Facebook Twitter

საქმე №ა-5157-ბ-18-2019 24 დეკემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვი სგარეშე

განცხადების ავტორი – სს „ს–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ფ–ა“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი– ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „ს–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ს.ფ–ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სს „ს–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს „ს.ფ–ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 128263,82 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.ფ–ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ს.ფ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „ს–ის“ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით – 128263,82 ლარის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს–მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 6413 ლარისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა.

2019 წლის 18 ოქტომბერს კასატორის წარმომადგენელმა ლ.რ–ამ წარმოადგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 6413 ლარის დამადასტურებელი ქვითარი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, სს „ს–ის“საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელ ლ.რ–ას ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2019 წლის 10 ოქტომბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.179). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 11 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 17 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არგამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

განსახილველ შემთხვევაში კასატორის წარმომადგენელმა ლ.რ–ამ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა 2019 წლის 18 ოქტომბერს (ტ.3, ს.ფ.182-185), ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაცო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6413 ლარის ოდენობით.

2019 წლის 11 ნოემბერს სს „ს–ის“ წარმომადგენელმა ლ.რ–ამ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული („ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი შემდეგი გარემოებების გამო:

განმცხადებლის მითითებით, 2019 წლის 10 ოქტომბერს არასამუშაო საათებში, კერძოდ 19.05 წუთზე, მას დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და აცნობა საქმესთან დაკავშირებით ხარვეზის შესახებ. ვინაიდან იყო არასამუშაო საათი, კასატორის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა სამსახურში და ვერ ახერხებდა ჩანიშვნას, ამიტომაც სთხოვა თანაშემწეს განჩინების ფოსტის მეშვეობით გადაგზავნა, რაზედაც თანხმობა მიიღო.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ხარვეზის დადგენის განჩინება ფოსტის მეშვეობით ჩაიბარა 2019 წლის 18 ოქტომბერს და იმავე დღეს გამოასწორა ხარვეზი და წარადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. განმცხადებელმა დამატებით მიუთითა, რომ 2019 წლის 10 ოქტომბრის აუდუოფაილიდან დგინდება, რომ მოსამართლის თანაშემწემ სრულად არ ჩააბარა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება სახაზინო კოდს და ანგარიშის მითითებას, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო ბაჟის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სს „ს–ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განცხადებაში მითითებული საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს–ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, პირველ რიგში, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით (ერთ–ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე). გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლები, კერძოდ, განმცხადებელს ტელეფონის საშუალების გამოყენებით 2019 წლის 10 ოქტომბერს არასამუშაო საათებში- 19.05 წუთზე, დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და აცნობა საქმესთან დაკავშირებით ხარვეზის შესახებ. ვინაიდან იყო არასამუშაო საათი, კასატორის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა სამსახურში და ვერ ახერხებდა ჩანიშვნას, ამიტომაც სთხოვა თანაშემწეს განჩინების ფოსტის მეშვეობით გადაგზავნა, რაზედაც თანხმობა მიიღო. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ხარვეზის დადგენის განჩინება ფოსტის მეშვეობით ჩაიბარა 2019 წლის 18 ოქტომბერს და იმავე დღეს გამოასწორა ხარვეზი და წარადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. განმცხადებელმა დამატებით მიუთითა, რომ 2019 წლის 10 ოქტომბრის აუდიოფაილიდან დგინდება, რომ მოსამართლის თანაშემწემ სრულად არ ჩააბარა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება სახაზინო კოდს და ანგარიშის მითითებას, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო ბაჟის გადახდა.

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად, არ იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის აუცილებლობა იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე და არ მიეცა მას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა თუ სსსკ-ის მე-4 მუხლით გარანტირებული შეჯიბრობითობის შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული `სასამართლო ხელმისაწვდომობის~ უფლების ხელყოფად.

საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს ( მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 6413 ლარისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელ ლ.რ–ას ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2019 წლის 10 ოქტომბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.3. ს.ფ.179).

საკასაციო პალატა მიუთითებს 2019 წლის 10 ოქტომბრის სატელეფონო აქტის შეტყობინების შინაარსზე: ლ.რ–ა: „დიახ“ თანაშემწე: „ლ.რ–ა ბრძანდებით?“ ლ.რ–ა: „დიახ“ თანაშემწე: „გამარჯობათ, უზენაესი სასამართლოდან გირეკავთ, მოსამართლის თანაშემწე, ნათია კარანაძე, გთხოვთ ყურადღებით მომისმინოთ, ეხლა გაგაცნობთ სასამართლო შეტყობინებას. ლ.რ–ა: „რას, ბოდიში“ თანაშემწე: „შეტყობინებას ჩაგაბარებთ“. ლ.რ–ა: „ა, კი ბატონო, რომელი მოსამართლის თანაშმეწე ბრძანდებით?“ თანაშემწე: „ზურაბ ძლიერიშვილის.“ ლ.რ–ა: „ა, კი ბატონო“ თანაშემწე: „ესე იგი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სს „ს–ს“ დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენეს სასამართლოში წარმოადგინოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 6413 ლარის დამადასტურებელი ქვითარი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით). თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება. თქვენ, როგორც კასატორის წარმომადგენელს, გაცნობებთ ამის შესახებ, ამასთან, გაცნობებთ, რომ სატელეფონო შეტყობინება დაფიქსირდა სასამართლოს კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით. ლ.რ–ა: „კი ბატონო, ფოსტით ვერ გამოგვიგზავნით განჩინებას?“ თანაშემწე: „სიტყვიერი მოთხოვნის თანახმად, გამოგეგზავნებათ, მხოლოდ ვადის ათვლა ხვალიდან დაიწყება.“ ლ.რ–ა: „კი ბატონო, შეგიძლიათ მისამართი ჩაინიშნოთ, რომელზეც?“ თანაშემწე: „მისამართი რაც მითითებულია ალბათ.?“ ლ.რ–ა: „ხო,...., ხვალიდან აითვლება ვადა.?“ თანაშემწე: „დიახ, ხვალიდან 7 დღე“. ლ.რ–ა: „კი ბატონო გასაგებია, 6 ათას რამდენი ლარი მითხარით.?“ თანაშემწე: „6413 ლარი“ ლ.რა: „6413 ლარი.“ თანაშემწე: „დიახ.“ ლ.რ–ა: „გასაგებია, მადლობა.“ თანაშემწე: „კარგით, ნახვამდის.“

შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებს, რომ სატელეფონო შეტყობინების დროს კასატორის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა სამსახურში და ვერ ახერხებდა ჩანიშვნას და რომ მოსამართლის თანაშემწემ სრულად არ ჩააბარა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება სახაზინო კოდს და ანგარიშის მითითებას, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო ბაჟის გადახდა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის წარმომადგენლისათვის (ადვოკატი) ცნობილი იყო, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 11 ოქტომბრიდან, რაც დასტურდება სატელეფონო შეტყობინების აქტით, მას შეეძლო ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის გასვლამდე განცხადებით მოემართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის და მოეთხოვა ვადის გაგრძელება ან განჩინების შინაარსის დაზუსტება. სსსკ-ის 368-ე მუხლის 7-ე ნაწილისა და 399-ე მუხლის შესაბამისად კი, საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სასაამრთლოს მიერ დანიშნული ვადა, საკასაციო სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარის თხოვნით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 421-ე მუხლით, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს–ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე