საქმე №ას-1055-2019 22 ნოემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ.ა–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ა. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ.ა–ას (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი დ.ა–ის (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ, უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3. დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით აპელანტს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა 3 537 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
5. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისს განცხადებით მიმართა, წარადგინა 500 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იშუამდგომლა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
6. თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა გაუგრძელდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა 3 037 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 20 მაისის განჩინება ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ 2019 წლის 5 ივნისს ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენლის ოჯახის წევრს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70.1-ე, 74-ე, მე-60.2, 61.2-ე, 64-ე, 65-ე, 215.3-ე, 59-ე, 63-ე მუხლებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2019 წლის 17 ივნისის ჩათვლით უნდა გამოესწორებინა, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი გაქარწყლებულად უნდა ჩაითვალოს.
9. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 63-ე, 368.5-ე, 374-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლიბით მიუმართავს სასამართლოსთვის, მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
10. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა მისი გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის განხილვის მოთხოვნით.
11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობდა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი 500 ლარი გადაიხადა და დარჩენილი ნაწილის 3 037 ლარის გადახდის გადავადება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ითხოვა. რაც სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა იგნორირებული და 2019 წლის 20 მაისის განჩინებით აპელანტს კვლავ გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.
12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ყოფილი მეუღლეები არიან, მათ შორის წარმოშობილი დავისა და უთანხმოების გამო აპელანტი ორ არასრულწლოვან შვილს მარტო ზრდის და ამ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდა არ შეუძლია. აპელანტმა აღნიშნა, რომ მან პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა, როცა მოქალაქე ამდენ შრომას გაწევს, სასამართლოში მიდის იმ მიზნით, რომ მისი უფლება დაცული იქნება გარანტირებულად სამართლიანი სასამართლოს სახელით, სააპელაციო სასამართლომ მხარეს სამართლიანი სასამართლოს უფლება არ უნდა წაართვას. კერძო საჩივრის ავტორმა სსსკ-ის 48-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მან სასამართლოს წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები - ბავშვების დაბადების მოწმობები, მეუღლეთა შორის დავის ამსახველი მტკიცებულებანი, სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებითაც დგინდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლი გაუყო, რაც მისი ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის ნაწილიგადაიხადა, ხოლო დარჩენილი ნაწილის გადახდისგან გათავისუფლებას კი არა - გადახდის გადავადებას ითხოვდა.
13. აპელანტმა განაცხადა, რომ სასამართლომ არ უნდა ხელყოს სამართლიანი ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა (მიიღოს სასამართლო ბაჟი) და პირის ინტერესებს (შეიტანოს სარჩელი სასამართლოში, გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო, საკასაციო წესით) შორის. სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, სახელმწიფოს უფლება აქვს, დაადგინოს შეზღუდვები სარჩელის (სააპელაციო, საკასაციო საჩივრების) სასამართლო წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შეზღუდვების ამა თუ იმ კონკრეტული გზით ან ოდენობით გამოყენებით არ მოხდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლების არსის ხელყოფა. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს კონკრეტული საქმის გარემოებები, მხარის გადახდისუნარიანობა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
16. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.
17. სსსკ-ის 48-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. შესაბამისად, სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს და სასამართლო დარწმუნდება, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია საერთოდ, კონკრეტული დროისთვის ან გარკვეული ოდენობით.
18. საქმეში „Kreuz v. Poland“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულება, როგორიცაა: სახელმწიფო ბაჟი, შეესაბამება სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას, თუ ის ზიანს არ აყენებს ამ უფლების არსს. ამასთან, სასამართლო ბაჟის ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მომჩივნის ფინანსური მდგომარეობისა და სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით, როცა აღნიშნული შეზღუდვა იქნა გამოყენებული; ეს კრიტერიუმები არის ხელშესახები იმის განსაზღვრისათვის, იქნა თუ არა პირი უზრუნველყოფილი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებით.
19. საქმეში - „Kreuz v. Poland, Jedamski and Jedamska v. Poland, Weissman and Others v. Romania“ სტრასბურგის სასამართლომ დასაშვებობის ეტაპზე დიდი ოდენობით სასამართლოს ხარჯების გადახდის დაწესება ჩათვალა კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევად. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც: საქმეში „Chatellier c. France“ სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას, დაარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. მათ შორის - უზრუნველყოფდეს მხარეთათვის სასამართლოსადმი ეფექტიან ხელმისაწვდომობას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებს (იხ. სუსგ #ას-396-2019, 28.06.2019 წ.).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, როდესაც დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე, საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ ისე, რომ არ მიუთითებია, თუ რა სახის მნიშვნელოვანი და სარწმუნო მტკიცებულება უნდა წარედგინა აპელანტს მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად, რომ დადებითად გადაწყვეტილიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხი (იხ. სუსგ #ას-396-2019, 28.06.2019 წ.).
21. საკასაციო სასამართლო ამ მიმართულებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზეც, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (Weissman and Others v. Romania, no. 63945/00, §§ 34 and 35, ECHR 2006-... (extracts)), თუმცა ასეთი ხარჯების გონივრულობა უნდა შეფასდეს მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, მომჩივნის უნარი, გადაიხადოს ის და სასამართლო პროცესის ეტაპი, რომელზედაც ვრცელდება ასეთი შეზღუდვა (იხ. Kreuz მითითებული ზემოთ, §§58 და 60). უფრო მეტიც, შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობისა, გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (Weissman and Others, ციტირებული ზემოთ, §36). თუ მხარის განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ საეჭვო ან არასაკმარისია, სასამართლომ უნდა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციის მითითებით და/ან უბრძანონ წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმება (იხ. „mutatis mutandis, Jedamski and Jedamska, cited above, § 64; Kreuz“, ციტირებული ზემოთ, §64), (იხ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ; საქმე #ას-998-942-2015, 17.11.2015 წ.).
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი - 500 ლარი გადაიხადა, რითაც გამოხატა ინტერესი საქმის განხილვის მიმართ და სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადება იშუამდგომლა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დამაჯერებლად არ დაასაბუთა აპელანტის შუამდგომლობის უსაფუძვლობა სახელმწიფო ბაჟის საქმის განხილვის დასრულებამდე გადავადების თაობაზე (შდრ. სუსგ #ას-972-2019, 25.07.2019 წ.).
23. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ა–ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, დ.ა–ას სააპელაციო საჩივრის განსახილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე