Facebook Twitter

საქმე №ას-1109-2019 22 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა.ა–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "მ.ო.ი.ჯ–ა" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, ა.ა–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს „მ.ო.ი.ჯ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუს ნ.ჯ–ის მიერ 11.05.2016 წელს გაცემული, ამავე ნოტარიუსის მიერ 05.07.2014 წელს გაცემული, სააღსრულებო ფურცლის N160488141 დუბლიკატი და აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა 40 759,2 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, რაც, 05.07.2014 წლის მდგომარეობით, მოიცავს სესხის ძირითად თანხას 30180 აშშ დოლარს, სარგებელს - 9780 აშშ დოლარსა და ადვოკატ-იურისტის მომსახურების საფასურს - 799,2 აშშ დოლარს; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ნ.ჯ–ის მიერ 2016 წლის 11 მაისს გაცემული N160488141 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით. სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.04.2019 წ. განჩინებით საქმის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 14 მაისს 11:00 საათზე, რის თაობაზეც აპელანტს ეცნობა კანონით დადგენილი წესით.

4. 13.05.2019 წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა ნ.ა–მა და იშუამდგომლა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების შესახებ. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ამავე დღეს (14 მაისი) 12.00 საათზე მონაწილეობდა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვაში, რის გამოც ვერ გამოცხადდებოდა მოცემული საქმის განხილვაზე. ამასთან, წარმომადგენლის მითითებით, მისი მარწმუნებელი არ იმყოფებოდა საქართველოში.

5. 14.05.2019 წ. დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და მისი წარმომადგენელი.

6. მოპასუხე (წარმომადგენელი) არ დაეთანხმა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობას საქმის განხილვის გადადების თაობაზე და აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.

8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 387-ე, 215.3-ე, 229.2-ე, 372-ე მუხლებსა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ აპელანტის (მისი წარმომადგენლის) გამოუცხადებლობის საპატიოობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საკმარისი წინაპირობები მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის, რის გამოც დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

9. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

10. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, 2019 წლის 14 მაისს მისი სააპელაციო სასამართლოში გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი 2019 წლის 14 მაისს 12:00 საათზე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ საქმეზე თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში, რომლის თარიღი განსაზღვრული იყო 2019 წლის 12 აპრილს. აღნიშნულის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2019 წლის 13 მაისს, წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა და განუმარტა, რომ ცნობას თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოდან დამატებით წარმოადგენდა. კერძო საჩივარს თან ერთვის ცნობა თეთრიწყრაოს რაიონული სასამართლოდან და ხელწერილი.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 სექტემბერს მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

13. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

14. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

15. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

16. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

17. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

18. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით (სუსგ საქმე №ას-1483-1403-2017, 12.01.2018წ.).

19. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სადავო სხდომის შესახებ აპელანტ მხარეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა.

20. აღნიშნულის მიუხედავად, არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

21. განსახილველი კერძო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აპელანტის წარმომადგენელი საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, რის თაობაზეც წარმომადგენელმა წინასწარ აცნობა სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადების შესახებ. აპელანტის წარმომადგენელმა 2019 წლის 13 მაისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აცნობა, რომ 2019 წლის 14 მაისს 12:00 საათზე მონაწილეობას იღებდა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში, რის თაობაზეც უფრო ადრე მიიღო შეტყობინება ვიდრე განსახილველ საქმეზე, თავად აპელანტი კი საქართველოში არ იმყოფებოდა და სხდომის სხვა დროისათვის გადადება იშუამდგომლა. აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს განუმარტა, რომ ცნობას თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოდან დამატებით წარმოადგენდა.

22. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავოა, აპელანტი მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება, ჩაითვალოს საპატიოდ.

23. სსსკ-ის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

24. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა განსაკუთრებული ობიექტური გარემოების გამო. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სხდომის გამართვამდე აცნობა სააპელაციო სასამართლოს, რომ იგი გამოცხადებას ვერ შეძლებდა, რადგან სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული სხდომის პარალელურად მონაწილეობა უნდა მიეღო თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში დანიშნულ საქმის განხილვაში.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა ისეთი გარემოების არსებობა, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროული გამოცხადებისათვის, კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელი სადავო პერიოდში (2019 წლის 14 მაისს) მონაწილეობას იღებდა სხვა სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვაში, შესაბამისად, ის მოკლებული იყო შესაძლებლობას, იმავდროულად სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებულიყო, ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წინასწარ შეატყობინა მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, სასამართლომ კი, საერთოდ არ იმსჯელა წარდგენილ შუამდგომლობაზე. ამდენად, გასაზიარებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა (შდრ. სუსგ-ები საქმე №ას-1047-2018, 30.11.18 წ., ას-853-797-2017, 28.07.2017; №ას-955-917-2014, 24.07.2015; №ას-187-179-2016, 06.05.2016).

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონში პირდაპირ მითითებულის გარდა, ნებისმიერი სხვა საფუძველი ინდივიდუალურად, კონკრეტული საქმიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს და ისე გადაწყდეს, არსებობს თუ არა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. მხარის მიერ მითითებული გარემოებები უტყუარად უნდა ადასტურებდეს სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობას და შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული.

27. „საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში მითითებული გარემოებები უნდა შეეფასებინა და არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ იმ ფაქტის დადგენით, განმცხადებელს პირველად რომელი სხდომის შესახებ ეცნობა. ჩვეულებრივ პირობებში, ცხადია, ლოგიკურია, რომ მხარემ იმ სასამართლოს მიმართოს სხდომის გადადების შესახებ, სადაც საქმის განხილვა უფრო გვიან დაინიშნა, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტების წარმომადგენელი ასაბუთებდა, რატომ იყო არამიზანშეწონილი სხდომის გადადება თბილისის საქალაქო სასამართლოში, რაც სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო. საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მოცემულ საქმეზე აპელანტების წარმომადგენელმა სხდომის გადადება პირველად მოითხოვა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა საფუძველი, ევარაუდა, რომ მხარე საქმის განხილვის გაჭიანურებას ცდილობდა“ (იხ. სუსგ #ას-846-810-2014, 01.12.14 წ.). თეთრიწყაროს რაიონულ სხდომაში ჩანიშნული სხდომის თაობაზე მოსარჩელის წარმომადგენელს 2019 წლის 12 აპრილს ეცნობა (ტ. 2, ს/ფ 64), სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული სხდომის თაობაზე კი - 2019 წლის 22 აპრილს (ტ. 2, ს/ფ 30).

28. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა შეასრულა კანონის მოთხოვნა და შეატყობინა სააპელაციო სასამართლოს როგორც უშუალოდ აპელანტის, ისე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლოსათვის ცნობილი იყო აპელანტის წარმომადგენლის სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობის შესახებ და ასეთ პირობებში საქმის განხილვის ისეთ დროს დანიშვნით, როდესაც აპელანტის წარმომადგენელს არ ჰქონდა შესაძლებლობა, გამოცხადებულიყო პროცესზე, შეილახა აპელანტის კანონიერი უფლება, მონაწილეობა მიეღო მისი საქმის განხილვაში. ასეთ ვითარებაში მხარის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საკასაციო სასამართლო მართლზომიერად ვერ შეაფასებს.

29. „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე“ (შდრ. სუსგ №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-678-649-2016, 16 დეკემბერი, 2016; სუსგ № ას- 849-799-2015, 24 ივნისი, 2016; სუსგ № ას- 961-926-2016, 17 თებერვალი, 2017; სუსგ №ას-1277-1197-2017, 1 დეკემბერი, 2017; სუსგ № ას-865-807-2017, 22 დეკემბერი, 2017).

30. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ა–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის განსახილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე