13 დეკემბერი, 2019 წელი,
საქმე №ას-1657-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი, რომლითაც სს „ს.ბ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოითხოვდა თ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კასატორი) უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ......., (ს/კ .......) გამოთხოვასა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას, დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაზუსტებული საკასაციო საჩივრისა და 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრის ავტორს 2019 წლის 27 ნოემბერს გაეგზავნა და ამავე წლის 28 ნოემბერს ჩაჰბარდა.
6. 2019 წლის 5 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით კასატორის გარდაცვალების გამო, რომელიც გარდაიცვალა 2019 წლის 12 ივლისს (გარდაცვალების მოწმობა #01197009239), საქმის წარმოების შეჩერება უფლებამონაცვლის დადგენამდე. ამასთან განცხადებას თან ერთვის 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
8. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
9. სსსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.
10. კანონის მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში (შდრ. №ას-54-53-2014, 30.04.2015).
11. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, როგორც მესაკუთრე, ითხოვს ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს ეფუძნება. ამ უფლების მოწინააღმდეგე მხარეა მხოლოდ არაუფლებამოსილი მფლობელი. შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელი არ დაკმაყოფილდება, თუ მოპასუხეს სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერი საფუძველი გააჩნია. აწ გარდაცვლილ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, კერძოდ, არ მიუთითებია და არ დაუდასტურებია ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც სადავო ფართზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას გაამართლებდა (სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება). აქედან გამომდინარე, ვინაიდან ნივთის ფლობას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, ვერც კასატორის მემკვიდრეებზე გადავა რაიმე სახის უფლება (სსკ-ის 157-ე მუხლი). კანონის თანახმად, მატერიალურსამართლებრივი უფლებამონაცვლეობა განაპირობებს საპროცესო უფლებამონაცვლეობას. მატერიალურსამართლებრივი უფლებამონაცვლეობის დროს ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა იღებდეს თავის თავზე განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში მისი წინამორბედის უფლებებსა და მოვალეობებს (შდრ. სუსგ #ას-1456-1376-2018, 22.06.2018წ; სუსგ #ას-328-328-2018, 08.05.2018წ; #ას- 223-215-2012, 03.05.2012წ). ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, სსსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორის მიმართ უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა, ცხადია, საქმის წარმოების შეჩერების სსსკ-ის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველიც აღარ არსებობს.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის შესახებ მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში საქმის წარმოება საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღების ეტაპზე შეწყდა იმ საფუძვლით, რომ დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად დაბრუნებას ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 272-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ბ–ის წარმომადგენლის ვ.მ–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. თ.ბ–ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. ნ.ზ–ს (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2019 წლის 2 დეკემბრის №0 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა