Facebook Twitter

საქმე №ას-1786-2019 24 დეკემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - გ.ა–ძის კანონიერი წარმომადგენელი გ.ა–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ.ქ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების შეწყვეტა

დავის საგანი - პირადი სერვიტუტის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ.ა–ძემ (კანონიერი წარმომადგენელი - გ.ა–ძე) (შემდგომში „მოსარჩელე“, „განმცხადებელი“ ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.ქ–ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ პირადი სერვიტუტის დადგენის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებთან საკასაციო საჩივრის შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტამდე სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა და განმარტა, რომ უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.

სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, გარდა იმ ცვლილებების და დამატებებისა, რაც მოცემულია სსსკ-ის XLVI თავში. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით კასატორმა განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.

საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.ა–ძის კანონიერი წარმომადგენლის, გ.ა–ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გ.ა–ძის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მ. ერემაძე