საქმე №ას-165-2019 4 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ლ.ბ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ.მ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ლ.ბ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ, შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის 2016 წლის 8 იანვრის #2პ.შ. ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე (ბანკის ისანი-სამგორის ფილიალის ვაზისუბნის #1 სერვის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე) აღდგენისა და იძულებითი განაცდურის _ 2016 წლის 8 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 850 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე 2008 წლიდან მუშაობდა მოპასუხე კომპანიის ისანი-სამგორის ფილიალის ვაზისუბნის #1 სერვის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე. 2016 წლის 8 იანვარს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომითი შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო. კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 8 იანვრის ბრძანება მოსარჩელის თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ, გამოცემულია საქართველოს შრომის კანონმდებლობის დარღვევით, რადგანაც დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეშ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი/განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დასაქმებულმა უხეშად დაარღვია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით და შრომითი აღწერილობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები. აღნიშნულიდან გამომდინარე სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონიერია და არ არსებობს ამ ბრძანების ბათილად ცნობისა, ასევე, მოსარჩელის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. გარდა ამისა, მოპასუხის განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულიცაა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის ბრძანება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური ხელფასის _ 850 (დარიცხული) ლარის ოდენობით.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელე 2008 წლიდან დასაქმებული იყო კომპანიის ისანი-სამგორის ფილიალის ვაზისუბნის #1 სერვის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 850 ლარს. შრომითი ურთიერთობა უვადო იყო;
1.2.2. დამსაქმებლის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 8 იანვრის #2 პ.შ. ბრძანებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2016 წლის 9 იანვრიდან მოსარჩელესთან მოიშალა შრომითი ხელშეკრულება და იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ვალდებულების უხეშ დარღვევად გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულია:
- 21.10.2013წ. შრომითი ხელშეკრულებითა და შრომითი აღწერილობით (დასაქმებულის ძირითადი მოვალეობები) მისთვის დაკისრებული მოვალეობების (დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულების, დოკუმენტების ფაილინგის წარმოების კონტროლის და სხვა) უხეში დარღვევა;
- ბრძანების გამოცემის საფუძვლად აღნიშნულია მოპასუხის უსაფრთხოებისა და ინკასაციის ორგანიზების დეპარტამენტის უფროსის 22.12.2015წ. წერილი, ასევე გ.მ–ის 05.11.2015წ. და 02.12.2015წ. ახსნა-განმარტება;
1.2.3. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები დეტალურადაა აღწერილი მოპასუხის 2016 წლის 28 იანვრის წერილში, რომლის თანახმადაც, 2015 წლის 16 ნოემბერს მოსარჩელე არასაპატიო მიზეზით, უშუალო ხელმძღვანელთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, შესვენებიდან სამსახურში რამდენიმე საათის დაგვიანებით დაბრუნდა, რაც წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების 3.2.3.3 ქვეპუნქტით განსაზღვრული დასვენების დროის პირობის დარღვევას და ბანკს ანიჭებს უფლებას, ამგვარი გადაცდომის ჩამდენი დასაქმებულის მიმართ გამოიყენოს ბანკის კორპორაციული სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. ამავე წერილის თანახმად, მითითებულმა გადაცდომამ, ბანკში არყოფნამ, განაპირობა მეორე დარღვევა - მოსარჩელის პროგრამული მომხმარებლისა და პაროლის სხვა პირისთვის, მოლარე-ოპერატორ ქ.კ–სთვის (რომელიც არ წარმოადგენდა მოსარჩელის მოვალეობის შემსრულებელ პირს) არაუფლებამოსილი გადაცემა, რომელიც მისი სახელით ადასტურებდა შემოსავალ-გასავლის ოპერაციებს;
1.2.4. მოსარჩელე ადასტურებს 2015 წლის 16 ნოემბერს შესვენებიდან დაგვიანებით დაბრუნების ფაქტს, იგი 2015 წლის 25 ნოემბრის ახსნა-განმარტებაში დეტალურად აღწერს სამსახურში დაგვიანების მიზეზებს და განმარტავს, რომ შესვენებაზე გავიდა გადაუდებელ საქმეზე, დაახლოებით, 12:35-12:45 საათზე, კერძოდ, უნდა გამოცხადებულიყო წყლის კომპანიაში აბონენტად რეგისტრაციის თაობაზე განცხადების დაწერის მიზნით, რომელიც მდებარეობდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიის გაფრთხილების წერილის შესაბამისად, მოსარჩელე ჩაითვლებოდა წყლის უკანონო მომხმარებლად და დაჯარიმდებოდა. წერეთელზე მდებარე სერვის-ცენტრში მისვლას დაჭირდა დრო, რადგან მოძრაობა საშინლად გადატვირთული იყო. სხვადასხვა პროცედურების გავლის გამო (განცხადების დაწერა, საფასურის გადახდა ბანკში) მოსარჩელე შეყოვნდა და 17:00 საათი იყო დაწყებული, როდესაც სამსახურში წავიდა. გზაში დაურეკეს საბავშვო ბაღიდან და აცნობეს, რომ მისი შვილი წაიქცა, სახე ჩამოარტყა ტუმბოს, ტიროდა და ვეღარ აჩერებდნენ. აღნიშნულის გამო, მოსარჩელე მივიდა საბავშვო ბაღში, სადაც დაკარგა 10-15 წუთი და დაახლოებით 16:30-16:40 საათზე დაბრუნდა სამსახურში, მას წინასწარ უფლებამოსილების დელეგირება არ მოუხდენია. დასაქმებულის მიერ წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო სამსახურში დაგვიანება მოპასუხეს სადავო არ გაუხდია, არამედ, განმარტავს, რომ დასაქმებულს შეეძლო ტელეფონით მაინც შეეტყობინებინა აღნიშნულის შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის;
1.2.5. რაც შეეხება სამსახურში მოსარჩელის არყოფნის პერიოდში მისი პროგრამული მომხმარებლისა და პაროლის მოლარე-ოპერატორისთვის გადაცემას, როგორც მოსარჩელე განმარტავს, აღნიშნულის ერთადერთი მიზანი იყო სერვის ცენტრის მუშაობის შეფერხების თავიდან აცილება. საინფორმაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების სახელმძღვანელოს 5.2. პუნქტის თანახმად, პაროლები უნდა იყოს დაცული, დაუშვებელია პროგრამული მომხმარებლების და პაროლების გადაცემა. პაროლები უნდა იყოს ცნობილი მხოლოდ მათი მფლობელთათვის. თანამშრომლები პასუხისმგებელნი არიან მათი პაროლების და პროგრამული მომხმარებლების უსაფრთხოებაზე. სისტემური და მომხმარებლების პაროლების შეცვლა უნდა განხორციელდეს ბანკის „პაროლების პოლიტიკაში“ მითითებული წესების დაცვით. მოპასუხის გენერალური დირექტორის 2014 წლის 28 თებერვლის ბრძანებით განისაზღვრა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებზე (რომელთა ჩამონათვალიც დანართის სახით ერთვის ზემოაღნიშნულ ბრძანებას) ბანკის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილების დელეგირების წესი. ბრძანების 1.1. პუნქტის თანახმად, რწმუნებული პირები უფლებამოსილი არიან ბანკის სერვის ცენტრის მენეჯერისთვის/საოპერაციოს უფროსისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მენეჯერის/საოპერაციოს უფროსის მიერ ბანკის კორპორატიული სახელმძღვანელოთი განსაზღვრული შესვენების სარგებლობის პერიოდში მოახდინონ: საოპერაციო დოკუმენტების დადასტურება; საბანკო ხელშეკრულებებზე ხელმოწერა; კლიენტის პროფაილიდან, იურიდიული პირის პროფაილიდან, კომუნალურებიდან და გზავნილებიდან ინიცირებული, ლიმიტს ზევით ტრანზაქციების და კლიენტის რეგისტრაცია/რედაქტირების, ავტორიზება და შესაბამისი საბუთების ხელმოწერა; სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულების ხელმოწერა; საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებების ხელმოწერა. ამავე ბრძანების 1.2. პუნქტის თანახმად, დანართში მითითებული კონკრეტული თანამშრომლის მიერ რწმუნებულის მოვალეობების შესრულების დაწყებამდე, მენეჯერი/ფილიალის მმართველი ვალდებულია შიდა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოახდინოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კომუნიკაცია დროებითი საკადრო ცვლილების შესახებ და მხოლოდ HR-ისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში მოხდეს დანართში მითითებული კონკრეტული პირისთვის 1.1. პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების დროებით მინიჭება. მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა თუ ვინ იყო 2015 წლის 16 ნოემბერს კომპანიის მიერ ოფიციალურად განსაზღვრული მოსარჩელის შემცვლელი (რწმუნებული) პირი საქმეში წარმოდგენილი არ არის, ამასთან, 2015 წლის 2 დეკემბრის ახსნა-განმარტებაში მოსარჩელე თავად მიუთითებს, რომ ამ დროს მენეჯერის უფლება-მოვალეობას ოფიციალურად ასრულებდა ნ.თ–ი, რომელიც 9-24 ნოემბერს თავადაც იმყოფებოდა შვებულებაში და მოსარჩელემ მომხმარებელი და პაროლი გადასცა ქ.კ–ს;
1.2.6. საქმეში წარმოდგენილი ქ.კ–ს ახსნა-განმარტების თანახმად,16 ნოემბერს, მოსარჩელის სამსახურში არყოფნისას, სერვის ცენტრში იმყოფებოდა კლიენტი, განსახორციელებელი ოპერაცია ითხოვდა მენეჯერის მიერ დადასტურებას, მან დაურეკა მოსარჩელეს, რომელმაც გადასცა იუზერი და პაროლი, რის შემდეგაც მან დაადასტურა ოპერაცია. ქ.კ–ის უფლებამოსილებასთან მიმართებაში მოსარჩელე განმარტავს, რომ სამსახურში არყოფნისას, ქ.კ. არაერთხელ ყოფილა მისი მოვალეობის შემსრულებელი. ამ განმარტების დასტურად საქმეში წარმოდგენილია თავად კომპანიის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც 2015 წლის 7 მაისიდან 30 მაისამდე მოსარჩელის ბიულეტენზე ყოფნის პერიოდში, ასევე, 2015 წლის 5 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში და 2015 წლის 21 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში მოსარჩელის შემცვლელი იყო მოლარე ოპერატორი ქ.კ.;
1.2.7. დამსაქმებელი ვერ მიუთითებს რაიმე ზიანზე, რაც დადგა სადავო შემთხვევაში აღნიშნული პირის მიერ ოპერაციის დადასტურების შედეგად. ფაქტობრივად დამდგარ რაიმე ზიანზე მითითებას არ შეიცავს მოპასუხის შესაგებელი სარჩელზე ან/და სააპელაციო საჩივარზე;
1.2.8. დღეის მდგომარეობით კომპანიაში სადავო სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიცია გაუქმებულია. მოსარჩელე არგუმენტირებულად ვერ მიუთითებს თანამდებობაზე, რაც შეიძლება განხილულ იქნას მის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობის ტოლფასად.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, შესაბამისად, სახეზე არ არის მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. ამ თვალსაზრისით პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შრომითი ურთიერთობის ცალმხრივად მოშლის თაობაზე დამსაქმებლის ნება სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად შეამოწმა, როგორც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტთან, ისე _ სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან მიმართებაში და მართებულად დაადგინა, რომ მოსარჩელის მხრიდან დაშვებული კომპანიის შიდა წესების დარღვევა, რომელსაც შედეგად არც ზიანი მოჰყოლია და არც სხვა რაიმე ნეგატიური მოვლენა, უფრო მეტიც, თავიდან იქნა აცილებული კომპანიის გაუმართავი მუშაობა, არ წარმოადგენდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს. ასეთ ვითარებაში დამსაქმებლის ცალმხრივი ნება, როგორც კანონსაწინააღმდეგო, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, უცილოდ ბათილია და დღის წესრიგში დგება შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის წინაპირობა. ვინაიდან უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობა აღარ არსებობს, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, დასაქმებული ვერ მიუთითებს მის მიერ ადრე დაკავებულის ტოლფას თანამდებობაზე, სასამართლომ სამართლიანად მიიჩნია დამსაქმებლისათვის კომპენსაციის დაკისრება, რომლის ოდენობასთან მიმართებაშიც მხარეს ასევე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულიყო. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში-პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 29.01.2019წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 545,70 ლარის 70% _ 381,99 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ლ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ლ.ბ–ს“ (ს/კ #.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 29.01.2019წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 545,70 ლარის 70% _ 381,99 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური