№ას-1381-2018 28 ივნისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ო.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „თ.ბ–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ო.ბ–ძესა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მსესხებელი ან მოვალე) და სააქციო საზოგადოება „თ.ბ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი ან ბანკი) შორის 2008 წლის 9 მაისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 3 000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით, წლიური საპროცენტო სარგებლის 36%-ის დარიცხვით. ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხა - ათვისებელი საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი; კრედიტის პერიოდული დაფარვა - დამდეგი დაანგარიშების დღიდან მაქსიმუმ 25-ე დღე; პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ს.ფ. 16-35. ტ.1).
2. ხელშეკრულებაზე 2011 წლის 27 ივნისს ავტომატურად გაიზარდა საკრედიტო ლიმიტის მოცულობა. ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა - 4371.02 ლარი.
3. საკრედიტო ბარათზე განაცხადის მიხედვით, მსესხებელი გაეცნო და დაეთანხმა ხელშეკრულების პირობებს და დაადასტურა, რომ დეტალურად იცნობდა ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებას, ეთანხმებოდა და უერთდებოდა მას (იხ. განაცხადი, ს.ფ. 16-17. ტ.1).
4. მსესხებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მისი დავალიანება ბანკის წინაშე, 2017 წლის 20 მარტის მონაცემებით - 6740.82 ლარია, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 4371.02 ლარი, პროცენტი - 1606.56 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 763.24 ლარია (იხ. დავალიანების შესახებ ცნობა, ს.ფ. 53. ტ.1).
5. 2017 წლის 20 აპრილს ბანკმა სარჩელი აღძრა მსესხებლის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების - 2000 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს, საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 4371.02 ლარის, პროცენტის - 1606.56 ლარისა და პირგასამტეხლოს, 100 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხეს, საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 20 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დავალიანების ძირითად თანხაზე - 4371.02 ლარზე, წლიური 7%-ს სარგებლის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, რაც ყოველთვიურად - 25.49 ლარია; მოპასუხეს, საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 20 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დავალიანების ძირითად თანხაზე - 43.71.02 ლარზე, ყოველდღიურ პირგასამტეხლოს, 0.02%-ის, 0.87 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 411-ე, 414-ე, 417-ე, 420-ე, 867-ე და 873-ე მუხლები გამოიყენა.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს, საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 20 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დავალიანების ძირითად თანხაზე - 4371.02 ლარზე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს, 0.02%-ის, 0.87 ლარის გადახდა დაეკისრა, მაგრამ არაუმეტეს 40.02 ლარისა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
9.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოპასუხის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობების დარღვევა სადავოდ არ იყო გამხდარი და ამასთან, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დავალიანება სრულად არ დაფარულა. პალატის დასკვნით, მსესხებელი ვალდებულია, დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა - 4371.02 ლარი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი - 1606.56 ლარი.
9.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ გონივრული, სამართლიანი ანაზღაურების სახით და მოვალისათვის სავარაუდო ზიანად მართებულად მიიჩნია გადაუხდელი ძირითადი თანხის წლიური 7% და მოპასუხეს სწორად დააკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2017 წლის 20 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე დავალიანების ძირითად თანხაზე - 4371.02 ლარზე, წლიური 7% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად - 25.49 ლარია.
9.3. სააპელაციო სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ყოველდღიურად 21.85 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრება იყო, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, დადგენილად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის მაქსიმალური ფარგლები მოიცავდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს, ყოველდღიურად 21.85 ლარის დაკისრებას 46 დღის განმავლობაში, ანუ მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის არაუმეტეს 46 დღის პირგასამტეხლოს დაკისრებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლო - 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და 0.02%-მდე შეამცირა, თუმცა დაკისრებული პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა კვლავ 1000 ლარით განსაზღვრა, რაც პირგასამტეხლოს 1149 კალენდალური დღის განმავლობაში დაკისრებას გულისხმობდა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
10.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი უმთავრესი პოზიცია მის მიერ ბანკის სასარგებლოდ გადახდილი თანხის, სარგებლის ნაცვლად ძირითად ვალდებულებაში ჩათვლასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში იხდიდა ბანკის მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით 50 ლარს, რაც საბოლოოდ კრედიტორმა სარგებლად ჩათვალა, ხოლო ძირითადი თანხა დარჩა უცვლელად. კასატორის/მოპასუხის მტკიცებით, ასეთი შეთანხმების არარსებობის პირობებშიც კი, სსკ-ის 387.2 მუხლის თანახმად, მის მიერ გადახდილი თანხა ძირითად ვალდებულებად უნდა ჩათვლილიყო, რადგან მისთვის ძირითადი ვალდებულების პირველ რიგში დაფარვა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სარგებლის. შესაბამისად, მის მიერ გრაფიკის მიხედვით გადახდილი თანხა, უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას და პროცენტი და პირგასამტეხლო შესაბამისი თანხიდან უნდა დაანგარიშდეს.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას, იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. განსახილველ საქმეზე სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე - ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს (#ას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით „სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“/. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ვადიანი ხელშეკრულებების შესრულების ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ ფულის თვისობრივი ფუნქციიდან გამომდინარე, მართებულად დაუკავშირა ამგვარი ზიანი საბანკო სფეროში ანაბარზე თანხის განთავსების შემთხვევაში მისაღებ სარგებელს“ (იხ. სუსგ #ას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.), შესაბამისად, განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. „მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება“ (სუსგ # ას- 932-882-2015, 15.03.2016წ).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი განმტკიცებულია სსკ-ის 394-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
18. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, ბანკს, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან ან, თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ (იხ. სუსგ # ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ.).
19. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება, რის გამოც კრედიტორმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა (შდრ. სუსგები - #ას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; #ას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.).
20. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის მსჯელობა, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხება ბანკის სასარგებლოდ გადახდილი თანხის, სარგებლის ნაცვლად ძირითად ვალდებულებაში ჩათვლასთან დაკავშირებით, რადგანაც ამგვარი შეთანხმების არსებობა და, აქედან გამომდინარე, ვალდებულების შესრულება, საქმის მასალებით არ დგინდება. უფრო მეტიც, ხელშეკრულების 16.7 მუხლის თანახმად, კლიენტის/ბარათის მფლობელის მიერ საკრედიტო პროდუქტის დასაფარად ბანკისთვის გადაცემული ან ბარათის მფლობელის/კლიენტის ანგარიზე არსებული თანხით პირველ რიგში დაიფარება სადაზღვევო პრემია, შემდეგ პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ საპროცენტო სარგებელი და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადახდილი თანხით მართებულად დაიფარა თავდაპირველად პროცენტი, ხოლო შემდეგ კრედიტის ძირითადი თანხა.
21. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზიაც, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულებების დაფარვის რიგითობის წესი. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა. კანონის აღნიშნული დანაწესი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მოვალეს კრედიტორის მიმართ აკისრია რამდენიმე დამოუკიდებელი ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში კი, საუბარია არა რამდენიმე ვალდებულების შესრულებაზე, არამედ ერთი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, დამატებით ვალდებულების შესრულებაზე.
22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ #ას-681-652-2016,17.02.2017წ).
24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #1539940034, გადახდის თარიღი 19.10.2018) 70% – 210 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ო.ბ–ძეს (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #1539940034, გადახდის თარიღი 19.10.2018) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი