საქმე №ას-1201-2019 20 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ქ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ქ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა აუნაზღაურებელი საიჯარო ქირის – 2125 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს – 2018 წლის 23 მარტამდე 1169,75 ლარის გადახდა, ხოლო 2018 წლის 24 მარტიდან საიჯარო ქირის სრულ დაფარვამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.05 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის პირობები მოპასუხემ დაარღვია და საიჯარო ქირა სრულად არ გადაიხადა. შეთანხმების თანახმად, მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და სასამართლოს მთავარ სხდომაზე საიჯარო ქირის – 525 ლარისა და პირგასამტეხლოს – 95,55 ლარის დაკისრების ნაწილში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნები მიიჩნია დასაბუთებულად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 2220,55 ლარი, საიდანაც საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენს 2125 ლარს და პირგასამტეხლოა 95,55 ლარი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 2018 წლის 23 მარტამდე პირგასამტეხლოს 1074,2 ლარის და 2018 წლის 24 მარტიდან ყოველდღიურად 1.05 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №E-102-85-4755 გადაწყვეტილებით მოპასუხეს პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გადაეცა 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი იჯარით, 5 წლის ვადით, ხოლო ყოველწლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 1050 ლარით, რაც 6 თვეში ერთხელ საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე უნდა გადახდილიყო.
7. ხელშეკრულების (საიჯარო პირობების) 10.1. პუნქტით მხარეები პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ და საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის საიჯარო ქირის 0.1 %-ის, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით განსაზღვრეს.
8. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე მოპასუხეს საიჯარო ქირის ნაწილის სახით 2125 ლარს და პირგასამტეხლოს სახით 2018 წლის 23 მარტამდე პერიოდისთვის 1169,75 ლარს, ხოლო 2018 წლის 24 მარტიდან საიჯარო ქირის სრულ გადახდამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.05 ლარს ედავება.
9. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 2125 ლარის გადახდა დაეკისრა, სააპელაციო წესით გასაჩივრებული არ არის და ამ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნას (პირგასამტეხლოს მიმართებით) მოპასუხისთვის 2018 წლის 23 მარტამდე პერიოდისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს სახით 1169.75 ლარის, ხოლო 2018 წლის 24 მარტიდან საიჯარო ქირის სრულად გადახდამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.05 ლარის დაკისრება წარმოადგენს.
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 417-ე მუხლის, 418-ე მუხლის პირველი ნაწილის, 420-ე მუხლის თანახმად, სსკ-ი იძლევა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. ამით აიხსნება ის, რომ ზოგადი წესით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება იმ ფარგლებში, რომელიც ვერ დაიფარა პირგასამტეხლოთი. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, დარღვევის შედეგებს მიეკუთვნება არა მხოლოდ ქონებრივი ზიანი, არამედ კრედიტორის არაქონებრივი უფლებებისადმი მიყენებული ზიანი.
13. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი. აღნიშნულ გარემოებებზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც გულისხმობს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.
14. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ხელშეკრულების 10.1 პუნქტით საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის ყოველი დარღვევისთვის მხარეებმა ყოველდღიური პირგასამტეხლო – წლიური საიჯარო ქირის 0,1 %-ის ოდენობით განსაზღვრეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 5 წლის განმავლობაში წლიური საიჯარო ქირის 6 თვეში ერთხელ გადახდის შესახებ ჯეროვნად შესრულებული არის და მას მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება საიჯარო ქირის სახით 2125 ლარის ოდენობით დავალიანება. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მოპასუხის საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დავალიანებას 2018 წლის 23 მარტამდე პერიოდისთვის 1169,75 ლარს, ხოლო 2018 წლის 24 მარტიდან ყოველდღიურად 1.05 ლარს ედავება.
15. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და, შესაბამისად, არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
16. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ პირველივე ინსტანციის სასამართლოში შესაგებლით სარჩელის საფუძვლიანობა შედავებული იყო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხემ, როგორც მოიჯარემ, მთელი საიჯარო პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლო მისთვის იჯარით გადაცემული 6 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყენება, ვინაიდან იმის გამო რომ სწორედ ამ მიწის ნაკვეთთან თავმოყრილია როგორც გაზის მილი (მაგისტრალი), ასევე, ელექტროენერგიის გადამცემი ბოძი, ასევე მრიცხველი, იქ ობიექტურად შეუძლებელი აღმოჩნდა ჯიხურის განთავსება და იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთის მიზნობრივად გამოყენება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეს ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს ფოტომასალა.
17. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსარჩელემ, როგორც მეიჯარემ (მესაკუთრემ), დამაჯერებელი არგუმენტაცია ვერ წარმოადგინა იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მოპასუხეს იჯარით გადაცემული 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი იჯარის მიზნებისათვის ვარგის მდგომარეობაში გადაეცა. მეტიც, პალატამ მიუთითა, რომ, როგორც სააპელაციო სასამართლოში ზეპირი განხილვისას გამოირკვა (იხ. 2019 წლის 31 მაისის სააპელაციო სასამართლო სხდომის საოქმო ჩანაწერი), აპელანტმა ვერ მიუთითა, თუ კონკრეტულად რომელი 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა იჯარით მოპასუხეს. მართალია, მოსარჩელის წარმომადგენელმა ეჭვქვეშ დააყენა საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ფოტომასალაზე აღბეჭდილი მონაცემების სისწორე და იჯარით გაცემული 6 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირების საკითხი, თუმცა ფაქტია, რომ მეიჯარემ ვერ მიუთითა მოპასუხის მიერ წარმოდგნეილი წარმოდგენილი მტკიცებულების საწინააღმდეგოდ ვერც ერთ მტკიცებულებაზე, რომელიც გამორიცხავდა მოპასუხის ამ პოზიციის სისწორეს და მის მიერ იჯარით გადაცემული 6 კვ.მ-ს ვარგის მდგომარეობაში გადაცემის შესახებ გარემოებას.
18. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს, როგორც მესაკუთრეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, შესაგებელში მითითებული შედავება გაექარწყლებინა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით (იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთი მაიდენტიფიცირებელი მტკიცებულებების, მათ შორის ფოტომასალის, საექსპერტო კვლევის წარმოდგენით) და დაედასტურებინა ის ფაქტი, რომ მოპასუხის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა იჯარის საგანს, თუმცა ამგვარი მტკიცება და მტკიცებულებები მოსარჩელეს საქმეში არ წარმოუდგენია. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის ეს პოზიცია და დასძინა, რომ ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მხოლოდ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა იქნეს შემოწმებული, ე.ი პირგასამტეხლოს დაუსაბუთებლად შემცირების კონტექსტში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მხოლოდ ამ თვალსაზრისით შეაფასა.
19. სააპელაციო პალატამ პირგასამტეხლოს მთლი მოცულობით მოთხოვნა მესაკუთრის მხრიდან არაგონივრულად მიიჩნია, რადგან დადგენილია, რომ იჯარით გადაცემული 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი, იქ არსებული გაყვანილობების გამო, მოიჯარემ ვერ გამოიყენა და ჯიხური ამ მიწის ნაკვეთზე ვერ განათავსა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი, პირგასამტეხლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებულ ოდენობამდე სწორად შეამცირა და არ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარებისა და პირგასამტეხლოს გაზრდის საფუძვლები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
21. კასატორმა მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მხარეთა თავისუფლება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში გარანტირებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით.
22. სსკ-ის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლების თანახმად, კასატორმა განმარტა, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე, მით უფრო, რომ ეს კანონით არ არის აკრძალული. საგულისხმოა, რომ სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით სრულად უგულვებელყო მოპასუხისათვის მზარდი პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა, რაც წინააღმდეგობაში მოდის სსკ-ის 420-ე მუხლით სასამართლოსათვის მინიჭებულ უფლებამოსილებასთან, კერძოდ, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მას უფლება არ აქვს, საერთოდ გააუქმოს მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო.
23. სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათლად უნდა იყოს განმარტებული, თუ რასთან არის პირგასამტეხლო შეუსაბამო: მოვალის ქონებრივ მდგომარეობასთან, მიყენებულ ზიანთან, თუ შეუსრულებელი ან დარღვეული ვალდებულების მოცულობასთან.
24. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივარი და არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 420-ე მუხლი. სასამართლოს აქვს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება, თავისი შეხედულებისამებრ, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ანუ აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს არა ნებისმიერი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, არამედ იმ ოდენობის, რომელიც ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია. სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისას უნდა განმარტოს და დაასაბუთოს, თუ რატომ მიიჩნევს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ თანხად და ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით გონივრული თანხით შეამციროს იგი, რომელიც დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი არგუმენტაციით სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა ეწინააღმდეგება ხელშეკრულების თავისუფლების ავტონომიას, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება გაუმართლებლად ჩაერიოს ხელშეკრულების თავისუფლებაში და მას არ აქვს უფლებამოსილება შეცვალოს ხელშეკრულების ის პირობები, რომელიც შეთანხმებულია მხარეთა ნების საფუძველზე.
25. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა.შ ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. მაგალითად, შედარებით-სამართლებრივი ანალიზისათვის, გერმანიის სავაჭრო კოდექსის მიხედვით, მეწარმე სუბიექტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს შემცირება არ ხდება.
26. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა ხელშეკრულების პირობებს, შესაბამისად, მხარეს სრულად უნდა ჰქონოდა გათვითცნობიერებული მოსალოდნელი შედეგი ვალდებულების დარღვევისას. პირგასამტეხლო არის ერთგვარი გარანტია კრედიტორისთვის, რათა მოვალის მიერ კეთილსინდისიერად შესრულდეს სახელშეკრულებო პირობები და მხარემ პასუხისმგებლობას თავი არ აარიდოს. როდესაც მხარე ნებას ავლენს გარიგების დადების თაობაზე, ის აცნობიერებს, ყველა შესაძლო შედეგს, რაც შეიძლება მოყვეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ან შეუსრულებლობას.
27. კასატორმა მიუთითა აღნიშნულ საკითხზე არსებულ სასამართლო პრაქტიკაზე, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, სასამართლო ადგენს დაკისრებული პირგასამტეხლოს დარიცხვას გადაწყვეტილების აღსრულებამდე (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ოქტომბრის №2-8404-15 გადაწყვეტილება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 დეკემბრის №2ბ/3479-14 გადაწყვეტილება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის №2ბ/1764-15 გადაწყვეტილება).
28. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 2014 წლის 4 მარტის №2ბ/5911-13 განჩინებით განმარტავს, რომ „ვინაიდან მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში არ დაფიქსირებულა პირგასამტეხლოს დარიცხვის შეწყვეტის კონკრეტული ვადა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი უნდა გაგრძელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. ამდენად, პირგასამტეხლოს არსის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება იქამდე, სანამ ვალდებულება სრულად არ შესრულდება. პირგასამტეხლოს დარიცხვის შეწყვეტას ვალდებულების შესრულება განაპირობებს, შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გაკეთებული დათქმა, რომ „პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდეს აღსრულებამდე" მომდინარეობს პირგასამტეხლოს არსიდან და შეესაბამება კანონს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მითითებულ კონტექსტში „აღსრულება" გულისხმობს ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებასაც, რაც იმას ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება ვალდებულების შესრულებით, იქნება ეს ნებაყოფლობითი შესრულება, თუ იძულების წესით აღსრულება. პირგასამტეხლოს დარიცხვის შემოფარგვლა გარკვეული დროით შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.“
29. იმავე განმარტებას აკეთებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა 2003 წლის 20 ივნისის №3კ-486-03 გადაწყვეტილებით მიუთითებს, რომ „კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება აქვს მანამ, სანამ იგი არ დაიკმაყოფილებს მის მოთხოვნას. მოვალემ უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა, საქმის სასამართლო განხილვა რამდენიმე სასამართლო ინსტანციაში გაგრძელდეს და გახანგრძლივდეს, რაც გამოიწვევს ვალის გაზრდას. ასეთ შემთხვევაში მოვალე თავის თავზე იღებს რისკს. მას უფლება აქვს, საქმის განხილვის დამთავრებამდე ცნოს სარჩელი და თანხა გადაიხადოს. ამიტომ კასატორის მითითება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელდეს სარჩელის შეტანამდე, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია“.
30. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველი, მითუმეტეს სასამართლოს მიერ ამგვარი დასაბუთების პირობებში, სადაც სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლად მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს მიზანს არ უნდა წარმოადგენდეს კრედიტორის გამდიდრება და მისი ოდენობა ადეკვატური უნდა იყოს შესრულების ღირებულებასთან. გაუგებარია, რა პრინციპით დაადგინა სასამართლომ 95.55 ლარი იმ თანხად, რომელიც არ გაამდიდრებს კრედიტორს და რატომ ჩათვალა მოპასუხის მიერ 5-წლიანი სახელშეკრულებო პირობების დარღვევის საპირწონედ მხოლოდ 95,55 და არა 96 ლარი.
31. სადავო ურთიერთობიდან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოიჯარე ვერ სარგებლობდა იჯარით გადაცემული ქონებით, აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი გაზსადენი მილის და ელექტროენერგიის გადამცემი ბოძის ფოტოსურათებით. აღსანიშნავია, რომ, გარდა ფოტოსურათებისა, რომლითაც არ დგინდება საიჯარო ფართის იდენტურობა, საქმეში სხვა ისეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, რომელიც დაადასტურებდა, გაზსადენი მილისა და ელექტროენერგიის გადამცემი ბოძის არსებობის გამო, ჯიხურის განთავსების შეუძლებლობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოიჯარეს ხელშეკრულების დადებიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტამდე სადავოდ არ გაუხდია საიჯარო ფართით სარგებლობის შეუძლებლობა, ასევე, საქმეში წარმოდგენილი დაანგარიშების ცხრილით დასტურდება, რომ მოიჯარე იხდიდა საჯარო ფართით სარგებლობის საფასურს, შესაბამისად, ამ გარემოაბზე მითითებითაც არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღების საფუძველი.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
35. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №E-102-85-4755 გადაწყვეტილებით მოპასუხეს პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გადაეცა 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი იჯარით, 5 წლის ვადით, ხოლო ყოველწლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 1050 ლარით, რაც 6 თვეში ერთხელ საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე უნდა გადახდილიყო.
36. ხელშეკრულების (საიჯარო პირობების) 10.1. პუნქტით მხარეები პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ და საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის საიჯარო ქირის 0.1 %-ის, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით განსაზღვრეს.
37. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე მოპასუხეს საიჯარო ქირის ნაწილის სახით 2125 ლარს და პირგასამტეხლოს სახით 2018 წლის 23 მარტამდე პერიოდისთვის 1169,75 ლარს, ხოლო 2018 წლის 24 მარტიდან საიჯარო ქირის სრულ გადახდამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.05 ლარს ედავება.
38. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 2125 ლარის გადახდა დაეკისრა, სააპელაციო წესით გასაჩივრებული არ არის და ამ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
39. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნას (პირგასამტეხლოს მიმართებით) მოპასუხისთვის 2018 წლის 23 მარტამდე პერიოდისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს სახით 1169.75 ლარის, ხოლო 2018 წლის 24 მარტიდან საიჯარო ქირის სრულად გადახდამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.05 ლარის დაკისრება წარმოადგენს.
40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
43. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
44. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
46. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
47. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
48. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
49. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
51. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
52. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
53. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
54. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
55. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
56. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
57. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
58. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
59. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
60. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონიერად ჩათვალა.
61. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
62. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
63. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
64. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
65. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური