Facebook Twitter

საქმე №ას-1153-2019 22 ნოემბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ბ–ძე, დ.დ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.ბ–ძე (შემდეგში: გარდაცვლილი ან მამკვიდრებელი) გარდაიცვალა 2013 წლის 22 სექტემბერს (ტ. 2, ს. ფ. 41), რომლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, ...... (საკადასტრო კოდი N .....) და მდებარე ქ. თბილისი, .....(საკადასტრო კოდი N .....) ერთი მეორედი ნაწილი (შემდეგში: სამკვიდრო ქონება ან უძრავი ქონება; ტ. 1, ს. ფ. 22-25).

2. ნოტარიუსის 2014 წლის 25 მარტის დადგენილებით, ი.გ–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) უარი ეთქვა გარდაცვლილის დანაშთ ქონებაზე კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, სასამართლოში მოსარჩელესა და მამკვიდრებელს შორის ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენამდე, ხოლო სამკვიდრო მოწმობის გაცემა გადაიდო მამკვიდრებლის დების - მ.ბ–ისა და თ.ბ–ძის (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან მამკვიდრებლის და) - მიმართ კანონით დადგენილი ვადით (ტ. 1, ს. ფ. 9-11).

3. ნოტარიუსმა 2015 წლის 4 მარტს სამკვიდრო მოწმობა გასცა (ტ. 1, ს. ფ. 22-25), რომლის მიხედვითაც, პირველმა მოპასუხემ, როგორც აწ გარდაცვლილის დანაშთ ქონებაზე მეორე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ (დამ), საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონება.

4. ნოტარიუსმა, 2015 წლის 4 მარტს, მოსარჩელეს გაუგზავნა მიმართვა, რომლითაც 2013 წლის 25 ოქტომბრის განცხადების პასუხად აცნობა, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა მასსა და გარდაცვლილს (მამკვიდრებელს) შორის ნათესაური კავშირის (ქორწინების რეგისტრაციის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთანავე ნოტარიუსისათვის არ არის ცნობილი სანოტარო მოქმედების შესრულების გადადების და შეჩერების „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შესახებ. ამავე დღეს ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა გარდაცვლილის დის - პირველი მოპასუხის სახელზე (ტ. 1, ს. ფ. 41).

5. პირველმა მოპასუხემ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიღებული სამკვიდრო ქონება 2015 წლის 6 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებით საკუთრებაში გადასცა დ.დ–ძეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მესაკუთრე) და ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრში აღირიცხა სადავო უძრავი ქონებების მესაკუთრედ (ტ. 1, ს. ფ. 32-35).

6. მოსარჩელემ, 2014 წლის 25 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მასსა და აწ გარდაცვლილს შორის ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნით მიმართა.

7. საქმის უდავო წარმოების დროს, მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა 1997 წლის 1 ივლისის N2/806 თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საბურთალოს რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საბურთალოს რაიონის გამგეობას უარი ეთქვა ქ. თბილისში, ..... N23-დან მოსარჩელის, ნ.შ. ასული გ–ძისა და მამკვიდრებლის გამოსახლების ნაწილში. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მოსარჩელე და მამკვიდრებელი მოხსენიებული არიან მეუღლეებად. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობამ, 1997 წლის 16 ივლისს, მიიღო N7.21.126 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, რაიონის კეთილმოწყობისა და საბინაო საკითხთა გაერთიანებას დაევალა, .... N23-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის, 44.67 კვ.მ. საერთო ფართით, ბალანსზე აყვანა და გაფორმება მოსარჩელის სამსულიან ოჯახზე (თვითონ, და და მეუღლე). აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა ორდერი N016495, სადაც მითითებულნი არიან გ–ძე ი.შ. თვითონ, დაბადების წელი 195., ბერიძე ს.რ. მეუღლე, დაბადების წელი 195. და გ–ძე ნ.შ., და, დაბადების წელი 1953.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის დადგენილებით, მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის დადგენილება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინება მოსარჩელის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის 2014 წლის 10 სექტემბრის დადგენილება მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელის 2014 წლის 25 მარტის განცხადება, მემკვიდრეობის მისაღებად იურიდიული მნიშვნელობის მქონე - ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენის შესახებ, დარჩა განუხილველად.

11. სასარჩელო მოთხოვნა

11.1. მოსარჩელემ 2015 წლის 20 მარტს ორი სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა 2015 წლის 4 მარტს ნოტარიუს ჩ–ის მიერ მამკვიდრებლის დის სახელზე, 2013 წლის 22 სექტემბერს გარდაცვლილი მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, გაცემული სამკვიდრო მოწმობისა და 2015 წლის 6 მარტს მამკვიდრებლის დასა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა მოსარჩელესა და მამკვიდრებელს შორის 1995 წლის 8 აპრილს არსებული ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა.

11.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

12. მოპასუხეთა შესაგებელი

12.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლებით სარჩელები არ ცნეს.

13. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

14. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

14.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელების დაკმაყოფილება მოითხოვა.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15.2. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1336-ე, 1337-ე, 1421-ე, 1424-ე, 1500-ე მუხლებზე მიუთითა და დადგენილად მიიჩნია, რომ დადგენილ ვადაში მოსარჩელემ ნოტარიუსთან ვერ წარადგინა შესაბამისი დასაბუთებული პრეტენზია პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის თაობაზე. აპელანტმა, მართალია, მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით, თუმცა მან ვერ შეძლო ნოტარიუსისათვის სათანადო დოკუმენტაციის - ქორწინების მოწმობის დედნის წარდგენა, რაც მას, როგორც პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, უფლებას მისცემდა, მოეთხოვა სამკვიდრო მოწმობის მიღება აწ გარდაცვლილის დანაშთ ქონებაზე.

15.3. მოსარჩელის განმარტებით, იგი 1995 წლის 4 აგვისტოდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში აწ გარდაცვლილთან. აღნიშნულის დასტურად საქმეში წარმოდგენილია 04.08.1995 წელს გაცემული ქორწინების მოწმობის ასლი.

15.4. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1106-ე მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 135-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოა ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილ ქორწინების მოწმობის ასლს ვერ მიენიჭება უდავო მტკიცებულებითი მნიშვნელობა. ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი უნდა დადგინდეს მტკიცებულებათა ერთობლიობით.

15.5. მამკვიდრებელი, როგორც მისამართზე ქ. თბილისი, ..... N31-ში, მარტო მცხოვრები პირი, 08.02.2013 წლის მონაცემებით, რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა ყოველთვიურად საარსებო შემწეობას, პერიოდი 01.08.2012 წლიდან - 01.01.2013 წლამდე; აღნიშნულ მონაცემთა შესაბამისად, მამკვიდრებლის ოჯახის წევრთა მონაცემებში მოსარჩელე მითითებული არ არის.

15.6. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის ცნობით, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს ცნობა აწ გარდაცვლილის ქორწინების მდგომარეობის შესახებ, ვინაიდან, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა არ შეიცავს ქორწინების აქტის ყველა ჩანაწერს და აქედან გამომდინარე არ არის სრულყოფილი. სახელმწიფო განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, მამკვიდრებელი არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

15.7. საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის 2014 წლის 29 აგვიტოს მიმართვის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეურნეო განყოფილებიდან ქ. რუსთავის მმრ განყოფილებაზე 1995 წელს გადაცემული იყო ქორწინების ბლანკიანი მოწმობები სერიით და ნომრით ..... სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არ გააჩნია ინფორმაცია აღნიშნული ბლანკების სრულად გახარჯვის თაობაზე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არ გააჩნია ინფორმაცია ქორწინების მოწმობის V-TИ N... გაცემის ფაქტის თაობაზე. რუსთავის მმრ განყოფილების მიერ N83 და N85 ქორწინების აქტების ჩანაწერები რეგისტრირებულია 1995 წლის 13 მაისს.

15.8. რუსთავის მმრ განყოფილების მიერ 1995 წლის 04 აგვისტოს N84 ქორწინების აქტის ჩანაწერის რეგისტრაცია სავარაუდოდ შეუძლებელი იქნებოდა, ვინაიდან, ამ თარიღში რეგისტრირებულია N132 და N133 ქორწინების აქტის ჩანაწერები. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში არ მოიპოვება ინფორმაცია, რუსთავის მმაჩის ბიურო 1995 წელს გახარჯავდა თუ არა ქორწინების მოწმობის ბლანკს V-TИ N..... რუსთავის მმრ განყოფილების მიერ 1995 წლის ქორწინების აქტების ჩანაწრების სარეგისტრაციო წიგნები არ არის დაკარგული, დაზიანებული, აქტები გამოტოვებული ან/და ამოხეული, არქივი განადგურებული არ არის. ამასთან, შემოწმდა ქ. რუსთავის ქორწინების სახლის 1995 წლის სააქტო ჩანაწერები, მოწმობა სერიითა და ნომრით V-TИ N.... რუსთავის ქორწინების სახლის მიერ 1995 წელს არ გაცემულა. რუსთავის ქორწინების სახლში 1995 წელს ქორწინების აქტი N83 და N85 რეგისტრირებულია 1995 წლის 25 მარტს. რუსთავის ქორწინების სახლის არქივში 1995 წლის ბლანკების მიღებისა და გაცემის ჟურნალის არ არსებობის გამო არ მოიპოვება ინფორმაცია V-TИ N378499 ბლანკების ხარჯვის შესახებ.

15.9. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ცნობების თანახმად, შემოწმდა 1995 წლის ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსა და ქ. რუსთავის ქორწინების სახლის მიერ 1995-1997 წლებში რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩანაწერები, სახელმწიფო სერვისების განვითარების თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის არქივში დაცული რუსთავის მმაჩის განყოფილების რუსთავის ქორწინების სახლის და თბილისის არქივში დაცული ვაკის რაიონის მმაჩის განყოფილების 1995-1997 წლების ჩანაწერები, ასევე, შემოწმდა 1996-1997 წლის ვაკის და საბურთალოს სარ განყოფილების ალფაბეტური, თბილისის არქივში დაცული წყნეთის სასოფლო საბჭოს 1996-1998 წლების ჩანაწერები და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით 2011-2013 წლის ქორწინების აქტის ჩანაწერები და შემოწმების შედეგად, აპელანტსა და მამკვიდრებელს შორის ქორწინების აქტის ჩანაწერი არ აღმოჩნდა.

15.10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო წარმოების მიმდინარეობისას, სასამართლო ადგენს უკვე რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულება (ქორწინების აქტის ჩანაწერი, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, ცნობა მისი განადგურების შესახებ), რაც დაადასტურებს, რომ არსებობდა რეგისტრირებული ქორწინება, თუმცა სააქტო ჩანაწერი განადგურებულია, ან სხვა რაიმე მიზეზის გამო ვერ მოიძებნა. მოცემულ შემთხევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებებით დგინდება, რომ მოსარჩელესა და აწ გარდაცვლილს შორის ქორწინება რეგისტრირებული არ არის, მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შესაბამისი ჩანაწერი მარეგისტრირებელ ორგანოში ვერ მოიძებნა და ამასთან, არ არის განადგურებული მხარის მიერ მითითებული პერიოდისათვის, 1995 წლის აგვისტოს თვეში რუსთავის მმრ განყოფილების მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტები.

15.11. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული გ.კ–ლ.გ–ისა და მ.გ–ას ჩვენებების თანახმად, მართალია, აპელანტი და მამკვიდრებელი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ როგორც ცოლ-ქმარი, თუმცა, მათ შორის ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე მათთვის არ არის ცნობილი, მათ არ უნახავთ ქორწინების მოწმობა ან რაიმე დოკუმენტი, ფოტოსურათი, რაც შემხებლობაში იქნებოდა მოსარჩელესა და მამკვიდრებელს ქორწინების რეგისტრაციის ფაქტთან. მოწმეებს ნ.ჯ–ას (აწ გარდაცვლილის ნათლია), გ.კ–ის (მამკვიდრებლის ბიძაშვილი) და მ.ნ–ძის (მამკვიდრებლის დეიდაშვილი) ჩვენებებიდან გამომდინარე, არც ერთი მათგანისთვის ცნობილი არ იყო მოსარჩელის, როგორც მამკვიდრებლის მეუღლის, არსებობის შესახებ. მათ იცოდნენ, რომ მამკვიდრებელი არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, არ იცნობდნენ მოსარჩელეს, როგორც მამკვიდრებლის მეუღლეს. მათი განცხადებით, გარდაცვლილთან არსებული ახლო, ხშირი ურთიერთობიდან გამომდინარე, მათ აუცილებლად ეცოდინებოდათ, მამკვიდრებელს მეუღლე (რეგისტრირებულ ქორწინებაში) რომ ჰყოლოდა.

15.12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ადგენს ქორწინების რეგისტრაციის ფაქტს და არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს პირთა შორის ქორწინების ფაქტის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში, არ იქნა წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის დედანი, მარეგისტრირებელ ორგანოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ვერ მოიძებნა ჩანაწერი რუსთავის მმრ განყოფილების მიერ 1995 წლის 4 აგვისტოს N84 ქორწინების აქტის ჩანაწერის თაობაზე. ის გარემოება, რომ ვერ იქნა მოძიებული ქორწინების მოწმობის დედანი და ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანოს განმარტებით, რუსთავის მმრ განყოფილების მიერ 1995 წლის 4 აგვისტოს N84 ქორწინების აქტის ჩანაწერის რეგისტრაცია სავარაუდოდ შეუძლებელი იქნებოდა აქტის ჩანაწერების ნუმერაციის გათვალისწინებით (ამ თარიღში რეგისტრირებულია N132 და N133 ქორწინების აქტის ჩანაწერები), ეჭვქვეშ აყენებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის ასლის ნამდვილობას. შესაბამისად, სასამართლო მას (ქორწინების მოწმობის ასლს) მტკიცებულებით მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს და მას, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის დადგენ დოკუმენტს ვერ განიხილავს, რადგან საეჭვოა მისი ნამდვილობის საკითხი. მოპასუხის განმარტებით, მან მიმართა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის სიყალბის დადგენის მიზნით, თუმცა, კონკრეტული შედეგი ამ საკითხთან მიმართებით ჯერ არ დამდგარა.

15.13. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომ იგი მამკვიდრებელთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, რაც ქორწინების რეგისტრაციის არსებობის ფაქტის დადგენაზე უარის თქმის საფუძველია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სსკ-ის 1151-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე არ არის მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრე (მეუღლე) და მას დანაშთ ქონებაზე პირადი და ქონებრივი უფლებები არ გააჩნია.

15.14. მოცემულ შემთხვევაში, პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სადავო უძრავ ნივთზე აღდგება პირველი მოპასუხის საკუთრების უფლება, მამკვიდრებლის დის მიმართ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შემთხვევაში სადავო ქონება დაუბრუნდება სამკვიდრო მასას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია აპელანტის სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების რეგისტრაციის არსებობის ფაქტის დადგენის ნაწილში, შესაბამისად, მამკვიდრებლის დასა და მესაკუთრეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა მოსარჩელისათვის სამართლებრივი შედეგის მომტანი არ იქნება, რაც, იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია (სსსკ-ის 180-ე მუხლი).

16. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

16.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მისი გაუქმება მოითხოვა.

16.2. კასატორის განმარტებით გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლოა და იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს მიეცა არასწორი შეფასება.

16.3.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

21. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ მას, როგორც გარდაცვლილის კანონისმიერ მემკვიდრეს, სამკვიდროს მიღების უფლება აქვს. მოცემულ შემთხვევაში სადავოა მოსარჩელისა და მამკვიდრებლის ქორწინების ფაქტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მამკვიდრებელს შორის ქორწინების ფაქტი არ დადასტურდა და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 15.5-15.13 ქვეპუნქტებში ასახულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას. ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების უსწორობასთან დაკავშირებით.

22. იმის გათვალისწინებით, რომ კასატორმა მისი მამკვიდრებლის კანონისმიერ მემკვიდრედ მიჩნევის წინაპირობა ვერ დაადასტურა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა სარჩელის მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილშიც.

23. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ინტერესი - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა იმის გამო, რომ კანონისმიერი მემკვიდრე მოწვეული არ ყოფილა სამკვიდროს გახსნის დროისათვის, უსაფუძვლოა, რადგან მოსარჩელის კანონისმიერ მემკვიდრედ ყოფნის ფაქტი არ დასტურდება. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მიღწევადი იქნებოდა, თუკი კასატორი, სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას, დაამტკიცებდა მხარეთა მიერ ვალდებულების დაფარვის მიზნით უძრავი ქონების გასხვისების ერთობლივ მოტივს, იმას, რომ პირველი მოპასუხე მოქმედებდა იმ მიზნით, რომ მოსარჩელისათვის სამკვიდრო ქონება არ გადაეცა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით (იხ. ამ განჩინების 15.14 ქვეპუნქტი).

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი იმდენად არაკვალიფიციურია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რადგან კასატორი არ მიუთითებს, თუ რაში გამოვლინდა გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი უსწორობები.

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

27. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე