Facebook Twitter

ბს-429-108-კ.ს-03 14 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: მოსამართლის აცილებაზე უარის თქმა და საქმის წარმოების შეჩერება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 25 ივნისს შპს ,,ჯ-ის” დირექტორმა თ. შ-მა თბილისის საოლქო სასამართლოში შუამდგომლობა წარადგინა და მიუთითა, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ განხილულ იქნა დ. გ-ის სარჩელი სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის რაიონული სამმართველოსა და შპს ,,ჯ-ის” მიმართ აუქციონზე შეძენილი ქონების დაუყოვნებლივ გადაცემისა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. გ-ს, 2001წ. 2 აგვისტოს გამართულ აუქციონზე მის მიერ შეძენილ შპს 1976 წელს აშენებულ ცენტრალურ საწყობზე, საკუთრების უფლება დაუდასტურდა.

ამავე სასამართლოს 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილებით კი შპს ,,ჯ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს ,,ჯ-ის” საწესდებო კაპიტალში ჩადებული ცენტრალური საწყობისა და მეცხვარეობის ფერმის გაყიდვის თაობაზე სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ 2001წ. 2 აგვისტოს ჩატარებული აუქციონი ბათილად იქნა ცნობილი.

შპს “ჯ-ის” დირექტორის განმარტებით, ხსენებული ორივე საქმე გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით და ორივე დავაში ერთი და იგივე მხარეები მონაწილეობდნენ, რის გამოც შუამდგომლობის ავტორი სსკ-ს 279-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, ამავე სასამართლოს 2002წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრების განხილვის შეჩერებას მოითხოვდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 17 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ჯ-ის” დირექტორის, თ. შ-ის, შუამდგომლობა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გურჯაანის რაიონული სამმართველოს, შპს ,,ჯ-ის” დირექტორის თ. შ-ის და დ. გ-ის სააპელაციო საჩივრების განხილვის შეჩერების თაობაზე, სსკ-ს 279-ე მუხლის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სასამართლო სხდომაზე დ. გ-ის შუამდგომლობა, მოსამართლე მ. გ-ის აცილების თაობაზე, საოქმო განჩინებით, ადგილზე თათბირით არ დაკმაყოფილდა.

დ. გ-მა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 17 სექტემბრის განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა და საპროცესო ნორმების დარღვევის გამო მათი გაუქმება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 8 ოქტომბრის განჩინებით დ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის თაობაზე გამოტანილი განჩინების გასაჩივრებას მოქმედი კანონმდებლობლობა არ ითვალისწინებს, ამდენად, ამ ნაწილში კერძო საჩივარი დაუშვებელია.

ამავე განჩინებით სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოხსენებული ორი საქმის პარალელურად განხილვა და გადაწყვეტა დაუშვებელია, რადგან სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული აუქციონის კანონიერების დადგენამდე, შეუძლებელია სადავო ქონების დ. გ-ისათვის გადაცემა.

ამდენად, საოლქო სასამართლოს 2003წ. 8 ოქტომბრის განჩინებით დ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ დ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 17 სექტემბრისა და 8 ოქტომბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სსკ-ს დებულებანი გამოიყენება. ამდენად, რადგან ზემომითითებული კოდექსი კერძო საჩივრის განხილვის განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს, მოცემულ საქმეზე სსკ-ს შესაბამისი ნორმები უნდა გავრცელდეს.

საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია საოლქო სასამართლოს მსჯელობა და განმარტავს, რომ სსკ-ს 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ნიშანდობლივია, რომ სსკ-ს 36-ე მუხლი აცილების შესახებ სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ითვალისწინებს, გამოტანილი განჩინება შეიძლება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად აპელაციის ან კასაციის წესით გასაჩივრდეს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, 2003წ. 8 ოქტომბრის განჩინებით საოლქო სასამართლომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი მოსამართლე მ. გ-ის აცილებაზე უარის თქმის ნაწილში მართებულად მიიჩნია დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლოს, ასევე, მართებულად მიაჩნია საოლქო სასამართლოს მიერ სსკ-ს 279-ე მუხლის ,,დ” პუნქტის მოხმობა, რომლის თანახმად, სასამართლო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საოლქო სასამართლოში პარალელურად ორი საქმე განიხილება, ამათგან ერთ-ერთ საქმეში მოსარჩელე შპს “ჯ-ის” დირექტორი ითხოვს შპს ,,ჯ-ის” საწესდებო კაპიტალში ჩადებული ცენტრალური საწყობისა და მეცხვარეობის ფერმის გაყიდვის თაობაზე სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ 2002წ. 2 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობას, ხოლო დ. გ-ი სარჩელით გურჯაანის რაიონის ქონების მართვის სამმართველოს 2002წ. 2 აგვისტოს აუქციონზე შეძენილი სადავო ქონების გადაცემასა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ უკანასკნელი საქმის განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა ზემომითითებული დავის გადაწყვეტამდე – 2002წ. 2 აგვისტოს აუქციონის კანონიერების დადგენამდე და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე _ შეუძლებელია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 17 სექტემბრისა და 8 ოქტომბრის განჩინებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 17 სექტემბრისა და 8 ოქტომბრის განჩინებები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

¹ბს-476-119-კს-03 14 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და მისი არსებითად განხილვისათვის საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 16 სექტემბერს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: თ., რ., ჟ. და ნ. ხ-ეების მიმართ და მოითხოვა მათი ბინიდან გამოსახლება.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს სამართალმემკვიდრეობით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სახელზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების ბინები, მათ შორის, ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ........-ში არსებულ სამხედრო დასახლებაში მდებარე თორმეტბინიანი ორსართულიანი სახლი. აღნიშნულ სახლში ¹1 ბინა უკანონოდ ეკავა თ. ხ-ეს ოჯახთან ერთად. მას სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან არავითარი სამსახურებრივი ურთიერთობა არ ჰქონდა. ხსენებული ბინა იყო სამსახურებრივი დანიშნულების და იგი სამსახურებრივი სარგებლობისათვის უნდა გამოეყენებინათ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობდნენ საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში ბინებს დროებით სარგებლობისათვის აძლევდა თავისი საუწყებო საბინაო ფონდიდან.

მოსარჩელის განმარტებით, სახლი ტერიტორიულად მდებარეობს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999წ. 13 ოქტომბრის ¹310 ბრძანებით გამოცხადდა დახურულ სამხედრო ქალაქად. ამავე ბრძანების მე-8 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო ძალებთან კავშირის არმქონე პირები უნდა გამოსახლებულიყვნენ დახურული სამხედრო ქალაქებიდან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. თ. ხ-ემ წარადგინა ¹...... სამხედრო ნაწილის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის ოქმი, რომლის მიხედვითაც მას ბინა გამოეყო სამსახურებრივი სარგებლობისათვის _ მისი სამხედრო სამსახურის გავლის ვადით. რადგან თ. ხ-ე მსახურობდა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურში, იგი ოჯახთან ერთად უნდა გამოსახლებულიყო ¹1 სამოთახიანი ბინიდან და აღნიშნული ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარებოდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა: თ., რ., ჟ. და ნ. ხ-ეები გამოსახლდნენ ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ........-ში, სამხედრო დასახლებაში მდებარე ორსართულიანი თორმეტბინიანი სახლის ¹1 სამოთახიანი ბინიდან.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა თ., რ., ჟ. და ნ. ხ-ეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 10 ივლისის განჩინებით თ., რ., ჟ. და ნ. ხ-ეების სააპელაციო საჩივარი არ მიიჩნია დასაშვებად და დატოვა განუხილველად შემდეგი მოტივით: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდნენ აპელანტები, რომელთაც ამავე გადაწყვეტილებით სრულყოფილად განემარტათ გასაჩივრების წესი, დრო, ადგილი და ვადა. სსკ-ს 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო გასაჩივრების ვადა არის ერთი თვე და ამ ვადის აღდგენა ან გაგრძელება დაუშვებელია. აპელანტებმა კი სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შეიტანეს 2003წ. 27 ივნისს, ე.ი. 6 თვის დაგვიანებით. ამდენად, მათ არასაპატიო მიზეზით გაუშვეს სააპელაციო გასაჩივრების ვადა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სსკ-ს 369-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იწყებოდა გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ივლისის განჩინება თ., რ., ჟ. და ნ. ხ-ეებმა გაასაჩივრეს კერძო საჩივრით, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მათი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და დადგენილი წესით მისი განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, უსაფუძვლოა სასამართლოს მტკიცება იმის შესახებ, რომ აპელანტებმა 2002წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრების ვადა გაუშვეს არასაპატიო მიზეზით, რადგან სსკ-ს 369-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. გადაწყვეტილების სრულად გამოცხადება კი სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა. კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილება არ ჩაბარებიათ და არ განემარტათ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შესახებ. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობაზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიაში და არა სააპელაციო პალატაში. ამიტომ, სასკ-ის მე-12 მუხლის პირველის ნაწილის მიხედვით, მათ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლოთ მისი გამოტანიდან ერთიწ. განმავლობაში.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 სექტემბრის განჩინებით თ., რ., ჟ. და ნ. ხ-ეების კერძო საჩივარი დაუსაბუთებლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ აპელანტებმა სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შეიტანეს დაგვიანებით და მათ არასაპატიო მიზეზით გაუშვეს სააპელაციო გასაჩივრების ვადა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში იწყებოდა გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მართალია, სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდნენ აპელანტები, მაგრამ მათ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გამოცხადებიათ, რაც დასტურდება სხდომის ოქმით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, აპელანტებს არ ჩაბარდათ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება მანამდე, სანამ ჟ. ხ-ის საპროცესო წარმომადგენელმა ა. ბ-ამ განცხადებით არ მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და არ მოითხოვა ამავე სასამართლოს 2002წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაცემა. ხსენებული გადაწყვეტილება კი ა. ბ-ამ ჩაიბარა 2003წ. 24 ივნისს, ხოლო 3 დღის შემდეგ _ იმავე წლის 27 ივნისს _ თ., რ., ჟ. და ნ. ხ-ეებმა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში წარადგინეს სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა აითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან, თუ მას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, ხოლო თუ სასამართლო სხდომაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გამოცხადებულა, მაშინ აღნიშნული ერთთვიანი ვადა აითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების იმ პირისათვის ჩაბარების მომენტიდან, რომელსაც უფლება აქვს გაასაჩივროს იგი სააპელაციო წესით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ., რ., ჟ. და ნ. ხ-ეებს არ დაურღვევიათ სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა და მათი სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ., რ., ჟ. და ნ. ხ-ეების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ., რ., ჟ. და ნ. ხ-ეების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ივლისის განჩინება და საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.