საქმე №ას-1597-2019 13 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს – 11 711.20 ლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის 2017 წლის 13 მარტს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 688 893.99 ლარით.
3. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს ნებისმიერ ეტაპზე ახორციელებს შემსყიდველი. 5.2. პუნქტით კი, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე შემსყიდველის მხრიდან ინსპექტირებას განახორციელებენ ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები ან/და სამსახურის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.
4. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტი და მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, სამუშაოების შესრულების თარიღად ჩაითვლება „შესრულებული სამუშაოების აქტში“ მითითებული, ტექნიკური ზედამხედველის მიერ დადასტურებული სამუშაოთა დასრულების თარიღი. ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, წერილობითი დავალებით განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოს დასრულების ვადის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 აპრილის №14-01171113187 წერილით, მიმწოდებელს დაევალა აღნიშნული წერილის დანართით განსაზღვრულ მისამართზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება 2017 წლის 21 აპრილიდან 2017 წლის 20 მაისის ჩათვლით. აღნიშნული სამუშაოები შესრულდა 2017 წლის 16 ივნისს, 27 დღის ვადაგადაცილებით. სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულების გამო, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო 9 300.07 ლარის ოდენობით. აღნიშნული პირგასამტეხლოს შესახებ მიმწოდებელს ეცნობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2017 წლის თბილისის №12-01171872288 წერილით, რომელიც დღემდე გადაუხდელია.
6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 29 ივნისის №14-0171802225 წერილით მიმწოდებელს დაევალა აღნიშნული წერილის დანართით განსაზღვრულ მისამართზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება 2017 წლის 29 ივნისიდან 2017 წლის 24 ივლისის ჩათვლით, აღნიშნული სამუშაოები შესრულებულ იქნა 2017 წლის 31 ივლისს, 7 დღის ვადაგადაცილებით.
7. სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულების გამო, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო – 2 411.13 ლარის ოდენობით. აღნიშნული პირგასამტეხლოს შესახებ მიმწოდებელს ეცნობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 7 სექტემბრის №12-01172501171 წერილით, რომელიც დღემდე გადაუხდელია.
მოპასუხის პოზიცია:
8. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელისაგან წერილით შეიტყო სამუშაოების მეორე ეტაპზე 27 კალენდარული დღით არსებული დავალიანებისა და 9 300.27 ლარით დაჯარიმების შესახებ.
9. მხარემ მიიჩნია, რომ კომპანიას ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია, ვინაიდან ვადაგადაცილება მათი ბრალით არ მომხდარა. კომპანიას დავალების წერილი გადაეცა 21 აპრილს საღამოს, 19:00 საათის შემდეგ. დავალების წერილში მისამართები დეფექტური აქტებით არ იყო დასურათებული და უმრავლესობას არ ჰქონდა მითითებული საკონტაქტო ნომრები. აღნიშნული მიზეზის გამო წერილობითი დავალება სრულყოფილად გადაეცა 1 მაისს 10 დღის დაგვიანებით. აგრეთვე, მეორე ეტაპზე მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე კომპანიამ შეასრულა სამუშაოები 10 მისამართზე, რომელიც საერთოდ არ შედიოდა 21 აპრილის დავალებით გათვალისწინებულ სამუშაოებში. აღნიშნულ ობიექტებზე შესრულებულ სამუშაოებს დასჭირდა 10 დღე.
10. ამასთან, ობიექტები, სადაც შესრულდა სამუშაოები საჭიროებენ ელექტროქსელში ჩართვას, მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად, ქსელში ჩართვა ხორციელდებოდა სინათლის ქალაქთან შეთანხმებით, ანუ ყველა ობიექტის ჩართვაზე ხდებოდა დაკავშირება სინათლის ქალაქთან, თუმცა მათი წარმომადგენლები აგვიანებდნენ ადგილზე მისვლას, რაც აფერხებდა კომპანიის მუშაობის პროცესს.
11. მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა სამუშაოების შესრულების პერიოდში მოსულ უხვ ნალექზე (წვიმიანი დღეები), რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ფორსმაჟორულ სიტუაციას.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოითხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება მინიმუმამდე, ვინაიდან ვადაგადაცილება არ მომხდარა მათი ბრალეულობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწლობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს – 1349.58 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2017 წლის 13 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისის მასშტაბით ახალი (გარე განათება) სანათი წერტილების მოწყობის სამუშაოების ჩატარება. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 688 893.99 ლარი. ხელშეკრულება ძალაში შევიდა მისი გაფორმებისთანავე და მოქმედებდა 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით.
16. სამუშაოების დასრულების ვადა ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადად საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 თვე შეთანხმდა.
17. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით დაეკისრებოდა.
18. ხელშეკრულების 9.4 პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს ჯარიმის გადახდა (გარდა შესრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევისა), ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით უნდა დაკისრებოდა. ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, წერილობითი დავალებით განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოს დასრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით დაეკისრებოდა.
19. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 21 აპრილის წერილით მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში წერილის დანართში მითითებულ მისამართებზე გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების ჩატარება მიმდინარე წლის 21 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით. 2017 წლის 28 ივნისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურსა და მოპასუხეს შორის შედგა №2 მიღება-ჩაბარების აქტი. აქტში მითითებულია, რომ „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოები 2017 წლის 23 ივნისის №2 ფორმის მიხედვით არის დადასტურებული, სადაც ქ. თბილისის მასშტაბით ახალი (გარე განათება) სანათი წერტილების მოწყობის სამუშაოები 2017 წლის 13 მარტის სახელმწიფო შესყიდვის №02.05/30/149 ხელშეკრულების პირობების შესაბამისად არის შესრულებული და №2 ფორმით დადასტურებული სამუშაოების დასრულების თარიღია 2017 წლის 16 ივნისი. მიღება-ჩაბარების აქტით, შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება განისაზღვრა 76 836.37 ლარით.
20. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 29 ივნისს წერილით მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, წერილის დანართში მითითებულ მისამართებზე, გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების ჩატარება მიმდინარე წლის 29 ივნისიდან 24 ივლისის ჩათვლით.
21. 2017 წლის 9 აგვისტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურსა და მოპასუხეს შორის შედგა №3 მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია, რომ „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოები 2017 წლის 2 აგვისტოს №3 ფორმა №2-ის მიხედვით დადასტურდა, სადაც ქ. თბილისის მასშტაბით ახალი (გარე განათება) სანათი წერტილების მოწყობის სამუშაოები 2017 წლის 13 მარტის სახელმწიფო შესყიდვის №02.05/30/149 ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არის შესრულებული და №2 ფორმით დადასტურებული სამუშაოების დასრულების თარიღია 2017 წლის 31 ივლისი. მიღება-ჩაბარების აქტით შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება განისაზღვრა 89 259.68 ლარით.
22. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის 2017 წლის 13 მარტის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირგასამტეხლო მართებულად შემცირდა.
23. კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. პაცტა სუნტ სერვანდა-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.
24. მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.5 პუნქტის შესაბამისად, წერილობითი დავალებით განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოს დასრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით.
25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს, თუმცა სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.
26. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა.
27. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
28. მოცემულ შემთხვევაში აპელანტ მხარეს ვალდებულების დარღვევა სადავოდ არ გაუხდია სასამართლოს მიერ შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება წარმოადგენს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა – ვალდებულების დარღვევა სახეზეა.
29. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
30. პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.
31. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს.
32. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.
33. სააპელაციო პალატამ, აქვე განმარტა, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს. ანუ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანხმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს, ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის ხელშეკრულების საერთო თანხიდან გამოთვლა არ ეწინააღმდეგება კანონს და სასამართლოს მიერ შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობიდან გამოანგარიშების სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.
34. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და სააპელაციო საჩივრით შედავებული არ არის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ერთ შემთხვევაში, 76 836,37 ლარის სამუშაოები 27 დღის, ხოლო მეორე შემთხვევაში 89259,68 ლარის სამუშაოები 7 დღის დაგვიანებით შესრულდა. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო რა წინამდებარე განჩინებაში მოყვანილი პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნები და დანიშნულება, გაითვალისწინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის მცირე ვადა, ასევე მოგების ის მარჟა, რომელსაც მოპასუხე კომპანია ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში იღებდა, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპზე, როგორც ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, ასევე შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს უფლება სამოქალაქო ურთიერთობებში ნაგულვები კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სატენდერო ხელშეკრულება, რომლის პირობებიც ხელშეკრულების ძლიერი მხარის – სახელმწიფოს მიერაა შეთავაზებული. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხსენებული უფლების გამოყენება კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევით მოხდა, ვინაიდან ხელშეკრულების შესრულების ვადის მცირე დარღვევამაც კი მოპასუხისთვის შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწვია.
35. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
36. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
37. განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, დაკისრებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ არაგონივრულ ოდენობამდე შემცირების მტკიცების ტვირთი აპელანტ მხარეს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა. მან 7 და 27-დღიანი ვადის გადაცილების გარდა, ვერ დაასახელა ვერც ერთი გონივრული მიზეზი, რომელიც მოპასუხისათვის შემცირებული პირგასამტეხლოს ნაცვლად მის სრულად დაკისრებას გაამართლებდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
38. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
39. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 319-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას, საკუთარი ნების შესაბამისად, განსაზღვრონ ხელშეკრულების ყველა პირობა, ასევე, იკისრონ ვალდებულებები ან გამორიცხონ ისინი. მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეამცირეს მისი ოდენობა მოპასუხის სასარგებლოდ.
40. კასატორმა აღნიშნა, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი, დაადასტურა ვალდებულების შესრულების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, გაურკვეველია სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა რა კრიტერიუმით შეამცირა. ასევე, გასათვალისწინებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების სპეციფიკა და მისი გავლენა საჯარო ინტერესზე.
41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
42. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
43. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
44. 2017 წლის 13 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისის მასშტაბით ახალი (გარე განათება) სანათი წერტილების მოწყობის სამუშაოების ჩატარება. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 688 893.99 ლარი. ხელშეკრულება ძალაში შევიდა მისი გაფორმებისთანავე და მოქმედებდა 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით.
45. სამუშაოების დასრულების ვადა ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადად საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 თვე შეთანხმდა.
46. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით დაეკისრებოდა.
47. ხელშეკრულების 9.4 პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს ჯარიმის გადახდა (გარდა შესრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევისა), ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით უნდა დაკისრებოდა. ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, წერილობითი დავალებით განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოს დასრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით დაეკისრებოდა.
48. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 21 აპრილის წერილით მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში წერილის დანართში მითითებულ მისამართებზე გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების ჩატარება მიმდინარე წლის 21 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით. 2017 წლის 28 ივნისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურსა და მოპასუხეს შორის შედგა №2 მიღება-ჩაბარების აქტი. აქტში მითითებულია, რომ „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოები 2017 წლის 23 ივნისის №2 ფორმის მიხედვით არის დადასტურებული, სადაც ქ. თბილისის მასშტაბით ახალი (გარე განათება) სანათი წერტილების მოწყობის სამუშაოები 2017 წლის 13 მარტის სახელმწიფო შესყიდვის №02.05/30/149 ხელშეკრულების პირობების შესაბამისად არის შესრულებული და №2 ფორმით დადასტურებული სამუშაოების დასრულების თარიღია 2017 წლის 16 ივნისი. მიღება-ჩაბარების აქტით, შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება განისაზღვრა 76 836.37 ლარით.
49. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 29 ივნისს წერილით მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, წერილის დანართში მითითებულ მისამართებზე, გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების ჩატარება მიმდინარე წლის 29 ივნისიდან 24 ივლისის ჩათვლით.
50. 2017 წლის 9 აგვისტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურსა და მოპასუხეს შორის შედგა №3 მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია, რომ „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოები 2017 წლის 2 აგვისტოს №3 ფორმა №2-ის მიხედვით დადასტურდა, სადაც ქ. თბილისის მასშტაბით ახალი (გარე განათება) სანათი წერტილების მოწყობის სამუშაოები 2017 წლის 13 მარტის სახელმწიფო შესყიდვის №02.05/30/149 ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არის შესრულებული და №2 ფორმით დადასტურებული სამუშაოების დასრულების თარიღია 2017 წლის 31 ივლისი. მიღება-ჩაბარების აქტით შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება განისაზღვრა 89 259.68 ლარით.
51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
52. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
53. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
54. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
55. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
56. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
57. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
58. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
59. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
60. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
61. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
62. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
63. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
64. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
65. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
66. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
67. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
68. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
69. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
70. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
71. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონიერად ჩათვალა.
72. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
73. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
74. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
75. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
76. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური