საქმე №ას-1098-2019 25 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს.ც–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზ.ბ–ძემ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.ც–ის (შემდგომში − „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე. შესაბამისად, იგი ვალდებული იყო არა უადრეს 2019 წლის 13 მაისისა და არა უგვიანეს ამავე წლის 23 მაისისა მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება. თუმცა მას აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია (მოპასუხემ გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2019 წლის 29 მაისს და იმავე დღეს ჩაიბარა იგი), რის გამოც გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს - 2019 წლის 24 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 6 ივნისს. მოპასუხემ კი სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2019 წლის 11 ივნისს, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
8. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
8.1. მოპასუხე კანონით დადგენილ ვადაში, 2019 წლის 23 მაისს გამოცხადდა სასამართლოში. თუმცა მოსამართლის თანაშემწემ მას აცნობა, რომ გადაწყვეტილება არ იყო მზად და დაიბარა მომდევნო კვირაში. 2019 წლის 27 მაისს მოპასუხე გამოცხადდა სასამართლოში, თუმცა გადაწყვეტილება კვლავ არ იყო ხელმოწერილი;
8.2. მოპასუხემ გადაწყვეტილება ჩაიბარა 2019 წლის 29 მაისს, რის შემდეგაც მას განუმარტეს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენა შეეძლო გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში;
8.3. ერთადერთი მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც მხარეს შეეძლო, არის ვიდეო თვალით დაფიქსირებული ფაქტი სასამართლოში მოპასუხის შესვლისა და გამოსვლის შესახებ და განცხადება, რომ სხვა სახის წარმოება საქალაქო სასამართლოში მოპასუხეს არ აქვს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
15. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
17. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
18. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოპასუხე (იხ. ტ.2. ს.ფ. 197-198). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 (2019 წლის 13 მაისი) და არა უგვიანეს 30-ე დღისა (2019 წლის 23 მაისი) გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. თუმცა მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია და გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მხოლოდ 2019 წლის 29 მაისს მიმართა (იხ. ტ.2. ს.ფ. 214).
19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის შედავებას, რომ მოპასუხე კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდა სასამართლოში, თუმცა გადაწყვეტილება მზად არ იყო.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ამკვიდრებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რომლის თანახმად, ყოველი მხარე მოვალეა სათანადო მტკიცებულებით გაამყაროს ის ფაქტი, რომელსაც საკუთარ პრეტენზიას აფუძნებს.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიმართვისა და სასამართლოს ბრალით მისი მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ. სუსგ №ას-1040-994-2013, 9 დეკემბერი, 2013 წელი).
22. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია და არც საქმის მასალებში მოიპოვება იმ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილ ვადაში მართლაც გამოცხადდა სასამართლოში და მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი.
23. ამგვარად, რადგან კერძო საჩივრის ავტორმა თავისი არგუმენტის სარწმუნოდ დასაბუთება ვერ შეძლო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება არ შეუსრულებია. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის გასვლის შემდგომ, 2019 წლის 24 მაისიდან და ამოიწურა ამავე წლის 6 ივნისს. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2019 წლის 11 ივნისს (იხ. ტ.2. ს.ფ. 215-226), გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს.ც–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე