Facebook Twitter

საქმე №ას-1110-2019 30 ოქტომბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – კ.ა–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ც.ჯ–ძე, თ.გ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სამკვიდრო მოწმობიდან უძრავი ქონების ამორიცხვა, ახალი სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. კ.ა–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებას თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ც.ჯ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობიდან თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ .... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან შვიდი საცხოვრებელი ოთახის, მათ ქვეშ სარდაფისა და მიმდებარე მიწის ნაკვეთის ამორიცხვისა და მამკვიდრებელ მ.ა–ის (ქორწინებამდელი გვარი ა–ძე), (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის დედა) სახელზე რიცხულ მთლიან სახლთმფლობელობაზე ახალი სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალების თაობაზე სარჩელი უარყოფილ იქნა. მისი საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ აწ გარდაცვლილ კ.ვ. ასულ ჯ–ეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის ბებია) სოფელ ..... ეკუთვნოდა ერთი სამზარეულოს, ერთი აივნისა და ორი სარდაფისგან შემდგარი სამოთახიანი საცხოვრებელი სახლი. არასწორია სასამართლოს მსჯელობაც, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ უძრავ ქონებას ფლობდა მისი შვილი, ქ. ჯ–ე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის დედის ბიძა ან მოპასუხის მამა). მოსარჩელის დედა 1941 წელს მშობლებთან ერთად ამბროლაურის რაიონიდან სოფელ ..... გადასახლდა და გერმანელების მიერ დატოვებულ ერთ-ერთ სახლში შესახლდა, რომელიც ჯერ მოსარჩელის ბაბუის, ჯ.(გ.) ნ. ძე ა–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის ბაბუა ან კომლის უფროსი), ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მისი დედის (მ. ა–ძის) სახელზე აღირიცხა, შემდგომში კი, სრულიად უსაფუძვლოდ გადაფორმდა მოპასუხის ბებიის სახელზე.

1.2. კასატორის მტკიცებით, მოპასუხის მამა (ქ. ჯ–ე) და ბებია (კ.ჯ–ე) სადავო ქონების მესკუთრეები არასდროს არ ყოფილან. 1986 წლის 7 იანვარს სამკვიდრო მოწმობა მოპასუხის მამის სახელზე არ გაცემულა და სადავო ქონება 2013 წლის 23 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე არასწორად აღირიცხა პირველი მოპასუხის სახელზე.

1.3. ნოტარიუსმა, თ.გ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან ნოტარიუსი) ისე გასცა სამკვიდრო მოწმობები, რომ უძრავ ქონებასთან მიმართებით არ გამოუკვლევია საჯარო რეესტრის ან ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემები.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელი წინაპირობების განუხორციელებლობა და აქედან გამომდინარე, სწორად უარყო სარჩელი.

4.3. მოსარჩელე მოითხოვდა, რომ მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობიდან ამორიცხულიყო თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის შვიდი საცხოვრებელი ოთახი, სარდაფი და მიმდებარე მიწის ნაკვეთი და იგი ცნობილი ყოფილიყო ამ ქონების მესაკუთრედ.

4.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მემკვიდრეობის უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია ორი პირობის დადგომა. პირველი - უნდა დასტურდებოდეს, რომ სადავო ნივთი სამკვიდროში შედის და მეორე - მემკვიდრემ კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში მიიღო სამკვიდრო - მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს გაცემის მოთხოვნით ან ამავე ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა მას (სამკვიდროს ფლობა და მართვა).

4.5. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით (საჯარო რეესტრის ამონაწერით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითა და საარქივო ცნობებით) დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება თავდაპირველად წარმოადგენდა მოპასუხის ბებიის (კ. ჯ–ის), ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, მოპასუხის მამის (ქ. ჯ–ის) საკუთრებას. შესაბამისად, სსკ-ის 1328-ე (სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე, მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის), მუხლის დანაწესით, სადავო ქონება არ შედიოდა მოსარჩელის დედის სამკვიდრო მასაში.

4.6. ვინაიდან მოთხოვნის ნამდვილობისათვის მთავარი წინაპირობა განხორციელებული არ არის (სადავო ქონება არ შედიოდა მოსარჩელის დედის სამკვიდრო მასაში), სამართლებრივად მნიშვნელოვანი ვერ იქნება იმის კვლევა მემკვიდრემ კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში მიმართა თუ არა ნოტარიუსს სამკვიდროს გაცემის მოთხოვნით ან ამავე ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა თუ არა სამკვიდროს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა კანონის მოთხოვნათა დაცვით გაიცა. კასატორს ამის საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

6. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

7. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

10. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე.ე–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1000 ლარის (საგადასახადო დავალება #8247664839, გადახდის თარიღი 31.07.2019 წ.) 70% - 700 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კ.ა–ს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს ე.ე–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1000 ლარის (საგადასახადო დავალება #8247664839, გადახდის თარიღი 31.07.2019 წ.) 70% - 700 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი