საქმე №ას-1186-2019 17 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა–ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ანდერძის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო აქტებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ვ.ა–მა, რომლის უფლებამონაცვლეა ს.ა–მა (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ა–ას (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 1982 წლის 4 სექტემბერს ს.ა–ას მიერ შ.ა–ის სახელზე შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში მ.ა–ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/3 წილზე ვ.ა–ის უფლებამონაცვლე ს.ა–ის მესაკუთრედ ცნობა, 2013 წლის 30 ოქტომბერს და 2014 წლის 26 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობებისა ბათილად ცნობა, ასევე, უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის 2015 წლის 26 თებერვლის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სამემკვიდრეო სავალდებულო წილი მოსარჩელეს და მის წინაპრებს არ ეკუთვნოდათ, რადგან 1982 წელს 4 სექტემბერს ს.ა–ამ დაწერა ანდერძი თავისი შვილის – შ.ა–ის სასარგებლოდ, ხოლო 1985 წლის 1 ივნისს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ, შ.ა–ი ფაქტობრივად შეუდგა მისი სამკვიდროს ფლობას და სამკვიდრო ქონება სანოტარო წესით გაიფორმა 2013 წლის 30 ოქტომბერს, რასაც ადასტურებს ნოტარიუსის მიერ გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ შ.ა–მა ნოტარიუსთან დამალა სხვა მემკვიდრეების არსებობის თაობაზე, ვინაიდან ანდერძის თანახმად, ის წარმოადგენდა ს.ა–ას ერთადერთ მემკვიდრეს. ამასთან, მოპასუხის განმარტებით სარჩელი ხანდაზმულია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის №ას-1186-2019 განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ განჩინებაში დაშვებულ იქნა უსწორობა, კერძოდ, განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებად მიეთითა „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინება“, „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინების“ ნაცვლად.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. ამდენად, დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.
10. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიზანშეწონილად არ თვლის სადავო უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტას სასამართლო სხდომაზე.
11. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის №ას-1186-2019 განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების თარიღი – „2019 წლის 4 ივლისი“ გასწორდეს „2019 წლის 22 ივლისით“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის №ას-1186-2019 განჩინებაში დაშვებული უსწორობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების თარიღი – „2019 წლის 4 ივლისი“ გასწორდეს „2019 წლის 22 ივლისით“.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე