12 ნოემბერი, 2019 წელი. №ას-1499-2019 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს „ქ.კ.კ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდეგში მოსარჩელის) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- შპს „ქ.კ.კ–ას“ (შემდეგში მოპასუხეს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:
-11.06.2014 წლის აქტი #117-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
-13.01.2014 წლის აქტი #7-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
-31.01.2014 წლის აქტი #22-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
-10.02.2014 წლის აქტი #30-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
-13.05.2014 წლის აქტი #93-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
-30.06.2014 წლის აქტი #125-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
-25.06.2014 წლის აქტი #120-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
- დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 350 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
6. საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა ნ.ზ–ამ, ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლა და ვადის აღდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
12. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).
13. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2019 წლის 29 ოქტომბერს.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 30 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 4 ნოემბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.
15. 2019 წლის 6 ნოემბერს საკასაციო პალატას მომართა კასატორის წარმომადგენელმა, მიუთითა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარის საკასაციო საჩივარისა და მისი წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლებთან ერთად და სატელეფონო საუბრით გაარკვია აღნიშნულის შესახებ. კასატორი ითხოვს გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევას და დამატებითი ვადის განსაზღვრას.
15. სსსკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა.
16. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
17. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება მას გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარის საკასაციო საჩივრისა და მისი წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებასთან ერთად, თუმცა აღნიშნავს, რომ ხარვეზის განჩინების არსებობის ფაქტი მან მოგვიანებით შეიტყო, რაკი იგი სხვა მასალებთან ერთად გადაეცა. სწორედ ამ გარემოებას მიიჩნევს კასატორი საპატიო მიზეზად, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან უდავოა, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილ კორესპონდენციაში ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებაც იყო განთავსებული, ხოლო მისი დაგვიანებით აღმოჩენა, კასატორის დაუდევრობის ბრალია და საპატიო მიზეზად ვერ შეფასდება.
18. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
19. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ქ.კ.კ–ის“ შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ქ.კ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე