Facebook Twitter

საქმე №ას-43-2019 4 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ.ა.ე–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მყიდველი ან სამინისტრო) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ვ.ა.ე–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, გამყიდველი ან კომპანია) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს _ 12 425,49 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 1 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი, შესყიდვის ობიექტი და ტექნიკური პირობები. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 138 061 ლარს და მოქმედებდა 2017 წლის 14 მარტის ჩათვლით. საქონელი მიეწოდებოდა ორ ეტაპად: 13 ერთეული საბურავი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით; 150 ერთეული საბურავი - შემსყიდველის მოთხოვნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო საქონლის მიწოდება, კერძოდ, 13 ერთეული საბურავი შემსყიდველს მიეწოდა ვადის გადაცილებით, 2016 წლის 29 ნოემბერს. გარდა აღნიშნულისა, კომპანიის მიერ მიწოდებულ საქონელს აღმოაჩნდა ნივთობრივი ნაკლი, რაც დადასტურდა 2017 წლის 26 იანვრის აქტით. 2017 წლის 2 მარტის აქტით გამყიდველს, დაერიცხა პირგასამტეხლო 12 425,49 ლარის ოდენობით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 15.1 და 15.7 პუნქტების შესაბამისად, კერძოდ, ვინაიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამი ნაკლები იყო ხელშეკრულების ღირებულების 9%-ზე, მოპასუხეს დაეკისრა ფიქსირებული პირგასამტეხლო-ხელშეკრულების ღირებულების 9%.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ არსებითი შედავება წარადგინა, სარჩელი 1 469,96 ლარის ნაწილში ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 29 ნოემბერს შემძენს მიაწოდა 29 საბურავი. მოსარჩელის განცხადება, რომ პირველ ეტაპზე მიწოდებული საბურავების ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მაჩვენებლებს, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს, რამდენადაც სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული არ ყოფილა მისაწოდებელი საბურავების პროტექტორებისა და ე.წ. „პიპკის“ ზომები, ასევე-მიწოდებული საბურავების შრეები შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შრეების მინიმალურ რაოდენობას. გამყიდველის მიერ ვადაგადაცილების გამო მყიდველი უფლებამოსილი იყო, პირგასამტეხლო მოეთხოვა 2016 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის 29 ნოემბრამდე. ხელშეკრულების 15.7 პუნქტის გამოყენება არის უსაფუძვლო, ვინაიდან საქონლის მიუწოდებლობას ადგილი არ ჰქონია, საქონელი შემსყიდველს მიეწოდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და ხელშეკრულება ვადამდე არ მოშლილა. მოპასუხე სადავოდ არ ხდის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, არამედ მიუთითებს პირგასამტეხლოს დარიცხვის სახელშეკრულებო საფუძველზე და განმარტავს, რომ პირგასამტეხლო მას უნდა დაეკისროს არა ხელშეკრულების 15.7 პუნქტის, არამედ _ 15.1 პუნქტის მიხედვით, 0,15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის 29 ნოემბრამდე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით-სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 3 106,37 ლარის გადახდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით: თავდაპირველი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 469,96 ლარის გადახდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2016 წლის 1 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #455 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი, შესყიდვის ობიექტი და ტექნიკური პირობები. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, ხელშეკრულებითა და ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 138 061 ლარს, ხოლო მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 4 მარტის ჩათვლით;

1.2.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების #2 დანართით საქონლის მიწოდება განისაზღვრა ორ ეტაპად: 13 ერთეული საბურავის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში _ 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, 150 ერთეული საბურავის _ შემსყიდველის მოთხოვნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში;

1.2.3. საბურავების პირველი პარტიის მიწოდება დაგვიანდა და, 2016 წლის 31 აგვისტოს ნაცვლად, შემსყიდველს მიეწოდა 2016 წლის 29 ნოემბერს. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 89 დღე, რაც აღიარა მოპასუხემ და 1 469,96 ლარის ნაწილში ცნო სარჩელი;

1.2.4. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულების მოთხოვნებს;

1.2.5. ხელშეკრულების 15.1, 15.6 და 15.7 პუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე:

- 15.1. პუნქტის მიხედვით, მხარეებმა განსაზღვრეს პირგასამტელოს დარიცხვის ზოგადი წესი, რომლის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის-ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში) მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე;

- 15.6. პუნქტის თანახმად, საქონლის მიუწოდებლობისათვის დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდებოდა გამყიდველის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმისდა მიხედვით, თუ ამ გარემოებიდან რომელი უფრო ადრე დადგება;

- 15.7. პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის გამო დღეების მიხედვით პირგასამტეხლოს დარიცხვა ვერ ხორციელდებოდა ან დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამი იქნებოდა ხელშეკრულების ღირებულების 9%-ზე ნაკლები, მიმწოდებელს დაეკისრებოდა მხოლოდ ფიქსირებული პირგასამტეხლო-ხელშეკრულების ღირებულების 9%;

1.2.6. მოცემულ შემთხვევაში, მიწოდების ვადის დარღვევა ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში მოხდა, ამასთან, ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა შეადგენდა 89 დღეს. ხელშეკრულების 15.6. პუნქტის თანახმად, საქონლის მიუწოდებლობისათვის დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდებოდა გამყიდველის მიერ ვალდებულების შესრულების ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმისდა მიხედვით, ამ გარემოებებიდან რომელიც უფრო ადრე დადგებოდა. 15.1.1. ქვეპუნქტის მიხედვით, პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა მომხდარიყო ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.15%-ით. გარდა ამისა, დაუსაბუთებელი იყო შეგებებული სააპელაციო საჩვრის ავტორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ადგილი ჰქონდა შეცდომას, რადგან გამორჩა ხელშეკრულების 15.1.1. ქვეპუნქტის ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო და არა კალენდარულ დღეზე. სამუშაო დღეებზე მითითება აღმოაჩინეს მხოლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და აღიარების დროს მათ მიერ მითითებული პირგასამტეხლოს თანხა, შეცდომით იქნა მითითებული, რადგან პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა მომხდარიყო მხოლოდ 61 სამუშაო დღეზე და არა 89 დღეზე.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, ამდენად, არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სწორად მოიძია და განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები _ სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 417-ე და 418-ე მუხლები, ასევე, სწორი შეფასება მისცა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 15.1; 15.6 და 15.7 პუნქტებს (სკ-ის 52-ე მუხლი) და, ვალდებულების დარღვევის დროისა და ხელშეკრულების დროში მოქმედების წესიდან გამომდინარე, მართებულად იხელმძღვანელა პირგასამტეხლოს დაკისრებისას ხელშეკრულების 15.6 პუნქტის პირობით. გარდა ამისა, მოპასუხის მხრიდან სარჩელის ცნობა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის ნაწილობრივ აღირება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლისა და 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სწორად დაედო საფუძვლად სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, რადგანაც გამყიდველმა, ამავე კოდექსის 133-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ შეძლო მისი გაქარწყლება.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. უხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური