში მითითებული პირები წარმოადგენენ, რომელთაგან მოსარჩელის მამა, ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში გარდაიცვალა, ხოლო სხვა შვილთაგან სამკვიდროს მიღების ნება მხოლოდ მოპასუხემ გამოავლინა, რომელმაც 2012 წლის 25 აპრილს სამკვიდრო სრულად მიიღო. ზემოაღწერილ გარემოებათა გათვალისწინებით, სარჩელი წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მან და არა მოპასუხემ, მიიღო სამკვიდრო სრულად და, ამდენად, სამკვიდრო ქონების მოპასუხეზე საკუთრების უფლებით აღრიცხვით მისი კანონიერი ინტერესი შეილახა.
25.2. სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამასთან, ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის დათქმიდან გამომდინარე, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
25.3. განსახილველ შემთხვევაში, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში სამკვიდროს მიღების თაობაზე განცხადებით სანოტარო ორგანოსთვის არცერთ მემკვიდრეს არ მიუმართავს. რაც იმას ნიშნავს, რომ დავაზე გამოსარკვევი იყო, რომელმა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით.
25.4. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შდრ. სუსგ-ები №ას-283-268-2017, 07.07.2017; №ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; ას-203-193-2016, 02.06.2016; ას-972-921-2015, 15.12.2015წ; Nას-482-455-2012, 31.05.2012წ).
ამ გარემოების გამორკვევა კი, საქმის ფაქტობრივ გარემოებების გაანალიზებითაა შესაძლებელი. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ განსახილველ დავაზე მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში სწორედ მოსარჩელის მტკიცების საგანია იმ გარემოების დადასტურება, რომ მან კანონით დადგენილ ვადაში და წესით მიიღო სამკვიდრო. ამ მიზნით მოსარჩელე ორ ძირითად გარემოებაზე აპელირებს: 1. მოიხმარს საერთო სარგებლობის სარწყავ არხს, სავალ გზასა და ჭას; 2. მამკვიდრებლის სამკვიდრო და მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი სივრცობრივად დაკავშირებულია და რეგისტრირებულია ერთსა და იმავე
მისამართზე.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, მითითებული გარემოებები რამდენად ამართლებს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას.
25.4.1. სადავო არაა, რომ მამკვიდრებლის კომლს გამოეყო მოსარჩელის კომლი, რომელიც იმავე მისამართზე ცალკე კომლად, რეალური წილობრივი მონაცემებით (60 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0,40 ჰა მიწის ნაკვეთი) დარეგისტრირდა. საკასაციო პალატის განსჯით, თუნდაც ერთ სივრცობრივ არეალში არსებული უძრავი ქონების ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაცია, მის სამართლებრივ მდგომარეობას ცვლის და ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, დიფერენცირებული ქონების არსებობას ადასტურებს. ამ ვითარებაში, მოსარჩელის მხრიდან სამკვიდროს მიღების დასადასტურებლად აპელირება გარემოებაზე, რომ ის განაგებს სამკვიდრო ქონებასთან სივრცობრივად დაკავშირებულ, საერთო სახურავის ქვეშ მდგარ მის საკუთრებაში რიცხულ ქონებას ან/და რეგისტრირებულია სამკვიდრო ქონების მისამართზე, არ განაპირობებს კასატორის იურიდიულ ინტერესში არსებულ სამართლებრივ შედეგს, კერძოდ, კასატორის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურებას. არც საერთო სარგებლობის სარწყავი არხის, სავალი გზისა და ჭის საყოფაცხოვრებო მიზნებით მოხმარება მოწმობს სამკვიდროს დაუფლებას, მით უფრო, რომ თავად კასატორიც არ უარყოფს მითითებული ობიექტებით სარგებლობას ჯერ კიდევ მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე. მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების საკითხის შეფასებისას საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის შესაგებელსაც, რომელიც მან მოსარჩელის მიერ სადავო ქონების ფაქტობრივად დაუფლების თაობაზე სარჩელს დაუპირისპირა, სახელდობრ, გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის საოქმო განჩინებით დასტურდება, რომ განსახილველი სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელემ სასამართლოს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა, რაც თავისი არსით ეწინააღმდეგება სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების არსს და, პირიქით, სწორედ სამკვიდროს დაუფლების არარსებობის პირობებში მემკვიდრის უფლების რეალიზაციის ალტერნატიულ წესს განსაზღვრავს. სასარჩელო მოთხოვნის ამგვარი ფორმულირება კი, თავის მხრივ, აქარწყლებს მოსარჩელის მიერ სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ვარაუდს. მოსარჩელეს მხოლოდ მყარი მტკიცებულებების (სამკვიდრო ქონების მართვა-გამგეობაზე გაწეული ხარჯების, მათ შორის - გადასახადების გადახდის, ქონებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების) წარდგენით შეეძლო გადაეწონა მოპასუხის შესაგებელში მითითებული ამ ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც კასატორმა მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეძლო. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების დადგენისას მნიშვნელოვანია, იმ გარემოების ნათლად განსაზღვრა, თუ რამდენად თავისად მიიჩნევს მემკვიდრე დანაშთ ქონებას და რა დამოკიდებულება გააჩნია მის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი არ ყოფილა ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავო პერიოდში სამკვიდრო ქონებაზე, როგორც საკუთრებაზე მის ბატონობას დაადასტურებდა. ასევე, არ დასტურდება მამკვიდრებლის მოძრავი ნივთების მოსარჩელის მიერ დაუფლებისა და განკარგვის ფაქტობრივი გარემოებაც.
25.4.2. მოსარჩელემ სამკვიდროს მიღების ფაქტის დამტკიცების მიზნით მოწმეთა ჩვენებაც მოიხმო, რომელთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ ამ ჩვენებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 - თვიან დროის მონაკვეთში ფაქტობრივი დაუფლების გზით შეუდგა სადავო ქონების მართვა-გამგეობას.
25.5. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, ვინაიდან, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სამკვიდროს მიღების ფაქტი, მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე კასატორის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რის გამოც პალატა მოპასუხის მიერ სადავო სამკვიდრო ქონების მიღების კანონშესაბამისობაზე სამართლებრივად აღარ იმსჯელებს.
26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები №ას-283-268-2017, 07.07.2017; №ას-472-448-2013, 05.12.2013).
27. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
28. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 500.00 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500.00 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 09.01.2017) 70% – 350.00 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ნ.ჯ–ს (პირადი #....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500.00 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 09.01.2017) 70% – 350.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი