Facebook Twitter

საქმე №ას-1525-2019 16 დეკემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი– ლ.მ–ი (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჩ–ძე, ბ. „ძ.თ“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 03 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.მ–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა ნ.ჩ–ძისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი მოწინააღმდეგე მხარე) და ბ. „ძ.თ–''-ის (შემდეგში: ბ. ან მეორე მოპასუხე ან მეორე მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ შემდეგი მოთხოვნებით: 1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბ-ის კრების ოქმი N6, რ/N120960474;1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ბ-ის კრების ოქმი N2, რ/N130250786; 1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ბ-ის კრების ოქმი N6, რ/N150283691; 1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ბ-ის კრების ოქმი N1, რ/N130250780, დამოწმებული 16.03.2013წ. ნოტარიუს ი.ნ–ის მიერ; 1.5. ბათილად იქნეს ცნობილი ბ-ის კრების ოქმი N4, რ/N150267337; 1.6. ბათილად იქნეს ცნობილი ბ-ის კრების ოქმი N10, რ/N140787680; 1.7. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ბ-ის კრების ოქმი N5, რ/N150277817, პირველი მოპასუხისთვის 222.20 კვ.მ. ფართის სხვენის გადაცემის შესახებ.

2. მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ბინის, მდებარე ქ. თბილისი, .....–დან არსებული ფართის 79.00/612.00 წილის მესაკუთრე, რომელიც 2006 წლის 27 მაისს შეიძინა მისმა მეუღლემ - გარდაცვლილმა ბ.ბ–მა მესაკუთრე ლ.ჯ–გან. თავად ლ.ჯ–მა კი, ეს ბინა შეიძინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 19.12.2002წ. ჩატარებულ საჯარო აუქციონზე. ბინა საჯარო აუქციონზე გაყიდვამდე რეგისტრირებული იყო პირველი მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით და სწორედ მისი კუთვნილი 79.00/612.00 წილი გაიყიდა აუქციონზე. 79.00/612.00 წილის ყიდვის მიუხედავად, ბ.ბ–ის ოჯახმა დაიკავა N47 ოთახი (31.27 კვ.მ.) და N49 ოთახი (31.00 კვ.მ.), თუმცა, მათ ასევე ეკუთვნოდათ N46 (17.22 კვ.მ.) ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილი, რომელსაც რეალურად ფლობდა პირველი მოპასუხე და არ ათავისუფლებდა ფართს არც საჯარო აუქციონის შემდგომ. ვინაიდან, იმ პერიოდისთვის, მოსარჩელე რეალურად მუდმივად არ ცხოვრობდა სადავო მისამართზე, მან კეთილი ნებით სადავო ფართები დაუთმო პირველ მოპასუხეს. ამ უკანასკნელმა, გასაჩივრებული კრების ოქმებით საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა, როგორც მოსარჩელის, ისე სხვა ფართები და ამით ზიანი მიაყენა მოსარჩელეს. ბ–ს კრებები ჩატარებულია კანონდარღვევით, კერძოდ, დარღვეულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი კრების მოწვევის და ჩატარების წესები, რის გამოც, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მეუღლემ ფართი ლ.ჯ–გან შეიძინა, ხოლო ეს უკანასკნელი კი, საჯარო აუქციონზე გახდა მესაკუთრე, სადავო არ არის. 2002 წელს ჩატარებულ საჯარო აუქციონზე პირველი მოპასუხის ვალის გამო, გასხვისდა იპოთეკით დატვირთული ორი ოთახი დამხმარე ფართისა და ტუალეტის გარეშე. დანარჩენი ფართი კი, რომელიც მოსარჩელეს აქვს სადავოდ გამხდარი, მრავალი წლის განმავლობაში პირველი მოპასუხის ინდივიდუალური მფლობელობის ობიექტს წარმოადგენდა. შესაბამისად, ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობით მოხდა ქონების საკუთრებაში გადაცემა, რაც საკმარის კვორუმს წარმოადგენს მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ-ის 2012 წლის 09 სექტემბრის N6 კრების ოქმით (რეგისტრაციის N120960474, რეგისტრაციის თარიღი: 10.09.2012წ.) ამხანაგობის წევრს - პირველ მოპასუხეს დაუდასტურდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული .... N52-ში მდებარე საცხოვრებელი და დამხმარე ფართები, სულ 67.43 კვ.მ. (შპს „ს–ის“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზების მიხედვით ფართობები შეადგენს 17.90 კ.მ. + 1.52 კვ.მ. +7.81 კვ.მ. +40.20 კვ.მ). კრებას თავმჯდომარეობდა ზ.ს–ი და ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კრებაზე დამსწრე პირთა 100%-ის მიერ. პირველ მოპასუხეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. დადგენილია, რომ 67.43 კვ.მ.-ში შემავალი თითოეული ფართი წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერებით 40.20 კვ.მ. და 17.90კვ.მ ცალკე უფლების ობიექტია, ხოლო რეგისტრირებული 28 კვ.მ. ასევე, მოიცავს 17.90 კვ.მ. და 1.52 კვ.მ.-ს. საქმეში წარმოდგენილია ასევე 7.81 კვ.მ.-ზე საჯარო რეესტრის ამონაწერი. საკადასტრო კოდით: ......

6. ბ-ის 2013 წლის 03 მარტის N2 კრების ოქმით (რეგისტრაციის N130250786, რეგისტრაციის თარიღი: 16.03.2013წ.) ამხანაგობის წევრს - პირველ მოპასუხეს დაუდასტურდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ..... N52-ში მე-2 სართულზე მდებარე 40.20 კვ.მ. ფართი (აზომვითი ნახაზი შედგენილია შპს „ს–ის“ მიერ). კრების ოქმში ერთგვარი დანართის სახით მითითებულია, რომ პირველ მოპასუხის მფლობელობაში და საკუთრებაში არსებული 40.20 კვ.. ფართი წარმოადგენს ტექ.ბიუროს არქივის გაცემულ ცნობა-დახასიათებაში მითითებულ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ფართობის ნაწილს და მნიშვნელოვანია ის, რომ პირველ მოპასუხის კუთვნილი ფართები ცალ-ცალკე მდებარეობს და არ არის ერთ სივრცეში მოქცეული. აღნიშნული კრების ოქმის საფუძველზე, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ..... N52-ში მდებარე 40.20 კვ.მ. ფართზე საჯარო რეესტრში აღირიცხა პირველ მოპასუხის საკუთრების უფლება.

7. ბმა-ის 2015 წლის 24 მარტის N6 კრების ოქმით ოქმით (რეგისტრაციის N 150283691, რეგისტრაციის თარიღი: 24.03.2015წ.) პირველ მოპასუხეს დაუდასტურდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული .... N52-ში I სართულზე მდებარე 3.7 კვ.მ. სათავსი (შპს „კ–ის“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად). N6 კრების ოქმის საფუძველზე, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, .... N52-ში, პირველ სართულზე მდებარე 3.70 კვ.მ. ფართზე საჯარო რეესტრში აღირიცხა პირველი მოპასუხის საკუთრების უფლება.

8. ბმა-ის 2013 წლის 03 მარტის N1 კრების ოქმით (რეგისტრაციის N130250780, რეგისტრაციის თარიღი: 16.03.2013წ.) პირველ მოპასუხეს დაუდასტურდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ..... N52-ში მდებარე 17.90 კვ.მ. ფართის 1 საცხოვრებელი ოთახი და 1.52 კვ.მ. ტუალეტი (აზომვა ჩატარებულ იქნა შპს „ო–ის“ მიერ). კრების ოქმის თანახმად, კრების მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამხანაგობის წევრთა ხმათა უმრავლესობით, ხოლო პირველ მოპასუხეს მონაწილეობა არ მიუღია კენჭისყრაში. კრების ოქმში განმარტებულია, რომ საჯარო რეესტრში პირველ მოპასუხეზე რეგისტრირებული 28 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი მოიცავს ..... ქ. N52-ში II სართულზე მდებარე საცხოვრებელ ბინას 17.90 კვ.მ. + 1.52 კვ.მ. ტუალეტი (ბინა ცალკე უფლების ობიექტია) და 40.20 კვ.მ. საცხოვრებელ და დამხმარე ფართებს, რომლებიც ერთმანეთის გვერდით არ მდებარეობს. აღნიშნულ 28 კვ.მ.-ზე პირველ მოპასუხეზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ქ.თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2002 წლის 19 დეკემბრის განკარგულება (საკადასტრო კოდი: N......), ხოლო 17.90 კვ.მ.-ზე უკვე ბ-ს კრების ოქმი (დამოწმების თარიღი 16/03/2013წ., რ/N 130250780) წარმოადგენს პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების უფლებადამდგენ დოკუმენტს. უძრავი ქონების საკადასტრო კოდია: N .......

9. ბ-ის 2015 წლის 18 მარტის N4 კრების ოქმით (რეგისტრაციის N 150267337, რეგისტრაციის თარიღი: 19.03.2015წ.) პირველ მოპასუხეს დაუდასტურდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ..... N52-ში მე-2 სართულზე მდებარე 8.57 კვ.მ. სათავსი (აზომვა ჩატარებულ იქნა შპს „კ–ის“ მიერ). ზემოაღნიშნული N4 კრების ოქმის საფუძველზე, ჩხეიძის ქ.52-ში, მე-2 სართულზე მდებარე 8.57 კვ.მ. სათავსზე საჯარო რეესტრში აღირიცხა პირველი მოპასუხის საკუთრების უფლება, საკადასტრო კოდით: N ...

10. ბმა-ის 2014 წლის 27 ივლისის N10 კრების ოქმით (რეგისტრაციის ნომერი 140787680, რეგისტრაციის თარიღი: 28.07.2014წ.), რომელსაც ზ.ს–ი თავმჯდომარეობდა, პირველ მოპასუხეს დაუდასტურდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული .... 52-ში, პირველ სართულზე მდებარე 4 კვ.მ. სათავსო კიბის ქვეშ. 28/07/2014წ. რეგისტრირებული კრების ოქმის საფუძველზე, საჯარო რეესტრში ..... N52-ის პირველ სართულზე მდებარე 4.00 კვ.მ. სათავსზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება პირველი მოპასუხის სახელზე (საკადასტრო კოდი: N .....).

11. ბ-ის 2015 წლის 18 მარტის N5 კრების ოქმით (რეგისტრაციის N150277817, რეგისტრაციის თარიღი: 23.03.2015წ.) გაუქმდა ბმა-ის 2012 წლის 30 აგვისტოს N4 კრების ოქმი. ამას გარდა, ამავე კრების ოქმით პირველ მოპასუხეს დაუდასტურდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ..... ქ. 52-ში მდებარე 222.20 კვ.მ. სხვენი. აზომვითი ნახაზი მომზადებულ იქნა შპს „კ–ის“ მიერ. საჯარო რეესტრში პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე .... ქუჩა N52, 222.20 კვ.მ. სხვენზე უფლებადამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ბ -ის კრების ოქმი N5. უძრავი ქონების საკადასტრო კოდია .......

12. პირველი მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა ასევე ქ. თბილისში, ..... N52-ში მდებარე 79 კვ.მ. ბინა, რომლის მესაკუთრეც 2002 წლის 19 დეკემბერს გამართული განმეორებითი საჯარო აუქციონით გახდა ლ.ჯ–ი, რომელიც ფართის მესაკუთრედ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. შემდგომ, მასსა და მოსარჩელის მეუღლეს - ბ.ბ–ს შორის გაფორმდა აღნიშნულ ფართზე ნასყიდობის ხელშეკრულება 2006 წლის 27 მაისს. 29/04/2010წ. დამოწმებული N100402472 კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობით უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ..... N52, 79.00/612.00 წილზე, საკადასტრო კოდით: N ......, აღირიცხა მოსარჩელის საკუთრების უფლება.

13. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015წ.-ის 27 ნოემბერს გაცემული წერილიდან ირკვევა, რომ სააღრიცხვო მასალაში წარდგენილია 18/05/1994 წლის რN2ნ-393 პრივატიზაციის ნოტარიალური ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, ხუთოთახიანი ბინა (107 კვ.მ საცხოვრებელი ფართით, 21.63 კვ.მ. დამხმარე ფართით, 128.63 კვ.მ. სასარგებლო ფართით) საკუთრებაში გადაეცა პირველ მოპასუხეს. 29/04/1999 წლის რN2-93 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე პირველი მოპასუხის კუთვნილი 107/612 წილიდან იპოთეკით დაიტვირთა 28/612 წილი (28 კვ.მ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა 107 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, 21.63 კვ.მ. დამხმარე ფართი, 128.63 კვ.მ. სასარგებლო ფართი.

14. საქმეზე წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება (79/612 წილი) დატვირთული იყო იპოთეკით ლ.პ–ისა და ი.ჯ–ძის სასარგებლოდ 2001 წლის 26 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე.

15. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი კრების ოქმების მიუხედავად, მარეგისტრირებელმა ორგანომ შეაჩერა წარმოება. წარმოება შეჩერდა მათ შორის, 7.81 კვ.მ. ფართის პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში, რაც გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3/2698-13) ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები შეჩერებაზე და ამავე გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისში, .... N52-ში, ფართით 7.81 კვ.მ. 2010 წლიდან მოსარჩელე გახდა რა უძრავი ქონების მესაკუთრე კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კანონის შესაბამისად გახდა ამხანაგობის წევრიც. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება. ამავე მუხლის „კ“ პუნქტით კი, მესაკუთრეს წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი ბინის მესაკუთრე.

16. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა პირველი მოპასუხის, ლ.ჩ–სა და მ.ჩ–ძის მიერ ოთახი N46-ის (17.22 კვ.მ.) უკანონოდ ფლობის ფაქტს და მოითხოვდა მათ გამოსახლებას. სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი ნ.ჩ–ძის, ლ.ჩ–სა და მ.ჩ–ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ: „სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ N46 ოთახი, რომლის ფართი შეადგენს 17.22 კვ.მ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ვინაიდან, პირველი მოპასუხის სახელზე პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული ხუთი ოთახის გამიჯვნა და ფართების დაზუსტება არ მომხდარა. შესაბამისად, ლ.ჯ– მიერ აუქციონზე მოხდა დაუზუსტებელი ფართის 79 კვ.მ შეძენა, რომელიც შემდგომში გასხვისებული იქნა ბ.ბ–ზე და დღეისათვის, მის მესაკუთრეს წარმოადგენს ლ.მ–ი. საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა და არც სააღსრულებო წარმოების მასალებში არ არის დაცული აზომვითი ნახაზი ან რაიმე სახის მტკიცებულება, სადაც კონკრეტულად მითითებული იქნებოდა თუ სად მდებარეობდა სადაო ფართი და რისგან შესდგებოდა იგი. შესაბამისად ლ.ჯ– მიერაც მოხდა დაუზუსტებელი ფართის გასხვისება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია რომ მოპასუხეები დღემდე ცხოვრობენ #46-ში ოთახში და აღნიშნული გარემოება სადაო არ გაუხდიათ წინა მესაკუთრეებს. გასათვალისწინებელია ასევე დამოუკიდებელ ექსპერტი „დ.რ–ძის” დასკვნა, სადაც მიუთითებს, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ფართებს შორის სხვაობა შეიძლება განპირობებული იყოს მის ზომაში კედლის მიერ დაკავებული ფართის, ღიობების და სხვენზე ასასვლელი კიბის ქვეშ არსებული ფართის ზომის ჩათვლით.“

17. საჯარო აუქციონზეც და შემდგომ გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაშიც მითითებული იყო 79 კვ.მ. (79/612 წილი) და არსად არ არის მითითებული თუ რამდენ ოთახს მოიცავდა ეს ფართი მისი წილობრივი მონაცემებით. ამ სახით არის განსაზღვრული უძრავი ქონების მახასიათებლებიც იპოთეკის ხელშეკრულებაში.

18. მოსარჩელე სადავოდ ხდის და მიუთითებს, რომ N47 ოთახი (31.27 კვ.მ.) და N49 ოთახი (31.00 კვ.მ.) დაიკავა მხოლოდ კუთვნილი 79კვ.მ.-დან და რომ მას ასევე ეკუთვნოდა N46 (17.22კვ.მ.) ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილი. სასამართლომ გადაწყვეტილების 2.14 პუნქტში მიუთითა სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, სადაც ასევე ვერ დადგინდა N47 ოთახზე მოსარჩელის კუთვნილების ფაქტი. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის ფარგლებშიც მოსარჩელემ ვერ წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ გარდა ფაქტობრივად დაუფლებული ორი ოთახისა, მისი უფლება რომელიმე სხვა ფართზეც შეიძლება ვრცელდებოდეს. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია ასევე აღმასრულებლის მიერ შედგენილი ოქმით.

19. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 03 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და სარჩელი დარჩა განუხილველად.

20. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი მოსარჩელის იურიდიული ინტერესი. მოსარჩელე ზეპირსიტყვიერად მიუთითებდა, რომ კუთვნილ 79 კვ.მ. ფართსა და რეალურად ათვისებულ ფართს შორის სხვაობა სწორედ პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ ფართშია მოქცეული, მაგრამ სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. ასევე, არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ თავის დროზე, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს, მოსარჩელის მეუღლეს სხვა ფართიც უნდა გადასცემოდა, ვიდრე რეალურად გადაცემული ორი ოთახია. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თავად მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებაზე, რომ ფართის აზომვა მისი შეძენის დროს არ განუხორციელებიათ. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ოქმები არ შეხებია მის კუთვნილ ორ ოთახს (აღნიშნულს არც ერთი მხარე არ ხდის სადავოდ). რაც შეეხება სხვა ფართებს, მოსარჩელე ვერ ადასტურებს სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მის უფლებას სხვა ფართების მიმართ.

21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ იყო დასაშვები, რადგანაც ის არ პასუხობდა სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ ნორმის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა ყოფილიყო აღინიშნული სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი. სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... (შდრ: სუსგ Nას-838-802-2014, 19.03.2015წ.). სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე მუხლით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.

22. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (შდრ: სუსგ Nას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი; №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღიარებითი სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო.

24. სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა (მოსარჩელე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულოი განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

25. კასაციის მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

26. კასატორის მოსაზრებით, სარჩელის იურიდიული ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ სადავო კრების ოქმებით პირველ მოპასუხეს გადაეცა საერთო სარგებლობის ფართები, მათ შორის, საპირფარეშო, მთლიანი სხვენი, დაუზუსტდა მის საკუთრებაში არსებული ფართები. დაირღვა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი რადგან იგი არ ყოფილა ინფორმირებული კრების ჩატარების შესახებ და არ დასწრებია მათ. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემდე, წინა მესაკუთრემ შეიძინა 79კვ.მ. რაც აღემატება იმ ორ ოთახს, რომელიც მისი წილის შესაბამისად აქვს დაკავებული მოსარჩელეს. თუ მოსარჩელეს არ ყოფნის ფართი, რათა შეივსოს თავისი წილი, ეს სხვაობა უნდა იქნეს მოძიებული პირველი მოპასუხის სარგებლობაში არსებულ ფართში, რადგან აღნიშნული წილი თავის დროზე გასხვისდა აუქციონზე და აქედან აღმოჩნდა მოსარჩელის საკუთრებაში. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული კრების ოქმების ბათილად ცნობის შემთხვევაში, საერთო საკუთრებაში დაბრუნდება სხვენი, საპირფარეშო, რომელიც პირველი მოპასუხის საკუთრებაში დარეგისტრირდა და მოსარჩელეს წაერთვა. სწორედ ამაში ვლინდება მოსარჩელის იურიდული ინტერესი (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები. ს.ფ. 145-147).

27. კასატორი შუამდგომლობს, რომ საკასაციო პალატამ დანიშნოს ექსპერტიზა, რათა რომ გაირკვეს თუ რა ფართის დამავლა მოახერხა პირველმა მოპასუხემ. აღნიშნულ შუამდგომლობაზე კასატორს უარი ეთქვა პირველსა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში (იხ., კასატორის შუამდგომლობა - ს.ფ. 148, 149).

სამოტივაციო ნაწილი:

28.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 03 ივლისის განჩინებით მხარეს განემარტა, რომ განჩინებაზე დაიშვებოდა საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალებისა და საჩივრის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი შინაარსობრივად არის არა საკასაციო არამედ, კერძო საჩივარი, ვინაიდან გასაჩივრებულია განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე (სსსსკ-ის 275, 187, 276-ე მუხლები). თუმცა, საკასაციო პალატამ შეამოწმა რა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, მიაჩნია, რომ არ აარსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.

29. თუმცა, საკასაციო სასამართლოს წარმოდგენილი კერძო საჩივარი რომც მიეჩნია საკასაციო საჩივარად, და შეემოწმებინა მისი დასაშვებობის საკითხი სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, იგი მაინც დაუშვებლად იქნებოდა მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

30. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა ამხანაგობის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ ერთნიშვნელოვნად გამორიცხა სარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობა. ერთ-ერთ განჩინებაში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სსსკ-ის მე-2 მუხლი უზრუნველყოფს პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს დარღვეული ან სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად. ამასთან, პირს ევალება, სწორად ჩამოაყალიბოს მოთხოვნა და ის მიზანი, რომლის მიღწევაც გადაწყვეტილებით სურს. გარდა ამისა, სარჩელი გამართული უნდა იყოს მატერიალურ- სამართლებრივი თვალსაზრითაც, რაც იმას გულისხმობს, რომ სამართლებრივი შედეგი და ამ შედეგის ფაქტობრივი წინაპირობები უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან“ (იხ., №ას-1221-1146-2015, 20 მაისი, 2016 წელი).

31. მოცემულ შემთხვევაში სადავოა რა ამხანაგობის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება (იხ., სარჩელში დავის საგანი - ამ განჩინების პ.1), მისი მოწვევის პროცედურული წესების დარღვევასა და კრების გადაწყვეტილებაუნარიანობის არარსებობაზე მითითებით (იხ., კასაციის საფუძვლები, სადაც კასატორი კრების ჩატარებაზე არაინფორმირებულობასა და მის დაუსწრებლად გადაწყვეტილებების მიღებაზე მიუთითებს - ამ განჩინების პ. 26), პირველ რიგში, შემოწმებას ექვემდებარება სწორად იყო თუ არა აღძრული სარჩელი და დასაშვები იყო თუ არა იგი სსსკ-ის 180-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, რომლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. დიდმა პალატამ სსკ-ის 180-ე მუხლის განმარტებისას, დაასკვნა: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე N ას-121-117-2016, 17 მარტი 2016). სხვა საქმეზე კი, საკასაციო სასამართლომ განმარტა: „აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ, 10.11.2015, საქმეზე #ას-937-887-2015; აგრეთვე იხ., სუსგ Nას-17-14-2015, 01.07.2015წ).

32. საგულისხმოა, რომ აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე უნდა შემოწმდეს, თუმცა, დასაშვებობის ეტაპის გადალახვა, სასამართლოს არ ართმევს უფლებას საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, თავისი ინიციატივით, შეამოწმოს აღნიშნული პროცესუალური საკითხი [სსსკ-ის 178.1. „ლ“ და 186.1. „თ“ მუხლი].

33. მოცემულ შემთხვევაში, დადგენლილია, რომ მოსარჩელე ზეპირსიტყვიერად მიუთითებდა, რომ კუთვნილ 79 კვ.მ. ფართსა და რეალურად ათვისებულ ფართს შორის სხვაობა სწორედ პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ ფართშია მოქცეული, მაგრამ სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება (იხ., კასაციის საფუძვლები. პ.26). მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მხოლოდ შუამდგომლობს, რომ თავად სასამართლომ დანიშნოს ექსპერტიზა იმის გამოსარკვევად, თუ არა მოცულობის ფართს მალავას პირველი მოპასუხე (იხ.,კასატორის შუამდგომლობა - ამ განჩინების პ.27), თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით თავად მხარეები განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, ესენია თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტები, მოწმეთა ჩვენები, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. როგორც აღინიშნა თავად მხარეებმა უნდა იტვირთონ მათი ხელსაყრელი მტკიცებულებების სასამართლოში წარმოდეგენა, სსსსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსამართლე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა ისეთ საკითხზე, რომლის განმარტებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისთვის და ამ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს ინიციატივით ექსპერტიზის დანიშვნა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევეაშია დასაშვები (შდრ: სუსგ №ას-60-60-2018, 24 ივლისი, 2018 წელი, №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი). საკასაციო პალატას მიაჩნია, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება სასამართლოს ინიციატივით ექპერტიზის დანიშვნის აუცილებლობა, რის გამოც, არ უნდა დაკმაყოფლდეს კასატორის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ამასთანავე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელემ თავისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ უზრუნველყო სარჩელის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობის დადასტურება, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ იქონიებდა მის უფლებებზე ზეგავლენას, ამხანაგობაში მისი მფლობელობისა და საკუთრების უფლებას უკეთესს გახდიდა.

34. ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის ბაჟის ოდენობა კერძო საჩივრისთვის შეადგენს 50 ლარს (სსსკ-ის 39. „დ“), ხოლო მოცემულ შემთხვევაში გადახდილია 150 ლარი, კერძო საჩივრის ავტორს უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 100 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ლ.მ–ის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3. ლ.მ–ს უკან დაუბრუნდეს ე.გ–ის მიერ 5.11.2019-ში საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (150 ლარი) - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე