Facebook Twitter

საქმე №ას-949-2018 1 მარტი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა (შრომითი ურთიერთობის ვადის განსაზღვრის, ასევე, ამ ურთიერთობის მოშლის შესახებ), სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

მ.ბ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კერძო საჩივრის ავტორი ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის 2014 წლის 22 დეკემბრის ბრძანების ბათილად ცნობა, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის განუსაზღვრელი ვადით დადებულად აღიარება, განაცდური ხელფასის ანაზღაურება (სამსახურში მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისათვის), გათავისუფლების დღიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, 2014 წლის დეკემბრის ხელფასის სრულად ანაზღაურება შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანების მოსარჩელისთვის კანონით დადგენილი წესით ოფიციალურად გაცნობის დღის ჩათვლით, 2014 წელს გამოუყენებელი კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულების ნატურით ანაზღაურება 30 დღის კუთვნილი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა კანონის მოთხოვნათა დაცვით მოიშალა, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 2014 წლის 22 დეკემბრის ბრძანება, დასაქმებული აღდგენილ იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური ხელფასის სრული ანაზღაურება სამსახურში მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისთვის, გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მასვე დაეკისრა 2014 წლის დეკემბრის ხელფასის სრულად ანაზღაურება, 2014 წლის 22 დეკემბრის #2421 ბრძანების მოსარჩელისათვის კანონით დადგენილი წესით ოფიციალურად გაცნობის დღის ჩათვლით და 2014 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულების თანხის ანაზღაურება 30 დღის კუთვნილი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასიდან 3 თვის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა დამსაქმებელმა და მოითხოვა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს შრომით დავაზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის კანონიერება. ამ თვალსაზრისით კი, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის გადაჭრისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1. განსახილველი სარჩელის საგანს წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის მოშლის კანონიერება და მოსარჩელე მოითხოვს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, მათ შორის მისი პრეტენზია მიმართულია სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადასთან და სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მხარეთა შორის ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადებულად აღიარება;

1.2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ დამსაქმებლის ცალმხრივი ნება არ შეესაბამებოდა კანონის _ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის წინაპირობებს, შესაბამისად, მიიჩნია იგი ბათილად და ამავე ნორმის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, აღადგინა დასაქმებული გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. სასამართლომ, შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ჩათვალა, რომ სახეზე იყო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა და მოპასუხეს დააკისრა განაცდურის ანაზღაურება, ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული იყო რამდენიმე მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულება და არ დგინდებოდა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილით განსაზღვრული ვადიანი ხელშეკრულების გაფორმების რომელიმე წინაპირობა, გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოშობილი იყო განუსაზღვრელი ვადით;

1.2.3. დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ საფუძვლიანად ჩათვალა დასაქმებულის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე და დაადგინა, რომ არსებობდა სამუშაოზე აღდგენის, ასევე, სამი თვის განაცდურის ნაწილში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლები.

1.3. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობები. სამართლის ნორმებთან სადავო ფაქტობრივი გარემოებების სუბსუმირებამდე პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება დამსაქმებელმა სრულად გაასაჩივრა საკასაციო წესით, რომლის ფარგლებშიც შედავებულია სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი გარემოებები:

- სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადა;

- ხელშეკრულებიდან გასვლის კანონიერება;

- პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის წინაპირობების არსებობა.

1.4. საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში სასამართლო ვერ შეაფასებს იმ საკითხთა მართებულობას, რომლებიც საკასაციო განხილვას ექვემდებარება და ვერც წინასწარ გამოთქვამს პოზიციას სააპელაციო სასამართლოს იმ სამართლებრივი დასკვნების თაობაზე, რომლებიც დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შემოწმდეს, ამასთანავე, საკასაციო საჩივრის წარდგენით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 402-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში და ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს არც ამავე კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრეიუდიციული ძალა არ მინიჭებია და არც 266-ე მუხლის საწინააღმდეგოდ არ ეკრძალება მხარეს დადგენილი ფაქტების ეჭვქვეშ დაყენება. ამდენად, ვინაიდან ამ ეტაპზე შედავებულია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი სტაბილურობიდან, ასევე, გადაწყვეტილების მუდმივობის პრინციპის დარღვევიდან თავის არიდების მიზნით, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხს შეაფასებს ამ ინსტიტუტის მარეგულირებელი საპროცესო წესებისა და თავად სმართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი მატერიალური ნორმების დანაწესების გათვალისწინებით.

1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ. საკასაციო პალატა კვლავ მიუბრუნდება იმ გარემოებას, რომ, როგორც სამუშაოდან გათავისუფლება, ისე _ მისი თანმდევი შედეგები საკასაციო სასამართლოს მხრიდან შეფასებას ექვემდებარება დამსაქმებლის საკასაციო პრეტენზიათა ფარგლებში, ამასთანავე, სასამართლოს არ გამოუყენებია რა განსახილველი ნორმის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საშუალება (გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში), პალატა მიიჩნევს, რომ დასაბუთებულია კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა სამი თვის ხელფასის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის გაუქმებისა და ამ ნაწილში დასაქმებულის შუამდგომლობის უარყოფის თაობაზე, რაც შეეხება სამუშაოზე აღდგენას, ამ მხრივ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. მოცემული ნორმიდან გამომდინარე, თუკი დასაქმებული შეასრულებს იმ სამუშაოს, რომლის საჭიროებაც მხარეთა შორის დავას არ იწვევს, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევით დაცული იქნება სამართლებრივი ბალანსი მხარეთა შორის, რადგანაც დასაქმებული შეასრულებს სამუშაოს და მიიღებს შრომის ანაზღაურებას, ხოლო, თუკი სასამართლო შეცვლის ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მხარეებს შორის მაინც არ იარსებებს ინტერესთა დისბალანსი, რადგანაც სახეზე იქნება როგორც დამსაქმებლის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულება, ისე _ დასაქმებულის სასარგებლოდ გადახდილი შრომის ანაზღაურება.

1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებული გადაწყვეტლების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტს სამი თვის განაცდურის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე და ამ ნაწილში უარყოფს დასაქმებულის მოთხოვნას, რაც შეეხება სამუშაოზე აღდგენას, მიიჩნევს, რომ იგი დასაბუთებულია, საფუძვლიანია და არ არსებობს ამ ნაწილში კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტი სამი თვის განაცდურის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე და ამ ნაწილში მ.ბ–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.

3. სამუშაოზე აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტი) დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი