Facebook Twitter

საქმე №ას-1077-1034-2016 18 ნოემბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორები – შპს „ა–ი“

წარმომადგენელი - მ.ს–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე–ი“

წარმომადგენელი - დ.თ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ა–სა“ (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, შემნახველი ან კასატორი) და შპს „ე–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, მიმბარებელი ან აპელანტი) შორის, 2009 წლის 1 ივლისს, გაფორმდა სამშენებლო მასალის დასაწყობებისა და შენახვის შესახებ ხელშეკრულება (მიბარების ხელშეკრულება; იხ. ტ.1, ს.ფ. 14-15).

1.1. ხელშეკრულების 1.1 მუხლის თანახმად, მოპასუხემ თანხმობა განაცხადა მისი საწარმოს კუთვნილ მიწაზე, ქ. თბილისში, ........, შეთანხმებულ ვადებში დაესაწყობებინა და შეენახა მოსარჩელის კუთვნილი სამშენებლო მასალა (არმატურა). ხელშეკრულების 1.2 მუხლის მიხედვით, დასაწყობებული მასალის რაოდენობის შესახებ, მხარეებს შორის გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი.

1.2. ხელშეკრულების 2.1 მუხლის შესაბამასად, მოპასუხე მოსარჩელეს პირველი თვე გადაუხდიდა 600 ლარს, ხოლო, დანარჩენი თვეები – 300 ლარს.

1.3. ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, დაესაწყობებინა მოსარჩელისგან მიღებული, საორიენტაციოდ 750 ტონა არმატურა. 3.1.3 მუხლის მიხედვით, მოპასუხემ ასევე ივალდებულა, რომ საქონელი დაებრუნებინა მხოლოდ მოსარჩელის დირექტორის ნდობით აღჭურვილი პირისათვის შესაბამისი აქტის საფუძველზე. ხელშეკრულების 3.2.1 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე (შემნახველი) ვალდებული იყო, შესანახი მასალა გადაეცა და დაებრუნებინა შესაბამისი აქტის საფუძველზე.

1.4. ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 31 დეკემბერი.

2. მოპასუხემ 2010 წლის 15 სექტემბერს წერილობით მიმართა მოსარჩელეს და მოსთხოვა ხელშეკრულების დადება ახალი პირობებით (ყოველთვიური საზღაურის განსაზღვრა 450 ლარით) ან სამშენებლო მასალის გატანა.

3. მოსარჩელემ, 2007 წლის სექტემბერ–დეკემბერში, მოპასუხეს მიაწოდა, ჯამში, 34 145 ლარის ღირებულების ცემენტი და ბეტონი. 2007 წლის 23 სექტემბრის, იმავე წლის 28 სექტემბრისა და 9 ოქტომბრის სალაროს შემოსავლების ორდერების მიხედვით დგინდება, რომ მოპასუხეს, მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დაფარვის მიზნით, მოსარჩელისთვის გადახდილი აქვს 38 075 ლარი ანუ 3 930 ლარით მეტი (ტ.1, ს.ფ.73).

4. მოსარჩელეს მოპასუხისთვის, №1659572, №1659575, №1786452, №1786457, №1786460, №1786463, №1786466, №1786469, №2033354, №2033357, №2033360, №2033363, №2033366, №2033370 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, ჯამში, 4 800 ლარის ოდენობით მიბარების საზღაური უნდა გადაეხადა 2009 წლის ივლისიდან 2010 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდისთვის, რომელიც არ გადაუხდია.

5. მიმბარებლის სასარჩელო მოთხოვნა

5.1. მიმბარებელმა, 2013 წლის 29 აგვისტოს, სარჩელი აღძრა შემნახველის წინააღმდეგ, მოითხოვა ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით 46 783 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოპასუხისათვის დაკისრება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 1-13).

6. მოპასუხის (შემნახველის) პოზიცია

6.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, იმავდროულად, სადავო გახადა საქმეში წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები მიბარებული საქონლის (არმატურის) როგორც შესანახად მიღებაზე, ისე - მის გატანაზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 60-72).

7. შემნახველის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

7.1. შემნახველმა, თავის მხრივ, შეგებებული სარჩელი აღძრა მიმბარებლის (თავდაპირველი მოსარჩელის) წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის 8 730 ლარისა და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრება, ასევე, მიუთითა, რომ თავდაპირველი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 213-225) .

8. მიმბარებლის შესაგებელი შემნახველის შეგებებულ სარჩელზე

8.1. თავდაპირველ მოსარჩელეს შემნახველის მიერ მის წინააღმდეგ აღძრულ შეგებებულ სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით მიმბარებლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

9.1.1. მოპასუხეს (შემნახველს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 613.98 ლარის გადახდა;

9.1.2. შემნახველის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, შეგებებული სარჩელის მოპასუხეს (მიმბარებელს) 8 730 ლარის გადახდა დაეკისრა;

9.2. მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის საფუძველზე, საბოლოოდ, შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს (მიმბარებელს) 5 116.02 ლარის გადახდა დაეკისრა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება- ტ.1, ს.ფ. 331-342).

10. თავდაპირველი მოსარჩელის (მიმბარებლის) სააპელაციო საჩივარი

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ (მიმბარებელმა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შემნახველის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (იხ. სააპელაციო საჩივარი - ტ.1, ს.ფ. 445-462).

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მიმბარებლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

11.1.1. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 ქვეპუნქტი, მე-3 და მე-4 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი;

11.1.2. სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი მოსარჩელის (მიმბარებლის) სარჩელი დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოპასუხეს (შემნახველს) 46 783 დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა, გადახდის დროს არსებული ოფიციალური კურსის მიხედვით.

11.2. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განმარტა, რომ თავდაპირველი მოსარჩელე (მიმბარებელი), ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოპასუხისათვის 46 783 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრებას მოითხოვდა. მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად კი მიმბარებელი მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის (შემნახველის) კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დასაწყობებული 561,22 ტონა სამშენებლო მასალის გატანისას, აღმოაჩინა 59,22 ტონა არმატურის დანაკლისი. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით 1 ტ. სტანდარტული არმატურის ფასი განისაზღვრებოდა - 790 აშშ დოლარით.

11.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ, მოპასუხეს გარკვეული რაოდენობის არმატურა მიაბარა შესანახად (რაოდენობასთან დაკავშირებით მოპასუხემ 514.961 ტონის შენახვის ფაქტი დაადასტურა), და მოსარჩელის პრეტენზიის მიხედვით, არმატურას 59.22 ტონა დანაკლისი ჰქონდა, შესაბამისად, ამის საწინააღმდეგო გარემოება, მოპასუხეს, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა გაექარწყლებინა.

11.4. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო პროცესში განმტკიცებულ მტკიცების სტანდარტებზე მიუთითა (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 103-ე და 105-ე მუხლები) და განმარტა, რომ მოპასუხეს, როგორც მოვალეს, მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება (შესანახად მიბარებული არმატურის მიმბარებლის უფლებამოსილი პირებისთვის სრულად გადაცემა) არ დაუდასტურებია. კერძოდ, მას არ წარუდგენია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 429-ე მუხლის პირველი ნაწილით „კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი“ გათვალისწინებული განკუთვნადი მტკიცებულებები.

11.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით (მიმბარებლის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობები შესანახად მიღებული არმატურის კონკრეტული რაოდენობის გატანაზე, ტ. 1, ს. ფ. 117–120, 125, 129, 131, 134, 137, 140) დასტურდებოდა, რომ შესანახად მიღებული არმატურის გაცემა შემნახველის მიერ უნდა მომხდარიყო მოსარჩელე საწარმოს (მიმბარებლის) დირექტორის მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებზე ორმხრივად დადასტურებული აქტების საფუძველზე, სადაც მითითებული იქნებოდა სსკ-ის 430-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტები. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი ამ სახის მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარუდგენია. ასეთად ვერ ჩაითვლებოდა მოპასუხის მიერ წარდგენილი ცალმხრივი ჩანაწერები, რომლებითაც გაურკვეველია, ვინ, როდის, ვისგან, რის საფუძველზე, რა ოდენობის და რა სახის პროდუქცია გაიტანა (ტ. 1, ს. ფ. 111–115, 121–124, 132–133, 135–136, 140).

11.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხის (შემნახველის) წარმომადგენლის განმარტება იმის შესახებ, რომ საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2009 წლის 19 ივნისისა და 23 ივნისის აქტები ასახავდა მოსარჩელის მიერ, ჯამში, 32,288 არმატურის გატანის ფაქტს (2009 წლის 19 ივნისის აქტი – 19, 324 ტონა არმატურის, ხოლო, 2009 წლის 23 ივნისის აქტი – 12, 964 ტონა არმატურის გატანას, ტ. 1, ს.ფ. 25, 29), რაც უნდა გამოჰკლებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული არმატურის დანაკლისის საერთო ოდენობას.

11.7. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის (მიმბარებლის) მითითება იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულების შეფასებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეს აღნიშნულ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია არც შესაგებელში და არც საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, არამედ ეს გარემოება სასამართლოს მთავარ სხდომაზე, კერძოდ, შეკითხვების ეტაპზე დააფიქსირა, რაც ეწინააღმდეგებოდა სსსკ-ის მე-4 და 219-ე მუხლის „მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული“ მოთხოვნებს.

11.8. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ 2009 წლის 17 ივნისის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, მიმბარებელი საწარმოს მიერ შემნახველისათვის გადაცემული 24,31 ტონა არმატურის რაოდენობა უნდა გამოკლდებოდა მიმბარებლის მიერ მითითებული ზიანის ოდენობას (59,22 ტონა). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ აღნიშნული ოდენობით არმატურა სხვა ურთიერთობის ფარგლებში მიჰყიდა მოპასუხეს, რაც მის მიერ მითითებულ ზიანის ოდენობას - 59,22 ტონას არ უნდა გამოჰკლებოდა, ხოლო საწინააღმდეგოს თაობაზე მოპასუხეს სასამართლოსთვის მტკიცებულებები არ წარუდგენია.

11.9. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მიმბარებელმა შემნახველისთვის მიბარებული არმატურის საერთო რაოდენობიდან, მოპასუხის ბრალით ვერ დაიბრუნა 59.22 ტონა არმატურა, რითაც 46 783.00 აშშ დოლარის ზიანი (59,22x790) განიცადა, რომელიც სსკ-ის 785-ე მუხლისა „შემნახველი პასუხისმგებელია შესანახად გადაცემული საქონლის დაკარგვით ან/და დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის თავიდან აცილება კეთილსინდისიერ შემნახველსაც არ შეეძლო“ და 394-ე მუხლის პირველი ნაწილის „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ მიხედვით უნდა დაჰკისრებოდა მოპასუხეს.

11.10. სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის პრეტენზიის პასუხად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემნახველის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, სსკ-ის 775-ე მუხლის „თუ მიბარება სასყიდლიანია, მაშინ მიმბარებელი მოვალეა ხელშეკრულების შეწყვეტისას შემნახველს გადაუხადოს დათქმული საზღაური“ საფუძველზე, ვალდებულების არარსებობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მოსარჩელეს შემნახველისთვის 4 800 ლარის ოდენობით საქონლის მიბარების საზღაური უნდა გადაეხადა, რის დამადასტურებლადაც სასამართლოსთვის შესაბამისი მტკიცებულება არ წარუდგენია.

11.11. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ 2007 წელს სექტემბერ–დეკემბერში მიმბარებელმა შემნახველს მიაწოდა ჯამში 34 145 ლარის ღირებულების ცემენტი და ბეტონი. 2007 წლის 23 სექტემბრის, 2007 წლის 28 სექტემბრის და 2007 წლის 9 ოქტომბრის სალაროს შემოსავლების ორდერებით დგინდებოდა, რომ მოპასუხეს, მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დაფარვის მიზნით, გადახდილი აქვს 38 075 ლარი ანუ ღირებულებაზე 3 930 ლარით მეტი, რაც მიმბარებლის მიერ უსაფუძვლოდ მიღებულ თანხას წარმოადგენს, რომელიც დაბრუნებას ექვემდებარება (იხ. სსკ-ის 976-ე მუხლი).

11.12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის კიდევ ერთი პრეტენზია, ვალდებულების არარსებობასთან (იხ. წინამდებარე განჩინების 10.10 ქვეპუნქტი) ერთად, მოთხოვნის ხანდაზმულობას ეხებოდა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დადგენილი იყო, რომ აპელანტს შესაბამის ეტაპზე, რაიმე მტკიცებულება მოთხოვნის გამორიცხვის თაობაზე არ წარუდგენია, არც რაიმე საპატიო მიზეზით სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ასეთი მტკიცებულების წარუდგენლობაზე მიუთითებია.

11.13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოპასუხის შეგებებულ სარჩელზე შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო, ფაქტობრივ გარემოებებზე მტკიცებულებების წარდგენით შედავების უფლება დაკარგა. რაც შეეხება სამართლებრივ მოსაზრებებს, ამ თვალსაზრისით აპელანტს არ მიუთითებია ისეთ სამართლებრივ ნორმაზე, რაც შემნახველის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

12. შეგებებული მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

12.1. შემნახველმა საწარმომ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მისი ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა თავდაპირველი მოსარჩელის (მიმბარებელი საწარმოს) სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, შესაბამისად, კასატორი ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს, რასაც შედეგად თავდაპირველი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის უარყოფა მოჰყვება, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩება შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილება.

12.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ შეცდომა დაუშვა, როდესაც არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობრივია, იგი დასაწყისში 3 288 ტ. არმატურის გატანის ფაქტის გაზიარებაში ედავებოდა სასამართლოს და ამის საწინააღმდეგოდ, შემდგომ ამტკიცებდა თითქოს სასამართლომ 561,22 ტონა არმატურის შემოტანა დაადასტურა, მაშინ როდესაც 561,22 ტ მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ყველა აქტის შემოტანის მტკიცებულებად გაზიარების შემთხვევაში მიიღებოდა, სასამართლომ კი სადავო ორი აქტი საქონლის შემოტანის ნაცვლად სამართლიანად მიიჩნია, საქონლის გატანის მტკიცებულებად და მოპასუხის პოზიცია გაიზიარა. მნიშვნელოვანია, რომ საქალაქო სასამართლომ იქვე მიუთითა, რომ აქტებზე დაყრდნობით, კერძოდ, 2009 წლის 19 და 23 ივნისის აქტებით მოსარჩელე ამტკიცებდა არმატურის შემოტანას, მოპასუხე - კი გატანას.

12.3. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, თითქოს მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს არც შესაგებელში და არც საქმის მოსამზადებელ სტადიაზე არ მიუთითებია, რომ 2009 წლის 19 და 23 ივნისის აქტებით მოსარჩელის მიერ არმატურის გატანა დასტურდებოდა, რაც გამორიცხავდა დანაკლისის იმ ოდენობას, რაზეც მიმბარებელი აპელირებდა.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. შემნახველი საწარმოს საკასაციო საჩივარი არსებითად განსახილველად არის დაშვებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

13.2. მოპასუხის საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით. 2019 წლის 18 ოქტომბრის სხდომაზე კასატორმა გაიმეორა ის პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივარში ჰქონდა გამოთქმული და დამატებით აღნიშნა, რომ მხარეთა შორის მიბარების ხელშეკრულება არ გაფორმებულა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს შეცდომებია დაშვებული და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნდეს იმავე სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევდა.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია და მისი პოზიციის წარუმატებლობა პროცესუალური თვალსაზრისით იყო განპირობებული. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მიბარების ხელშეკრულება არსებობდა (სსკ-ის 763-ე მუხლი). ამ შემთხვევაში ფაქტები, რომლებიც დაადგინა სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ითვლება და საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის შეპასუხება, რომ მას ვალდებულება შესასრულებელი არა აქვს, მხოლოდ მთავარ სხდომაზეა გაცხადებული, რაც პროცესუალურად დაუშვებელია და იმას ნიშნავს, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია.

19. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მიმბარებელმა შემნახველისთვის მიბარებული არმატურის საერთო რაოდენობიდან, მოპასუხის ბრალით ვერ დაიბრუნა 59.22 ტონა არმატურა, რითაც განიცადა 46 783.00 აშშ დოლარის ზიანი (59,22x790), რომელიც სსკ-ის 785-ე მუხლისა „შემნახველი პასუხისმგებელია შესანახად გადაცემული საქონლის დაკარგვით ან/და დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის თავიდან აცილება კეთილსინდისიერ შემნახველსაც არ შეეძლო“ და 394-ე მუხლის პირველი ნაწილის „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ მიხედვით უნდა დაჰკისრებოდა მოპასუხეს.

20. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ნაწილობრივ, კასატორი ითხოვს მის გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მიმბარებლის სარჩელი და, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მოპასუხეს 46 783.00 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა დაეკისრა გადახდის დროს არსებული ოფიციალური კურსის მიხედვით.

21. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებს, არ იზიარებს მსჯელობას, რომ სადავო მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც გაფორმდა მხარეთა შორის, არ იქნა მიჩნეული ვალდებულების შესრულების მტკიცებულებად, კერძოდ, არა არმატურის შემნახველის ტერიტორიაზე შემოტანის თვალსაზრისით, არამედ- მიმბარებლის მიერ არმატურის გატანის ნაწილში. კასატორის მტკიცებით, თავად მიმბარებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტებიდან სწორედ ორი სადავო აქტი უთითებს, მიმბარებლის მიერ არმატურის გატანაზე შემნახველის კუთვნილი ტერიტორიიდან. კასატორი იმაზეც აცხადებს პრეტენზიას, რომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მხარეთა მტკიცების ტვირთი.

22. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაკრიტიკებულია იმ ნაწილშიც, რომლითაც არ იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კასატორის (მოპასუხე) წარმომადგენლის მიერ მთავარ სხდომაზე მიცემული განმარტება იმის შესახებ, რომ საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2009 წლის 19 ივნისისა და 23 ივნისის აქტები ასახავდა მოსარჩელის მიერ ჯამში 32, 288 ტ. არმატურის გატანას, საიდანაც 2009 წლის 19 ივნისს მიმბარებელმა გაიტანა 19,324 ტონა არმატურა, ხოლო იმავე წლის 23 ივნისს - 12, 964 ტონა არმატურა - ტ. 1, ს.ფ. 25, 29, რაც უნდა გამოკლებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული არმატურის დანაკლისს (ანუ მოსარჩელე უთითებს, რომ ჯამში მას მოპასუხის (შემნახველის) კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დასაწყობებული ჰქონდა 561,22 ტონა სამშენებლო მასალა, რომლის გატანისას აღმოაჩინა 59,22 ტონა არმატურის დანაკლისი. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით 1 ტ. სტანდარტული არმატურის ფასი განისაზღვრებოდა - 790 აშშ დოლარით.

23. შეგებებულ სარჩელში შემნახველმა საწარმომ მიუთითა, რომ მასთან დასაწყობებული იყო 514.961 ტ არმატურა (561.220-514.961) ანუ 46,259 ტონით ნაკლები, რასაც არ შედავებია მიმბარებელი, რადგან შესაგებელი არ წარადგინა, თავის მხრივ, საქალაქო სასამართლომ დაადგინა ფაქტი, რომ 561,22 ტონა იყო დასაწყობებული შემნახველის კუთვნილ ტერიტორიაზე, რაც სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია მოპასუხეს, რადგან მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლომ და აპელანტი მხოლოდ მიმბარებელი საწარმო იყო.

24. კასაციის საფუძვლები ძირითადად ეფუძნება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მიღება- ჩაბარების აქტები არ მიიჩნია იმ მტკიცებულებად, რაც შემნახველის მიერ მიმბარებლის უფლებამოსილი პირისათვის დასაწყობებული მასალის გატანას დაადასტურებდა, ყოველგვარი დანაკლისის გარეშე.

25. კასატორი უთითებს, რომ მისმა წარმომადგენელმა ამ გარემოებაზე მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე (იხ. საკასაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ.140, მე-2 პრეტენზია), შესაბამისად, საკასციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარემ კუთვნილი მტკიცების ტვირთი არასწორად გასწია, კერძოდ, საპროცესო კანონმდებლობის არა იმ ეტაპზე, რომელიც სასამართლოს მისცემდა დამატებითი მსჯელობის შესაძლებლობას და ვალდებული იქნებოდა, გამოეკვლია კონკრეტული გარემოება, არამედ მაშინ, როდესაც მხარეები კარგავენ ასეთ უფლებას საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე (სსსკ-ის 219-ე მუხლი).

26. კასატორმა საკასაციო სასამართლოს (იხ. სხდომის ოქმი 17:12:38-დან) სხდომაზე განმარტა, რომ მხარეთა შორის 2009 წლის 1 ივლისის გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ ფორმალური დოკუმენტია, რათა მიმბარებელს შესძლებოდა შემნახველის კუთვნილ ტერიტორიაზე შესვლა და დასაწყობებული მასალის გატანა; კასატორმა ისიც განმარტა, რომ მისი დაცვის თანამშრომელი აკონტროლებდა ტერიტორიას.

27. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში შემნახველი ითხოვდა, რომ მოსარჩელეს წარმოედგინა ის დოკუმენტები, თუ რის საფუძველზე შეიძინა მასალები, რაც მხარეს არ წარმოუდგენია. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ამ არგუმენტს, რადგან მიმბარებლის მიერ სამშენებლო მასალების მიბარება დადასტურებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ და მინიმუმ 514, 961 ტ. არმატურის დასაწყობება არც მოპასუხეს გაუხდია სადავოდ, პირიქით, დაადასტურა თავის შესაგებელში, შესაბამისად, დამატებითი მტკიცების ტვირთის დაკისრება მიმბარებლისათვის (საქონლის შეძენის ნაწილში) არ იქნებოდა მართებული.

28. კასატორმა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მასზე დაიწყო შეტევები კ–ის მხრიდან, თუმცა საკასაციო სასამართლომ მხარეს განუმარტა, ასეთი ფაქტობრივი გარემოებები არ არის მითითებული არც შესაგებელში და არც შეგებებულ სარჩელში, შესაბამისდ, სასამართლოს ამ მიმართულებით არ ჰქონდა უფლება, ემსჯელა და არც გაუგრძელებია ამ ნაწილში მხარის მოსაზრების მოსმენა.

29. კასატორი ამტკიცებს, რომ ყოველდღე კეთდებოდა თითო აქტი- შეტანის ან გატანის - საუბარია 19 და 23 ივნისის აქტებზე. კასატორი ამტკიცებდა, რომ სადავო აქტების ხელმომწერზე - ვინმე გ.თ–ის ხელმოწერაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული კომპანიის ბედი; კასატორმა დაადასტურა, რომ სადავო აქტებს გ.თ–ი აწერს ხელს და ეს საკითხი არ ყოფილა სადავო, მისი განმარტებით საღამოობით კეთდებოდა ერთი აქტი საქონლის შემოტანაზე, ერთი- გატანაზე, ყარაული იჯდა და უბრალოდ უწერდა ხელს, ყველაფერს მოსარჩელე (მიმბარებელი საწარმო) აკონტროლებდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოდავე მხარეები მეწარმე სუბიექტები არიან და მათ თანაბრად ეკისრებათ მათ მიერ მითითებული გარემოებებისა თუ ამ გარემოებების გამაქარწყლებელი საფუძვლების სასამართლოსათვის დამტკიცების ვალდებულება. კასატორმა მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ვერ დაუმტკიცა საკუთარი მოსაზრება დამაჯერებელი და სამართლებრივად წონადი მტკიცებულებებით, რომ სწორედ სადავო ორი აქტი ადასტურებდა მიმბარებლის მიერ შემნახველის კუთვნილ ტერიტორიაზე საქონლის არა დასასაწყობებლად მიბარებას, არამედ - შემნახველისაგან საქონლის წაღებას (გატანას), რის გამოც, შემნახველს არავითარი დანაკლისი არ განუცდია.

30. საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, საკასაციო საჩივარი დასაბუთებულად მიეჩნია, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

31. საკასაციო საჩივრის უარყოფის გამო კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში (სსსკ-ის 55.2-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 264-ე მუხლის მესამე ნაწილით, 372-ე, 399-ე, 410-ე, 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ა–ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე