№ას-1783-2019 27 დეკემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ.შ–ძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ა.ლ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი.პ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.11.2019წ. განჩინება მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 07.03.2018წ. გადაწყვეტილებით, მ.შ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე" ან "კერძო საჩივრის ავტორი") სასარჩელო მოთხოვნა შპს „ი.პ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე") მიმართ 16 000 ლარის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.11.2019წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების შესახებ. მოპასუხემ იკისრა მოსარჩელისთვის 12 400 ლარის გადახდის ვალდებულება, ხოლო მოსარჩელე დაეთანხმა მორიგების პირობას.
4. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ იმ საფუძვლით, რომ მორიგების აქტი მოპასუხის მხრიდან ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
6. სსსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ანუ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო სამართალწარმოებაში - ესაა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული მხარეთა შესაძლებლობა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები (იხ.: სუსგ საქმეზე №ა-4173-ბ-11-2019, 4 დეკემბერი, 2019 წელი). ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-978-2019, 11 ოქტომბერი, 2019 წელი). შესაბამისად, დისპოზიციურობის გამოხატულებაა ასევე გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებაზე უარის თქმა.
7. სსსკ-ის 250-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მოსამართლე ეკითხება მხარეებს, სურთ თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და ასაჩივრებენ თუ არა მოცემულ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, მათ ასეთი განცხადება უნდა დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერებით.
ამავე კოდექსის 370-ე მუხლით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
8. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 26.11.2019წ. სხდომას, რომელზეც იქნა მიღებული განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი ა.ლ–ძე (ტ.3, ს.ფ.98-103). სხდომაზე გამოცხადდა დასაბუთებული საოქმო განჩინება. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ გაცემული მინდობილობა სათანადო უფლებამოსილებებით (ტ.1, ს.ფ.278). შესაბამისად, მოსარჩელის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განჩინების გამოცხადების შემდეგ წერილობით უარი განაცხადა განჩინების გასაჩივრებაზე (ტ.3, ს.ფ.106). ანუ მან კანონით დადგენილი ფორმით გამოხატა ნება და უარი თქვა განჩინების გასაჩივრების უფლების განხორციელებაზე, რითიც დაკარგა უფლებამოსილება გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.11.2019წ. განჩინება კერძო საჩივრით. მოსარჩელის წარმომადგენლის უფლებამოსილება სადავო არ არის, უფრო მეტიც, მარწმუნებლის სახელით მოქმედ ა.ლ–ძეს აქვს წარმოდგენილი წინამდებარე კერძო საჩივარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
9. რაც შეეხება საკითხს, ჰქონდა თუ არა სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის სახელით მოქმედ პირს (იგი აწერს ხელს როგორც მორიგების აქტს, ისე ხელწერილს განჩინების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ) სათანადო უფლება, სასამართლო უფლებამოსილი იქნება იმსჯელოს ამ საკითხზე მხოლოდ მოპასუხის მხრიდან განჩინების გასაჩივრების შემთხვევაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე და 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.შ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.11.2019წ. განჩინებაზე მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე