საქმე №ას-1425-2018 19 ივნისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ი–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ლ.მ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მოვალე ან კომპანია) მიმართ ქ.თბილისში, .... სართულზე მდებარე 93,80 კვ.მ #80 ბინის (შემდგომში _ სადავო უძრავი ქონება) მესაკუთრედ ცნობისა და მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 2013 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილი თანხის 0,1%-ის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 7 ივნისს მხარეთა შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელემ შეასრულა და სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური, ხოლო მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულებებიდან უმეტესი არ აქვს შესრულებული, კერძოდ: არ არის დასრულებული უძრავი ქონების მშენებლობა და თეთრ კარკასულ მდგომარეობამდე მოყვანა, ასევე, უკვე გაწეული სამუშაოები გამოირჩევა შესრულების დაბალი ხარისხით (სათანადოდ არ არის გაკეთებული კორპუსის გადახურვა, რის გამოც საცხოვრებელ ფართში ჩადის წყალი, არის ნესტი და დაზიანდა კედლები, დაუსრულებელია მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ჩასმა, ელექტროენერგიის გამრიცხველიანება, კედლები არასწორად არის შელესილი გაჯით და დაუსრულებელია) და, რაც მთავარია, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ აპირებს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემას. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე დააგვიანებდა ნასყიდობის საგნის შეთანხმებული ვადით გადაცემას, რაც შეადგენდა გადახდილი საზღაურის 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის.
2. მოპასუხის პოზიცია:
უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო, მას სადავოდ არ გაუხდია ამ მოთხოვნასთან მიმართებით მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოპასუხე არ დაეთანხმა მოთხოვნას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით-სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, ხოლო მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2013 წლის 1 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 110 942 ლარის 0,05%-ის _ 55,47 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მის ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით-სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და, თანხის დაკისრების ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2012 წლის 7 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მყიდველისთვის საკუთრებაში გადაეცა სადავო უძრავი ქონება. შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილიც წარმოადგენდა ნასყიდობის საგანს, ექსპლუატაციაში უნდა მიღებულიყო 2013 წლის თებერვლის ბოლოს;
1.2.2. უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი შეადგენდა 68 000 აშშ დოლარს (110 942 ეკვივალენტ ლარს), რაც მყიდველმა ხელშეკრულების შესაბამისად 2012 წლის 7 ივნისს გადაიხადა;
1.2.3. გამყიდველმა ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, აშენებული შენობა მოექცა სამართლებრივი შეზღუდვების ქვეშ მესამე პირების მიმართ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რამაც გარკვეულწილად ხელი შეუშალა მყიდველისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემას;
1.2.4. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი დააგვიანებს წინამდებარე ხელშეკრულების 9.1. მუხლით დადგენილ ვადაში (2013 წლის თებერვლის ბოლო) ნასყიდობის საგნის გადაცემას, მაშინ მყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს გამყიდველისაგან საურავი ნასყიდობის გადახდილი ფასის 0,1%-ის ოდენობით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 477.1, მე-400 და 417-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც, მოსარჩელეს ეკისრება სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის, მოვალის მიერ ვალდებილების შესრულების ვადის გადაცილებისა და პირგასამტეხლოზე შეთანხმების (სკ-ის 418-ე მუხლი) მითითების ტვირთი, ხოლო იმის მიხედვით, თუ რომელ ფაქტებს შეედავება მოპასუხე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის უნდა განაწილდეს სადავო ფაქტების მტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართულია, გარდა ამისა, მოპასუხემ საკუთრების გადაცემის მოთხოვნის ნაწილში ცნო სარჩელი, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლის შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხს, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეში წარმოდგენილი შესაგებლითა და საქმის მოსამზადებელი ეტაპის მონაცემებით (სსსკ-ის 201.4 და 219.1 მუხლები) და, ვინაიდან მხარეს არსებითი ხასიათის შედავება არ წარუდგენია და არ დაუმტკიცებია ვალდებულების შეუსრულებლობაში მისი ბრალის გამომრიცხველი გარემოებების არსებობა, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე იყო პირგასამტეხლოს დაკისრების სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრული საფუძველი, გარდა ამისა, სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, შეამცირა პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე, რომელიც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია და ამ მხრივაც არ არის საკასაციო საჩივარში შემოთავაზებული დამაჯერებელი მსჯელობა. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ უზრუნველყო, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს დაკისრების/მისი გონივრული ოდენობის განსაზღვრის საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ხოლო კასატორს საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაეკისროს გადავადებული თანხის 30%-ის _ 911,094 გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ი–ს“ (ს/კ #.....6) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 3 036,98 ლარის 30%-ის _ 911,094 გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე