Facebook Twitter

№ას-1239-2018 24 აპრილი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ნ.ჯ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ე.მ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2015 წლის 22 მაისს ნ.ჯ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამსესხებელი) ე.მ–ს (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მსესხებელი) სამი თვის ვადით, ასესხა - 400 ლარი, დღეში 1%-ის სარგებლის გადახდის პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 623-ე მუხლი).

2. მსესხებელმა ხელწერილით დაადასტურა მოსარჩელესთან სასესხო ურთიერთობის არსებობა და იკისრა დღეში 4 ლარის სარგებლის გადახდის ვალდებულება (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 44. ტ.1).

3. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სესხი.

4. 2017 წლის 4 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდნ გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ ძირითადი თანხიდან სარგებელი უნდა დაანგარიშებულიყო შემდეგი სახით: 400 ლარის ყოველთვიური სარგებელი - 120 ლარი, ერთი წლის განმავლობაში და შვიდი თვის მიუღებელი შემოსავალი - 840 ლარი, ჯამში - 12 200 ლარი.

5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მან სადავოდ მხოლოდ მოთხოვნილი სარგებლის/პროცენტისა და მიუღებელი შემოსავლის ოდენობა გახადა და განმარტა, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალი იყო.

6. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 496 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; დარჩენილი თანხის დაკისრების მოთხოვნაზე სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის მე-10, 54-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 389-ე 623-ე, 626-ე და სსსკ-ის 102-ე, 103-ე და 131-ე მუხლები გამოიყენა.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სესხზე ყოველდღიურად 1%-ის დარიცხვის შესახებ მოთხოვნა, წარმოადგენდა ნაწილობრივ ბათილ გარიგებას, რადგან საპროცენტო სარგებლის თაობაზე შეთანხმება სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებშია მიღწეული.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაეკისრა 549,76 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, საიდანაც ძირითადი თანხა- 400 ლარია, სარგებელი - 99,60 ლარი, მიუღებელი შემოსავალი კი - 50,16 ლარია.

8.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის ოდენობა, რაც წლიურად 360-%-ია, სამოქალაქო ბრუნვისათვის შეუსაბამო იყო და უნდა შემცირებულიყო წლიურ 100%-მდე, შესაბამისად, ერთ თვეზე გადასახდელი სარგებლის პროცენტულობა 8,3%-ით (100/12), ხოლო სამ თვეზე, (8,3% X 3) 24.9%-ით უნდა განსაზღვრულიყო. ამდენად, სამ თვეზე (ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში) მოპასუხისთვის დასაკისრებელი სარგებელი (400 ლარის 24,9%) 99.60 ლარია.

8.2. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის სახით დასარიცხ სარგებელს, პალატამ მიიჩნია, რომ წლიური 8%-ით (ყოველთვიური 0,66%) უნდა განსაზღვრულიყო. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან, 2015 წლის 22 აგვისტოდან, სარჩელის აღძვრამდე (19 თვე) პერიოდზე მიუღებელი შემოსავალი (400 ლარის 0.66% X19) 50,16 ლარია.

9. მოსარჩელემ, აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

9.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლე ორჯერ მონაწილეობდა ამავე საქმის განხილვაში, რაც დაუშვებელია.

9.2. კასატორის მითითებით, საპროცენტო სარგებლის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში. მისი მტკიცებით, სესხის მოკლე ვადით, სავარაუდოდ სამი თვით გაცემა, არ ნიშნავს, რომ სესხი ვადიანი იყო, სავარაუდო დაახლოებითი საჭიროება, არ ადგენს კონკრეტულ ვადას, სასამართლომ კი, უვადო პროცენტიანი ვალის სესხის ხელწერილი, ვადიან სესხად მიიჩნია.

9.3 კასატორის მითითებით, მიუღებელი შემოსავლისათვის წლიური 8%-ით განსაზღვრა სამართლებრივად სრულიად უსაფუძვლოა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

15. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის (ძირი თანხა, სარგებელი და მიუღებელი შემოსავალი) დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით, სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო), მუხლების დანაწესებიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და ძირითადად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სახელდობრ:

16. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კანონს (სსკ-ის 625.2 მუხლი) უკუძალა მიანიჭა და გამოიყენა კანონი, რომელიც მის მდგომაროებას აუარესებდა და განმარტავს, რომ დაუშვებელია მოქმედი სამოქალაქო კოდექსის გავრცელება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოშობილია და დასრულებულია ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, თუ კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს (ნამდვილი უკუძალა). განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა არა ზემოაღნიშნულ ნორმას არამედ, მხარეთა მიერ წლიური საპროცენტო განაკვეთის ეროვნულ ვალუტაში 360%-ით განსაზღვრა ზნეობისა და მორალის საწინააღმდეგო შეთანხმებად მიიჩნია (სსკ-ის 54-ე მუხლი).

17. კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ, სავარაუდოდ, სამი თვით სესხის გაცემა არ ნიშნავს იმას, რომ სესხი ვადიანი იყო. კასატორის ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ კასატორი, საკასაციო საჩივარში თავად აღნიშნავს სესხის მოკლე ვადით გაცემის შესახებ, შემდეგ კი აზუსტებს - სავარაუდოდ, სამი თვით. პალატის მოსაზრებით, „სავარაუდოდ, სამი თვე“, იმას ნიშნავს, რომ მოპასუხემ სესხის დაბრუნების მაქსიმალურ ვადად სამი თვე მოითხოვა, რასაც დაეთანხმა მოსარჩელე. მოპასუხის მიერ სესხის სამ თვეში დაუბრუნებლობა არ ნიშნავს, რომ სესხი უვადო გახდა, როგორც ამას მოსარჩელე/კასატორი მიიჩნევს.

18. ამასთან, სესხის დაბრუნების ვადა განუსაზღვრელად რომც მივიჩნიოთ, სარჩელი სრულად მაინც ვერ დაკმაყოფილდება შემდეგ გარემოებათა გამო:

18.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს 19 თვის სარგებლის ანაზღაურებას წლიური 360%-ის გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო კასატორის მსჯელობას, რომ საპროცენტო სარგებლის თაობაზე შეთანხმება სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებშია მიღწეული და ამიტომ მისი შეცვლა არ შეიძლება, არ იზიარებს და განმარტავს: სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი, სსკ-ის 8.3 მუხლი). უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება, თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებული არიან, გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორმა განსაზღვრა სესხის სარგებელი - ყოველწლიურად 360%. მართალია, ამ შეთავაზებას მოპასუხეც დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივად არაფერი იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ (თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე).

18.2. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოვალე დაეთანხმა სესხის მაღალი სარგებლის (წლიური 360%) გადახდას, მაგრამ აშკარაა, რომ კასატორი (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, მან არ გაითვალისწინა ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 360%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი კასატორს აწევს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შეთანხმება, რომლითაც კასატორმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და, სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. დადგენილი პრაქტიკით გონივრულად ითვლება წლიური 18-20%-იანი სარგებელი, 19 თვეზე ამ ოდენობით პროცენტის გამოანგარიშების შემთხვევაში კი, კრედიტორი იმაზე ნაკლებ თანხას მიიღებდა, რაც მას მიეკუთვნა სარგებელსა და მიუღებელ შემოსავალთან ერთად.

19. კასატორის პრეტენზია მიუღებელი შემოსავლისათვის წლიური 8%-ით განსაზღვრაცაა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, „სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო გამსესხებელმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს, და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას მიუღებელი შემოსავლის ოდენობის წლიური 8%-ით (ყოვეთვიური 0.66%-ით) (400 ლარის 0,66 % X 19 (ხელშეკრულების შეწყვეტიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდი)) - 50.16 ლარით განსაზღვრის თაობაზე. განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. „მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება“ (შდრ. სუსგ # ას- 932-882-2015, 15.03.2016წ.). ამდენად, საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ კასატორმა კვალიფიციური შედავების პირობებში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოვალისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით, 400 ლარის, დაკისრების დაუსაბუთებლობის გასაქარწყლებლად, ვერ შეძლო დამაჯერებელი არგუმენტებისა და ისეთი დასაშვები მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სესხის დროულად დაბრუნების შემთხვევაში, ამ თანხის სხვაგვარად გამოყენებით, უფრო მეტ შემოსავალს მიიღებდა, ვიდრე სასამართლომ მიაკუთვნა.

20. კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლე ორჯერ მონაწილეობდა ამავე საქმის განხილვაში, საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ამომწურავად განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, როდესაც დაუშვებელია საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობა, სსსკ-ის 31.1 მუხლით ამ გარემოებათა წრეს მიეკუთვნება: ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ)მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან, თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში; ე ) ამ საქმეში მონაწილეობდა მედიატორად. რაც შეეხება საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებით მონაწილეობის დაუშვებლობის პრინციპს, მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 29-ე მუხლით, კერძოდ, დადგენილია, რომ ა) მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის პირველი ინსტანციით განხილვაში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში; ბ) მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში; გ) მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ან/და პირველი ინსტანციის სასამართლოში. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ მითითებულმა მოსამართლემ, მართალია, ორჯერ მიიღო მონაწილეობა მოცემული საქმის განხილვაში, მაგრამ - ერთი დონის სასამართლოში, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში, რაც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის დანაწესს საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებით მონაწილეობის დაუშვებლობის თაობაზე (შდრ. სუსგ. #ას-450-429-2015, 28.07.2015წ).

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. #ას.-663-629-2015, 28.07.2015წ).

22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

23. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი