Facebook Twitter

№ას-1571-2018 2 აგვისტო, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები (მოპასუხე) – შპს „ნ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ე.ბ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ საზოგადოების პარტნიორისათვის დოკუმენტაციის გადაცემა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ნ–ი“ (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან საწარმო) ისნის რაიონის სასამართლოში რეგისტრირებულია 1995 წლის 25 ნოემბრიდან. ე.ბ–ი (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან პარტნიორი) კი, საწარმოს 2.43%-იანი წილის მქონე პარტნიორია (იხ, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ს.ფ. 14-19. ტ.1).

2. საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დირექტორი - შ.ო–ძეა (შემდეგში - საწარმოს დირექტორი).

3. მოპასუხემ განცხადებით მიმართა საწარმოს დირექტორს და მოითხოვა 2012-2016 წლების ჩათვლით შემდეგი დოკუმენტების გადაცემა:

ა) უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში (2012-2016 წლები) მომზადებული საწარმოს წლიური ანგარიშები;

ბ) საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაცია;

გ) საწარმოში დასაქმებულ მუშა-მოსამასახურეთა საშტატო განრიგი სახელფასო განაკვეთების ჩვენებით;

დ)საბანკო და შიდა სალარო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია;

ე)საწარმოს ინვენტარიზაციის აქტები;

ვ) საწარმოს კუთვნილ აქტივებზე (მათ შორის და არა მხოლოდ უძრავ და მოძრავ ქონებაზე) დადებული ნებისმიერი გარიგება (ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, იჯარა, თხოვება, გაცვლა და ა.შ.), (იხ. წერილი და საფოსტო გზავნილი, ს.ფ. 20; 21, ტ.1).

4. მოპასუხეს მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ გადასცემია.

5. 2017 წლის 28 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ საწარმოს იურიდიული და საბუღალტრო დოკუმენტაციის გადაცემის მოთხოვნით.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მზად არის, მოსარჩელეს ადგილზე გააცნოს საწარმოში არსებული ბოლო ერთი წლის დოკუმენტაცია.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელისათვის, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, 2012, 2013, 2014, 2015 და 2016 სამეურნეო (კალენდარული) წლებისთვის შემდეგი დოკუმენტაციის გადაცემა დაევალა: ა) საწარმოს წლიური ანგარიშები; ბ) საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაცია; გ) საწარმოში დასაქმებულ მუშა-მოსამასახურეთა საშტატო განრიგი სახელფასო განაკვეთების ჩვენებით; დ)საბანკო და შიდა სალარო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია; ე)საწარმოს ინვენტარიზაციის აქტები; ვ) საწარმოს კუთვნილ აქტივებზე (მათ შორის და არა მხოლოდ უძრავ და მოძრავ ქონებაზე) დადებული ნებისმიერი გარიგება (ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, იჯარა, თხოვება, გაცვლა და ა.შ.).

8. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

9.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება პარტნიორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი ადგენს მისი დაცვის ფარგლების სავალდებულო მინიმუმს, რაც ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული პარტნიორის უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია, შიდაკორპორაციული რეგულაციის ფარგლებში, საზოგადოების წესდებით, მხოლოდ მათი გაზრდაა შესაძლებელი. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს აქვთ როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებები. არაქონებრივი უფლება კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებაა. ამდენად, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ, კონტროლი გაუწიონ საზოგადოების ხელმძღვანელობას. მეთვალყურეობა შესაძლებელია თითოეული პარტნიორის მიერ როგორც ინდივიდუალურად, ისე პარტნიორთა კრების მეშვეობით. სწორედ პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის ფორმას წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორის უფლება, თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე. განსახილველ შემთხვევაში, რაკი უადავოა, რომ მოსარჩელე, მოპასუხე კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორია, მისი მოთხოვნა საზოგადოების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემის თაობაზე საფუძვლიანია.

9.2. პალატამ მოპასუხის მსჯელობა, რომ არ არსებობდა სამ წელზე მეტი ვადით, საზოგადოების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის მოთხოვნის საფუძველი, უარყო და განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ადგენდა გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას, გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დადგენისათვის აუცილებელი დოკუმენტი შეინახოს 3 წლის განმავლობაში და ეს ვადა აითვლება იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც არის აუცილებელი. ეს წესები საგადასახადო მიზნებისთვისაა და არ ქმნიდა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პარტნიორის უფლების მხოლოდ სამწლიანი პერიოდით შეზღუდვის საფუძველს.

9.3. სააპელაციო პალატამ მოპასუხის/აპელანტის მითითებაც, რომ მზადაა, მოსარჩელეს გააცნოს მხოლოდ ბოლო ერთი წლის დოკუმენტაცია, უსაფუძვლოდ მიიჩნია.

9.4. დოკუმენტაციის ასლების გადაღების პრობლემატიკასთან მიმართებით, აპელანტის პრეტენზიათან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პარტნიორისათვის საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობის მიცემა მოიაზრებდა როგორც დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობის, ისე მათი ასლების (მატერიალური თუ ელექტრონული სახით) გადაღებასაც.

10. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

10.1. კასატორის მტკიცებით, მზად არის მოსარჩელეს ადგილზე გააცნოს საწარმოში არსებული ნებისმიერი დოკუმენტაცია და მისცეს ასლის გადაღების საშუალება, მაგრამ საწარმოს პარტნიორი ითხოვს 2012 წლიდან საწარმოსთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის მათი ხარჯით გადაღებასა და მიწოდებას, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხასთანაა დაკავშირებული, ამასთან, მოთხოვნილი დოკუმენტაციის გარკვეული ნაწილი, კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო, საწარმოში არ არის დაცული.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი აღიარებს პარტნიორის უფლებას, ინფორმირებული იყო საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმიანობის შედეგს უკავშირდება. მეწარმე სუბიექტის (ამ შემთხვევაში, საწარმოს პარტნიორის) ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა ამ კანონის 3.10 მუხლია (ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით), ხოლო 46.4 (დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს) მუხლით აღიარებულია დირექტორის, როგორც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მოვალეობა, ხელი შეუწყოს პარტნიორს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით (მათ შორის 3.10 მუხლით) გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონის აღნიშნული დანაწესები სწორად განმარტეს ქვემდგომმა სასამართლოებმა.

16. კასატორის მსჯელობას, რომ პარტნიორი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს საწარმოსთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის ასლების გადაღება და მიწოდება, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. საკასაციო პალატის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით სწორად აღნიშნა, რომ პარტნიორისათვის საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობის მიცემა როგორც დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობის, ისე მათი ასლების (მატერიალური თუ ელექტრონული სახით) გადაღების შესაძლებლობასაც გულისხმობდა, შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზია უსაფუძვლოა.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: #ას-255-243-2017, 19.05.2017წ).

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #12, გადახდის თარიღი 25.09.2018; ), 70% –210 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.შპს „ნ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ნ–ს“ (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #12, გადახდის თარიღი 25.09.2018; ), 70% –210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი